კომენტარი

„მოხალისეების გაშვება არ ნიშნავს მთავრობის ჩართვას“ – თინა ხიდაშელი

2 მარტი, 2022 •
„მოხალისეების გაშვება არ ნიშნავს მთავრობის ჩართვას“ – თინა ხიდაშელი

როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, ამის მიზეზად „სანქციებთან დაკავშირებით ამორალურ პოზიციასთან“ ერთად, „მოხალისეების არგამოშვება“ დაასახელა.

პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“ და „აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება“.

იგივე განაცხადა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ და თქვა, რომ „როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, მაგალითად, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან, ე.ი. მებრძოლებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს, ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი და ერთვები ომში“.

ასეა ეს?

„ნეტგაზეთთან“ საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მოხალისეების მონაწილეობა რომელიმე კონფლიქტში არ ნიშნავს ამა თუ იმ კონფლიქტში ქვეყნის ჩართულობას.

„ის განცხადება, რაც კობახიძემ გააკეთა, თავისთავად აბსურდი იყო. მოხალისის მონაწილეობა რომელიმე ომში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სახელმწიფოს ჩართულობას. ამ ადამიანების სტატუსი ზუსტად ამის მანიშნებელია – ის მოხალისეა იმიტომ, რომ მოხალისეა და არა ოფიციალური ჯარისკაცი“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ის ამბობს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოები კრძალავენ მოხალისეების გამგზავრებას, – და არაერთ ქვეყანას საამისოდ სპეციალური პოლიტიკაც აქვს შემუშავებული, თუმცა, სხვა კონტექსტში:

„წლების განმავლობაში ეს პრაქტიკა აქტიურად გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. მაგალითად, ევროკავშირს აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიიდან სირიაში და სხვა ქვეყნებში ISIS-ის შემადგენლობაში მოხალისეების გამგზავრება. თუ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, ქმედითად ეწინააღმდეგებიან – საზღვარზე აკავებენ, არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას და ა.შ.

ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, – ეს შეგნებულად კეთდება, რათა სახელმწიფომ აჩვენოს, რომელ მხარეს დგას; რომ ის ყველანაირად ხელს უშლის ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერებას და იქ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას. აი, ეს არის პრაქტიკა, მოხალისეებისთვის გადაადგილების აკრძალვა ხდება ასეთ შემთხვევებში“.

„ტერორიზმთან შედარება“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრობლემას სწორედ აქ ხედავს:

„მე ის კი არ მაინტერესებს, რომელი რეისით გაფრინდებოდა ეს ხალხი, არამედ ის საჯარო განცხადებები, რაც კეთდება. ჩვენ კი ვხედავთ სამარცხვინო განცხადებებს, რომელიც თავისთავად უკრაინაში წასვლის მოხალისეობას ეწინააღმდეგება და კრძალავს. საბედნიეროდ, კანონი არ მიგვიღია ამაზე, მაგრამ პოლიტიკური განცხადებების დონეზე ოცნებამ ეს გააკეთა“.

თინა ხიდაშელის თანახმად, მსგავსი განცხადება გასაგები იქნებოდა ისეთ შემთხვევაში, საუბარი რომ ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან მათ შეიაიარაღებასა თუ დაფინანსებაზე:

„ეს ნამდვილად იქნებოდა სახელმწიფოს მონაწილება, მაგრამ ამაზე არ იყო საუბარი. ეს განცხადებები მძიმე მოსასმენი და, ამავე დროს, დამაზიანებელი იყო, რადგან ზუსტად ისე საუბრობდნენ, როგორც მრავალჯერ მოგვისმენია წლების განმავლობაში ტერორისტულ ორგანიზაციებში წასვლის შესახებ“.

რის შესახებ იყო საუბარი?

როგორც ერთ-ერთი მოხალისე, „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, საუბარი იყო უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ჩარტერულ რეისზე, რომელსაც ქვეყანაში დაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს.

საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი განმარტავს:

„საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვერ შევძელით, – როდესაც გვქონდა შესაძლებლობა და საჭიროება, – მიგვეღო ნებართვა თვითმფრინავის ჩარტერულ რეისზე“ იმ დროს, როდესაც „არსებობს ცხადი გაგება, რომ [საქართველოს] მთავრობა და ყველა დანარჩენი ორგანო არ შეუშლიან ხელს მათ, ვისაც წამოსვლა უნდა“.

ბრიტანული მედიის თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკური უკრაინელები, რომელთაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სურთ, უკრაინის საელჩოს მიმართავენ კოორდინირებისათვის.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში იმავეს ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი – ექიმი, რომელიც 2019 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმს დაახლოებით 50 დღე ჰყავდა პატიმრობაში და რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე 29 დეკემბერს გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი გვიამბობს, რომ ადრევე ჩაეწერა უკრაინის საელჩოში: „ჩემი კოორდინატები კარგა ხნით ადრე მქონდა დატოვებული უკრაინის საელჩოში – თუ საჭირო იქნებოდა, როგორც ექიმი, ნებისმიერ დროს მზად ვიყავი დავხმარებოდი“.

მისი მონათხრობის თანახმად, ორშაბათს, 28 თებერვალს, დღის 2 საათისთვის დაურეკეს საელჩოდან და აცნობეს, რომ „6 საათზე არის დანიშნული რეისი პოლონეთისკენ და თუ ისევ გადაწყვეტილი გაქვთ ჩამოსვლა, საელჩოში მოდითო დასარეგისტრირებლად და 6-ზე აეროპორტშიო“.

„მეც გავიარე რეგისტრაცია და 6 საათზე აეროპორტში მივედი. იქ გაირკვა, – უკრაინის სამხედრო ატაშემ გვითხრა, – რომ რეისი დაიბლოკა საქართველოს მთავრობის მიერ. ვინ, რატომ, ვინ იყო ეგ პიროვნება, სტრუქტურა, ვერ გეტყვით, ხვალ იტყვის ელჩიო. ეს არის და ეს, რა ინფორმაციაც მაქვს“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

„როცა არსებობს ნება, გამოინახება გზა“

თინა ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრს 2015-16 წლებში, ამ დეტალების გათვალისწინებით ვკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა, საქართველოს მთავრობას არ შეეშალა ხელი მებრძოლების გაგზავნისათვის და დიპლომატიური საფარველით თავი აერიდებინა რაიმე სახით პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან. მან გვიპასუხა:

„არაფორმალურად ვინ, ვის, რაში უწყობს ხელს და როგორ ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება, სხვა საკითხია, მაგრამ, ხომ იცით, არსებობს ცნობილი გამოთქმა – „როდესაც არსებობს ნება, გამოინახება გზა“. ეს გზა ყოველთვის არსებობს, თუ გაქვს ნება. უამრავი ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. ჩვენც გაგვიკეთებია ძალიან ბევრჯერ ბევრი ისეთი რამ, – სახელმწიფოს გაუკეთებია ორგანიზება, – რაც საჯარო მოხმარებისთვის იყო [ნაჩვენები, როგორც] ადამიანების კეთილი ნება“.

მაგალითად, თინა ხიდაშელი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას იხსენებს 2015 წელს, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ჩამოსვლას თბილისში:

„ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარსელონის ცნობილ თამაშზე თბილისში ჩვენ [მაშინდელმა მთავრობამ] სოხუმიდან ჩამოვიყვანეთ 100 ახალგაზრდა. მაგრამ ტელეკამერებით არ ურბენიათ იქ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არ უჩვენებიათ, ადმინისტრაციულ საზღვარზე როგორ ხდებოდა ამ ხალხის გადმოყვანა და ამ ყველაფრის ორგანიზება. ამოცანა იყო, ამ ახალგაზრდებს ენახათ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოც. ეს თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს ორგანიზებული იყო“, – იხსენებს იგი.

„კვალიფიკაციის არქონა ან მოღალატეობა“

თინა ხიდაშელის შეფასებით, უკრაინაში მოხალისეების წასვლის ხელშეშლის ამბის ახსნა ორი ვარიანტით შეიძლება:

  1. „კარგ შემთხვევაში: კვალიფიკაცია და გამოცდილება კი არა, წარმოდგენაც არა აქვთ, როგორ გაუმკლავდნენ ამ მძიმე მდგომარეობას;
  2. ამ ყველაფერს იმიტომ ამბობენ ისე და იმ ფორმით, როგორც ამბობენ, რომ ვიღაცას პატაკს აბარებენ კრემლში“.

თინა ხიდაშელს მაგალითად მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩასვლას.

ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „საჰაერო სივრცე დახურულია“. თინა ხიდაშელი ამ განცხადებას ასე აფასებს:

„ხომ შეიძლება, რომ ეს განცხადება გაკეთებულიყო სრულიად სხვაგვარად? მაგალითად, ეთქვა, რომ „იმის მიუხედავად, დღეს მე ვერ ჩავალ კიევში, გვერდში ვუდგავარ, სოლიდარული ვარ უკრაინელი ხალხის, ქართველი ხალხი თქვენთან არის, საქართველოში ჰუმანიტარული, ეკონომიკური დახმარების მობილიზება ხდება, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას“. ან რაიმე მსგავსი. მაგრამ არა, – მან გაააკეთა განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში კიევში არ წავა იმიტომ, რომ ფრენები არა გვაქვსო. ეს რაღაც უბრალოდ სისულელის და მოღალატეობის ზღვარს შორის ამპლიტუდაა ამ განცხადებაში. და ზუსტად იგივეს ვხედავთ მოხალისეებთან და სანქციებთან დაკავშირებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი