ახალი ამბები

500 მილიონი ცენტრიდან რეგიონებში არჩევნების წინ — რას ნიშნავს მთავრობის გეგმა

27 აპრილი, 2021 •
500 მილიონი ცენტრიდან რეგიონებში არჩევნების წინ — რას ნიშნავს მთავრობის გეგმა

მთავრობის დაპირებით მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა დაიწყოს სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც  63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განვითარებას გულისხმობს, პირველ ეტაპზე, 500 მილიონ ლარად. სახელმწიფომ ეს ამბავი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე გვაუწყა, თუმცა გვარწმუნებს, რომ პროექტს არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ მოვლენასთან

მიუხედავად ამ მტკიცებისა, კითხვები ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის ბრიფინგზევე გაისმა ჟურნალისტების მხრიდან. მეორე მხრივ, სპეციალისტები მსჯელობენ, რამდენად შეესაბამება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი პროექტის განხორციელება თვითმმართველობის პრინციპებს და ხომ არ არის ეს ცენტრის ჩარევა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში, რაც ისედაც წარმოადგენს საქართველოს პრობლემას მრავალი წლის განმავლობაში.

“განახლებული რეგიონები”: რას აპირებს და რა ფულს ხარჯავს მთავრობა

სახელმწიფო პროგრამის — “განახლებული რეგიონები” — შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას 26 აპრილის დილით აუწყა. მთავრობის წევრთა ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი 4-წლიანია და ამ პერიოდში 500 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერები მიმდინარე კვირაშივე გამოცხადდება, სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა, განვითარება და სხვა ღონისძიებები; ასევე, ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონების შექმნა.

მთავრობა პროექტში “ადგილობრივი მოსახლეობის მაღალ ჩართულობასა და 15 000 ახალ სამუშაო ადგილს” გვპირდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება კომისია, რომელშიც შევლენ როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. მისი განცხადებით, სწორედ ეს კომისია გაუწევს პროცესს ზედამხედველობას და გადაწყვეტს, რომელი პროექტები დაფინანსდეს.

ირაკლი ქარსელაძე. ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

საიდან მოაქვს მთავრობას 500 მილიონი, რომლის ათვისებაც პირველ ეტაპზე იგეგმება? ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პროგრამას ექნება დაფინანსების რამდენიმე წყარო: 350 მილიონამდე ლარის გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან იგეგმება, თუმცა ეს არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე. მისი განმარტებით, თანხას გამოყოფენ:

  • “მიმდინარე ეკონომიებიდან”, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, რომელიც სახელმწიფოს იმაზე ნაკლებ დაუჯდა, ვიდრე იქამდე ვარაუდობდა და, შესაბამისად, თანხაც დაიზოგა;
  • სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების საქვეუწყებო სტრუქტურების(სსიპ-ები) ანგარიშებიდან;
  • პრივატიზაციის მიმართულებებიდან.

რაც შეეხება დანარჩენ 150 მილიონს, ამ თანხას სახელმწიფო საერთაშორისო დონორებისგან, მათ შორის, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკებისგან ელის.

“უკვე დამტკიცებულია ეს ხელშეკრულებები [დონორებთან], უბრალოდ, მოხდება რეპროგრამირება და ამ მიმართულებით მიმართვა. ანუ აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებით ვალის აღებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საბიუჯეტო ნაწილში არანაირად საუბარი არ არის საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე”, — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა “განახლებული რეგიონები” შეაფასა “რეგიონების განვითარების აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამად”. მისი თქმით, “ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა”. ამ უკანასკნელ მტკიცებას კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ.

შინაარსი თუ მხოლოდ სახელი — რა არის ახალი ამ პროგრამაში?

თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი მთავრობის ამ პროგრამას უწოდებს “პიარ სვლას თვითმმართველობის არჩევნების წინ”, რომელშიც შინაარსობრივად ახალი არაფერია. მისი თქმით, იმას, რაც სახელმწიფომ დღეს წარმოგვიდგინა, ისედაც აკეთებს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

“თვისებრივად ახალი დაფინანსება თუ გაჩნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავრობას თავად ბიუჯეტში ცვლილების შეტანის უფლება არ აქვს… ეს არის ის პროექტები, რომელთაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ყოველ წელს ახორციელებს.

…უბრალოდ, ფონდი რა პროექტებსაც აკეთებდა, ამ პროექტების ნაწილს მთავრობამ დაარქვა [ახალი] სახელი და პიარულად გამოიტანა, რომ ასე ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზეო… სიახლე არაფერია. ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული პიარ ნაბიჯი”, — აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მას თვითმმართველობის კიდევ ერთი ექსპერტი, კოტე კანდელაკიც ეთანხმება. მისი სიტყვებით, მთავრობის მიერ დღეს ნახსენები პროგრამა არის “ერთი პროგრამის ქოლგის ქვეშ თავმოყრა იმ თანხებისა, რომელიც ისედაც იხარჯება რეგიონებში”.

“ამაში სიახლე არაფერია. რაღაც კომისია უნდა შექმნან, რომელიც ამ თანხებს განკარგავს და ალბათ შეარჩევს იმ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც გადაწყვეტენ. გააჩნია, რას გულისხმობენ ამ ყველაფერში, თორემ ყოველ წელს ხორციელდება მსგავსი პროექტები.

აქ პიარის ელემენტი უფრო მეტია, ვიდრე სხვა რამე. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. დაველოდოთ… ცუდი არ არის, რომ ეს თანხები დაიხარჯება. აქ საუბარია მიდგომებზე, როგორ დავხარჯავთ ამ თანხებს”, — დასძენს კანდელაკი.

“მუნიციპალიტეტებმა თვითონ განსაზღვრონ, რა სჭირდებათ”

ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ პროგრამის ფარგლებში დაანონსდა არაერთი სამუშაო, რომლის დაგეგმვა-შესრულებაც მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. მისი თქმით, მთავრობასა და თვითმმართველობას განსაზღვრული ფუნქციები აქვთ და მათი აღრევა შესრულებული საქმის ხარისხს არ წაადგება:

“ყველა ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის საქმე არის, რომ მიხედოს ეროვნულ ვალუტას, ეკონომიკის განვითარებას, სოციალურ საკითხებს, დღევანდელ ვითარებაში — პანდემიას… მას აქვს თავისი ფუნქციები. როცა ეს ფუნქციები წესიერად არ სრულდება და ამას შემდეგ შემომასაღებ, რომ ხულოსა და ბათუმში სკვერის გაკეთება ყოფილა თურმე მთავრობის საქმე, ეს არის აბსურდი. გათვლილია იმაზე, რომ მოსახლეობის კეთილგანწყობა დაიმსახუროს [მთავრობამ].

გაოგნებული ვკითხულობდი ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, თუ როგორი კარგია ეს ინიციატივა… სკვერის გაკეთების საკითხი ცენტრალურ დონეზე უნდა გადაწყვიტოს ჩინოვნიკმა, რომელმაც არც იცის, ეს სკვერი სად არის და ხშირ შემთხვევაში, არც არის ნამყოფი ის, სადაც კეთდება. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ასე არ მუშაობენ”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ კომისიაში, რომელიც პროექტების დაფინანსების საკითხს გადაწყვეტს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. თუმცა თვითმმართველობის ექსპერტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ ფიქრობენ, რომ ეს კომპონენტი სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.

“კომისიური მუშაობა ამ საკითხს არ სჭირდება. მარნეულის საკრებულოს წევრმა თუ მერმა, რომელიც კომისიაში იქნება, რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გაკეთდეს ონში და პირიქით, ონმა — მარნეულში? არანაირი კომისიები არ არის საჭირო. გვყავს თვითმმართველობები, გვყავს არჩეული ორგანოები და ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ”, — აღნიშნავს ირაკლი მელაშვილი.

კოტე კანდელაკი ფოტო: რადიო თავისუფლება

კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას მართლა სურს, რეგიონები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განვითარდეს, მაქსიმალურად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივ თვითმმართველობათა საჭიროებებით და გადაწყვეტილებები ცენტრიდან არ უნდა მოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა შეეწინააღმდეგება მის მიერვე დამტკიცებულ ე.წ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც სწორედ ძლიერ თვითმმართველობას გულისხმობს.

“ასე [კომისიის დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობების] ჩართულობამ არ მგონია, ის შედეგი მოიტანოს, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი იყოს. ეს უფრო ფორმალური ხასიათის იქნება. ამ კომისიაში 100 კაცი შეიკრიბება ხოლმე ყოველ სხდომაზე? როგორ აპირებს ეს კომისია მუშაობას? მე როგორც ვხვდები, ეს არის ნაუცბათევად დაბადებული იდეა, რომელიც უცებ გააჟღერეს და ახლა დაიწყებენ ფიქრს, როგორ განახორციელონ.

ჩემი აზრით, ჯობია, რომ ეს თანხები გამოიყოს, დაერქვას პროგრამა, გადაეცეს მუნიციპალიტეტებს და თვითონ მათ განსაზღვრონ, რა სჭირდებათ. ოღონდ, აუცილებლად მოქალაქეების ჩართულობით. თუ საუბარია, მაგალითად, რეკრეაციული ზონის მოწყობაზე, [უნდა ჰკითხონ] როგორი ურჩევნიათ მათ და არა ვიღაცის მიერ თავსმოხვეული”, — აღნიშნავს ექსპერტი.

სისტემა ცენტრში მოხარშული იდეებით

საქართველოს მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების ტენდენციის დასახასიათებლად კოტე კანდელაკი იხსენებს საბჭოთა ფილმს “ბედის ირონია”, რომლის სცენარიც სწორედ იმ რეალობას ეფუძნება, რომ საბჭოთა სახლების უმეტესობა, ერთნაირი პროექტებით, ფაქტობრივად, ერთმანეთის ასლს წარმოადგენდა. ექსპერტის თქმით, შესაძლოა, მასშტაბები შემცირდა, თუმცა საქართველოში ახლო წარსულში და დღეს არსებული სურათი არაერთი კუთხით ძალიან ჰგავს  მაშინდელ რეალობას.

“როგორც ადრე იყო: პრეზიდენტს რაღაც იდეა დაებადებოდა და ყველა მუნიციპალიტეტში ის ხორციელდებოდა. არაფერი შეცვლილა ამ მხრივ მიდგომებში, ცენტრალიზებული მართვის მხრივ… მარტო მერის მონაწილეობა არ არის საკმარისი. ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის კეთდება.

თუ მოსახლეობას ჩვენ აზრი არ ვკითხეთ და არ ჩავრთეთ აქტიურად, მივიღებთ იმავე სურათს, რასაც წლებია, ვიღებთ. კი, რაღაც გაკეთდება და ამის წინააღმდეგი არავინაა. მაგრამ მერე ისევ იგივე წრეზე წავალთ, სახელმწიფო სტრატეგია, თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია და სხვა საკითხები დარჩება ცალკე”, — დასძენს ის და ამატებს:

“რისთვის ვატარებთ არჩევნებს? იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტი და განსაზღვროს პრიორიტეტები, რაში დახარჯავს ამ ფინანსებს. თუ თავისი არ ყოფნის, ცენტრს სთხოვოს დახმარება, რომ დამატებითი თანხები გამოუყოს.

ჩვენთან პირიქით არის. ცენტრში, მთავრობაში მოიხარშება რაღაც იდეები, მერე ამ იდეების განხორციელებას იწყებენ ადგილებზე ისე, რომ მოსახლეობას სულ არ ეკითხებიან, რა სჭირდებათ”.

არის თუ არა ახალი პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვა?

ეს კითხვა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, მთავრობის წევრთა ბრიფინგზევე დაუსვეს. თურნავამ გამორიცხა მთავრობის მხრიდან ამ პროგრამით ამომრჩეველზე ზემოქმედების მცდელობა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პროექტები ქვეყანაში აქამდეც ხორციელდებოდა.

“გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას. ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ სამეწარმეო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში ხორციელდებოდა… ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, ჩვენ სწორედ რეგიონებს ვეხმარებით. არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან. არჩევნების ციკლი თავისი გზით მიდის, ჩვენი აქტივობა არ წყდება არც არჩევნებს შორის, არც წინასაარჩევნო პერიოდში”, — აღნიშნა მან.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მინისტრის პათოსს არ იზიარებს. მისი თქმით, ამჟამად საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, რეგიონების განვითარების ახალი პროგრამა ვერ ჩაითვლება ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვად. თუმცა დოლიძე ამ პროცესში ხედავს მთავრობის შესაძლო მცდელობას, მოიგოს ამომრჩევლის გული თვითმმართველობის არჩევნების წინ.

“ჩვენ ვიცით, რომ ეს სოციალური პროექტები ყოველთვის არჩევნების წინ ანონსდება ხოლმე. შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი გზით ამომრჩევლის მოსყიდვა და მასზე ზემოქმედება, თუმცა კანონმდებლობით ვერ დავარქმევთ ამას ასე, რადგან ჯერ კამპანია არ არის დაწყებული.

სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ფაქტი იქნება, როცა იქნება მცდელობა, რომ ახლა გაკეთდეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომ ამომრჩევლისთვის ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმე გაიგივდეს პარტიის მიერ გაკეთებულ საქმესთან”, — ეუბნება ნინო დოლიძე “ნეტგაზეთს”.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელ დირექტორს ასევე გავუმეორეთ ნათია თურნავას ნათქვამი, რომ სახელმწიფო აქამდეც ახორციელებდა მსგავს პროგრამებს. ნინო დოლიძე არ ფიქრობს, რომ ეს ზემოთ მოცემული ეჭვების კონტრარგუმენტია და ყურადღებას ამახვილებს ფორმაზე, რომლითაც ხელისუფლებამ 26 აპრილს გამოცხადებული პროგრამის შესახებ ცნობა მოსახლეობამდე მიიტანა:

“თუ ამ პროექტებს აქამდეც ახორციელებდნენ, ამაზე ასე ხმამაღლა ცენტრალური ხელისუფლებიდან არ ხდებოდა მესიჯების გატანა. და ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რომ ასეთი მესიჯით გადიხარ, რომ რეგიონების განვითარებას იწყებ, პირდაპირ ხდება დაკავშირება.

რომელი არჩევნებიც არის ხოლმე, იმ არჩევნების კონტექსტში ხდება ამის განხივლა პირდაპირ. ეთქვათ, ზოგადად, რომ ქვეყნის განვითარებას იწყებენ. მაგრამ აქცენტი გაკეთდა რეგიონებზე და მუნიციპალიტეტებზე. ამიტომ ხდება საზოგადოების თვალში პირდაპირ მიბმა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კეთდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი