კომენტარისაზოგადოება

ომი უკრაინაში: მიგრაცია ევროპაში და საქართველო

10 მარტი, 2022 • 2199
ომი უკრაინაში: მიგრაცია ევროპაში და საქართველო

ავტორი: ნინო სამხარაძე, პოლიტიკის ინსტიტუტი. 


ომმა, რომელსაც რუსეთი თითქმის ორი კვირაა, უკრაინაში აწარმოებს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრაციული კრიზისი გამოიწვია. უკრაინიდან დასავლეთისკენ უკვე ორ მილიონზე მეტი უკრაინელი დაიძრა უსაფრთხო თავშესაფრის საძებნელად. თავის მხრივ, უკრაინელი მიგრანტების საკითხი ევროპული სახელმწიფოების მობილიზების და კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა.

საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით პროაქტიული ქმედითი სტრატეგია ჯერჯერობით არ ჩანს. იმ ფონზე, როდესაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს საუკეთესო დროება არ უდგას, მიგრანტების პოლიტიკის შემუშავება ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს ფართო მსჯელობა, თუ როგორი მიდგომები არსებობს ევროპაში უკრაინული მიგრაციის მიმართ, რა პოზიციაშია თბილისი უკრაინის მოქალაქეების მიღების თვალსაზრისით და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ამ ეტაპზე.

ევროპის ყველაზე დიდი მიგრაციული პროცესი 21-ე საუკუნეში: ევროკავშირი და მის მიღმა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ უკრაინელ მიგრანტებს ძირითადად იღებს  ხუთი ევროპული ქვეყანა. მათგან ოთხი – პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი – ევროკავშირის წევრია. ხოლო მოლდოვამ, უკრაინის და საქართველოს მსგავსად, ევროკავშირში წევრობის განაცხადი 2022 წლის მარტში გააკეთა. ყველა ეს ევროპული სახელმწიფო კოორდინირებულადაა ჩართული უკრაინის მოქალაქეების მიღებასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

უკრაინული მიგრაცია ევროპისკენ 2022 წლის 9 მარტისთვის. წყარო: https://data2.unhcr.org/en/situations/ukraine#_ga=2.157696314.1222699279.1646814161-923514334.1646814161

პოლონეთი უკრაინელი მიგრანტების ყველაზე დიდი მიმღები სახელმწიფოა, რაც არ არის გასაკვირი: ტრადიციულად, უკრაინისთვის პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შრომით ბაზარს წარმოადგენდა. შედეგად, უკრაინელებს პოლონეთში ფართო კავშირები აქვთ. ამ დროისთვის, პოლონეთს მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი ჰყავს მიღებული. აქ უკრაინელი მიგრანტების მიღება ხდება პოლიტიკური ელიტის და სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმებული მოქმედებით: იქ, სადაც სამოქალაქო კავშირები უკრაინელებს არ აქვთ, მათ მასპინძლობენ სახელმწიფოს მიერ შექმნილი მიღების ცენტრები. პარალელურად, მიგრანტებს სახელმწიფო სთავაზობს უფასო ტრანსპორტირებას და ჯანდაცვას.

უნგრეთი უკრაინიდან მიგრანტების რიგით მეორე აქტიური მიმღებია. ორბანის ხელისუფლება ნაკლები მხარდაჭერით გამოირჩევა უკრაინის მიმართ სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით. თუმცა ქვეყანა აქტიურადაა ჩართული უკრაინელი მოქალაქეების მიღების პროცესში: მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების თვალსაზრისითაც. ამავდროულად, რუმინეთმა და სლოვაკეთმა, ჯამში, 100 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტი მიიღეს. რუმინეთის სახელმწიფო ჩართულია მიგრანტების ტრანსპორტირებაში, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში. სლოვაკეთმა კანონმდებლობაც კი შეცვალა, რათა გაემარტივებინა თავშესაფრის ძიების იურიდიული პროცედურები უკრაინელი მიგრანტებისთვის.

მოლდოვა უკრაინის ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.  ის უკრაინელ მიგრანტებს ინტენსიურად იღებს. მან უკვე თითქმის 1 მილიონ უკრაინელს მისცა ან აპირებს მისცეს თავშესაფარი. მოლდოვა, თავისი ნეიტრალური სტატუსიდან და სხვადასხვა პრობლემური ფაქტორებიდან გამომდინარე, ნაკლებად ახერხებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლის რადიკალურ მექანიზმებს – დააწესოს სანქციები ან დახუროს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. მიუხედავად ამისა, უკრაინელი მიგრანტების მიღება აღმოჩნდა საკვანძო საკითხი, რის მიმართაც მოლდოვა განსაკუთრებულ ლოიალობას იჩენს. პრეზიდენტი მაია სანდუ ორი ქვეყნის საზღვარსაც ეწვია ამ პროცესზე დასაკვირვებლად. მიგრანტების საკითხისადმი ამგვარი ლოიალური მიდგომით და საკმაოდ დიდი ფინანსური თუ ლოგისტიკური რესურსის მობილიზებით ევროკავშირისგან, მოლდოვა ახერხებს, რომ ოფიციალურად გაცხადებული ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად, აქტიურად ითანამშრომლოს არა მხოლოდ კიევთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-თან, მათ შორის, ფინანსური დახმარების მიღების სახითაც.

 

მიგრანტები უკრაინიდან და საქართველო

საქართველოს ხელისუფლება, ოფიციალური რიტორიკით, რუსეთის აგრესიის კონტექსტში, ცდილობს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები რისკის ქვეშ არ დააყენოს. შედეგად, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ლოგიკური შიში, რომ, შესაძლოა, ამით მმართველი პარტია რისკავდეს საქართველოს ევროინტეგრაციულ პერსპექტივებს. როდესაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო არ გამოეთიშოს აქტიურ რეგიონულ მოვლენებს და უკრაინის მიმართ დასავლური სოლიდარობის ქმედითი აქტორი იყოს, მიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყნის როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს თბილისისთვის. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ქვეყანა მზად არის უკრაინელი მიგრანტების მისაღებად. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე სხვა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტს ამ დრომდე კონკრეტული გეგმა ან პოზიცია არ გამოუხატავთ.

შესაძლებელია, რომ საქართველომ პროაქტიულად შეიმუშაოს საგანგებო სტრატეგია უკრაინის მოქალაქეების მიღების კვოტასთან, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და ლოჯისტიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. საჭიროა, რომ ამ მიმართულებით სწრაფი მუშაობა განხორციელდეს შესაბამისი ბიუჯეტის დასადგენად და დასამტკიცებლად. ლოგიკურია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო სამეზობლო ხაზის არარსებობის და სხვა ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების გამო, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გაუჭირდება ამ პროცესში ინტენსიურად ჩართვა. თუმცა ამ მიმართულებით პროაქტიული მუშაობა თბილისისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს სწრაფად სჭირდება, რომ საკუთარი დაზიანებული რეპუტაცია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კონტექსტში, გარკვეულწილად, აღიდგინოს. გარდა ამისა, ქვეყანას შეეძლება, მეტად ქმედითუნარიანი გახდეს საერთოევროპული მობილიზების ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად. დაბოლოს, მოლდოვის მსგავსად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ სათანადო აქტიურობის შედეგად ფინანსურ, ლოჯისტიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაში შევა როგორც ევროკავშირთან, ისე ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მდგომარეობასთან ერთად, როგორც ჩანს, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანა აქტიურად იღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან გაურბიან ავტორიტარულ რეჟიმს. ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ლოიალურად უყურებს და ამ მიმართულებით წამოჭრილ შესაძლო საფრთხეებს ვერ ხედავს. ამ პირბებში, უკრაინელი მიგრანტების მიღებაზე პროაქტიული მუშაობა შესაძლოა უფრო პრობლემატური გახდეს. კიევთან ისედაც გაციებული ურთიერთობები შეიძლება, კიდევ უფრო დაიძაბოს. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ საფრთხედაა მიჩნეული, რუსეთის მოქალაქეების დიდი დოზით შემოდინებამ, შესაძლოა, ქვეყანა უფრო მოწყვლადი გახადოს ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.

ამგვარად, უკრაინის მეზობელი ევროკავშირის წევრი და არაწევრი დასავლური სახელმწიფოები კოორდინირებულად მოქმედებენ მიგრანტების მიღების და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში დაახლოებით 4 მილიონ მიგრანტს მოუწევს ქვეყნის დატოვება. მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოების ღიაობისა, ამ რაოდენობის მიგრანტის მიღება, მოკლევადიან პერიოდში, ევროპისთვის საკმაოდ რთული იქნება. 

შესაბამისად, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, ამ მიმართულებით იაქტიუროს და შესთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებას მიგრანტების პოლიტიკის პროაქტიული სტრატეგია. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ ფონზე, როდესაც თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების შესახებ არაერთი შეკითხვა გაჩნდა როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ერთი მხრივ, ომში მყოფი ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, რომელშიც კიევი ბოლო დროს მთლად ვერ დარწმუნდა, ბევრად უფრო ქმედითი გახდება, ვიდრე აქამდე იყო. მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება დასავლური სამყაროსთვის მაშინ, როცა თბილისი არცთუ ისე დამაჯერებელ დაბალანსების საგარეო პოლიტიკას მიჰყვება რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რასაც უკვე მოჰყვა კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კარგად ჩამოყალიბებული მიგრანტების პოლიტიკით საქართველოს ჯერ კიდევ შუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად მიმართულ ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი