ახალი ამბები

ჩაითვალა, რომ ბავშვით ხელში ვერ დავიცავ ინსპექტორის სამსახურს — თოლორაია

27 დეკემბერი, 2021 • 2143
ჩაითვალა, რომ ბავშვით ხელში ვერ დავიცავ ინსპექტორის სამსახურს — თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ აღნიშნული უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაიწერა კონსპირაციულად და მაშინ, როდესაც მას ზედამხედველობას თავად თოლორაია ვერ გაუწევდა, რადგან დეკრეტულ შვებულებაში იყო.

თოლორაიას თქმითვე, კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო „სრულიად კონსპირაციული“ და მასში მონაწილეობა არ მიუღია სამსახურის არც ერთ წარმომადგენელს.

„კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დასაცავად,“ – აცხადებს თოლორაია.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა და მისი ნამდვილობა ნეტგაზეთს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დაუდასტურა. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი