კომენტარი

უფრო ხისტი შეფასება რთულია დიპლმატებისგან მოვისმინოთ – ნოდია აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

4 იანვარი, 2022 •
უფრო ხისტი შეფასება რთულია დიპლმატებისგან მოვისმინოთ – ნოდია აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია ნეტგაზეთთან აფასებს აშშ-ის საელჩოს ბოლო განცხადებას და ამბობს, რომ ამაზე რთული და ცალსახა შეფასება დიპლომატისგან რთულად მოსასმენია.

საუბარია აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას“.

„თავისთავად, შეფასება სრულიად სამართლიანია. აქ მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი, რომ აშშ-ის საელჩომ ამგვარი შეფასება გააკეთა, რაც ზოგადად ნაწილია იმ ტენდენციისა, რომ დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და სულ უფრო ღიად და საჯაროდ გამოხატავს ამას“, – აცხადებს ნოდია.

აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან მალევე, „ოცნება“ გააკრიტიკა ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, რომელმაც თქვა, რომ გასაკვირი არაა ეჭვი საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური მისწრაფების გულწრფელობასთან დაკავშირებით.

გია ნოდია განმარტავს, რომ არც ეს არის ახალი აზრი, ოღონდ მანამდე, ამგვარი შეფასებები უფრო ხშირად ისმოდა ცალკეული პოლიტიკოსებისგან – მაგალითად, კონგრესმენებისგან ან ევროპარლამენტარებისგან.

„ოფიციალურად ხელისუფლების წარმომადგები ხელისუფლების სახელით შედარებით უფრო ერიდებოდნენ ასეთ განცხადებებს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ საელჩოს ოფიციალური განცხადებაა ასეთი, ანუ ასეთი ხედვა უკვე საჯაროდ გამოითქმის, როგორც ამერიკის ხელისუფლების ხედვა.

დიპლომატიური ენის ფარგლებში ეს ცხადია, რომ ამაზე უფრო ხისტი და ცალსახა შეფასებები რთულია, დიპლომატებისგან რომ მოვისმინოთ“, – ამბობს გია ნოდია და დასძენს, რომ შესაძლოა, ამგვარი განცხადებები ფინანსური დახმარების ან/და მხარდაჭერისგან თავის შეკავებას მოასწავებდეს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პასუხს – ნოდია ამბობს, რომ ასეთი პოზიციით ხელისუფლება  ცდილობს  ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს.

„ეს გვეუბნება, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას უნდა, რომ დეკლარაციულ დონეზე შეინარჩუნოს პროდასავლური ორიენტაცია, ამიტომ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ ადამიანური შეცდომა დაარქვან – ანუ დააბრალეს ეს პირადად ელჩს ან ვიღაცას. ვითომ არ აღიქვეს ამერიკის ხელისუფლების პოზიციად.

გარკვეული შეფარული ზეწოლაც არის ამერიკაზე, რომ ფსიქოლოგიური შანტაჟი შეიძლება, თვითონ საქართველოს მოსახლეობას დაეკარგება, ასე ვთქვათ, ამერიკის მიმართ ნდობა და შეიძლება შესუსტდეს ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რაღაცნაირად ეს საქართველოს ხელისუფლების ბერკეტი  არის, რომ თუ ძალიან მოგვაწვებით, შეიძლება რუსეთისკენ გადავიხაროთ, ჩემი აზრით მინიშნებაა ამაზე“, – გვპასუხობს გია ნოდია.

არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ- კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

„არსებობს ერთგული ამომრჩეველი „ქართული ოცნების“, რომლებსაც ისედაც შერყეული აქვთ ნდობა დასავლეთის მიმართ. მათთვის პროდასავლური პოლიტიკის გამომხატველი არის უპირველეს ყოვლისა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების სიძულვილის გამო მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.

ამ ამომრჩეველზე მუშაობს ბოლო ხანებში ქართული ოცნება და ამ ამომრჩეველს არც არასდროს ჰქონია მაინცდამაინც დიდი ნდობა დასავლეთის მიმართ. მაგრამ მთლიანად, ქართულ საზოგადოებას ეს არ შეურყევს, რა თქმა უნდა, ნდობას დასავლეთის მიმართ,“ – ამატებს გია ნოდია.


იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებების გამო.

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“, – წერია განცხადების შესავალში.

30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტის არც მომზადებასა და არც განხილვაში სახელმწიფო ინსპექტორი არ ჩაურთავთ. მეტიც, იმ დროისთვის ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო.

მისივე განმარტებით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაციაა.

სრულად ეს განცხადება წაიკითხეთ:

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი