შარშანწინდელმა, ჭრელმა და მრავალფეროვანმა სტუდენტურმა მოძრაობამ, ნაცვლად განსხვავებული ჯგუფების დიდი დამეგობრებისა, კონტაქტების გაბმისა(და ამ დამეგობრებაში არა დამსგავსებას, არამედ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვგულისხმობ), შედეგად დიდი განმეგობრება გამოიღო, ურთიერთობების დიდი გამყინვარება. პარადოქსია, მრავალფეროვნებამ კი არ გაგვაერთიანა, არამედ – დაგვშალა, დაგვაპირისპირა. არადა, ყველაზე ხალისიანი და ბედნიერი ხომ სწორედ ის სამეგობრო წრეებია, რომლებიც არამსგავსი, განსხვავებული ტიპებისგან შედგება. სამწუხარო ისაა, რომ განმეგობრება-გამყინვარება თავისთავადი აქტი არ ყოფილა. ამ მავნებლურ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ძლიერ, გავლენიან და უმდიდრეს ინსტიტუციას მიუძღვის. პარადოქსია ისიც, რომ საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება სწორედ მათ მოახერხეს, ვინც კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათი, ქვეყნის გამთლიანების გარანტად გვევლინება – მისი აღმატებულება საქართველოს საპატრიარქო.
გამყინვარება მოხდა როგორც საჯარო, ასევე, პირად სივრცეებში. შევეცდები ორ ნაწილად ვისაუბრო თითოეულ მათგანზე. ორივე ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია.
„კარგი კაცი ყოფილხარ, კიკონ. შენნაირებზე სხვა წარმოდგენა მქონდა, ხო აზრზე ხარ რა პონტშიც? მარა გუშინ, იქ რომ დაგინახე, ჩემს ბრატებსაც ვუთხარი, ნახე, ესენიც აქ არიან-თქო. გაგვისწორდა, გამიხარდება თუ ვიძმაკაცებთ, ძმაო“ , – ასეთი, თავისებურად გულწრფელი წერილი მომწერა ერთმა მოძველბიჭო მორწმუნე კურსელმა, როდესაც სტუდენტურ აქციებზე გასული დამინახა. მიხაროდა მეც, რომ ამ საოცრად ჭრელ აქციებზე, ძველი ბიჭები, ჰიპსტერები, ნაციონალისტები თუ ათეისტები, გეები თუ ჰეტეროები, სრულიად განსხვავებული ახალგაზრდები ერთმანეთს ვპოულობდით. აღარ გვაღიზიანებდა ერთმანეთის შუბლზე, ვისთვის გოიმურად შემოგდებული სათვალეები, თუ ყურზე, ვისთვის არაქართულად ჩამოკონწიალებული საყურეები. უბრალოდ, გვეკიდა.
„ამდენი განსხვავებული ტიპი ადამიანის უფლებებმა გაგვაერთიანა“ – ვფიქრობდი და არ მჯეროდა. სადღაც მეამაყებოდა კიდეც, რომ თუ მამების თაობის საპროტესტო აქციები ირაციონალურ, ისტერიულ ნარატივებზე იყო აგებული, ჩვენ, შვილებს, ასეთი კეთილშობილური და კონკრეტული მიზანი გვამოძრავებდა. ალბათ, ოპტიმიზმის ბრალია, რომ მეგონა, იგივე უხაროდა ჩემს კურსელსაც. ვფიქრობდი, ამ ბიჭთან აუცილებლად ვიმეგობრებ-მეთქი.
შემდეგ იყო მუსიკოსების არტ-აქცია „სისტემა უნდა დაინგრეს“, რადიო „უცნობში“, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც მე გახლდით. აქციის მსვლელობისას სტუდიაში მოულოდნელი ზარი გაისმა. „საპატიმროდან რეკავენ პატიმრები“ – გვითხრა პროდიუსერმა და ენაც ჩამივარდა. ერთი, რომ ჯერ კიდევ ყურებში ჩამესმოდა ის შემზარავი ფრაზა, გეხსომებათ: „დედა, სტუდენტები არ მოვლენ?“ – ფრაზა, რომელსაც სიკვდილის შიშში მყოფი პატიმარი ფანჯრიდან უყვიროდა მშობელს. მეორეც, ზუსტად იმ წამს პირდაპირ ეთერში უნდა ჩამერთო ადგილი, საიდანაც უკიდურესი მასკულინური ძალადობის, ტესტოსტერონისა და დაჭიმული სხეულის კუნთების სუნს ვგრძნობდი, მათი დაბღვერილი, უბედური თვალების ფაფხურთან ერთად. რაც მთავარია, პირდაპირ ეთერში უნდა მელაპარაკა მათთან – ერთდროულად ძალადობის მსხვერპლებთანაც და შემოქმედებთანაც.
ჩავრთეთ მელორ ვაჩნაძე და მისი რამდენიმე მეგობარი, რომლებიც იქაური ძალადობის საშინელ სცენებს აღწერდნენ და საზოგადოებას შველას სთხოვდნენ. ვესაუბრეთ და უკეთესის იმედით დავემშვიდობეთ. აქ ამოვისუნთქე.
ამ ამბიდან მალევე მთავრობა შეიცვალა, გაჩნდა იმედი, რომ ჩვენ, ერთხელ უკვე ადამიანის უფლებებისთვის გაერთიანებული თაობა აღარ ვიკამათებდით ძალადობის ავკარგიანობაზე, აღარ მოგვინდებოდა სუსტის დაჩაგვრა. არადა, იცით, რა მოხდა? არჩევნებიდან სულ ცოტა ხანში, „ასავალ-დასავალის“ წინ გამართულ აქციის შეფასებისას, მოძალადე მღვდლებზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ ჩემი ფეისბუქ-მეგობართა სიიდან გაქრა ის ბიჭი, კურსელი, ანთებული თვალებით ძმაკაცობას რომ მთავაზობდა. არ მესიამოვნა, მაგრამ რა ვიცოდი, თუ ეს განმეგობრება მხოლოდ ნიავი იქნებოდა ქარიშხლამდე და თვეების წინ ანტიძალადობრივი აქციების შედეგად ციხიდან გამოშვებული პატიმრები თუ მათი, როგორც ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მხარდამჭერები, თავად იქცეოდნენ ძალადობის სინონიმებად.
კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა მცოდნოდა ეს წინასწარ? ლუკა ნახუცრიშვილი შესანიშნავ წერილში ჯერ კიდევ მაშინ ვარაუდობდა, რომ საზოგადოება აღაშფოთა, აღაგზნო არა ადამიანის, როგორც უნივერსალური ღირებულების უფლებების დარღვევამ (და ეს უფლებები იქამდეც ირღვეოდა და იქამდეც ვწერდით, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავდა, არა?), არამედ დარღვევის განსაკუთრებით პერვერტულმა, სექსუალურმა ფორმამ. სექსუალურმა ძალადობამ „ქალური“ ნივთით, ცოცხით, თან ვისზე? – მამაკაცზე. რა მოხდებოდა, ძალადობის ეს ფორმა ქალზე რომ გვენახა ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ქალი ისედაც ფიზიკური ან სიტყვიერი აგრესიისა და ძალადობის მსხვერპლია ქმრის, მამის, ძმის, ძმის ძმაკაცების, ნათესავების, თავად ქალების, დედის, დის და ვინ იცის, ვინ ოხერის მიერ? გამოვიდოდა რამდენიმე ათასი სტუდენტი? ეს, რა თქმა უნდა, ღია კითხვაა, რომელზეც პირადად ჩემი პასუხი მე უფრო ადამიანის თავისთავადი კეთილი ბუნების რწმენად მიმაჩნია, ვიღაცას კი, გულუბრყვილობად.
უბედურება ისაა, რომ ხელისუფლების ცვლილების, უკეთესი მომავლის იმედებში ცურვისას, თვალსა და ხელს შუა, მთავარ, ახლა უკვე არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოებრივი ძალადობის მამოძრავებლებად სწორედ ისინი მოგვევლინენ, დაბღვერილი, წვერებიანი მამულიშვილი სტუდენტები, ვინც თვეების წინ ჩვენთან ერთად იდგა. ეკლესია, რომელიც თვეების წინაც მიუძღვოდა მათ, პოლიტიკოსები, რომლებიც თვეების წინ მიუძღვოდა ერთს, მიყვებოდა მეორეს. აღმოჩნდა, რომ ბრძოლა მიდიოდა არა ძალადობის წინააღმდეგ, არამედ ძალადობის, როგორც უპირობო ბატონობის საშუალების მონოპოლიზებისთვის. 17 მაისის საზოგადოებრივი კატასტროფა სწორედ ამის საჯაროდ გაცხადება იყო. ჩემთვის სწორედ ამ დღეს დაიწყო დიდი გამყინვარება, როდესაც დიდმა და ფულიანმა ძალამ საზოგადოება ერთმანეთისგან გათიშა, გაგვყო მეგობრები, აფორიაქებული კურსელები, ხშირად- ოჯახის წევრებიც.
გათიშვა მხოლოდ მას აძლევს ხელს, ვისაც ბატონობა სურს. ბატონობის მსურველის მადა კი ხარბია, მეგობრებო, ძალიან ხარბი, ხვრეპს ყველას და ყველაფერს. ჩვენ მისი ციფრებში გამოსახვაც კი შეგვიძლია. ბოლო რვა წლის განმავლობაში ამ ბატონმა მხოლოდ ოფიციალურად, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენგან, ერთმანეთისგან გათიშული ადამიანებისგან 200 000 000 (სიტყვებითაც დავწერ, ასე უფრო პომპეზურად ჟღერს: ორასი მილიონი) ლარი შეხვრიპა ისე, რომ არც კი ვიცით, სად წაიღეს. თუ ამას დავუმატებთ წლების მანძილზე გადასახადებისგან თავისუფალ აურაცხელ ბიზნესსაქმიანობას, რომელსაც ეს ღვთისნიერი შავოსნები ახორციელებენ, გაყიდული სანთლებისა და ძვირადღირებული ნათლობა-ჯვრისწერებისგან თუ ავტომობილების კურთხევისგან მიღებულ შემოსავლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ეს თანხა იქნებ 500 000 000 (ისევ სიტყვებით: ნახევარ მილიარდ) ლარამდეც აღწევს.
ეს ყველაფერი, თანამოქალაქენო, ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს; სუსტი ბავშვები და მოხუცები მარტივად, შიმშილის მიზეზით ათავებენ ასეთ ძვირფას სიცოცხლეს. მაგრამ ერთიც ვიკითხოთ, ბავშვები რა სადარდებელია ქვეყანაში, სადაც ყველაზე ავტორიტეტულ ადამიანს შეუძლია საჯაროდ დაწყევლოს ნანატრი ჩვილი, რომლის გაჩენაც მის მშობლებს უამრავი დროის, თანხისა და ტანჯვის ფასად დაუჯდათ?
ასეა, როცა ბატონს ბატონობის მადა ჭამაში მოსდის, როცა ბატონს თავად ჩაგრულები უხდიან ხარკს, ის გეებს ჰეტეროებისგან კი არა, დედასაც აუღელვებლად გათიშავს შვილისგან, ღვთისა და ერის სახელით. გათიშული კონტაქტის გაცოცხლება კი, ვფიქრობ, თავად გათიშულებმა უნდა დავიწყოთ. დავძაბოთ მოაზროვნე გონება, გავუშვათ სიგნალი და თუნდაც უიმედოდ ვიკითხოთ: „კონტაქტი?! არის კონტაქტი?“ იქნებ ვინმემ, შორს წასულმა და ბატონის მიერ დაბრმავებულმა სიგნალი დაიჭიროს და გამოგვძახოს: „არის!“