ახალი ამბები

ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ნორვეგიის ელჩიც აკრიტიკებს

29 დეკემბერი, 2021 • 2274
ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ნორვეგიის ელჩიც აკრიტიკებს

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება.

„შეწუხებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად გაყოფით და ყველა თანამშრომლის გათავისუფლებით. პარლამენტს მოვუწოდებთ ინკლუზიური და დაფიქრებული მიდგომისკენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიეცეს საშუალება და უფლებამოსილება, შეასრულოს თავისი როლი, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა — დემოკრატიის შენაძენმა“, — წერს ელჩი.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვა გააკრიტიკეს აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმ დუნია მიატოვიჩმა პარლამენტს მოუწოდა, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი