კომენტარი

არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ- კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

4 იანვარი, 2022 • 1381
არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ- კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას და ამბობს, რომ ის არასწორი და არასამართლიანია.

ეს პირველი შეფასებაა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან აშშ-ის  საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი, ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ხშირად, ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და ვითვალისწინებთ  ამ რჩევებს და, სამწუხაროდ, არის ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამისი მორიგი მაგალითი.

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება განცხადების შინაარს, აქ არის არაერთი უზუსტობა.  მთლიანობაში არასამართლიანია განცხადება. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი, ტექნიკური შეცდომები. რაც არის ძალიან სამწუხარო და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე – რაც არის არასწორი. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა  ორ ნაწილად. პირიქით, გაფართოვდა მთლიანობაში ჯამურად ამ სამსახურის უფლებამოსილებები. ეს არის ფაქტობრივი შეცდომა“, – აცხადებს კობახიძე ჟურნალისტებთან.

დამატებით კითხვაზე, რა შეიძლება ყოფილიყო „ადამიანური შეცდომა“ და რას გულისხმობს  ამაში, კობახიძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო თანამშრომლის მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია. თუმცა, უფრო ვრცელ განხილვაში ის არ შევა, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

კობახიძე ასევე დასძენს, რომ „ოცნება“ მზად არის ჰქონდეს ნებისმიერ საკითხზე კომუნიკაცია და საუბარი აშშ-ის წარმომადგენლობასთან – „ჩვენ უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მიგვიღია მათგან“.


3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებების გამო. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“, – წერია განცხადების შესავალში.

30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტის არც მომზადებასა და არც განხილვაში სახელმწიფო ინსპექტორი არ ჩაურთავთ. მეტიც, იმ დროისთვის ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო.

მისივე განმარტებით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაციაა.

სრულად ეს განცხადება წაიკითხეთ:

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი