კომენტარი

შესაძლებელია თუ არა EU-სთან უვიზო მიმოსვლის მიღწევა 2015 წლის რიგის სამიტზე – ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან

4 ნოემბერი, 2014 • • 1539
შესაძლებელია თუ არა EU-სთან უვიზო მიმოსვლის მიღწევა 2015 წლის რიგის სამიტზე – ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან

რას გულისხმობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა  და რა სახის სიკეთით სარგებლობა შეეძლება მოსახლეობას ვიზალიბერლაიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვთქვათ ის, რომ ეს არ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების ავტომატურ წვდომას ევროკავშირის შრომით ბაზარზე. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა ავტომატურად ლეგალურად დაიწყებს მუშაობას ევროკავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილი იქნება 180 დღიდან 90 დღე ევროკავშირის ტერიტორიაზე გაატაროს. ანუ თუ თქვენ გადაწყვტეთ შენგენის  ზონის რომელიმე ქვეყანაში [ხელშეკრულება არ ვრცელდება დიდი ბრიტანეთზე, რომელიც შენგენის წევრი არ არის], მაგალითად, საფრნაგეთში გამგზავრებას, თქვენ არ მოგიწვეთ საფრნაგეთის საკონსულოში მისვლა, საბუთების შეტანა, შემდეგ რიგში დგომა და მოლოდინი იმისა, მოგცემენ თუ არა ვიზას. უვიზო მიმოსვლის რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ უბრალოდ შეიძინოთ ბილეთი, ჩაჯდეთ ტრანსპორტში, ჩახვიდეთ საფრანგეთში, დაჰყოთ იქ 90 დღე, შემდეგ დაბრუნდეთ საქართველოში, აქ გაატაროთ მომდევნნო 90 დღე და ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ისევ გაემგზავროთ 90 დღის განმავლობაში შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში.


ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

რატომ დასჭირდა საქართველოს, რომელმაც ჯერ მხოლოდ VLAP-ის პირველი ფაზა დახურა, უფრო მეტი დრო, ვიდრე მოლდოვას, რომელმაც არა მხოლოდ პირველი, არამედ ორივე ფაზა დაასრულა უკვე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლითაც სარგებლობს?

მოლდოვამ ეს პროცესი ჩვენზე გაცილებით, დაახლოებით 1,5 წლით ადრე დაიწყო. შესაბამისად, მათ უფრო ადრე დაასრულეს პროცესი და ამა წლის აპრილიდან სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ჩვენ სავიზო დიალოგი უფრო გვიან დავიწყეთ. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ყველა ის რეფორმა, რაც საქართველომ უნდა გაატაროს, 2013 წლის 25 თებერვალს გადმოგვეცა.

მოლდოვას როდის გადაეცა?

2010 წლის დასასრულს… ამ კუთხით მოლდოვის პროგრესის პირველი ანგარიში ევროკომისიამ 2011 წელს გამოაქვეყნა, მაშინ, როდესაც ჩვენი 2013 წლის ნოემბერში გასაჯაროვდა. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა დროში. არ არის გასაკვირი, რომ მათ ეს პროცესი ჩვენზე ადრე დაასრულეს. ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია. მაგალითად, ჩვენ 1 წელი და 10 თვე დაგვჭირდა მოლაპარაკებების პირველი ფაზის დასასრულებლად, რაც გარკვეული კანონების მიღებას გულისხმობს, მაშინ, როცა უკრაინას ამ ფაზისთვის 4 წელი დასჭირდა. უკრაინამ ახლა ჩვენთან ერთად დაასრულა პირველი ფაზა და მეორე ნაწილზე გადავიდა.

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ 2015 წლის რიგის სამიტზე შეძლოს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღწევა, რისი იმედიც ხელისუფლებას აქვს?

იდეა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მე მას მივესალმები, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2015 წლის რიგის სამიტზე, რომელიც მაისშია დანიშნული, საქართველომ მეორე ფაზის დასრულება შეძლოს.

რატომ ფიქრობთ ასე?

რიგი ფაქტორების გამო. ძალიან მოკლე დროა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ. ამასთან, საქართველოს სიტუაცია რომ განვაზოგადოთ, ყოველთვის მეტნაკლებად ნორმალურ კანონებს ყოველთვის ვიღებდით, მაგრამ მისი შესრულება ჭირდა. ახლა სწორედ ეს ფაზა იწყება, ანუ მიღებული კანონების აღსრულების ფაზა. ძალიან ნიშანდობლივია რამდენიმე გამოწვევა, მათ შორის ერთი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, არის საქართველოდან შენგენის ზონაში მოთხოვნილ ვიზებზე უარის თქმის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს ეს რიცხვი, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთთან მიმართებაში ანალოგიც კი არ აქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მაჩვენებელს რუსეთთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. რუსეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტია, უკრაინაში, 1,9 პროცენტი, მოლოდვაში 2013 წელს 4,8 პროცენტი იყო და ბელორუსში, 0,8 პროცენტი. ანუ 2013 წელს მოკლევადიანი იგივე C კატეგორიის ვიზებზე ევროკავშირში საქართველოდან 82 156 სავიზო განაცხადი შევიდა, აქედან  72 702 განაცხადი დაკმაყოფილდა და 9 845-ს ეთქვა უარი, რაც, ჯამში, 12 პროცენტს შეადგენს.

რით შეიძლება აიხსნას სავიზო განცხადებზე უარის თქმის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

რამდენიმე მიზეზზე შეიძლება ლაპარაკი. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს მოქალაქეების ნაკლებად ინფორმირებულობა, თუ როგორ უნდა მოამზადონ სავიზო დოკუმენტაცია. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის ვიზაზე ყველა საკონსულოს ერთნაირი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს, არის შემთხვევები, როცა ერთი საკონსულო სხვა დოკუმენტს ითხოვს და მეორე – სხვას. ასევე, ჩემი ვარაუდია, რომ ეს უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელთა ძალიან დიდ რიცხვს, რომლებიც საქართველოდან ევროკავშირშია წასული. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა და შესაძლო გამოწვევა იქნება იმისათვის, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ ევროკავშირთან. 2013 წელს საქართველოს 9110-მა მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით. აქედან 8020 იყო ახალი განაცხადი, ხოლო დანარჩენები არიან ის ადმაიანები, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ განაცხადი შეტანილი და 2013 წელს ისევ მიმართეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავშესაფრის თხოვნით. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რაოდენობა კი ძალიან დიდია, მაგრამ ამ თავშესაფრის აღიარება დაბალია, დაახლოებით 5 პროცენტი, ამაში ვგულისხმობ თავშესაფრის მიცემას, ანუ როდესაც დააკმაყოფილეს საქართველოს მოქალაქეების განაცხადებები.

ამ თვალსაზრისითაც პირველ ადგილზეა საქართველო რეიტინგში, იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის?

ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმიტომ, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნების ოცეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირში ითხოვენ თავშესაფარს. მე-17 ადგილზე ვართ ამ კუთხით. ჩვენ წინ არის სირია, ავღანეთი. აღმოსავლეთ სამეზობლოდან ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს რუსეთიდან.

ეს ფაქტორები რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროკავშირის მხრიდან?

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პროგრესის პირველ ანგარიშში, რომელიც 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, წერია, რომ ამას ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევს ევროკავშირი, ანუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში მიგრაციულ ტალღებზე საქართველოდან, რამდენად შეიძლება გაიზარდოს მიგრაციული ნაკადები საქართველოდან, თუ უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს იმისათვის, რომ ეს საკითხი დროში გაიწელოს. ამის გარდა არის პერსონალურ მონაცემთა კანონის სრულად ამოქმედება, რომელიც 1 ნოემბრიდან უკვე კერძო სექტორზე ვრცელდება, ანუ ამას რამდენად შევძლებთ. კიდევ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ტრეფიკინგს უკავშირდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის ანგარიშში საქართველო ისევ ქვეყნების მეორე ჯგუფში შეიყვანა… პირველ ჯგუფში არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც წარმატებით ახერხებენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორე- შედარებით უფრო პრობლემური ქვეყნების სიაა და მესამე – ყველაზე ცუდი მდგომარეობა სადაცაა. ჩვენ ვიყავით პირველ ჯგუფში, თუმცა გადმოვედით მეორეში და ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან თუ ყირგიზეთიდან საქართველოში ხდება ადამიანების ჩამოყვანა და იძლებით პროსტიტუციაში ჩაბმა, ძირითადად ლაპარაკია ბათუმსა და გონიოზე.  ასევე, აქ არის ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების საკითხი, რომელიც ევროკომისიის პროგრესის ანგარიშშიცაა აღნიშნული.

აქ რა პრობლემებს ხედავთ?

ჯერ კიდევ შესასრულებელია ეს კანონი, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სახალხო დამცველის აპარატში იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობას, ახლა უნდა დაინიშნოს. რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ კანონის შესრულებას – ამას დრო გვიჩვენებს. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კომისიის ერთ-ერთი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ვრცელია და დეტალურადაა აღწერილი ვითარება. იქ ნახსენებიცაა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ეთხოვოს მოქმედ [ანტიდისკრიმინაციულ]კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანოსო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრტიტერიუმი ამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად შესრულებაა. საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის შიგნით კონსენსუსი სჭირდება. ერთი ქვეყანაც რომ წავიდეს ამის წინააღმდეგ, შანსი იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა დროში გაჭიანურდეს, სანამ ჩვენ იმ ყველაფერს არ დავაკმაყოფილებთ, რაც ვიზისლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ძალიან დიდია. ჩემი ვარაუდით, მაისისთვის ამის მოსწრება ძალიან რთული იქნება, თუ წარმოუდგენელი არა.

2015 წლის ბოლომდე?

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაზე კარგი გამოცდილება რაც გვაქვს, ეს არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ვგულისხმობ სერბეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნიას და ჰერცოგოვინას და მაკედონიას. მათ ეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩვენზე ადრე გაიარეს: 2010 და 2011 წლებში გადავიდნენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე. თუ მათ გამოცდილებას ავიღებთ, პროცესის დასრულებას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადმოცემიდან 3 წელი სჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ძალიან ზოგადი ვადაა და ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაზე ინდივიდუალურ ფორმატში. უკრაინა მხოლოდ პროგრესის 4 ანგარიშის შედეგად გადავიდა გეგმის მეორე ეტაპზე, ჩვენს ეს ყველაფერი 2 ანგარიშის შედეგად შევძელით.

ევროკავშირს შიგნით კონსენსუსის თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, არიან შენგენის ზონაში ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნან ამ კუთხით. თუნდაც იმ ქვეყანამ, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით…

ქვეყნები, რომლებიც არცთუ ისე ოპტიმისტურად უყურებენ უვიზო მიმოსვლის საკითხს, რა თქმა უნდა, არიან. საუბარია უფრო მათ ზოგად დამოკიდებულებაზე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ამ ზოგად ხედვაში საქართველოც ხვდება, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს 1240-მა მოქალაქემ შეიტანა პოლონეთში განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პოლონეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარს არ უჭერს. ანუ კორელაცია თავშესაფრის მაძიებელთა მაღალ რიცხვსა და ქვეყნის პოზიციას შორის ამ კუთხით არ არსებობს. როგორც სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, ევროკავშირის 6 ქვეყანაა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მთავარი სამიზნე: პოლონეთი, რომელზეც უკვე გითხარით, საბერძნეთი, რომელსაც გასულ წელს 515-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, ლატვია (145 განაცხადი), სლოვაკეთი (35), ლიტვა (120) და ესტონეთი (10 განაცხადი).

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც მინდა რომ გკითხოთ ამ პროცესის მიმართ. იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი და პერსონალური მონაცემების თემა. ვიცით, რომ პოლიციის სექტორში ფარული მოსმენების საკითხზე ბევრი რამ ჯერაც არაა გარკვეული, მათ შორის ის, თუ ვის ექნება მოქალაქეების სატელეფონო თუ ინტერნეტ კომუნიკაციებზე პირდაპირი წვდომის გასაღები. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ისედაც აკრიტიკებდა, აღსრულების პროცესში კი, ჯერაც არ დანიშნულა დეპარტამენტის თავმჯდომარე და ასევე დაფინანსების თემა: ჩვენი ინფორმაციით, სახალხო დმაცველი ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტისთვის 500 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ 150 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა…

ამ კუთხით, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ გარკვეული მოლოდინების შექმნა არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ 2015 წლის მაისიდან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვექნება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს არასწორია და ამ მოლოდინების მართვა უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ შემდეგ იმედგაცრუება არა მოჰყვეს. რა თქმა უნდა, არის სფეროები, სადაც ძალიან დიდი წინსვლა აქვს ქვეყანას, იგივე ამ სამოქმედო გეგმის პირველ და მეორე ბლოკებს [დოკუმენტების უსაფრთხოების და საზღვრის მართვის რეფორმები] ვგულისხმობ, მაგრამ მე-3 და მე-4 ბლოკები ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივი და პრობლემურია. იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ, როდესაც პარლამენტში ეს კანონპროექტი შევიდა, იქ ეწერა, რომ კანონის აღსრულება ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევსო, სინამდვილეში თავიდანვე ცხადი იყო, რომ მის აღსრულებას თანხები დასჭირდებოდა. კარგი იქნება, როცა ცვლილებებზეა ხოლმე საუბარი, ხარჯთსარგებლის ანალიზიც მომზადდეს, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ესა თუ ის კანონის მიღება, რათა შემდეგ არ აღმოვჩნდეთ ცაიტნოტურ მდგომარეობაში და დამატებითი სახსრების მოძიება სარეზერვო ფონდებიდან არ მოგვიწიოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება გახსნილი იყოს და ის სამუშაო ჯგფუი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია შექმნილი, უფრო ღია იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა მესამე სექტორსაც ჰქონდეს პროცესში წვლილის შეტანის საშუალება.

ევროკომისია კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესს შეაფასებს პროგრესის მორიგ ანგარიშში. თუ რომელიმე რეფორმას ევროკავშირი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, ეს რა გავლენას მოახდეს ზოგადად ვიზალიბერლაიზაციის პროცესზე?

ეს სამოქმედო გეგმა დროში გაწერილი არ არის. არავის მოუცია ჩვენთვის დრო და უთქვამს, რომ ამ ვადაში უნდა შევასრულოთ ყველაფერი. უვადო გეგმაა. თუ ის მოხდება, რაზეც თქვენ საუბრობთ, პროცესი დროში გადავადდება და გაჭიანურდება მანამ, სანამ საქართველო არ შეძლებს ამ კანონების სათანადო დონეზე აღსურლებას. თუ უვიზო მიმოსვლას 2015 წლის მაისში ვერ მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა, ეს შეიძლება მოხდეს 2016, ან 2017 წელს. საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად მაინც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი