ახალი ამბები

წულუკიანმა ინფორმაციის კანონიერად გაცემისთვის მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი დაუკავა – სალაძე

24 მარტი, 2022 • 1605
წულუკიანმა ინფორმაციის კანონიერად გაცემისთვის მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი დაუკავა – სალაძე

იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც კანონით დადგენილი წესით მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები მიაწოდეს, თეა წულუკიანმა დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.

სალაძის თქმით, მუზეუმის აღნიშნულ თანამშრომლებისთვის კულტრუის სამინისტრომ სანქციების სახედ გამოიყენა საყვედური და თანამდებობრივი სარგოს დაკავება.

„თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ყოფნა რამხელა უბედურებაა, უკეთ რომ გაიგოთ, ეს ამბავი უნდა იცოდეთ. დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ოფიციალურად გამოვითხოვე მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები. ეროვნულმა მუზეუმმა, დადგენილი წესით, კანონის შესაბამისად, მომაწოდა დირექტორატის ყველა ღია სხდომის ოქმი (მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბლოკილი წულუკიანს ეროვნული მუზეუმიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა). მოგვიანებით, სხდომის ეს ოქმები ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებისათვის.

და იცით, ამის შემდეგ რა მოხდა? სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, არაფრისგან გამოგონილი დისციპლინური გადაცდომის მოტივით, დისციპლინური წარმოება „ჩაატარა“. შედეგად, ეროვნული მუზეუმის იმ თანამშრომლებს, ვინც კანონით დაკისრებული მოვალეობები შეასრულეს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა! სანქციების სახედ გამოყენებული იქნა – საყვედური და თანამდებობრივი სარგოს დაკავება!

კი, ამასაც მოვესწარით, წულუკიანის სამართალში ყველაფერი პირიქითაა, ვინც გაბედავს და საჯარო ინფორმაციას გასცემს, სასტიკად დაისჯება“, – წერს სულხან სალაძე.

ნეტგაზეთმა სცადა კულტურის სამინისტროსთან გადაემოწმებინა, რატომ დაეკისრათ მუზეუმის თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათგან პასუხს ველოდებით.

განახლება:

მოგვიანებით, ეროვნულმა მუზეუმმა სულხან სალაძის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. მუზეუმის განცხადებით, სინამდვილეში, მოცემულ პირებს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ისეთი ინფორმაციის გაცემის გამო, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის მუზეუმში დაცული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები დააყენა რისკის ქვეშ.

„კერძოდ, გაცემულ დოკუმენტებში, სხვებს შორის, იყო ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი სხდომის ოქმი, რომელიც შემდეგ მედიის მეშვეობით გასაჯაროვდა და საიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მუზეუმს აქვს უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული გამოწვევები.
კერძოდ, მოცემული რეგიონის მუზეუმში, რომელიც 2004 წლიდან სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის, დღემდე არ იყო მოგვარებული კომპიუტერული სისტემების, ვიდეოსამეთვალყურეო, დაცვის სისტემების, კვების ბლოკის, ე.წ. „იუპიესის“ პრობლემა და მუზეუმის ზონალურ ობიექტებზე გარე განათება, სიგნალიზაცია და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა იყო დასამონტაჟებელი. ეს საკითხი დირექტორატის წინაშე დააყენა მოცემული მუზეუმის ახალდანიშნულმა დირექტორმა და ითხოვა ამ მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი