კომენტარი

ლაშა ბაქრაძე: არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთია პრობლემა

15 ოქტომბერი, 2014 • 2697
ლაშა ბაქრაძე: არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთია პრობლემა

ბატონო ლაშა, რა არის „ქართულ-რუსული სიყვარული“, სტერეოტიპი თუ რეალობა?

იმ ადამიანების დიდი ნაწილისთვის, ვინც მოსკოვში დაიარება, მოსკოვი ენატრება, რუსულ-ქართული სიყვარულის მარადიულობა სრული რეალობაა. ამ ადამიანებს, ალბათ, მართლაც მოსწონთ რუსული სივრცე, რუსული სამყარო, როგორც ამ ბოლო დროს ამბობენ ხოლმე, რუსული იმპერიალისტური ტერმინოლოგიის მიხედვით, ამაში დიდად გასაკვირიც არაფერია. როდესაც ორასი წლის განმავლობაში ყმა ხარ, შესაძლებელია, ყმას უყვარდეს ბატონი, როდესაც საუკუნეების განმავლობაში გინერგავენ, რომ ამ მეგობრობის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, რასაკვირველია, ეს მოქმედებს. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში რუსეთი აძლევდა ქართველს საშუალებას, რაღაცით ეამაყა. ეს საამაყო კი იყო წარსული, რადგან მომავალი, რუსული წარმოდგენის თანახმად, ქართველს არ ჰქონდა. რუსი გაფრინდებოდა რაკეტით მთვარეზე, რუსი იქნებოდა ტექნიკურად განვითარებული, რუსი დაწერდა კარგ რომანს, მაგრამ შენ შეგეძლო გეამაყა წარსულით. ჩვენ დღესაც ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომ იყო ეს გაუთავებელი ფოლკლორიზაცია ქართული კულტურის. დღესაც გამოდის ბევრი რუსი ინტელექტუალი და ამბობს, რომ ქართველები კარგი ხალხია, მხიარული, გიტარაზე უკრავენ. ქართველი ცდილობდა, რომ ამ სტერეოტიპის, ამ კლიშეს შესაბამისი ყოფილიყო. ცდილობდა შეესრულებინა რუსების მოგონილი ანეკდოტები, რომ ხელგაშლილია, მხიარული, რომ ქართველებს უყვართ რუსი ქალები, რომ ქართველი ჩლუნგია და რუსეთის დაკვეთით იღებდა ფილმებს, როგორ დასდევს პეპლებს სამი სულელი ქართველი და ერთი ლამაზი გოგო. რუსეთის სურვილი იყო, რომ საქართველო ასეთი ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი რუსეთი ამბობდა, რომ ქართველს არ შეუძლია სახელმწიფო ააშენოს. ახლა იმავეს ამბობს, თითქმის 25 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ უკრაინაზეც.

ჩვენ ხომ გვქონდა შანსი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს სტერეოტიპები დაგვენგრია?  

ნაწილობრივ დავანგრიეთ და ავაშენეთ მეტ-ნაკლებად გამართული სახელმწიფო, რომელიც ბევრად უკეთესად ფუნქციონირებს, ვიდრე, მაგალითად, რუსული. ჩვენ დავძლიეთ კორუფცია, რაც წარმოუდგენელია დღევანდელ რუსეთში.

მაშინ გამოდის, რომ ქართულ კულტურას აქვს პრობლემა. ხელოვანები დარჩნენ ამ სტერეოტიპების ტყვეობაში?

მარტო ისინი არა. კულტურაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც დარჩა პრობლემა, რადგან წლების მანძილზე გიჭედავდნენ ამ იდეოლოგიას. თუმცა, ერთია კულტურა და მეორე – პოლიტიკა. დღეს არ არსებობს არანაირი ეთიკური, მორალური კატეგორიები ქართულ რეალობაში. ის, რომ ნინი ბადურაშვილი, ანდა ლელა წურწუმია  მოსკოვში მღერიან, მარტო ეს არ არის პრობლემა, ისინი სააკაშვილის ხელისუფლების დროს პროპაგანდისთვის იყვნენ გამოყენებული, ამიტომ ადამიანი როცა ერთ ძალას გამოაყენებინებს თავს, მეორე ძალაც გამოიყენებს.

2009 წელს იგივე ნინი ბადურაშვილი „We Don’t Wanna Put In“-ს მღეროდა. მას შეეძლო ამ პოზიციიდან ემღერა დღესაც, თუნდაც მოსკოვში. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგნენ ისინი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც პუტინის გამოსახულებიანი მაისური ეცვა? ეს პიროვნული პრობლემაა მხოლოდ თუ შესაძლებელია საზოგადოებაზე განვაზოგადოთ? 

cms-image-000021590 (1)

ლაშა ბაქრაძე

აქ უფრო საზოგადოებრივი აზროვნების პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან საზოგადოებაში არ არსებობს ეთიკური ნორმები და ამ ყველაფერს ბევრი ნორმალურად უყურებს. ხვალ ის საზოგადოებაც კი, რომელიც თუნდაც „ფეისბუკის“ დონეზე გამოხატავს კრიტიკას ამ ადამიანების მიმართ, თბილისში რომ იმღერებენ [ეს მომღერლები], მივლენ და ტაშს დაუკრავენ, ტელევიზიები, ყვითელი პრესა, ისევ დაინტერესდება მათი პირადი ცხოვრებით და იქნება ამაზე ლაღობა და ხითხითი. ეს ადამიანები ვერასოდეს იგრძნობენ იმას, რომ რაღაც პრობლემატური გააკეთეს, რადგან ყოველთვის გაამართლებენ მათ და იტყვიან, რომ რუსეთი თურმე არ არის მხოლოდ პუტინი, რომ რუსეთი არის დოსტოევსკიც. ეს ფსევდო მიმტევებლობაა პრობლემა. როცა მე ვამბობდი, რომ არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა, მეუბნებოდნენ, რომ ამას პრაგმატული გაგებით უნდა შევხედოთ, რომ გლეხებმა ამოისუნთქეს. ამით ქართული ეკონომიკა რუსეთს ებმება, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ რუსეთში თავისუფალი ეკონომიკა არ არსებობს და მთლიანად სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის დანამატია. რასაკვირველია, რუსების ხელში კულტურაც წარმოადგენს გარკვეულ ჩაქუჩს, რომელსაც მუდმივად ურტყამენ თავში ადამიანს. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში „კონიუნქტურჩიკებისგან“ შედგებოდა.

ეს გასაბჭოება ხომ გამოიარა იგივე ბალტიისპირეთმა, უკრაინამ, რომელიც დღეს ბევრად ღირსეულად დგას რუსეთთან მიმართებაში. 

კოლონიალური აზროვნება, ის რომ პატრონი გჭირდება, ბევრად უფრო ღრმად დევს ქართველში. “მე რომ პატრონი მყოლოდა, ამ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებოდი”, – სულ გვესმის ხომ? პატრონის ძიება, ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. საზოგადოების ამ ნაწილმა იფიქრა, რომ უფრო მაძღარ პატრონს იპოვიდა ამერიკის სახით და ისინი გვაჭმევდნენ, მაგრამ რომ არ გვაჭამეს, ეწყინათ. რუსი პარტიული ლიდერები რომ ჩამოდიოდნენ და ქართველები გიტარებით უმღეროდნენ, ვერც ამაში ხედავდა საზოგადოება დასაძრახს. დღესაც გაყოფილია საზოგადოება – „მერე რა მოხდა, რომ იმღერეს“, ასე ფიქრობს ბევრი.

„რა ქნან იმ რუსებმა, ვისაც ქართული მუსიკა ენატრებაო“ – გვეუბნებიან.  როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქნან რუსებმა, რომლებიც ვერ უძლებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების დიეტას?  

იმ რუსმა, რომელსაც თითქოს ძალიან უყვარს ქართული კულტურა, პროტესტი უნდა განაცხადოს იმ დროს, როცა საქართველოს ბომბავს პუტინი; იმ რუსმა, რომელსაც „ბორჯომი“, ღვინო უყვარს, პროტესტი უნდა განაცხადოს, როცა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი იკეტება რუსეთში. მე არ მსმენია და არც გამიგია, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა, რომ მათ ხმა ამოეღოთ ამის წინააღმდეგ. არც ეს თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მისულა „თბილისობაზე“. იქ იყვნენ მამა-შვილი გაბედავები, ხუბუტია და მსგავსი ტიპები. ქართული პოპკულტურაც მიჩვეულია ხუბუტიებისთვის იმღეროს თბილისშიც და მოსკოვშიც.

ეს ადამიანები ამბობენ, რომ სიმღერა მათი პროფესიაა და პროფესიამ პოლიტიკა არ იცის. მსოფლიო პრაქტიკა კი გვაჩვენებს, რომ არა ერთი ცნობილი მომღერალი თუ მსახიობი გამოდის დღეს ძალადობის წინააღმდეგ, საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე და ცდილობენ, სწორედ  მათი ცნობადობა გამოიყენონ პოზიტივის გასაძლიერებლად საზოგადოებაში…

არსებობს საზოგადოება, რომელშიც რაღაც  მორალური ფასეულობები არსებობს, ჩვენ კი ასეთი ფასეულობები არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ.

უკრაინის მოვლენების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ ქართველებს გვაკლია სოლიდარობის განცდა. ამ ბოლო კულტურულმა ექსპორტმა დამატებითი კითხვებიც გააჩინა.  ღირსების საკითხშიც გვაქვს პრობლემა?

როგორც ჩანს. უკრაინას რომ თავი დავანებოთ, არც სხვა საკითხებში გამოგვიჩენია სოლიდარობა. ერთ მუჭად შეკრული საზოგადოება არსად არ არსებობს, მაგრამ როცა კონკრეტული პრობლემა არსებობს, სოლიდარობა გამოიხატება იმაში, რომ სხვადასხვა აზროვნებისა და მიმართულების ადამიანებს შეუძლიათ ერთად დადგნენ, რაც ქართველებს ნაკლებად გამოგვდის.

შეიძლება ვთქვათ, რომ საბჭოთა კონიუნქტურაში გაზრდილ თაობას უჭირს სტერეოტიპების დანგრევა, მაგრამ არსებითი ცვლილებები არც ახალ თაობაში შეინიშნება.  აქ არ უნდა მომხდარიყო გარდატეხა?

ხშირად დასავლეთშიც მესმის, რომ პრობლემა პუტინია. მე კი ვამბობ, რომ არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთია პრობლემა. 2008 წელს რომ თავი დავანებოთ, პუტინამდე იყო ელცინი, რომელიც ისევე ექცეოდა საქართველოს, როგორც პუტინი. დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი, სწორედ ელცინის დროს წაგვართვეს. პრობლემა არის რუსეთში და მისი ნაყოფი არის პუტინიც. ასეთივე იყო რუსეთის იმპერიაც დაუმორჩილებელი ერების მიმართ, ასეთი იყო  მეფისდროინდელი რუსეთი, თუნდაც უკრაინის მიმართ, რომელსაც თავიანთ ენაზე საუბარს უკრძალავდა და უკრაინულ ენას რუსული ენის დიალექტს ეძახდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ბავშვები უმღერიან იუბილარ პუტინს. ვისაც ამ ვიდეოზე „უმილენიე“ ემართება, რომ „ბავშვები რა ლამაზად მღერიან“, იმას, უბრალოდ, ვერც აუხსნი, რას ნიშნავს მონობა და ყმობა. ეს ბავშვები ვერასოდეს გაარჩევენ, რას ნიშნავს ცივილიზაცია და რას – რუსეთი. ამ აზროვნების ადამიანებს არ გაუკვირდებათ, თუ ხუბუტიას დაკრულ კონცერტზე იმღერებენ, ეს არის პრობლემა.

როცა მიდიხარ და რუსულ არაყს ყიდულობ, როცა შეგიძლია უკრაინული იყიდო, რომელიც ხარისხით  არ ჩამორჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი გაგება არ გაქვს, რა ქვეყანაში ცხოვრობ და რა პრობლემები აქვს შენს სახელმწიფოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი