კომენტარი

გია ნოდია: ამომრჩეველი გაწბილებულია, ამიტომ არსებობს ნიშა ახალი მოთამაშეებისთვის

16 ივნისი, 2014 • • 1164
გია ნოდია: ამომრჩეველი გაწბილებულია, ამიტომ არსებობს ნიშა ახალი მოთამაშეებისთვის

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” რეიტინგი 62 პროცენტს აჭარბებდა, ახლა საუბარია 51 პროცენტზე ქვეყნის მასშტაბით, ხოლო თბილისში კიდევ უფრო ნაკლებზე – 46%-ზე… დაახლოებით 8 თვეში რეიტინგის ასეთი კლება პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი არ არის?

კატასტროფა ნამდვილად არ არის. გააჩნია რა საზომებით მივუდგებით. ქართულ პოლიტიკურ კულტურას, სამწუხაროდ, ერთგვარი ეიფორიულობა ახასიათებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლას, ისევე, როგორც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას, მოჰყვა ერთგვარი ეიფორიულობა, შემდეგ იწყება იმედების გაწბილება, იმიტომ, რომ რეალური ცხოვრება ოცნებებისაგან განსხვავდება და ხელისუფლებამ კონკრეტული შედეგები უნდა აჩვენოს. იმავე ნაციონლაური მოძრაობისაგან განსხვავებით კონკრეტულ შედეგები “ქართულ ოცნებას” მაინცდამაინც არ აქვს, რომ თქვას, აი, ამას მივაღწიე, ეს გავაუმჯობესეო…

 

გია ნოდია უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში
გია ნოდია უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში


თუმცა მათ აქვთ სათქმელი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებისაგან განსხვავებით, ახლა აღარ არის ტერორი, შიში საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში…

 

ამას ამბობენ, მაგრამ ეს ზოგადი საუბარია. არ ვიცი, როგორ იზომება შიში და ტერორი.

 

ამას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომლებიც მმართველი გუნდის ოპონენტები არიან, იგივე ნინო ბურჯანაძე…

 

გასაგებია, ესენიც ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგენი არიან. კი, ბევრი ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არის ზოგადი მსჯელობა.

 

მაგრამ ეს თემა არ აღმოჩნდა საკმარისი ამომრჩევლისთვის, იმისათვის, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი არ შემცირებულიყო?

 

საკმარისი, როგორც ჩანს, აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვეს და ისევ ვიმეორებ, ის, ჩემი აზრით, მითი, რომ ადრე ხალხი ტერორის ქვეშ იყო და ახლა შვებით ამოისუნთქა, დღემდე მუშაობს.

 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს, ჩვენ გვახსოვს მმართველი კოალიციის ლიდერების განცხადებები, რომ ნაცმოძრაობას ოპონენტებად აღარ აღიქვამენ, ურეიტინგო პარტიაა და ასე შემდეგ. რას უკავშირებთ იმ შედეგს, რომელიც პარტიას აქვს ახლა? ნიკა მელია თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურშია…

9 წელი როცა ხელისუფლებაში იყავი და 22 პროცენტი გაქვს ქვეყნის მასშტაბით, ან 27% თბილისში – ეს მაინცდამაინც სახარბიელო შედეგი არ არის, ევროპული კრიტერიუმებით რომ შევხედოთ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე ეს სერიოზული მიღწევაა. გასაგებია, რომ ნაციონალურ მოძრაობას იგივე რეიტინგი აქვს [2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში], ანუ 22 პროცენტი ჰქონდათ და ამდენივე დარჩათ, მაგრამ ის იყო საპრეზიდენტო არჩევნები და შეგვეძლო გვეთქვა, რომ ის დავით ბაქრაძის რეიტინგი იყო, რომელიც მაშინ ჯობდა პარტიის რეიტინგს და ალბათ ასეც იყო, მაგრამ დღეს ცალსახაა, რომ ეს უკვე პარტიის რეიტინგია და არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებში ძირითად ოპოზიციურ პარტიად ნაციონალური მოძრაობა აირჩია. წესით, “ქართულმა ოცნებამაც” უნდა აღიაროს, რომ ეს არის ლეგიტიმური ოპოზიცია და მოექცეს ასე.

ამომრჩეველთა ნახევრაზე მეტი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. რატომ მოხდა ასე?

 

ამას ნამდვილად ველოდი. ყველგან ვამბობდი, რომ აქტივობა დაბალი იქნებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაბალი აქტივობა იყო, ახლა კიდევ უფრო დაბალია. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ხალხი “ქართული ოცნებით” გაწბილებულია…

 

მხოლოდ “ქართული ოცნებით”, თუ ზოგადად პოლიტიკური სპექტრით?

 

დიახ, მაგას ვამბობ მეც. “ქართული ოცნებით” გაწბილებულია, მაგრამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალასაც ვერ ხედავს. მისი აზრით, უკეთეს ძალას რომ ხედავდეს ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მივიდოდა. ლოგიკურად ისეთი ვითარებაა, რომ ახალი მოთამაშეების შემოსასვლეად ნიშა არსებობს. ეს ისედაც ჩანდა, მაგრამ ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩა სხვადასხვა მოტივაციით, შესაძლოა მომავალში ახალმა მოთამაშემ გამოიყვანოს. ეს არის ვითარება, როცა არსებული ხელისუფლების მუშაობის გაწბილების მომენტი არსებობს, თუმცა არც ოპოზიცია აკმაყოფილებს ხალხს.

 

ეს თემა რომ გავაგრძელოთ, ბატონო გია, პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსმა”, რომელმაც ბარიერიც გადალახა და ამ თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი შედეგიც აჩვენა: 4 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მასშტაბით, ხოლო თბილისში – 6 პროცენტზე მეტი. მათი ეს წარმატება სწორედ იმას ხომ არ უკავშირდება, რასაც თქვენ ამბობთ, რომ “გაწბილებულმა ამომრჩევლებმა” პოლიტიკურ სპექტრში ახალ ძალებს დაუწყეს ძებნა?

 

კონკრეტულად ეს პარტია, პატრიოტთა ალიანსი ძალიან სპეციფიკურია, ევროპული საზომით ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია, რომლის ძირითადი მესიჯია “მეტი სისხლი”, ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, რომელშიც იგულისხმება “ნაციონალების” მკცარი დასჯა, მეტი ქსენოფობია, ანტიდისკრიმინაციული კანონის უარყოფა და ასე შემდეგ. რაღაც ზომით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ველზე ნინო ბურჯანაძე და პატრიოტთა ალიანსი ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჩემი აზრით, ქვეყნისთვის მოსაწონი არ არის, რომ ამ მესიჯების მქონე პარტიებმა ორივემ ერთად 15 პროცენტზე მეტი მიიღეს, მაგრამ გასაკვირიც არ არის. ბევრი ამბობდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ ასეთი ტიპის ამომრჩეველი ანტიდასავლური და  ანტილიბერლაური ხედვების მქონე ამომრჩეველი ნინო ბურჯანაძეს ან ირმა ინაშვილს მიუბრუნდებოდნენ. ჩემი აზრით, [ჯამური 15 პროცენტი] სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც კატასტროფაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი