ახალი ამბები

განმარტებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ოზურგეთში

12 ნოემბერი, 2017 • 3335
განმარტებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ოზურგეთში

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ოზურგეთში, კოტე შარაშენიძე, აცხადებს, რომ სოფელ შრომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. კანდიდატის შტაბმა ცოტა ხნის წინ ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც, მათი მტკიცებით, ჩანს თუ როგორ გადასცემს ერთ-ერთ ამომრჩეველს თანხას კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”.

შარაშენიძის წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა, რომლის მიხედვითაც თანხა დამკვირვებელმა რუსუდან ცეცხლაძემ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დამლაგებელს გადასცა, რომელიც უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარე ნონა ქადეიშვილმა ახსნა-განმარტება მოამზადა, რომლის მიხედვითაც დამკვირვებელმა დამლაგებელს თანხა წყლის საყიდლად გადასცა.

დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ გამოთქმული ბრალდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც შეაფასა და მას არასერიოზული უწოდა.

“არჩილ თალაკვაძე ფულის გადაცმაზე: ეს იყო ძალიან არასერიოზული ბრალდება, მათ პრაქტიკულად უაპელაციოდ დააბრალეს სკოლის სკოლის დირექტორს თითქოს ის ხუთი ლარით იყო დაინტერესებული. მე ვფიქრობ ეს არის სკოლის პედაგოგების და დირექტორის შეურაცხყოფა როდესაც უაპელაციოდ ასეთი განცხადება კეთდება, ბუნებრივია სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ სკოლის დირექტორი ხუთი ლარით იყო დაინტერესებული . სინამდვილეში ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაიიით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს რომ ხუთ ლარს ვერანაირი საარცევნო გავლენა ვერ ექნებოდა საარჩევნო პროცესზე”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კოტე შარაშენიძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა, აქვს ინფორმაცია უბნების შესაძლო “ჩაშლის” შესახებ იმ უბნებზე, სადაც მისი თქმით, დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

“დარღვევები არის ძალიან ბევრი. ერთ-ერთუ უბანი, რომელსაც ჰქვია შრომის საარჩევნო უბანი, ჩვენმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა ფულის გადაცემის ფაქტი საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამას გარდა, არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი უპირატესობით სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევაზე, უფრო სწორად, ჩაშლაზეა საუბარი. ამ  მეთოდებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ და ამას ადასტურებს დღევანდელი აქტუივობა ხალხისა, რომელსაც უნდა სიმართლის გვერდში დგომა”, – აღნიშნა შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი