რა თქმა უნდა, ნალექი გადამწყვეტი იყო. უშუალოდ ვერეს ხეობაში მოსული ნალექის ოდენობის შესახებ ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს, თუმცა ჩვენი უახლოესი მეტეოროლოგიური სადგური ვაშლიჯვარში მდებარეობს, სადაც ძლიერი ნალექი დაფიქსირდა: 49 მმ რაოდენობის… ეს კატასტროფულად დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ვერეს ხეობაში უფრო მეტი ყოფილიყო, უბრალოდ ამის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ნალექის რაოდენობა ერთია, მაგრამ ამას დაემატა ნაშალი მასალა, რომელმაც წყლის მილში გატარება შეაფერხა… პრაქტიკულად, ღვარცოფი წამოვიდა იქიდან. მხოლოდ წყალი რომ ყოფილიყო, ალბათ მილი მას გაატარებდა, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, წყალმა თან უამრავი ხის ტოტი და სხვა მასალა წამოიღო.
49 მმ რაოდენობის ნალექი – ეს რამდენად ძლიერი წვიმაა?
ჩვენ გვგონია, რომ ვერეს ხეობაში რეალურად უფრო მეტი იყო, რადგან 49 მმ-ს ჩვენი სადგური ვაშლიჯვარში აფიქსირებს.
ეს ძლიერი ნალექის კატეგორიას განეკუთვნება, როცა [წვიმის] ინტენსივობა მაღალია და დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა, თუმცა დროის იგივე მონაკვეთში უფრო მეტიც დაფიქსირებულა, მაგრამ ასეთი შედეგები არ დამდგარა. ათასი ფაქტორი მოქმედებს, როგორც ჩანს, ეს მეწყრული პროცესი უკვე შემზადებული იყო [წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე], რადგან ზაფხული ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ნალექიანი და გეოლოგიური თვალსაზრისით [მიწა] ადვილად ჩამოიშალა. თუმცა ამას დამატებითი შესწავლა უნდა. მე მხოლოდ წინასწარ მოსაზრებას ვამბობ.
ერთ თუნდაც ძლიერ წვიმას შეეძლო იქ მეწყრის გამოწვევა?
როგორც ჩანს, უკვე შემზადებული პროცესი დააჩქარა, რადგანაც ხვალ-ზეგ ის მაინც ჩამოვიდოდა, მაგრამ ამ ნალექმა პროვოცირება გაუკეთა.
მე გეოლოგი არ ვარ, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ [მეწყერმა], ხეობებიდან მთლიანად ჩამოიტანა რბილი მასა, როგორც ნიადაგი, ასევე, ტოტები, ფოთლები და ნარჩენები… ამან გაამწვავა პროცესი, პირველ მილთან წყალმა, როგორც ჩანს, აიწია, შეყოვნდა შესვლა, შემდეგ ყველაფერი ერთბაშად გაიტანა და ამას მოყვა ეს შედეგი.
ვერეს ხეობასთან მეტეოროლოგიური სადგური აღარ არსებობს?
1990-იანი წლებიდან მოყოლებული აღარ არის… ახლა დაიწყო ინტენსიურად ყველაფრის აღდგენა, მაგრამ უფრო რიონის აუზს აქვს მინიჭებული პრიორიტეტი და იქ შესაბამისი პროექტიც ხორციელდება. ამის გაკეთებას ჩვენ მანგლისშიც ვგეგმავდით, მაგრამ ახლა ეს პროცესი უფრო დაჩქარდება.
რამდენი საათის განმავლობაში წვიმდა ვერეს ხეობაში?
წვიმა დაახლოებით 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ოღონდ სხვადასხვა ინტენსივობით: გაძლიერება- შესუსტებით. ვაშლიჯვარში, სადაც ჩვენი მეტეოროლოგიური სადგური მდებარეობს, ეს პროცესი უფრო გვიან დაიწყო. როდესაც სხვადასხვა წყაროდან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხეობაში ძალიან წვიმდა, ჩვენი ოფისიდან (რომელიც მარჯანიშვილზე მდებარეობს) დავიწყეთ რეკვა სადგურში და იქ გვითხრეს, რომ აქ საერთოდ არ წვიმსო. შემდეგ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაიწყო ვაშლიჯვარში წვიმა, ამიტომ შესაძლოა ვერეს ხეობაში უფრო ხანგრძლივად წვიმდა, ვიდრე სადგურზე.
არსებობს სხვადასხვა ექსპერტული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძლიერი წვიმა იყო ვერეს ასე ადიდების მთავარი ფაქტორი [და არა მეწყერი, რომელმაც მის დაგუბებას შეუწყო ხელი]. თბილისის მერიც აცხადებდა და სხვა ადამიანებიც, რომ ძალიან უხვი ნალექი მოვიდა ვერეს ხეობაში. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება იმის დაშვება, რომ ხეობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნალექი მოვიდა, თუ იქ მეტეოროლოგიური სადგური არ არსებობს და მხოლოდ ვაშლიჯვრის მონაცემებს ვეყრდნობით მხოლოდ?
ვაშლიჯვრის მონაცემებს ვეყრდნობით მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით, თუ რა ოდენობის ნალექი მოვიდა, მაგრამ წვიმა რომ იყო, ამას უამრავი ვინმე ადასტურებს.
ამას არავინ უარყოფს, საუბარია იმაზე, რომ ძალიან დიდი ოდენობის წვიმა იყო მთავარი მიზეზი…
ვინც მოითხოვა, ჩვენ ყველას ვეუბნებით იმას, თუ რა ოდნეობის წვიმა იყო ვაშლიჯვარში… 49 მმ ითვლება ძლიერ ნალექად, მაგრამ ამაზე ძლიერი წვიმაც ყოფილა.
როდის?
მაგალითად, 2011 წელს, როდესაც სართიჭალა დაიტბორა, 80 მმ-დე რაოდენობის ნალექი იყო. 2009-ში, 14 ივნისს -50 მმ-მდე ნალექი, იმავე წლის 17 ივნისს – 40 მმ-მდე, 2010 წლის 16 ივნისს – 39 მმ-დე, 2011 წლის 26 მაისს – 79 მმ-მდე წვიმა… ეს სულ ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებია. 2012 წლის 13 მაისს – 93 მმ, 14 ივნისს – 41 მმ-მდე. ასე რომ, არც ისე იშვიათია.
შესაბამისად, თქვენი აზრით, რომ არა მეწყერი, მხოლოდ დიდი ოდენობის წვიმა ამ კატასტროფას ვერ გამოიწვევდა?
კი, ჩვენი ჰიდროლოგები, ვინც იქ იყვნენ, ამბობენ ასეთ რამეს: ფაქტობრივად, ღვარცოფი შემოვიდა [თბილისში] და არა წყალი. ღვარცოფს თან ახლდა ხეები, ტოტები, ფოთლები და ასე შემდეგ. მან დროებით ჩაკეტა [მდინარე ვერეს] მილი თამარაშვილის ქუჩასთან, წყალმა დაიწყო დაგროვება, დონემ აიწია, შემდეგ წნევა გაიზარდა და ერთბაშად გაარღვია, შემდეგ ეს ტოტები გაიტანა მილიდან და ამან წყნეთის ქუჩაზე ერთბაშად გამოიწვია დიდი ოდენობის ნაკადის გასვლა. იქ ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ რაღაც მომენტში მილში წყალი შეწყდაო, ეტყობა დაგუბებისას და შემდეგ ერთბაშად გამოასხაო.
სულ რამდენ ადგილას დაგუბდა წყალი?
გეოლოგები ამბობენ, რომ პირველი დაგუბება მოხდა ახალდაბაში მეწყრიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც ჩანს, მალე გაარღვია, წამოვიდა ღვარცოფის სახით და მეორედ დაგუბდა თამარაშვილის ქუჩის გვირაბთან.
ეს არის ის გვირაბი, რომელიც კომუნისტების დროს არის აშენებული, ხომ?
1950-იან წლებში. მეტი დაგუბება აღარ ყოფილა, ჩემი ინფორმაციით.
წყლის დონემ რამდენი მეტრით აიწია?
ეს ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წამში 400-მა კუბურმა მეტრმა გაიარა. ეს ძალიან მაღალი ხარჯია.
რის გამო აიწია ასეთ მაღალ დონემდე ხარჯმა?
დაგროვებამ… დაგუბდა და შემდეგ მილიდან ერთბაშად გამოვიდა. რა ოდენობის წყალიც შედიოდა მილში, ის რომ გამოსულიყო, მაშინ მხოლოდ ნალექით ამხელა ხარჯი არ მოგროვდებოდა.
სულ რამდენი მეტეოროლოგიური სადგური არსებობს საქართველოში?
40-ზე მეტი.
ეს საკმარისია?
არა. ეს რაოდენობა ძალიან შორსაა იმ ნიშნულიდან, რომელსაც საკმარისი შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩვენი ქვეყნის რელიეფი ისეთია, რომ… საბჭოთა პერიოდში ჯამურად 400-მდე სადგური არსებობდა. ახლა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს საჭირო. თუნდაც ეს მოცემული ფაქტი მოწმობს ამას. ვაკე-საბურთალოს რაიონში ხომ მოვიდა ასეთი ძლიერი წვიმა? ამ დროს აეროპორტში საერთოდ არ წვიმდა. როცა ამხელა სხვაობა ახასიათებს ნალექს, საჭიროა უფრო ხშირი ქსელი და უფრო ნათელ სურათს მიიღებ. პროგნოზის მეტი საშულებაც გექნება, რადგან ეს ამაზეც მოქმედებს.
ანუ მოსული ნალექის ზუსტ ოდენობას ვერ დაადგენთ?
იქ მოსული ნალექის ფაქტობრივი ოდენობის დადგენა ძალიან გაჭირდება, მხოლოდ ირიბი მეთოდებით რაღაც დონეზე შეიძლება მიახლოებით დადგენა. უნდა ინახოს, რა დონეზე აიწია წყალმა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება წინასწარი გაფრთხილების რადარულ სისტემას, რომელიც სინოპტიკოსებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გათვალონ ნალექის შესაძლო ოდენობა და ღრუბლების მიმართულება. ამ კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში?
ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი გაფრთხილების გამართული სისტემა. ე.წ. რადარული დაკვირვებები აუცილებელია.
1990 წლამდე საქართველოში საბჭოთა რადარები არსებობდა, თუმცა ამჟამად ჩვენ ასეთი რადარი არ გაგვაჩნია. ეს რადარი იძლევა იმის საშუალებას, რომ უწყვეტ რეჟიმში სივრცეში დაინახოს სინოპტიკოსმა ვითარება. მინიმუმ 150-200 კილომეტრის რადიუსში ხედავს ღრუბლის წარმოშობის მთელ ფიზიკას, როგორია ღრუბელი, როგორია მისი სიმაღლე, გადაადგილების სიჩქარე, მიმართულება. სინოპტიკოსს ეს აძლევს საშუალებას, რომ ძალიან დიდი წინსწრებით არა, მაგრამ დაახლოებით 2 საათით ადრე თქვას ზუსტად, რა ნალექი შეიძლება გამოიწვიოს ღრუბელმა. 2 საათით ადრე მიღებული სიგნალი და გაფრთხილებაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია ჩვენ ჯერ არ გვაქვს, ის ძალიან ძვირია… ერთი რადარი დაახლოებით 2 მილიონი ევრო ღირს…
სულ რამდენია რადარია საჭირო საქართველოში?
საქართველოს როგორც მინიმუმ ორი რადარი ესაჭიროება, ერთი აღმოსავლეთ, ხოლო მეორე – დასავლეთ საქართველოში. შედარებით გამოსავალი გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც დელტამ აიღო საკუთარ თავზე სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების სისტემის მონტაჟი კახეთში და მათ შეიძინეს ეს რადარი… ამჟამად უკვე ნერგავენ მას და ჩვენც შევძლებთ, რომ ყოველგვარი თანხის გარეშე უპრობლემოდ ვისარგებლოთ. ჩვენ ვიქნებით მისი მეორე მომხარებლები. ახლა მისი პროგრამული დახვეწაა საჭირო და ახლო მომავალში ჩვენ ამ რადარს მივიღებთ. ის სიღნაღში დგას, მართალია, ცოტა შორსაა, მაგრამ თბილისსაც ხედავს. რაც უფრო შორსაა რადარი, ინფორმაცია მით უფრო მახინჯდება.
16 ივნისს ჩვენ გაფრთხილება სწორედ ამ რადარის მეშვეობით გავაკეთეთ, რადგან ჩანდა, რომ ღრუბელი უახლოვდებოდა საღამოს ამ ხევს, მაგრამ ცოტა მეტი მოგვივიდა… ვთქვით, ვერ გამოვრიცხავთ ძლიერ ნალექს, ღრუბელი მართლაც მოგვიახლოვდა, მაგრამ ინტენსივობა დაბალი იყო. მას კიდევ დამატებითი დაკვირვებები უნდა: ატმოსფეროში ზონდი უნდა გაუშვა, რათა ნახო, როგორაა განაწილებული მეტეოროლოგიური ელემენტები სიმაღლეების მიხედვით… ძვირადღირებული სისტემაა, მაგრამ დიდ მოგებას გაძლევს. პირველ რიგში, ადამიანთა მსხვერპლს იცილებ თავიდან.
13 ივნისის სტიქიის დროს დელტას რადარით ვერაფერი სახიფათო ვერ შენიშნეთ?
იცით, ჩანდა, მაგრამ ჯერ ერთი სწავლება უნდა, რადგან ეს ახალი ტექნოლოგიაა, თანამედროვე რადარებია და განგაშს მაინც ვერ ავტეხდით, ისე ძალიან არ იყო… მას სხვა, სეტყვის დანიშულება აქვს და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო, თან ჯერ კიდევ დანერგვის სტადიაშია. უბრალოდ ამ მოვლენის გამო ჩვენ ვცადეთ დაგვეჩქარებინა თანამშრომლობა, მივედით იქ და გავეცანით.
თქვენ თვქით, რომ რაღაც ჩანდაო, რას გულისხმობთ?
ღრუბლების წარმოშობა… ღრუბლები რომ იქნებოდა, ისედაც ვიცოდით, მაგრამ შეფასება, თუ რისი გამოწვევა შეეძლო მას, ამ დონემდე არ ჩანდა.
რადარი აფიქსირებს იმას, ღრუბელი ერთ კონკრეტულ ადგილას გაჩერდება თუ არა და იმასაც, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროცესი?
კი.
ეს მონაცემი დააფიქსირა დელტას რადარმა?
პრინციპში კი. მაგრამ მაქსიმუმადე არ იყო ის მისული… სხვადასხვა ინტენსივობის ღრუბელს ფერებში უჩვენებს რადარი და მაქსიმალურ ფერამდე მისული, რაზეც შეიძლება ძალიან შევშინებულიყავით, პრინციპში არ იყო. სწავლება და კარგად ჩახედვა უნდა მის შესაძლებლობებს.
ეს სახიფათო მონაცემი, რომელიც დააფიქსირეთ, ვინმეს შეატყობინეთ, რომ მოსახლეობა გაეფრთხილებინა? მე მგონი, ძალიან ლოგიკური შეკითხვაა, თუ საფრთხის შემცველი დაინახეთ, რატომ არ მოხდა ამის შეტყობინება ისე, როგორც, მაგალითად, 16 ივნისს, როდესაც განცხადება გაავრცელა გარემოს დაცვის სამინისტრომ. მართალია, არ გამართლდა ეს 16 ივნისის პროგნოზი, მაგრამ გაფრთხილება იყო…
გაფრთხილება [13 ივნისის] წინა დღეებშიც იყო, მაგრამ უშუალოდ თბილისს და კონკრეტულ ადგილს ვერ ვამბობდით… ჩვენ ვავრცელებდით პროგნოზს, რომ შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოში ამ პროცესების ზოგან გაძლიერება, სეტყვასაც ვვარაუდობდით…
იმის ვარაუდი, რაც მოხდა [თბილისში] ნალექის თვალსაზრისით, არ შეგეძლოთ?
განგაშს ვერ ავტეხდით… შეიძლება თბილისი გვეთქვა, მაგრამ ის ღრუბელი მოძრაობდა, თანდათან ვითარდებოდა… ჩვენ კარგად არც ვიცოდით, ეს ახალი დანერგილია, ჯერ კიდევ მიდის [რადარის დანერგვის] პროცესი…
თბილისის მერიას მაინც თუ შეატყობინეთ, რომ თბილისში შესაძლოა ასეთი ამბავი მოხდესო?
კონკრეტულად თბილისს ჩვენ ვერ ვამბდობდით და არ გვითქვამს… ვამბობდით აღმოსავლეთ საქართველოს და მათ შორის თბილისი იგულისხმებოდა. ჩვენ ყოველდღიურად ვუშვებთ ბიულეტენს, რომელშიც ეწერა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკური სიტუაცია ხელს უწყობს ზოგგან ძლიერი ნალექის განვითარებას, მათ შორის სეტყვას, შკვალურ ქარს და ასე შემდეგ. მაგრამ იმავე ბიულეტენში, როცა ჩამოთვლილია თბილისი, თელავი და ასე შემდეგ, იქ უკვე ვერ ვწერთ ამას… იმიტომ, რომ როცა აკონკრეტებ ადგილს, არ გაქვს ამის საფუძველი… ვერ ვაფიქსირებთ კონკრეტულ ადგილს.
მაშინ მე რა დასკვნაც გამომაქვს, ეს კონკრეტული რადარი ამ თვალსაზრისით მსგავს სიტუაციებში არც სამომავლოდ გამოადგება ქვეყანას… თუ მხოლოდ ზოგადი სივრცის შესახებ იღებ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადგილებზე პრევენცია კვლავ ვერ მოხდება. რა აზრი აქვს ასეთ რამეს?
ამ რადარის შესაძლებლობები ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცით. ახლა დელტა გვიწყობს ხელს, რომ ჩვენ მისი სრულფასოვანი მეორე მომხმარებელი ვიყოთ… უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება, მაგრამ შემდეგ ამას სწავლება უნდა… ერთი თვე, ორი თვე ალბათ მივავლენთ ან აქეთ მოვიწვევთ სპეციალისტებს, რომ ჩვენი სინოპტიკოსები გაერკვენენ. 1990-იან წლებამდე საბჭოთა რადარები იყო და ზოგადად მისი შესაძლებლობები ვიცით, მაგრამ აქ ფერებშია, სხვადასხვა სიხშირეა და ასე შემდეგ. მგონია, რომ ის გამოგვადგება.
პირველადი დანიშნულება იქნება სეტყვისაგან პრევენცია, მეორე მომხარებელი იქნებით თქვენ. დროში კოორდინაციიის თვალსაზრისით რაიმე პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს ეს, რადგან, როგორც ამბობდით, 2 საათით ადრე არის სიტუაციის დანახვა შესაძლებელი…
შეიძლება უფრო ადრეც გამოჩნდეს პროცესი, მაგრამ ზოგჯერ იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ არაფერი ჩანს და მოულოდენლად შენს თავზე აღმოჩნდება ძლიერი ღრუბელი.
ავტომატურად, როგორც რადარი უყურებს სივრცეს, ისე დავინახავთ ჩვენ რეალურ დროში. ჩვენი სინოპტიკოსები ისხდებიან ამ ეკრანთან და თვითონ მართავენ სიტუაციას.
მხოლოდ ერთი რადარი საკმარისი არ იქნება, ხომ?
დიახ, მაგრამ გვპირდებიან, რომ ან დონორის მეშვეობით…2 წლის წინ ინტენსიური მოლაპარაკება იყო იაპონურ მხარესთან ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ თავი შეიკავა იაპონურმა მხარემ, სხვა რაღაცები შემოგვთავაზეს. ამ სტიქიამ ეს დისკუსია ძალიან გააქტიურა და მე მგონია, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყდება ეს საკითხი.