კომენტარი

საყდრისის ციებ-ცხელება

4 თებერვალი, 2014 • 1546
საყდრისის ციებ-ცხელება

 

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ყველაფერი კი იმით და დაიწყო, რომ კომპანია „RMG Gold”-მა გასული წლის აპრილში მაშინდელ პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა და საბადოს ფარგლებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის შესახებ დაიჩივლა. დაიჩივლა იმიტომ, რომ კომპანიის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდიდა საყდრისის საბადოს უდიდესი ნაწილის დამუშავებას და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებდა, როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს (ეს ორი სიტყვა: „სახელმწიფო ინტერესი“ კარგად დაიმახსოვრეთ). მთლიანობაში, კომპანიამ შესაბამისი უწყებებისთვის საკითხის დროულად განხილვის დავალება და გადაწყვეტილების მიღება ითხოვა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე კი, ირიბად ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა უფრო გამოუვიდა. ამის შემდეგ კომპანიის წერილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოხვდა.

 

 

ჯერ იყო და სამინისტრომ კომისია შექმნა და რატომღაც კომისიას ერთ-ერთ საკითხად ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა (?!). არადა, მანამდე ეს საკითხი საერთოდ არ წარმოადგენდა საკამათო თემას. მეორე საკითხად კი ძეგლის გადატანისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება დასახელდა. შესაბამისად, კომისიის შექმნის ეტაპზევე იკვეთებოდა, რომ საყდრისი პრაქტიკულად  „უსტატუსობისთვის“ იყო განწირული.

 

 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, კომისიამ, ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ცხრაწლიანი კველა-ძიების საპირწონედ, 35 დღეში დაასკვნა, რომ  საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც უძველეს ოქროს მაღაროდ განხილვა, საფუძველს იყო მოკლებული, ხოლო ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ჰქონდა მინიჭებული. თუმცა, როგორც ამბობენ, კომისიას არაფერი უკითხავს გერმანული მხარისთვის და არც მათი არგუმენტირებული მოსაზრებები მოუსმენია (?!). 

 

 

შედეგად, გასული წლის ივლისში საყდრისი-ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა და ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. ნაცვლად იმის, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბრძანებით საყდრისი-ყაჩაღიანი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეეტანა და ამით ობიექტის დაცვის შესაძლებლობა უზრუნველეყო, საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება მიიჩნია პრიორიტეტულად. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის გადატანა შეუძლებელი იყო და მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების იდეამაც დაკარგა აქტუალურობა.

 

 

შემდეგ ურთიერთბრალდებების დრო დადგა. სატელევიზიო სიუჟეტები, საგაზეთო პუბლიკაციები, პრესკონფერენციები და მიმართვები ერთმანეთზე იყო მიწყობილი. სინამდვილეში კი, კანონისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საყდრისი-ყაჩაღიანი მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს, სპილენძის, ან, თუ გნებავთ, მარილის მოპოვების ადგილი მართლა არის თუ არა. კანონისთვის მთავარი ობიექტის კულტურული ღირებულებაა და არა მისი ასაკი. უფრო მეტიც, არსად, არც ერთ კანონში არ წერია, რომ ეკონომიკური ინტერესები რამენაირად უფრო აღმატებულია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესები.

 

 

სამაგიეროდ დღეს იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ, თუ „RMG Gold“ საყდრისი-ყაჩღიანის საბადოს არ აითვისებს, მაშინ კომპანია გაკოტრების წინაშე დადგება. თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი შიში 2012 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპანია ლიცენზიას ყიდულობდა, არ ჰქონია. რატომ? იმიტომ, სალიცენზიო პირობებში ნათლად და ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ: აუქციონი არ მოიცავდა და ლიცენზია არ გაიცემოდა საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

 

 

ერთგან ისიც კი ითქვა, რომ შესაძლოა საქმე სამეცნიერო თაღლითობას უკავშირდებოდეს და არქეოლოგთა ჯგუფის მიზანი მხოლოდ უცხოური გრანტების მიღება იყოსო. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება და ახსნის პოვნა, თუ ბოხუმის და რურის უნივერსიტეტებს, ან კიდევ საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრს რა პირადი მოტივაცია უნდა ჰქონოდა, რომ ათასგზის პირად ინტერესს გადაყოლილ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება დაეწყოთ?

 

 

ან კიდევ, კომისიამ რატომ უშუალოდ არაფერი ჰკითხა არქეოლოგიური ექსპედიციის გერმანულ მხარეს? იქნება და ეთქვათ გერმანელებს, რომ ჯანდაბას თქვენი თავი, ჩვენ კი გვჯერა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი უძველესი ოქროს მოპოვების კერაა, მაგრამ თქვენ რომ დაგაჯეროთ, კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთო.

 

 

მხარეებს შორის ატეხილ დავა-კამათის ფონზე კი უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტის ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ქართულ-გერმანული ექსპედიცია მუშაობდა და სადაც უძველესი შახტები და ადრე ბრინჯაოს ხანის მასალებია გამოვლენილი, დღეს მიწით არის შევსებული. გულწრფელად მაინტერესებს, რას აკეთებს დღეს ჩვენი სახელმწიფო იმისთვის, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებმა არქეოლოგიურ ობიექტზე მოხვედრა უპრობლემოდ შეძლონ და მხოლოდ კომპანიის მოწყალების იმედად არ ვიყოთ.

 

 

მაშფოთებს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს გაჭიანურებული და ამბივალენტური პოზიცია (არა მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებაში), და თუ ადრე სამინისტროს ოფიალურ განცხადებებში, ფიცი მწამდა, მაგრამ ბოლო მაკვირვებდა, ახლა აღარც ფიცი მწამს და, მით უმეტეს, აღარც ბოლო მაკვირვებს. აღარ მწამს და აღარ მაკვირვებს იმიტომ, რომ ვერც ერთი სერიოზული გამოცდა, რომლის წინაშეც კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო დადგა, წარმატებით ვერ ჩააბარა.

 

 

ამ ყველაფრის ფონზე კი ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შესაძლოა საყდრისი- ყაჩაღიანი მალე საერთოდ გაქრეს და მერე ყველანაირი ვაი-ვიში და დედა, ეს რა მოგვივიდა, უადგილო გახდეს (არადა, ზუსტად ვიცი, რომ გაქრობის შემდეგ ვაი-ვიში იქნება).

 

 

და ბოლოს, ამ ამბის დასაწყისში ორი სიტყვის, „სახელმწიფო ინტერესის“ დამახსოვრება გთხოვეთ. გახსოვთ ის კანონპროექტი, საქართველოს მთავრობამ რომ წარადგინა პარლამენტში და მისი შინაარსი წერტილ-მძიმეებიანად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წინააღმდეგ იყო მიმართული? ის კანონპროექტი ისევ  ცოცხალია, არც არავის არ „ჩამოუქნია“ და, მით უმეტეს, არ გამოუთხოვია უკან. შესაბამისად, კანონპროექტი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს კანონად და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა გამარტივებულად მოხდება. ჰოდა, მერე საყდრისი-ყაჩაღიანის მსგავსი შემთხვევების გადაწყვეტაც გაიოლდება. ოღონდ ვერასდროს ვერ გავიგებთ, რა იყო სახელმწიფო ინტერესი: იოლი ფული, თუ კულტურული მემკვიდრეობა. პრინციპში, ვერც ახლა ვიგებთ, თუმცა ბევრი რამ ისედაც გასაგებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი