კომენტარისამართალი

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

25 აპრილი, 2022 • 4955
შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

ორი სატელეფონი საუბრის ჩანაწერი – უცნობია არის თუ არა ავთენტური

ივანიშვილი – ევტუშენკოვის ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.  იგი youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის. 

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს: 

“ბორ, იდეა მაქვს, რომელიც მინდა… დავითი ჩამოიტანს, ნუ, გნახავს შენ, ალი

ბ. კი, კი, კი

ე. ჩემი მოადგილე, უეზდენოვი, ხორბლის თაობაზე. ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესოა. თუ ამ საქმეში შენც ჩაეწერები, ამ საქმეზეც წავალ.

ბ. ოკეი, დავითს დავურეკო ხო?

ე. ალი  ჩემს წინაა, უბრალოდ ეგ და დავითი ჩამოვლენ მანდ. 

ბ. ოკეი, დავხვდები აქ

ე. შეხვდი, განიხილეთ და თუ ჩვენთან ერთად ხარ, ყველაფერს გავაკეთებთ

ბ. კარგი, ვოლოდია, გეხვევი, კარგად.” 

მეორე ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 13 მარტითაა დათარიღებული, ევტუშენკოვს ივანიშვილი ეუბნება, რომ  მისი წარმომადგენელი პრემიერთან გაუშვა, თუმცა ევტუშენკოვი სთხოვს მას პირადად შეხვდეს: 

ე. ბორენკა, მითხარი გეთაყვა, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, ალი, ნუ მას იცნობ. შეგიძლია რამენაირად შეხვდე მას?

ბ. მე ისინი მაშინვე პრემიერთან გავუშვი, პრინციპში. ის ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს. მე მას ვუთხარი, რაც უნდა გააკეთოს და ალბათ ისინი უკვე ხვდებიან ერთმანეთს

ე. ისინი იქ არიან, ხვდებიან… შენ ის მითხარი, შენ თუ შეხვდები?

ბ. თუ საჭიროა.. მე ქალაქგარეთ ვარ და ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ თუ საჭიროა, არ იქნება პრობლემა. 

ე. ბორ, გთხოვ, იმიტომ, რომ ის გეტყვის რა მინდა. 

ბ.ოკეი, რომელზე იქნება? დღესაა საჭირო თუ ხვალაც შესაძლებელია?

ე. ხვალ შეიძლება;

ბ.ოკეი

ე.კარგი ბორენკა, გეხვევი, ძვირფასო

ბ.გეხვევი

ვინ არის ევტუშენკოვი? 

ვლადიმერ ევტუშენკოვი რუსი მილიარდერი და ოლიგარქია. ის მსხვილი რუსული კორპორაცია “სისტემას” მფლებელია.  ჯერ კიდევ 2020 წელს ის “სისტემას” 59% -ს ფლობდა. 

 2022 წლის აპრილში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვზე პერსონალური სანქცია გაავრცელა, რის შემდეგაც, “როიტერსის” ცნობით მან “სისტემას” წილების ნაწილი შვილზე გადააფორმა. 

შეხვდა თუ არა ევტუშენკოვის წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილს? 

თუკი 25 აპრილს ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია, გამოდის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტში შეხვდა რუსი ოლიგარქის წარმომადგენლებს. 

შეხვდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ვინმე ალი უეზდენოვს 2022 წლის მარტში? თუ კი, რა საკითხებზე? – ამ კითხვით მიმართა “ნეტგაზეთმა” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი