ახალი ამბები

შემაშფოთებელია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოულოდნელად წამოწყება – UK-ის საელჩო

29 დეკემბერი, 2021 • 2364
შემაშფოთებელია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოულოდნელად წამოწყება – UK-ის საელჩო

ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კლერ ოლბლესის შეფასებით, „შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განხილვის მოულოდნელად წამოწყება“.

„იმედი მაქვს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთმობა შესაბამისი დრო, განხილვა მოხდება ღიად, სიფრთხილით და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, — წერს ოლბლესი ტვიტერზე.

ელჩის მოადგილის კომენტარს საქაღთველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვა გააკრიტიკეს აშშ-ის, ევროკავშირის, ნორვეგიის საელჩოებმა, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმ დუნია მიატოვიჩმა პარლამენტს მოუწოდა, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი