კომენტარი

ჯორჯ სოროსი: „ვლადიმერ პუტინი და მესამე მსოფლიო ომის რისკი“

11 მარტი, 2022 • 5724
ჯორჯ სოროსი: „ვლადიმერ პუტინი და მესამე მსოფლიო ომის რისკი“

ჩინეთის პრეზიდენტისგან, სი ძინპინისგან მწვანე შუქის მიღების შემდეგ, პუტინმა უკრაინაში ომი წამოიწყო, ძველი რუსეთის იმპერიის დაბრუნების მცდელობის ფარგლებში. როგორც ჩანს, ორივე მათგანმა არასწორად შეხედა სიტუაციას. გლობალური კატასტროფის რისკი გაიზარდა, თუ ორივე მათგანი ხელისუფლებას არ ჩამოშორდა.

  • ავტორი: ჯორჯ სოროსი

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყო. ამ ომს ჩვენი ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი აქვს. შეჭრას წინ უძღოდა ჩინურ ახალ წელს და პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, 4 თებერვალს, ხანგრძლივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა 5000-სიტყვიანი ფრთხილად შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც დაანონსდა ახლო პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. ეს დოკუმენტი ნებისმიერ შეთანხმებაზე ძლიერია და წინასწარი, დეტალური მოლაპარაკებები უძღოდა წინ.

გამიკვირდა, რომ სი ძინპინმა პუტინს უკრაინაში შეჭრის და ომის წარმოების carte blanche მისცა. იგი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ამ წელს მისი სამუდამო მმართველად დანიშვნა ფორმალობა იყო. მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელებში კონცენტრირების შემდეგ, სი ძინპინმა ფრთხილად დაწერა სცენარი, რომელშიც მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის დონეზე ავა.

სი ძინპინის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, პუტინმა გასაოცარი სისასტიკით დაიწყო ცხოვრების ოცნების ასრულება. 70 წლის ასაკს მიახლოებულმა პუტინმა იფიქრა, რომ ან ახლა უნდა დატოვოს თავისი კვალი რუსეთის ისტორიაში, ან არასდროს. თუმცა დამახინჯებულია მისი წარმოდგენა მსოფლიოში რუსეთის როლზე. როგორც ჩანს, მას სწამს, რომ რუს ხალხს სჭირდება მეფე, რომელსაც ბრმად უნდა მიჰყვებოდეს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების სრულად საპირისპირო. ეს ხედვა ამახინჯებს რუსულ „სულს“ –სენტიმენტალურობამდე ემოციურს.

ბავშვობაში ბევრჯერ შევხვედრივარ რუს ჯარისკაცებს, როცა 1945 წელს უნგრეთი ჰქონდათ ოკუპირებული. გავიგე, რომ თუ მოსწონხარ, პურის ბოლო ნაჭერს გაგიყოფენ. 1980-იანი წლების ბოლოს დავკავდი იმით, რასაც პოლიტიკურ ფილანთროპიას ვუწოდებ.

ფონდი თავდაპირველად მშობლიურ უნგრეთში დავაარსე, შემდეგ კი აქტიურად ვმონაწილეობდი საბჭოთა იმპერიის დაშლაში. როცა 1985 წელს ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა, დაშლა უკვე დაწყებული იყო. ფონდი დავაარსე რუსეთში და ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაშიც, უკრაინაში კი ეს იქამდე გავაკეთე, სანამ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდა. 1984 წელს ჩინეთსაც ვეწვიე და გავხდი პირველი უცხოელი, რომელსაც ფონდის დაარსების უფლება მისცეს (ის 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე მიტინგის დარბევამდე დავხურე).

პუტინს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის აღმავლობას ვაკვირდებოდი და ვიცოდი მისი დაუნდობლობის შესახებ. ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო მან მიწასთან გაასწორა და ახლა იმუქრება, რომ იგივეს გააკეთებს კიევშიც, უკრაინის დედაქალაქში.

პუტინი ადრე კგბ-ს (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ცბიერი ოპერმუშაკი იყო, მაგრამ ბოლო დროს, როგორც ჩანს, შეიცვალა. მას გაუჩნდა idée fixe და როგორც ჩანს, დაკარგა კავშირი რეალობასთან. მან სწორად ვერ შეაფასა ვითარება უკრაინაში – ელოდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები რუს ჯარისკაცებს სიხარულით დახვდებოდნენ, მაგრამ ისინი უკრაინულენოვანი მოსახლეობისგან არაფრით განსხვავდებიან. უკრაინელები გასაოცრად მამაცად ებრძვიან, როგორც ადრე ჩანდა, უფრო დიდ ძალას.

2021 წლის ივლისში პუტინმა დიდი ესეი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ რეალურად, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ხოლო უკრაინელები ნეონაცისტებმა შეაცდინეს. მის პირველ არგუმენტში არის ისტორიული საბაბი, იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეზიდენცია კიევში იყო. თუმცა მეორე ნაწილში პუტინი ცდება. მას უკეთ უნდა სცოდნოდა – ბევრი უკრაინელი 2014 წელს, ევრომაიდნის პროტესტის დროს მამაცად იბრძოდა.

2014 წლის მოვლენებმა პუტინი ძალიან გააბრაზა. თუმცა რუსეთის ჯარმა, უკრაინელ ძმებზე თავდასხმის ბრძანების მიღების შემდეგ, ცუდი შედეგი აჩვენა. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავდაცვის სექტორში ტენდერების გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში არსებულმა კორუფციამაც. თუმცა, საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად, პუტინი, როგორც ჩანს, გაგიჟდა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მან გადაწყვიტა, უკრაინა წინააღმდეგობის გაწევისთვის დაესაჯა და ახლა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მოქმედებს. მან მთელი ჯარი საბრძოლველად გადაისროლა და არაფრად აგდებს ომის წესებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით. ბევრი საავადმყოფო დაიბომბა, ხოლო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის (ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ) მომმარაგებელი ელექტროენერგიის ხაზი დაზიანდა. ალყაში მყოფ მარიუპოლში კი 400 000 ადამიანი თითქმის ერთი კვირაა საჭმლისა და წყლის გარეშეა.

რუსეთმა მართლაც შეიძლება წააგოს ომი. აშშ და ევროკავშირი უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას უგზავნიან; მიდის რუსეთში წარმოებული თვითმფრინავების, „მიგების“ შესყიდვის მცდელობა – უკრაინელმა პილოტებმა იციან ამ თვითმფრინავების მართვა. ამ ყველაფერმა შეიძლება გარდატეხა მოახდინოს. როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, პუტინმა უკვე ჩაიდინა სასწაული – გააძლიერა ევროკავშირის ერთობა და სიმტკიცე.

ამავე დროს, სი ძინპინმა გააცნობიერა, რომ პუტინი შორს წავიდა. 8 მარტს, მას შემდეგ, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ მოსკოვისა და პეკინის მეგობრობა „ქვასავით მაგარია“, სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს დაურეკა, რათა ეთქვა, რომ მხარს უჭერს მშვიდობის დამყარების მცდელობებს. მას ომში მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენა სურდა, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

არაა გარანტირებული, რომ პუტინი სი ძინპინის სურვილებს დააკმაყოფილებს. მხოლოდ იმის იმედი შეგვიძლია გვქონდეს, რომ ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას, სანამ ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებენ.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი