კომენტარი

კიდევ არის დრო, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა გააცნობიეროს რეალური საფრთხე – ინტერვიუ იან ბონდთან 

20 იანვარი, 2022 • 3416
კიდევ არის დრო, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა გააცნობიეროს რეალური საფრთხე – ინტერვიუ იან ბონდთან 

ევროპა ახალი ომის ზღვარზეა — დასავლეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზების ფონზე უკრაინის საზღვართან. მიიღებს თუ არა დასავლეთი მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს, ან რა პასუხი ექნება უკრაინაში ხელახალი ომის დაწყების შემთხვევაში? რა უშლის ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას? — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ ევროპული რეფორმების ცენტრის (CER, UK) საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს ლატვიაში იან ბონდს ესაუბრა, რომელიც თბილისში რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

— თქვენ თქვით, რომ საქართველო ჯერ შიდა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს, ვიდრე მისი ხმა უკეთ იქნება გაგონილი დასავლეთში. რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად?

— ვფიქრობ, მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური პოლარიზაცია. ვნახეთ, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცნენ. ვიხილეთ  ლგბტი აქტივისტებსა და მედიაზე თავდასხმის საკმაოდ შემაშფოთებელი სცენები. ეს ძალიან პრობლემატურია ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ხნის პრობლემა, რომლის შესახებ წლების განმავლობაში ვისმენ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, არის ბატონი ივანიშვილის გავლენა. მას არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია და მაინც, როგორც ჩანს, ყველაზე ძლევამოსილი პირია ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია. პოლიტიკოსები ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ხალხის მიმართ. მე არ ვიცი, ვის წინაშეა ანგარიშვალდებული ბატონი ივანიშვილი. მას არ აქვს არჩევითი თანამდებობა. ვერავინ გადააყენებს დაკავებული პოზიციიდან. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, გადააყენოთ ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს ფუნდამენტური პრობლემაა ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

— შიდა პრობლემები საქართველოს ერთადერთი დაბრკოლებაა, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში და ნატო-ში, თუ ასეთია კონფლიქტები და რუსეთის დე ფაქტო ვეტო ნატო-ს გაფართოებაზე?

— გავყოფდი ევროკავშირს და ნატო-ს საკითხს. ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს არ მიუღია წევრობის პერსპექტივაც. ეს უნდა გადაწყდეს, მაგრამ საუკეთესო გზა ამისთვის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების პროცესი, გადადგას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯი. ეს გრძელვადიანი პროცესია. ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობაში. საჭიროა დეტალური პროგრამა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ყველაფერი შეიცვლება, როგორც საჭიროა, საქართველო იქნება გაცილებით ძლიერ პოზიციაში, რომ ევროკავშირს მიუბრუნდეს და უთხრას, რომ ჩვენ უკვე ვაკეთებთ 90%-ს იმისა, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აკეთებენ და ახლა უნდა მოგვცეთ წევრობის პერსპექტივა.

ნატო-ს რაც შეეხება, 2008 წელს ნატო-მ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, ვიცით, რომ ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ასევე, სავარაუდოდ, საფრანგეთი, იტალია და შეიძლება ზოგიერთი სხვაც, არ დაეთანხმებიან, რომ ამ მომენტისთვის საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაცვლელად საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა, ორმხრივ ფორმატში იმუშაოთ იმ მოკავშირეებთან, რომლებიც მზად არიან გაწვრთნან და აღჭურვონ თქვენი შეიარაღებული ძალები, დაეხმარონ მათ ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში. შეხედეთ შვედეთის და ფინეთის მაგალითს — ისინი არ არიან ნატო-ს წევრები, მაგრამ ძალიან კარგად არიან ინტეგრირებული ნატო-სთან. საქართველო უნდა შეეცადოს, მივიდეს იმ სიტუაციაში, როცა მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ფორმალური, სამართლებრივი გადაწყვეტილება ნატო-ში წევრობაზე, ალიანსის წევრების უმრავლესობა გეპყრობოდნენ ისე, როგორც დე ფაქტო ნატოელ მოკავშირეს. ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ზოგი სხვა სახელმწიფო ძალიან აქტიურები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და დახმარებაში.

— რა მოლოდინი გაქვთ რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისგან?

— ჩემი მოლოდინი ძალიან დაბალია. ფუნდამენტურად შეუძლებელია, დასავლეთმა მისცეს ის, რასაც ვლადიმერ პუტინი ითხოვს. 1975 წლის ჰელსინკის აქტიც და 1999 წლის ევროპული უსაფრთხოების ქარტიაც ამბობდა, რომ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ ალიანსები. რასაც პუტინი ამბობს, მიუღებელია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ გახდნენ ნატოს წევრები, მათ უნდა შეეძლოთ გახდნენ ნატოს წევრები. რუსეთი სანამ გაჯიუტდება ამ პოზიციაში, შეთანხმების პერსპექტივას ვერ ვხედავ. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც შეთანხმება შეიძლება — ნდობის აღდგენის ზომები, სამხედრო წვრთნებზე წინასწარი შეტყობინება, შემოწმების უფლება, რომ საფრთხის შემცველი არაფერი ხდება… წარსულში ჩვენ გვქონდა შეთანხმებები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდნენ, მაგრამ რუსეთი არღვევდა და ტოვებდა მათ. ესაა პრობლემა. ამ ტიპის საკითხებზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა, მაგრამ დასავლეთში არავინ განიხილავს, რომ საქართველოსა და უკრაინის მსგავს ქვეყნებს პოლიტიკური ბლოკების არჩევის უფლება წაართვან და უთხრან მათ, რომ გეოგრაფიის შემთხვევითობით, რომელმაც რუსეთის მეზობლად მოგაქციათ, თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც რუსეთი გეტყვით. დასავლეთში ამას არავინ მიიღებს.

— ყველასთვის, ალბათ, მოსკოვის ჩათვლით, ნათელი იყო, რომ მოსკოვი ვერ მიიღებდა ნატო-ს არგაფართოების გარანტიას. მაშინ რატომ წამოაყენა რუსეთმა ეს ულტიმატუმი?  

— მაშინ, როცა 100 000-ზე მეტი სამხედროა უკრაინის საზღვართან, ჩემი ვარაუდით, პუტინი იმედოვნებდა, რომ ომის მუქარა საკმარისი იქნებოდა დაეყოლიებინა დასავლეთი, რომ გააკეთოს ის, რასაც მოსკოვი ითხოვს. თუ ეს შემთხვევა არაა, მე ვშიშობ,ზომიერად დიდი შანსია, რომ რუსეთის ძალები დაესხმებიან თავს უკრაინას და გაზრდიან მათ მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილს, იმ იმედით, რომ უკრაინის მთავრობა სუსტი აღმოჩნდება და დანებდება რუსეთის ყველა მოთხოვნას, როგორც ეს მოხდა მინსკის მოლაპარაკებებისას 2014-15 წლებში.  კითხვა იმაში მდგომარეობს, საკმარისი იქნება თუ არა დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ამ მომენტში, რუსეთს გადაათქმევინოს [თავდასხმის გეგმა]. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ, თუმცა კიდევ არის დრო, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით გერმანიაში, გააცნობიეროს რეალური საფრთხე. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დასავლეთში ჩაფლულია ოპტიმიზმში და მიიჩნევენ, რომ რადგან ისინი არასდროს გამოიყენებდნენ ძალას ამ სიტუაციაში, პუტინიც არ გამოიყენებს. პუტინი სხვაგვარად ფიქრობს და სხვა გათვლები აქვს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, გამოიყენოს ძალა, თუ ფიქრობს, რომ ამით რუკიდან გააქრობს უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ აქტორს. თუ წაიკითხავთ გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ პუტინის ვრცელ სტატიას იმის შესახებ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ნათელი გახდება, რომ მისი განზრახვაა, უკრაინა იყოს რუსეთის ნაწილი თუ არა, სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ.

— ყველა ამბობს, რომ საფასური, რომლის გადახდაც რუსეთს მოუწევს უკრაინაში შეჭრისთვის, იქნება მაღალი. რამდენად მაღალი? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი?

— ეს ის არის, რაც ჯერ არ განგვისაზღვრავს. არის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შეიძლება შემოღებულ იქნას; უკვე ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი გერმანიაში არ არის მზად, დააწესონ ისეთი სანქციები, რომლებსაც ყველაზე დიდი ეფექტი ექნებოდა რუსეთზე. ეს პრობლემურია. ჩვენ ყველა ველით, რომ უკრაინის ძალები, რომლებსაც წლების გამოცდილება აქვთ ბრძოლის და რომლებმაც მიიღეს გარკვეული რაოდენობის დასავლური აღჭურვილობა, ანტისატანკო რაკეტების ჩათვლით, შეძლებენ, მნიშვნელოვანი დანაკარგი და ზიანი მიაყენონ რუსეთის ჯარს, თუმცა რუსებს შეეძლებათ მოიგონ ღია ბრძოლა აურაცხელი რაოდენობის ჯარის მეშვეობით და ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. მე პესიმისტი ვარ და მგონია, რომ ამხელა ძალებს უკრაინის საზღვარზე ზამთრის არდადეგებისთვის არ გადაისვრი.

— სანქციებს რაც შეეხება, უფრო ეფექტური არ იქნებოდა მათი პრევენციულად მიღება, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ?

— დიახ. მაგრამ მე ვერ ვხედავ დიდ ენთუზიაზმს დასავლეთში, რომ ბევრი რამ გააკეთონ ამ მომენტში. სულ მცირე, იარაღის ნებისმიერი დამატებითი მიწოდება სულ მცირედით გადაწონიდა რუსეთის გათვლას სამხედრო თავდასხმიდან თავდაუსხმელობისკენ. თუმცა, რეალისტურად, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ უკრაინის ძალები შეძლებენ შეაკავონ რუსეთის თავდასხმა მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი