ახალი ამბები

ლიეტუვის, ლატვიის ესტონეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრების წერილი II მსოფლიო ომზე

8 მაისი, 2020 •
ლიეტუვის, ლატვიის ესტონეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრების წერილი II მსოფლიო ომზე

უკრაინის, ლატვიის, ლიეტუავასა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გერმანულ გამოცემა Frankfurter Allegmeine-ში წერილს აქვეყნებენ, სადაც აგრეთვე ეხებიან იოსებ სტალინის ფიგურას და რუსეთის აგრესიას 2008 წელს საქართველოს, 2014 წელს კი უკრაინის წინააღმდეგ.

„წელს, ევროპაში მტრობის დასრულების 75 წლისთავის აღნიშვნისას, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც იბრძოდა და, საბოლოო ჯამში, დაამარცხა ნაციზმი. აგრეთვე ვიხსენებთ ათობით მილიონ უდანაშაულოს, ვინც ომის დროს დაიღუპა, მათ შორის ექვს მილიონ ებრაელს, ვინც შეეწირა ნაცისტებისა და მათი თანამოაზრეების მიერ ორგანიზებულ ჰოლოკოსტს.

მეორე მსოფლიო ომი, რომლის მთავარი საბრძოლო მოედანიც ევროპა იყო, გვახსოვს, როგორც ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ომი. „აღარასდროს“ — ასეთია გაკვეთილი, რომელიც მისგან გამოვიტანეთ. ეს არის მესიჯი, რომელიც აერთიანებს ჰუმანიზმის, ახალი კონფლიქტების თავიდან აცილების, მშვიდობის დამყარების, თანამშრომლობისა და სოლიდარობის იდეებს.

ეს იდეალები თავდაპირველად მხოლოდ ევროპის დასავლეთით — საბჭოთა მმართველობისგან თავისუფალ ნაწილში მოვიდა სისრულეში. იქ გაიმარჯვა დემოკრატიულმა ღირებულებებმა და მოახდინა დღეს ჩვენთვის ცნობილი ევროკავშირის ფორმირება.

მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის საშინელებებისა, ჩვენმა დემოკრატიულმა და ჰუმანიტარულმა იდეალებმა იმარჯვა ტოტალიტარიზმზე. სამწუხაროდ, სისხლისღვრის დასრულების შემდეგ მხოლოდ ნაცისტური რეჟიმი და იდეოლოგია მიეცა სამართალს ნიურნბერგში. დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები გაასამართლეს და პასუხისგებაში მისცეს. ამავე დროს, საბჭოთა კავშირი, არანაკლებ ტოტალიტარული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, როგორც გამარჯვებული, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდა.

მრავალი წლის განმავლობაში, ომში გამარჯვების გამოყენებით, სასტიკი საბჭოთა რეჟიმი თავის პოლიტიკას ამართლებდა. მან მოახდინა ნაცისტების დამმარცხებელი მილიონობით ჯარისკაცის წვლილის ექსპროპრიაცია, მათ შორის მულტინაციონალური წითელი არმიის.  როგორც საბჭოთა, ასევე რუსული მცდელობები, ნაკლებად წარმოაჩინონ სხვა ერების ტანჯვა და როლი ომის დასრულებაში, მიუღებელია.

ჩვენ ქვეყნებს ომის დროს საშინელმა გაპარტახებამ გადაურა, თანაც ორჯერ — ჯერ აღმოსაეთვლისკენ, შემდეგ- დასავლეთისკენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1939 წელს საბჭოთა კავშირი შეუერთდა მეორე მსოფლიო ომს როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პროტოკოლებით, ჰიტლერმა და სტალინმა ევროპა გაიყვეს. ამ გეგმამ გაუკაფა გზა ომს. ვგმობთ ყველა მცდელობას, გამართლდეს ეს პაქტი იმ მიზეზით, რომ თითქოს იმ დროს ომი გარდაუვალი ჩანდა და ფაქტი სტრატეგიულად მომგებიანი იყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმმა არეულობა და ცვლილებები სტატუს-კვოში გამოიყენა, რათა ევროპა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ორ ბანაკად გაეყო: ერთ მხარეს იყვნენ დემოკრატიული ქვეყნები, მეორეზე კი ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის მიერ დაჩაგრული ტყვე ქვეყნები.

მართალია, 1945 წელს ევროპაში იარაღი დადუმდა, კონტინენტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში ჩაგვრა გაგრძლედა. საბჭოთა კავშირმა 1940 წელს მოახდინა ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ოკუპაცია და არაკანონიერი ანექსია. ბალტიის ქვეყნების ხალხისთვის ბრძოლის ხანგრძლივმა წლებმა თავისუფლება და აყვავება ვერ მოიტანა — მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობრივი დეპორტაციები. სსრკ სასტიკად დევნიდა წინააღმდეგობების მოძრაობებს. უკრაინელებმაც, დიდწილად, იგივე ბედი გაიზიარეს. აქტიური და პასიური წინააღმდეგობით, ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არ გაჩერდება, სანამ ჩვენი ერები თავისუფლები არ იქნებიან და საერთაშორისო წესრიგი არ აღდგება.

ჩვენთვის, ვინც ეს ტანჯვა გაიარა, თავისუფლება და დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 30 წლის წინ დადგა, როცა ბერლინის კედელი დაეცა, საბჭოთა კავშირი კი საბოლოოდ დაიშალა.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორიოდე ათწლეულში, მოწმეები ვართ რუსეთის მცდელობების, ადიდოს სტალინი და მისი მმართველობა, ყურადღება არ მიაქციოს ადამიანის უფლებებს და ააშენოს რეჟიმი, რომლის სათავეშიც ერთი ძლევამოსილი ადამიანი იდგება. ვხედავთ ევროპის ინტერესების სფეროდ გაყოფის ახალ ლტოლვას და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისთვის ძალის ურცხვ გამოყენებას.

2008 წელს საქართველოს, 2014 წელს კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით რუსეთმა დიდი ზარალი მიაყენა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

იმის აღიარების ნაცვლად, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება და ნაციზმის დამარცხება მოკავშირე ქვეყნების სურვილისა და მსხვერპლის შედეგი იყო, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის კულტი მანიპულაციის ინსტრუმენტად აქცია. კრემლი ცდილობს, შექმნას ისტორიული მითები და უარყოს უსიამოვნო ისტორიული ფაქტები.

გამარჯვების არაგულწრფელი კულტი, რომელიც უკანონოდ მიითვისეს ადამიანებმა, ვისაც გამარჯვებასთან არანაირი შეხება არ აქვს, შეურაცხყოფას აყენებს მათ, ვინც თავისი სიცოცხლე დაკარგა. ჩვენს ქვეყნებში პატივისცემით ვხრით თავებს და მწუხარებით ვიხსენებთ მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. გვახსოვს მათი ტანჯვა და პატივს ვცემთ ყველა ჩვენგანისთვის გაწეულ მსხვერპლს.

მსხვერპლთა უამრავი საფლავი მოგვიწოდებს გავიმეოროთ, „აღარასდროს“! ომის სიმხეცეებმა გააჩინა ადამიანის უფლებების დეკლარაცია. შუმანის დეკლარაციამ, რომელმაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირის შექმნამდე მიგვიყვანა, დაგვიბრუნა რწმენა თანამშრმლობაში. ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, მივცეთ საშალება ხსოვნას, ჩვენთვის გაფრთხილებაც იყოს“, — წერენ მინისტრები.

იხილეთ აგრეთვე

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადება მეორე მსოფლიო ომზე

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადება მეორე მსოფლიო ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი