ახალი ამბები

ვაკის პარკში II მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალად – პრეზიდენტის ინიციატივა

9 აპრილი, 2023 • 1060
ვაკის პარკში II მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალად – პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ თბილისში, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ყველა იმ ადამიანის მემორიალად გადაკეთდეს, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ამის შესახებ მან დღეს, 9 აპრილს შეკრებაზე განაცხადა, სადაც ყველა პროფესიის ქალი იყო მიწვეული.

მისი თქმით, ამის შესახებ მან რამდენიმე წლის წინ მიმართა თბილისის მერს და სხვა პირებსაც:

“ვაკის პარკში ის მემორიალია, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული ისე, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად ყველა ჩვენი ბრძოლები, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული.

ჩვენ თუ გვიჭირს ცოცხლად გაერთიანება, შეიძლება მემორიალში ვიყოთ გაერთიანებული, და ესეც იქნება ძალიან დიდი ნიშანი. და სხვათა შორის უფრო ღირსეული, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ იქ, ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენს მოწაფეებს რომ მივიყვანთ და ასევე გავაგებინებთ რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა”, – განმარტა პრეზიდენტმა.

ის სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო 9 აპრილის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო სწორედ მაშინ დაიბადა და ის ტრაგედიისა და გამარჯვების შვილია. მისი თქმით, 9 აპრილმა ქვეყანას რეალურად მომავლის გზა გაუხსნა, რომელიც არის ევროპა და ეს არის ქართველი ხალხის ერთობლივად გაცხადებული მიზანი.

ამასთან, დღევანდელ ღონისძიება პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია. ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით.

მასალების გადაბეჭდვის წესი