კომენტარი

ფონ კრამონი: „საქართველოს მთავრობა არაა დაინტერესებული პროფესიონალური ინსტიტუტებით“

29 დეკემბერი, 2021 • 1305
ფონ კრამონი: „საქართველოს მთავრობა არაა დაინტერესებული პროფესიონალური ინსტიტუტებით“

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას ეხმაურება.

„ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ კომენტარში იგი აღნიშნავს, რომ „ეს მთავრობა არაა დაინტერესებული პროფესიონალურ და კარგად ფუნქციონირებად სახელმწიფო ინსტიტუტებით“.

ფონ კრამონის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ერთ-ერთი ბოლო ინსტიტუტია, რომელიც აპოლიტიკურია, პროფესიონალურად მუშაობს და არ ემორჩილება პოლიტიკურ დღის წესრიგს“.

შესაბამისად, მიიჩნევს ევროპარლამენტარი, „სწორედ ამიტომ მთავრობამ [სამსახურს] მხარი უნდა დაუჭიროს და ბიუჯეტის ასიგნაციით გააძლიეროს“.

ფონ კრამონის თქმით, „მთავრობა პირიქით მოქმედებს და სამსახურის გაუქმება ნათლად მიანიშნებს, რომ ეს მთავრობა არაა დაინტერესებული პროფესიონალური და კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტებით“.

ევროპარლამენტარის შეშფოთებას თავად კანონპროექტის მომზადების და მიღების პროცესიც იწვევს.

„საშობაო არდადეგების და სისწრაფის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მთავრობა საკუთარი ზრახვების დამალვას ცდილობს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მათ თავი შეიკავეს პროცესში საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვისგან და არ გაიარეს კონსულტაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან“.

ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ „ეს უნდობლობა ადასტურებს მთავრობის მიერ დემოკრატიული სტანდარტების უხეშ უგულებელყოფას“.

ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა გადახედავს „ეგრეთ წოდებულ რეფორმას“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვა გააკრიტიკეს აშშ-ის, ევროკავშირის, ნორვეგიის საელჩოებმა, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმ დუნია მიატოვიჩმა პარლამენტს მოუწოდა, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი