რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრში რეკრეაციული ზონის გაშენება და იმ მიზნის მიღწევა, რის გამოც მოქალაქეები საკრებულოს შენობასთან გაერთიანდნენ?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს, როდესაც სარეკრიაციო ზონები, პარკები, სკვერები ჩანაგდება და ხეებს ჭრიან, ეს შეიძლება გახდეს შემობრუნების წერტილი. პატარა კომპენსაცია მაინც რომ მოხდეს იმის, რაც ქალაქში ხდება და ამხელა, უზარმაზარი ბუნებრივი სივრცე შემოიჭრას ქალაქის ცენტრამდე. შემოჭრილი იყო კიდეც და ეს გაანადგურეს ამ გზით. ახლა შესაძლებელია ეს აღდგეს, ოღონდ უნდა აღდგეს წესიერი დაგეგმვით, სწორად გაანგარიშებული, მდინარის ქცევასთან მორგებული ლანდშაფტური სივრცე უნდა დაიგეგმოს. ეს იქნება ძალიან კარგი და სწორი რაღაც. არავითარი ადგილი მანდ გზას არ აქვს, არავითარი გზა მანდ არ უნდა იყოს, რადგან ეს შეუთავსებელი იქნება პარკთან და ეს პარკი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ცენტრალური ერქმევა იმას თუ რაღაც სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ალბათ თვალს ადევნებთ იმ განხილვებს, რომლებიც მიმდინარეობს ე.წ. მანჰეტენის პროექტის გარშემო. ურბანული თვალსაზრისით, რამდენად შეეფერება ეს პროექტი ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიას?
მანჰეტენია თუ რაც დაარქვეს – ამ პროექტზე ლაპარაკიც კი უხერხულია. ამას აზრსაც კი ვერ დაარქმევ. ეს არის სრული ნონსენსი. მოკლედ, ისეთი რამ, რაზეც ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ასეთი უბედურების მერე იგივე რაღაცის გაკეთება, ვის უნდა მოუვიდეს აზრად?
განსხვავებული პოზიცია აქვს თბილისის მერიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი. თბილისის მერი არ გამორიცხავს ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრების განვითარებას. სახელმწიფო და, კონკრეტულად, დედაქალაქის მერია რამდენად გაითვალისწინებს მოქალაქეების მოთხოვნას, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაშენება სურთ, და იტყვის თუ არა უარს “მანჰეტენის” პროექტზე?
ამის თქმა ძნელია. ქალაქის მმართველობას შეეტყო, რომ სერიოზულად შეშფოთდა და დაფიქრდა ამ უბედურების გამო. შესაძლებელია, ეს ქალაქის მმართველობისთვისაც გახდეს შემობრუნების წერტილი და მე ვუსურვებ ქალაქის მმართველობას ამას. როდესაც მერი ამბობს, რომ მოუსმენს იმასაც, ეს მისი მოვალეობაა. მან ყველას უნდა მოუსმინოს. რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მერე თვითონ მერიაში, ეს უკვე სხვა საკითხია. ის ნათქვამი, რომ მე მოვუსმენ იმას, ჯერჯერობით არ უნდა იყოს საგანგაშო. ის უსმენს ორივე მხარეს და იმედია, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ მასშტაბის პროექტები დედაქალაქის რომელ ნაწილში უნდა განვითარდეს? საერთოდ, შესაძლებელია თუ არა თბილისის პირობებში ასეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელება?
ამის ასე პირდაპირ თქმა შეუძლებელია. გრანდიოზულს რას ეძახით, ჯერ ეს უნდა გაირკვეს…
როგორც უკვე ითქვა, პროექტის განხორციელებას 1 400 000 000 დოლარი დასჭირდება. ეს არ არის გრანდიოზული პროექტი ისეთი მდგომარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?
1 400 000 000 დოლარად შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, უზარმაზარი პარკი. ვთქვათ, მახათას მთაზე გაკეთდეს უზარმაზარი პარკი, ან სხვაგან – უამრავი ასეთი კარგი ადგილია. თუნდაც ვერეს ხეობა რომ აითვისონ, როგორც პარკი თავისი ზემოწელით, და იქ გააკეთონ ღვარცოფდამცავი ნაგებობები და ა.შ. ახლა მე არ ვიცი, რამდენი დაჯდება. ალბათ, ძალიან ძვირი, მაგრამ გენიალური საქმე იქნება. ფულით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. გააჩნია, რას აკეთებ. ოღონდ ასეთ მდინარეში, მთის მდინარეში, ღვარცოფსაშიშ მდინარეში და მის კალაპოტში რომ სახლები ააშენო, გიჟი უნდა იყო. მაგაში ორი კაპიკიც არ უნდა დახარჯო.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტს აკრიტიკებენ, არის ის რისკები, რომლის შესახებაც თქვენც საუბრობთ. რეკრეაციული ზონის გასაშენებლად რამდენად უსაფრთხოა ეს ტერიტორია? მოსალოდნელია, რომ მსგავსი ტრაგედია სამომავლოდ კიდევ განმეორდეს იმავე ადგილას?
ასეთი დონის სტიქია რომ განმეორდეს, არაფრით აღარ შეიძლება, თუ ამას სწორად დააგეგმარებენ. ესე იგი, თუ მისცემენ საშუალებას მდინარის გაფართოების და ბუნებრივ პირობებთან ძალიან მიახლოებულ პარკს თუ გააკეთებენ. იმ პირობებთან, რომლებიც ითვალისწინებს ამ მდინარის ქცევას და სწორად დაგეგმავენ ამას, ასეთი კატასტროფა არავითარ შემთხვევაში განმეორდება. წყალდიდობა შეიძლება მოხდეს. გადმოვა ნაპირებიდან მდინარე, აავსებს ამ პარკის ნაპირებს, მაგრამ, რახან გაფართოვდება ეს, კინეტიკური ენერგია დაეცემა და დამანგრეველი ძალა არ ექნება. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ შეიძლება მდინარის ზედა წელში შესაბამის გეოლოგიურ გათვლებზე და დაგეგმვაზე დამყარებული ღონისძიებების გატარება. ისეთი ტექნიკური ბადეების მოწყობა, რომლებიც შეაჩერებს ღვარცოფს, გამოატარებს მხოლოდ წყალს, დაუგდებს მდინარეს სიჩქარეს და ა.შ. კომპლექსური ღონისძიებები თუ გადაყვება მთელ მდინარეს და აქ, ქვემოთ ნამდვილი პარკი გექნება, სადაც გაშლის შესაძლებლობა ექნება მდინარეს, მაშინ ეს რისკი სულ მინიმუმამდე დაიწევს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი რანგის კატასტროფა, როგორიც ახლა მოხდა, სრულიად გამორიცხული იქნება.