კომენტარი

გიორგი ტუღუში: სამართალდამცველების მიკერძოებულობა სერიოზულ პრობლემად რჩება

30 ოქტომბერი, 2014 • • 1230
გიორგი ტუღუში: სამართალდამცველების მიკერძოებულობა სერიოზულ პრობლემად რჩება

ჩვენი ანგარიში ეხება 2014 წლის პირველ ექვს თვეს და ასახავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში მოიცავს გარკვეულ ანალიზს და გამოკვეთილია ის ტენდენციები, რომელიც დაფიქსირდა ქვეყანაში ბოლო პერიოდში. ყურადღება გამახვილებულია იმ საქმეებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეგვეფასებინა, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამის მიხედვით შეირჩა საქმეები.

 

რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი – დაწყებული სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეებიდან და ძალადობის სხვადასხვა ფაქტიდან, რომლებიც განხორციელდა პოლიტიკურ ნიადაგზე. შევეხეთ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფაქტს, ძალადობას უმცირესობებზე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას, ანტიდისკრიმინაციულ კანონს, პატიმრობის კოდექსში შემავალ ცვლილებებს.

 

ანგარიშს არ აქვს პრეტენზია, რომ იყოს ყოვლისმომცველი, არამედ გამოკვეთავს იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც დღეს ჩნდება ქვეყანაში და რამდენიმე მათგანი არის სისტემური ხასიათის.

 

რა არის ეს მნიშვნელოვანი პრობლემები?

 

პირველი – უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება სამართალდამცველების მიკერძოებულობა რიგ საკითხებში. შერჩევითი სამართალი, როდესაც იკვეთება გარკვეულ საკითხებში პოლიტიკური მოტივაცია, სამართალდამცველების მხრიდან მიდგომა არის ხშირ შემთხვევებში მიკერძოებული. ეს ეხება როგორც გამოძიების სტადიას, ასევე, თავდაპირველ რეაგირებას.

 

მაგალითად?

 

მაგალითად, ნუგზარ წიკლაურის გატაცების მცდელობა, როდესაც რეალურად შედეგი არ დამდგარა ამ საქმეზე, კოდუას ძმის ცემის ფაქტი, როდესაც ჯერ არასათანადო კვალიფიკაცია მიეცა და შემდეგ ისევ გადაკვალიფირდა მუხლი და პირი, რომელიც მონაწილეობდა მის ცემაში, გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ასევე, წინასაარჩევნო კონტექსტში და ზოგადად პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ძალადობა, სადაც პოლიციამ არ გამოიყენა სანქციები და გარდა ამისა, პირებმა თავი დააღწიეს პასუხისმგებლობას ძალიან მარტივი სანქციების გამოყენებით. რიგ შემთხვევებში საერთოდ არ დამდგარა პასუხისმგებლობა.

 

ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა, როდესაც იკვეთება, რომ  როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი კონკრეტული პირის მიმართ. ისინი არიან პროაქტიურები და პროკურატურა იყენებს გაცილებით მკაცრ კვალიფიკაციას, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად საინტერესო პირებს და როდესაც არის სურვილი, რომ კონკრეტულ პირებს ხელი დააფარონ ჩადენილი უფლებდარღვევების გამო, ისინი ამ შემთხვევაშიც ეფექტურად მოქმედებენ.

ანგარიშში მოყვანილია მიხეილ საკააშვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედაა შეფასებული.

 

პოლიტიკური შეფასება არ არის ანგარიშში გაკეთებული. სამართლებრივი კუთხით წავედით. მითითებულია, თუ როგორ წარიმართა პროცესი. თავდაპირველად იგი დაიბარეს მოწმის სტატუსით, როდესაც იგი არ გამოცხადდა, მეორე დღეს გამოაცხადეს ბრალდებულად.

 

მინდა გითხრათ, რომ როდესაც გამოძიებას გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წასაყენებლად, ნამდვილად არ ხდება მისი თავიდან მოწმის სტატუსით დაბარება. აქაც გამოიკვეთა არაერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც განცხადებები გააკეთა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

 

ალბათ იცნობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ევროპელები ხედავენ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის კუთხით, მასში პირდაპრ არის მითითებული კონკრეტული მუხლები, სადაც აშკარად იკვეთება, როგორც მიკერძოებულობა სამართალდამცველების მხრიდან, ასევე, პროცესის არასათანადოდ წარმართვა.

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

პროკურატურის საქმიანობა მაინც ტოვებს ეჭვებს იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სპეციალისტები მოიწვია მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე, მათ შორის სააკაშვილის საქმეზეც?

არ ვიცი დამოუკიდებლობა სპეციალისტებისა, რომელთა ანაზღაურებას ახდენს თავად პროკურატურა და დაქირავებული ჰყავს ისინი. საეჭვოა, რამდენად დამოუკიდებელნი არიან ისინი. სპეციალისტები, როგორც ვხვდები, მუშაობენ პროკურატურაში ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, რა შედეგს გამოიღებს მათი საქმიანობა, არ ვიცი. რამდენად იქნება ნდობა ამ კონკრეტული პირების მიმართ, ეს კიდევ ცალკე თემაა. გამჭვირვალე ნამდვილად არ ყოფილა ეს პროცესი, როდესაც ხდებოდა მათი დაქირავება.

თქვენს ანგარშში მოხვედრილი დისკრიმინაციის შემთხვევები არის თუ არა ასევე სისტემური ხასიათის?

 

ნაწილი არის სისტემური ხასიათის და გამოკვეთილია ნეგატიური მიმართულება, რომელიც უკავშირდება რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობას. საქართველოში არაერთი რელიგიური უმცირესობაა, თუმცა გამოიკვეთა მუსლიმთა თემის უფლებების დარღვევის ფაქტები. უკვე, მგონი, ხუთ თითზე აღარ დაეტევა მძაფრი ფაქტების ჩამონათვალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2013 წლიდან მოყოლებული.

 

დღეს კიდევ ერთი ფაქტის მოწმე გავხდით, რომელიც უკავშირდება სადავო ნაგებობას – მეჩეთს, რომელზეც დავობენ მუსლიმები რამდენიმე წელია. თუმცა მანამდეც იყო არაერთი ფაქტი, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად შეიზღუდა მუსლიმთა უფლებები და ვერ მიაღწიეს იმას, რომ თუნდაც ერთი მიმართულებით მაინც მიეღწიათ დარღვეული უფლების აღდგენისთვის, ძირითადად უმცირესობების ხარჯზე განხორციელდა მთელი რიგი პროცესები.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ შექმნა რელიგიის საკითხთა კომისია, ვერც ამის შემდეგ დარეგულირდა რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა?

სააგენტოს შექმნა არაგამჭვირვალედ წარიმართა, რეალურად მოხდა ისიც, რომ სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა პირი, რომელიც წარსულში შემჩნეულია დისკრიმინაციულ გამონათქვამებში და განცხადებებში, რომ უმცირესობების მოთხოვნები რიგი მიმართულებებით შეზღუდულიყო.

 

გარდა ამისა, შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებობდა კომისია, რომელიც მთელ რიგ იმ საკითხებზე მუშაობდა, რომელზეც ასევე უნდა ემუშავა რელიგიის საკითხთა სააგენტოს. ვიტოვებ იმედს, რომ ეს სააგენტო შეძლებს რაიმე პოზიტიური გააკეთოს იმისთვის, რომ არათუ ხელი შეუწყოს უმცირესობების უფლებების დარღვევას, არამედ დაცვას.

მოხეში განვითარებული მოვლენებიც მიუთითებს საკმაოდ ნეგატიურ ტენდენციაზე. სააგენტო ახალი შექმნილია და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ანალიზი გავაკეთოთ, რამე გააკეთა თუ არა საერთოდ სააგენტომ.

 

მიგაჩნიათ თუ არა, რომ რელიგიური საკითხი დაგროვილი იყო წლების განმავლობაში, რომელიც ბოლო წლებში ცხადი გახდა?

 

ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც მუსლიმებთან დაპირისპირება სისტემური ხასიათის ყოფილიყო.

 

არა მარტო მუსლიმებთან, რელიგიური უმცირესობების მიმართ.

 

ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს არაერთი უმცირესობა, იქნება საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს სადავო. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის საქართველო, თუმცა აქ საკითხი დგას იმაზე, რა ტიპის რეაგირებას ახდენს სახელმწიფო ამ პრობლემებზე, რამდენად აქვს უნარი მოახდინოს ამ პრობლემების დარეგულირება ისე, რომ ეს არ მოხდეს სხვათა უფლებების დარღვევის ხარჯზე.

საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯადაა მიჩნეული. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე საუბრობთ თქვენს ანგარიშშიც.

 

კანონის სამოქმედო სფერო არის შეზღუდული და მსგავსი კანონი არსებობს მრავალ სახელმწიფოში, თუმცა არსად არ ითვლება, რომ ამ კანონმა ყველა პრობლემა უნდა მოაგვაროს, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის საკითხებს. ამ კანონს აქვს თავისი სამოქმდო არეალი და ვფიქრობ, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტი დადგება, რომელიც ამ კანონის ქვემდებარე იქნება, შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ იმოქმედებს კანონი.


ამ კანონის აღსრულება არ არის დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ორგანოზე, საქმე შეიძლება მივიდეს სასამართლომდე, რომელმაც უნდა თქვას სიტყვა დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით. ეს კანონი იმ პრობლემებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვერ მოაგვარებს. აქ გაცილებით უფრო მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი