73 წლის წინ დაკარგული ჯარისკაცის უკანასკნელი წერილი ფრონტიდან

სამკუთხა, გაცრეცილი, 73 წლის წინ ომიდან გამოგზავნილი წერილი  ბებიაჩემისთვის, ლოლა გოროზიასთვის არის ერთადერთი სახსოვარი,  რაც ძმისგან, მიხასგან შემორჩა.  მირიან (მიხა) გოროზია კი ერთ-ერთია  იმ ათეულათასობით ქართველს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 1941-1945 წლებში უგზოუკვლოდ დაიკარგა, ან დაიღუპა.

85 წელს გადაცილებული ბებია დღემდე ცრემლით იხსენებს თავის ახლგაზრდა ორ ძმას, რომლებიც ერთ დღესაც მარტვილის რაიონიდან ომში წაიყვანეს, თუმცა, უკვე 70 წელზე მეტია მათ შესახებ არაფერი სმენია. ამ ერთი ოჯახის ისტორია თითქოს არაფრით განსხვავდება იმდროინდელი ქართული ოჯახების ტრაგედიებისგან: ოჯახში მარტო დატოვებული მოხუცი მშობლები და პატარა და-ძმები, რომლებმაც სამუდამოდ დაკარგეს უსაყვარლესი ოჯახის წევრები.

 

1942  წლის 22 მარტს გამოგზავნილი წერილი უკანასკნელ ცნობა იყო ოჯახისთვის მიხა გოროზიასა და მისი ძმის შესახებ.

 

 

„მიხასგან!

 

გისურვებთ ბედნიერ და საამურ ცხოვრებას და იმ მიზნების განხორციელებას, რომელიც თქვენს გულში იყოს ჩასახული. როგორ გიკითხოთ, ხომ კარგად? იმედი მაქვს კარგად იქნებით. მე თუ მიკითხავთ, სულ კარგად ვარ, მხოლოდ მაწუხებს თქვენი ამდენი ხნის უნახაობა. დედა, მივიღე შენი წერილი და ძალიან გამიხარდა. ამ წერილით მე მოკლედ მაინც გავიგე ოჯახი ამბავი. თქვენ იწერებით დედა, რომ სურათი რატომ არ გამოგზავნეო და მე სურათი რამდენი ხანია გამოვგზავნე, ალბათ, გზაში დაიკარგა წერილი. დედა, სხვა როგორ ხართ? მამა ხომ კარგად არის და ბავშვებიც? შენ იწერები დედა, რომ სულ ღოღოზე და შენზე ვფიქრობთო. რატომ დედა და მამავ, ნურას იფიქრებთ ჩვენზე, არაფერი გვიშავს, ღოღო ხომ კარგ ადგილას ყოფილა, არაფერი უშავს. მივიღე ლოლას წერილი და ძალიან გამიხარდა იგი რომ წერდა, ჩვენი თხა თურმე ორსულიაო. აბა დედავ და მამავ, თქვენ იცით, როგორ მოუვლით ოჯახს. ქენთეზე ვამყარებ იმედს, რომ იგი შეშას მოიტანს, ღობესაც შემოაკავებს და ყანასაც გათოხნის. ქენთე, მე ის გამიხარდება ხოლმე, რომ დედა და მამა რასაც გეტყვის, იგი შეუსრულე ისე, რომ გული არ მოაყვანინო, თორემ ხომ იცი, დედას გულის მოყვანა რას უზამს. სხვა, მომიკითხეთ ოჯახი. ქენთე, ….-ზე (არ იკითხება) მიკოცე და ღვინასაც აკოცე. იცოდე, ღვინა არავის დაანებო, შენ გყავდეს. ქენთე, იცოდე ხშირად მომწერე წერილი. ლოლა და ქენთევ, იცოდეთ მომიკითხეთ დედა და მამა, ჩემს მაგივრად მიკოცეთ. აგრეთვე, მამას უთხარით ღვინო ბევრი არ დალიოს თუ ვუყვარვარ მე.

 

მომიკითხეთ ძვირფასი მეზობლები, კოწია ცოლ-შვილიანად, მომიკითხეთ ვარა, ქსენია, ანთურა, რაზიკო პირზე კოცნით და ხელის ჩამორთმევით. მოკითხვა აგრეთვე ჟენიას ბავშვებიანად. აგრეთვე მოიკითხეთ ნიკო, სალომე, კიკო, გიორგი სანაია, მაკარი ცანავას ოჯახი და ბევრი სხვები.

 

იცოდეთ ძვირფასო დედავ და მამავ, არ დაივიწყოთ შვილები ჯარში მყოფი, თქვენ ცუდს ნურას იფიქრებთ, ჩვენ არა გვიშავს, პირადად მე სულ კარგად ვარ, წერილი მომწერეთ ძველი მისამართით.

 

მირიან (მიხა) გოროზია.

 

22.03.1942“

73 წლის წინ დაკარგული ჯარისკაცის უკანასკნელი წერილი ფრონტიდან. ფოტო – თაზო კუპრეიშვილი
73 წლის წინ დაკარგული ჯარისკაცის უკანასკნელი წერილი ფრონტიდან. ფოტო – თაზო კუპრეიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი