ავტორი: სულხან სალაძე
გასულ კვირაში ვწერდი, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის და ზოგადად სამუზეუმო სისტემის მიმართ მინისტრ წულუკიანის დამოკიდებულება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს თეა წულუკიანის პირადი სამინისტრო. გამოგიტყდებით, აზრი არც ამ კვირაში შემიცვლია. შესაბამისად, თხრობას გავაგრძელებ და ამჯერად ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ერთი ამბის შესახებ მოვყვები ვრცლად.
2021 წლის 15 ივლისს მინისტრმა წულუკიანმა №00014916 ბრძანება გამოსცა, სათაურით „სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის შესახებ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. ერთი შეხედვით, ეს სწორედ ის ბრძანებაა, რომელიც ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის, იქ დაცული კოლექციებისა და დასაქმებული ადამიანიების უსაფრთხოების გარანტია უნდა იყოს. თუმცა რელობა სულ სხვაა.
მინისტრის №00014916 ბრძანებას თან ახლავს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის 5 თებერვალს დასრულებულიყო. ის, რომ ასეთ შემჭიდროებულ ვადაში მინისტრის ბრძანება ვერ შესრულდებოდა და ხელოვნების მუზეუმში დაცული უამრავი ექსპონატის უსაფრთხო ადგილას გადატანა ვერ მოხდებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. ჯერ ერთი, სამუზეუმო კოლექციები ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები არ არის, რომ მუზეუმს სატვირთო მანქანა მიაყენო, დატვირთო და მერე სადაც გინდა, იქ გადმოტვირთო. მეორეც, კოლექციებში დაცული ექსპონატები განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფიზიკური მდგომარეობით, ისე ზომით, წონით, ფორმით, მნიშვნელობით და სხვა უმრავი მახასიათებლით. ეს ორი გარემოება თავიდან არარელურს ხდიდა სამოქმედო გეგმის შესრულებას. ამ ბრძანების დათქმულ დროში შესრულების შეუძლებლობის კიდევ ერთი წინაპირობა კი ის იყო, რომ მინისტრმა პრაქტიკულად უარი თქვა ყველაფერზე, რაც მის გამინისტრებამდე დარგის პროფესიონალებს ჰქონდათ მომზადებული ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა მინისტრის ბრძანების შესრულებასთან დაკავიშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს (შემდეგომში მუზეუმების გაერთიანება) მიმართა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, საქმე უკვე სასამართლოშია, მაგრამ პასუხი არსად ჩანს.
და მაინც, რა უნდა შესრულებულიყო/დაწყებულიყო 2021 წლის 5 აგვისტოდან – 2021 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და რას ვითხოვთ ჩვენ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და მეტი სიცხადისთვის ყველაფერი ასახულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
რა უნდა გაკეთებულიყო და როდის? | რას ვითხოვდით? |
მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული სივრცის იდენტიფიცირება თანამშრომლებისა და საცავებისათვის. შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო. | მუზეუმის თანამშრომლებისა და საცავებისათვის განსაზღვრული, მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული უკვე იდენტიფიცირებული სივრცეების ჩამონათვალი და მისამართი. |
არსებული საჭიროებების გათვალისწინებით დასაქმებული პირებისთვის სამუშაო სივრცის იდენტიფიცირება. შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო – 10 სექტემბერი. | სამუშაო სივრცეების ჩამონათვალი და მისამართი. |
მუზეუმში დასაქმებული პირების სამუშაო ინვენტარის შეტანა განსაზღვრულ სივრცეებში. შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო – 5 ოქტომბერი. | ყველა ოფიციალური დამადასტურებული დოკუმენტის ასლი. |
მუზეუმში დასაქმებული პირების გადაყვანა განსაზღვრულ სივრცეებში. შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო – 5 ოქტომბერი. | ყველა ოფიციალური დამადასტურებული დოკუმენტის ასლი. |
მუზეუმის თითოეული ფონდისთვის ახალი სივრცის იდენტიფიცირება, გადატანისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა (ტექნიკური ჯგუფის მოძიება, სტელაჟების მოძიება, ექსპონატთა საჭიროებებზე სივრცის ადაპტირების ჯგუფი, პროექტი და სხვა). შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო. | ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობა, ექსპონატთა საჭიროებებზე სივრცის ადაპტირების ჯგუფის შემადგენლობა, მოძიებული სტელაჟების რაოდენობა. |
მუზეუმის „ბ“ კორპუსიდან ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კუთვნილი ფონდების გატანა (დაბრუნება). შესრულების ვადა: 2021 წლის 30 აგვისტო. | ფონდების გადატანის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. |
ფონდების გადატანის პირველი ეტაპი (ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი, არქივისა და მემუარების ფონდი). შესრულების ვადა: 2021 წლის 10 სექტემბერი. | ფონდების გადატანის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. |
ფონდების გადატანის მეორე ეტაპი (ფოტონეგატივების ფონდის გადატანა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დროებითი შენახვისა და გაციფრების მიზნით. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება). შესრულების ვადა: 2021 წლის 17 სექტემბერი. | ფონდების გადატანის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. |
ფონდების გადატანის მესამე ეტაპი (მუზეუმის არქიტექტურული ნახაზებისა და ანაზომების, ფერწერული ხატებისა და მინიატურების, ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდები). შესრულების ვადა: 2021 წლის 24 სექტემბერი. | ფონდების გადატანის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. |
მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპონატებისთვის ახალი სივრცის იდენტიფიცირება, უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების განსაზღვრა. შესრულების ვადა: 2021 წლის 5 აგვისტო. | სივრცის დასახელება და მისამართი, უსაფრთოხების აუცილებელი პირობების განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი. |
მუზეუმის ოქროს ფონდის კოლექციის 2D ფორმატში სკანირება. შესრულების ვადა: 2021 წლის 1 სექტემბერი. | ოქროს ფონდის კოლექციის 2D ფორმატში სკანირების დამადასტურებული დოკუმენტის ასლი. |
საგანძურში დაცული დაზიანებული ექსპონატების გადასატანად მომზადების პროცესის დაწყება. შესრულების ვადა: 2021 წლის 1 ოქტომბერი. | საგანძურში დაცული დაზიანებული ექსპონატების გადასატანად მომზადების პროცესის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. |
როგორც ზემოთ ვწერდი, არცერთ ამ მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია. დიდით ალბათობით, მათი უმრავლესობა (თუ არა ყველა) არც კი შესრულებულა და ამის აღიარება, რბილად რომ ვთქვათ „ეუხერხულება“ მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს. არადა, ახლა უკვე დეკემბერია და მინისტრის გეგმა-გრაფიკის მიხედთვით, 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს. მაგრამ, როცა საქმე აგვისტოსში უნდა დაიწყო და არ დაგიწყია, იმას თებერვალში ვერ დაასრულებ.
შემეძლო აქ დამესვა წერტილი და თხრობა დამესრულებინა, თუმცა ეს არ არის ყველაფერი. მინისტრის ბრძანება, რომელიც მისსავე თვალწინ არაერთხელ დაირღვა, ლამის ყველა იმ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის არგუმენტად არის მოყვანილი, რომელიც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით ბოლო თვეებში შედგა. საერთოდაც, ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სახელმწიფო შესყიდვები საინტერესო თემაა და შემდეგში მის შესახებ მოგიყვებით.
მანამდე კი, მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევს, წულუკიანი, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში მიდის. საინტერესოა, რას იტყვის, ისაუბრებს რეალურ პრობლემებზე, აღიარებს ხელოვნების მუზემის შენობის რეაბილიტაციის ნაწილში უკვე დაშვებულ შეცდომებს და კოლექციების ევაკუაციის მიზნით გამოცემული ბრძანების შეუსრულებლობას, თუ კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კი არ ხელმძღვანელობს, არამედ, თეა წულუკიანის პირად სამინისტროს.
ვნახოთ, პარასკევი აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე.
ავტორის შესახებ:
სულხან სალაძე არის იურისტი, მკვლევარი. წლების მანძილზე ის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის რედაქციის პოზიციას.