კომენტარი

მასწავლებლების წერილი განათლების მინისტრის ბრძანებაზე

13 იანვარი, 2015 • 3088
მასწავლებლების წერილი განათლების მინისტრის ბრძანებაზე

“„მასწავლებელი – ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამმარცხებელი“,  „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ – ქართველი პოეტების ეს დიდებული სტრიქონები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოდესღაც საქართველოში მასწავლებელი ცოდნით ფასობდა.

პედაგოგიური საზოგადოება აღაშფოთა იმ ბრძანებამ, რომელიც ახლახან შეიმუშავეს მასწავლებელთა დასასჯელად. ყველა სამინისტრომ იმაზე იზრუნა, რომ თავისი თანამშრომლებისათვის ახალი წელი ღირსეულად მიელოცა. ზოგმა მცირე საჩუქარიც გამოიმეტა (ჩვენს დირექტორს ამ მხრივ ვერ დავემდურებით).

განათლების სამინისტროს აზრით კი, ჩვენი მასწავლებლები არათუ საჩუქარს, მადლობასაც არ იმსახურებენ. ეს მაშინ, როცა წლის განმავლობაში მიზერულ ხელფასზე მუშაობენ, ზოგჯერ სიცხით გათანგულნი მოდიან სკოლაში, რომ მოსწავლეებს არაფერი მოაკლონ და არად აგდებენ იმას, რომ ამით საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

ჩვენმა სამინისტრომ იფიქრა, იფიქრა და ახალი წლის მოლოცვის ყველაზე ორიგინალური ხერხი მოიფიქრა: გვაცნობა, როგორ უნდა დაგვსაჯონ. 2014 წლის 30 დეკემბერს მიღებულ განათლების მინისტრის ბრძანებაში „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ“, საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს “მოსწავლის, მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.”

მართალია, დისციპლინური დევნის საკითხს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს, რაც ერთგვარ გარანტიას აძლევს მასწავლებელს, რომ საკითხი ფაქტების ურთიერთშეჯერებით გადაწყდება, არაფერი წერია ბრძანებაში იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც ცილს დასწამებს მასწავლებელს.

გამოდის, რომ პედაგოგები ბრძანების მიხედვით ჩაყენებული არიან თავის მართლების მდგომარეობაში. მათ უნდა ამტკიცონ, რომ დამნაშავეები არ არიან. დისციპლინური წარმოების დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გამართლდება, უსაფუძვლო ბრალმდებლის პასუხისმგებლობის დაყენება განათლების მინისტრს არ ადარდებს. არ არის გამორიცხული, რომ ეს „ინფორმაცია“ ვინმეს ზეპირი ისტორია, ან თუნდაც შეთხზული იყოს.

ამგვარ მოლოდინს პედაგოგებს გვიძლიერებს ის, რომ ბრძანებაში არაა მითითებული, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად. შესაძლოა გვიპასუხონ, რომ ამას დისციპლინური კომიტეტი გაარკვევს. თუმცა გვჯერა, რომ ბრძანება უნდა დაიწეროს იმ მიზნით, რომ თვალნათლივ განუმარტოს თავად კომიტეტის წევრებსაც, თუ რა გარემობებზე დაყრნობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, და არა პირიქით – ეჭვები გაუმძაფროს დაინტერესებულ საზოგადოებას.

არ ვიცი, რატომ დასჭირდა ჩვენს სამინისტროს ღია კარის მტვრევა? უკვე რამდენიმე წელია არსებობს დოკუმენტი: „მასწავლებლის ეთიკის კოდექსი“, რომელშიც გაწერილია ყველაფერი: რა ჩაითვლება გადაცდომად, მასწავლებლისათვის შეუფერებელ ქმედებად.

მაკონტროლებელი ორგანოებიც არ აკლია სკოლაში მასწავლებელს; დირექცია, მანდატურის სამსახური, სამეურვეო საბჭო. მასწავლებელზე განაწყენებული მშობელი თუ სკოლაში ვერ იპოვის სამართალს, ზემდგომ ორგანოს მიმართავს. ასე იყო და ასე იქნება…

მაშ, რატომ დასჭირდა განათლების სამინისტროს აღნიშნული ბრძანების მიღება? იქნებ იმიტომ, რომ მასწავლებელთა მასობრივი განთავისუფლება შეძლოს. იმას კი არ ფიქრობენ, რომ თაობათა ცვლა ყველა სისტემაში, მათ შორის განათლების სფეროშიც, ბუნებრივად უნდა წარიმართოს, ხელოვნური ჩარევა საქმეს ძალიან დააზარალებს.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლა
თბილისის 32-ე საჯარო სკოლა

ვისაც არ ეზარება, ყველა მასწავლებელს ესვრის ლაფს. პირველად მასწავლებელთა შეფასების ეროვნულმა ცენტრმა გაგვლანძღა და გაგვათრია: მასწავლებელი „შპარგალკის“ გამოყენებას ცდილობდაო (სასაცილოა, ახლანდელ საგამოცდო სისტემას შპარგალკით როგორ მოუვლის კაცი?). იქნებ ერთმა, ორმა, მართლაც სცადა ჩანაწერების გამოყენება, საინტერესოა ათასებს რა პასუხს სცემენ?

ვფიქრობთ, ამ ბრძანების მიღება გამიზნული ქმედებაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ხიდის ჩასატეხად. უმადური, ჩასაფრებული მოსწავლე ხვალინდელი საზოგადოების ღირსეული წევრი იქნება? გიფიქრიათ ამაზე?სადაც მოვალეობაა, იქ უფლებაც უნდა არსებობდეს, მაგრამ აქვს მასწავლებელს დღეს რაიმეს უფლება? თუ ხმა ამოიღე და უკმაყოფილება გამოთქვი, ჩვენს აღზრდილ გოგო-ბიჭებს, დღევანდელი განათლების მესვეურთ, პასუხი მზად აქვთ: „არ მოგწონთ, არავინ გაძალებთ, სხვა მოვა და ის გააკეთებსო.“

ხმაწართმეული, დამცირებული, სამსახურის დაკარგვის შიშით სახედაღმეჭილი მასწავლებლის დანდობის სურვილი გაუჩნდება მოსწავლეს? დიდება, მოთმინებასა შენსა, საქართველოს მასწავლებელო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი