კომენტარი

ჟან შარდენი და თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი

22 იანვარი, 2019 • 12745
ჟან შარდენი და თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი

ავტორი: სულხან სალაძე 

ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური, ჟან შარდენი 1672 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში და 1673 წლის 28 თებერვალს გაემგზავრა თბილისიდან. ეს ის პერიოდია, როცა ევროპელები ახალ სავაჭრო გზებსა და ქვეყნებს ეძებდნენ. ყველა, ვისაც მცირე შესაძლებლობა მაინც ჰქონდა, სამოგზაუროდ მიდიოდა ან წარმომადგენლებს გზავნიდა.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთის მხრიდან საქართველოსადმი ახალი ინტერესის ერთ-ერთი დადასტურება სწორედ შარდენის მოგზაურობაა. შარდენი არ იყო უბრალო მოგზაური, რომელსაც მხოლოდ გამდიდრების სურვილი ამოძრავებდა. იმდროინდელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, თუ რამდენად ხელსაყრელი შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპისთვის საქართველო სავაჭრო-სატრანზიტო თვალსაზრისით. წლების განმავლობაში შარდენი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჯერ საფრანგეთის, ხოლო მოგვიანებით, ინგლისის სავაჭრო კომპანიაში.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ შარდენის მოგზაურობის ჩანაწერები რჩებოდა ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ევროპელი მოაზროვნეებისთვის. ჩანაწერები ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებიდან, ადათ-წესებით დასრულებული.

ცხადია, შარდენის მოგზაურობა მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა და მთლიანობაში, 1671-1679 წლების მოგზაურობა ბევრად უფრო მეტ ქვეყანას ეხებოდა. შარდენის მოგზაურობა პირველად 1686 წელს ლონდონში გამოიცა ერთ ტომად. მოგვიანებით, XVIII-XIX საუკუნეებში კი, წიგნი არაერთხელ გამოიცა, მათ შორის სრული სახითაც.

შარდენის „მოგზაურობის“ ათი ნაწილიდან ორი სწორედ საქართველოსთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს არ არის ერთადერთი დამსახურება, რის გამოც შარდენი დღემდე რჩება ქართველებისთვის საინტერესო მოგზაურად. ცნობილია, რომ შარდენის სახელს, მის მოგზაურობას უკავშირდება შავი ზღვის რუკის შედგენა [აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღევანდელ დასავლეთ საქართველოს წარმოადგენს]. ამ ჩანაწერებში ასევე ნახავთ, მაგალითად, ჩანახატს მეგრელ მამაკაცზე თუ ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის სასახლეში გამართულ ნადიმზე. და, რა თქმა უნდა, თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს.

ეს არის თბილისის ყველაზე ძველი გრაფიკული ჩანახატი, რომელიც დღემდე მოგვეპოვება.

თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი

შარდენის მოგზაურობის დროინდელი თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატის ეს ვერსია 1672-1673 წლებში შესრულდა. 1686 წელს გრაფიკული ვერსია პირველად ლონდონში გამოსცა მოზეს პიტმა – იმ დროის ცნობილმა გამომცემელმა და წიგნების გამყიდველმა. ჩანახატი მოგვიანებით არის გაფერადებული.

გრაფიკულ ჩანახატზე იმდროინდელ თბილისში არსებული 20-ზე მეტი საზოგადოებრივი, რელიგიური თუ სამეფო დანიშნულების ადგილია აღნიშნული. ჩანახატზე იოლად იკითხება ტაძრები, სამეფო სასახლე, მეტეხისა და ნარიყალის ციხეები, ასევე, სამეფო ბაღები და სავაჭრო სახლები, ბაზრები და ქარვასლები.

თბილისის აღწერის დროს შარდენი ვრცლად საუბრობს როსტომ მეფის მიერ აგებული სამეფო სასახლის შესახებ. მოგზაური ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არსად იმდენი უცხოელი არ უნახავს, რამდენიც თბილისში. დეტალურად აღწერს მეფესთან აუდიენციას და მეფის სასახლეში გამართულ ნადიმს. შარდენის მოგზაურობის ერთი საინტერესო ნაწილი სწორედ ვახტანგ V-სთან გამართული ერთგვარი დიალოგია, როდესაც მეფე შარდენს სთხოვს, დაარწმუნოს ფრანგები და სხვა ევროპელები, რომ მის სამეფოზე გამავალი სავაჭრო გზებით ისარგებლონ სპარსეთსა თუ ინდოეთისკენ მიმავალმა ევროპელმა ვაჭრებმა. შარდენის რჩევაა, რომ მეფემ შესაბამისი წერილი მისწეროს ევროპულ სავაჭრო კომპანიებს.

შარდენი საფრანგეთში 1679 წელს დაბრუნდა, მალე – 1681 წელს კი, ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. ლონდონში ჩასვლიდან ათი დღის თავზე ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ მას შევალიეს ტიტული უბოძა. 1683 წელს შარდენი ინგლისის ელჩად დანიშნეს ჰოლანდიაში, პარალელურად იგი ინგლისის ოსტინდოეთის კომპანიის აგენტი გახდა.

ჟან შარდენი 1713 წლის 26 იანვარს, 69 წლის ასაკში, გარდაიცვალა. დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში. მის საფლავზე ლათინური წარწერაა: nomen sibi fecit eundo – სახელი გაითქვა მოგზაურობით.

____________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი