კომენტარი

ჭელის მუსლიმი მოსახლეობის მიმართვა

14 სექტემბერი, 2013 • 1315
ჭელის მუსლიმი მოსახლეობის მიმართვა

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებს მივეცით უამრავი ინტერვიუები, დღეს ჩვენმა საზოგადეობამ მაინც ვერ გაიგო სიმართლე იმიტომ, რომ ვიღაცის ბრძანებით აქაც არ გაუშვეს ის, რაც არ აწყობდათ. ესეც ჩვენი ცხოვრების რეალობაა. ამისათვის ჩვენ დიდი ყურადღება არ დაგვითმია, რადგან ეს ამბავი ახალი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებისათვის და ყველა მიჩვეული ვართ ტელევიზიების დამოკიდებულობას რელიგიური უმცირესობის მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მკაცრ დირექტივებს აძლევენ. ასეთია საქართველო. ჩვენი და აქ მაცხოვრებელი მუსლიმი მრევლის (1500 კომლის) მეგობრების უმთავრესი მოლოდინი პრემიერისკენ იყო მიმართული, რომელმაც პირობა დადო საერთაშორისო საზოგადეობის წინაშე, როცა თქვა: “მე ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებ, რომ ევროპასაც გავაოცებოო“.

 

ბოლოს და ბოლოს, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა კომენტარი ბატონმა პრემიერმა (და ევროპა მართლაც გააოცა, მაგრამ არა მის მიერ დაპირებული დემოკრატიით!!) და მისი სიტყვები ცივი შხაპივით გადაგვევლო, როგორც ქართველ მუსლიმებს, ასევე საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადეობას. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ (მინარა აშენდა ღამით, ერთ საათში, და თანაც ჩუმადო). გარდა ამისა, უკანონოდ აშენდა, რადგან საბაჟოზეც კანონდარღვევით შემოიტანესო.

 

ამასთან დაკავშირებით პრემიერსაც და საზოგადეობასაც გვინდა ავუხსნათ, თუ როგორ მოხდა (მინარა) საქართველოში, რომელიც შემდეგ მთელი სახელმწიფო სტრუქტურების ბრძოლის საგანი გახდა.

 

ადგილობრვი მუსლიმების სურვილითა და ინიციატივით ფული მინარის აშენებისათვის კარგა ხანია გროვდებოდა, ხოლო ამ საქმეში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ქველმოქმედ ადამიანს შეეძლო. საჭირო თანხის შეგროვების მერე თურქეთის რესპუბლიკაში კერძო კომპანისაგან შევიძინეთ თანამედროვე ტექნოლოლოგიებით დამზადებული მინარეთი, რომელიც რკინის კონსტრუქციას წაარმოადგენს და გარედან ეკვრის სპეციალური პლასტიკატი. აღნიშნული კომპანია იმიტომ შეირჩა, რომ ღირდა იაფი და აშენებაც ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო თურქეთი იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს.

 

2013 წლის 15 ივლისს მოხდა განბაჟება წესისა და რიგის მიხედვით. განბაჟების დროს ჩვენი წარმომადგენლის, ჯამბულ აბულაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე, სადაც მითითებული იყო რკინის კონსტრუქცია, მინარეთი თავისი მონაცემებით: წონა, ღირებულება შემადგენლობა და ა.შ. მებაჟის მითითებით შევასრულეთ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც კანონი გვავალდებულებდა და ბოლოს სახელმწიფოს ბიუჯეტში გადავიხადეთ 3175 ლარი. განბაჟების დროს ჯამბულ აბულაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ჩვენი მეჩეთის თავმჯდომარე ოთარ მარკოიძე, სამცხე ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და სხვა წევრები, რომელთა თვალწინ მოხდა მინარეს განბაჟება.

 

იმავე დღეს ჩამოვიტანეთ მინარა სოფ. ჭელაში. მეორე დღეს დაიწყო მინარის კონსტრუქციის აწყობა. შესაბამისად, მომზადდა საძირკველი 2,5 მეტრი სიღრმისა და 3 მეტრი სიფართის მოცულობით. მესამე დღეს ჩამოტანიდან მოხდა კონსტრუქციის პირველი ნაწილის ანუ საძირკველში მისი რკინა-ბეტონით გამაგრება, სადაც მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურად მუშაობდა დაახლოებით 50 ადამიანი (ადგილობრვი მუსლიმი მრევლი). პარალელურად მეჩეთის ეზოში მიმდინარეობდა მინარის დანარჩენ კონსტრუქციაზე პლასტიკატის შემოკვრა. მეოთხე დღესაც მინარეთის გუმბათი დამზადდა. მეხუთე დღეს, დაახლოებით დილის 10 საათიდან 12 საათამდე მოხდა მინარის დანარჩენი ნაწილის სრულად აღმართვა სპეციალური ამწეს მეშვეობით.

 

მინარეთის აღმართვიდან 30 წუთში ჯამბულ აბულაძეს (რომელიც შემდეგ ყვება) დაურეკეს უცნობმა ადამიანებმა, რომლებმაც თავი გააცნეს პოლიციელებად, მოითხოვეს სასწრაფოდ გასულიყო გზაზე, სადაც დახვდებოდნენ. აქვე დასძინეს – თქვენი უფროსიც მოიყვანეთო (მუფთი). მე (ყვება ჯამბულ აბულაძე) დავურეკე მამუკა ვაშაყმაძეს და დაახლოებით 40 წუთში ჩავედი ცენტრალურ გზაზე, სადაც დამხვდა უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ითხოვდა – მშენებლობა შეაჩერეთო. მე გავიყვანე მეჩეთთან და ავუხსენი – მინარა უკვე დადგმული იყო და, შესაბამისად, სამუშაოებიც აღარ მიმდინარეობდა. ცოტა ხანში მოვიდა მამუკა ვაშაყმაძეც და ორივე ერთად ცალ-ცალკე წაგვიყვანეს სამმართველოში, თუ რისთვის – გვითხრეს, ჩამოხვალთ და გაიგებთო.

 

სამმართველოს უფროსი კაბინეტში ცალ–ცალკე გვესაუბრა, რომელიც მეუბნებოდა, როგორ ავაშენეთ, ფული სად ვიშოვნეთ, ვისი ბრძანება შევასრულეთ, საპატრიარქოს რატომ არ შევუთანხმეთ, თქვენ თურქეთის აგენტებოო და ა. შ. მოკლედ, ეს უკანონოა და სასწრაფოდ უნდა დაშალოთო. 3–4 საათი ვიყავით სამმართველოში, სადაც აღელვებული ხალი ჩამოვიდა (რომლებმაც უკვე გაიგეს ჩვენი პოლიციის სამმართველოში წაყვანა), რის შემდეგადაც გამოგვიშვეს. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს დაიბარეს ყველა სასულიერო მუსლიმი პირი ადიგენის გამგეობაში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა. შეხვედრა შედგა – ჩვენს მუსლიმ წინამძღვრებთან ერთად იყვნენ მრევლის წარმომადგენლებიც.

 

გამგეობის შენობის დარბაზში იმყოფებოდნენ გამგეობის აპარატი სრული შემადგენლობით, რაიონის პოლიციის წარმომადგენლები, სამცხე- ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნები, ახალციხის უშიშროების ხელმძღვანელები, კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, მოკლედ, მთელი სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები. საუბარი დაიწყო მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა, რომელმაც გვითხრა, რომ ლოცვას არავინ გვიშლიდა, მაგრამ მინარეთი არ უნდა დაგვედგა. საუბრის დროს ყველა იყო აგრესიულად განწყობილი ჩვენ მიმართ, გვიყვიროდნენ და ა.შ. ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ხალხი წარმოადგენდა კონკრეტულ მხარეს (ამ შემთხვევაში საპატრიარქოს დავალებას ასრულებდნენ), ხოლო ჩვენს შეხვედრას საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მიზნად ჩვენს შეშინებას ისახვდა. გარკვეული ადამიანების მიმართ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლობიდან (დაინტერესებულ პირებს დეტალებში მოუყვებიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ შეურაცხყოფა მიაყენეს).

 

შემდგომი დღეების განმავლობაში სოფლებში: აფიეთი, ზედუბანი, გორთუბანი, ნამნიაური, დერცელი, კეხოვანი, ჭეჭლა, ჭელა და საირმეში მიმდინარეობდა უშიშროების სამსახურების არაფორმალური, ე.წ. სადამსჯელო რეიდები. ამ სოფლებში კონკრეტულ ადამიანებზე ახორციელებდნენ ზეწოლას, აშინებდნენ და ემუქრებოდნე სხვადასხვა მეთოდებით. ეუბნებოდნენ, რომ ოღონდ მაქედან მოხსენით ეს მინარა და სხვა მიყრუებულ სოფელში დადგითო, იქ არავინ არაფერს გეტყვითო (აქაც დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას ის ადამიანები, რომლებზედაც ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა).

 

ამითაც რომ ვერაფერს მიაღწიეს, შემდეგ დაიწყეს ე.წ. სამართლებრივი დევნა მინარეთის ირგვლივ. კერძოდ, ჯამბულ აბულაძეს, ანუ ვის სახელზეც შემოვიდა მინარეთი, მოუვიდა შეტყობინება შემოსავლების სამსახურიდან (სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: „ბატ. ჯამბულ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გეგმავს თქვენ მიერ გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების ჩატარებას“, სადაც აგრეთვე მითითებული იყო: „თქვენი საქმე გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოსს უფროს აუდიტორს – მიხეილ ბერიძეს და აუდიტორს – გიორგი უზნაძეს, რომლებიც დაგეკონტაქტებიან, რათა დაინიშნოს პირველი შეხვედრისათვის მოხერხებული დრო“.

 

ეს შეტყობინება მოვიდა 8 აგვისტოს. ჩვენ ველოდებოდით, რომ ჯამბულს შეეხმიანებოდნენ და დაინიშნებოდა პირველი შეხვედრა, რაც ძალიან გვაინტერესებდა ყველას, მაგრამ გადიოდა დღეები და მას არავინ არ დაკავშირებია ამ თემაზე. შემდეგ, 20 აგვისტოს მოვიდა ბრძანება შემოსავლების სამსახურიდან (რომელიც ჯამბულის მეუღლეს ჩააბარეს, რადგან იგი ადგილზე არ იმყოფებოდა), სადაც მითითებული იყო:

 

1. ჩატარდეს გასვლითი შემოწმება, ანუ როგორც პირველ შემთხვევაში, ზემოთ მითითებული ფორმატით.
2. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აგვისტოდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
3. შემოწმების ჩატარება დაევალოს მიხეილ ბერიძესა და გიორგი უზნაძეს და ა. შ
4. კონტროლი დაევალოს დავით ბარამიძეს და ა. შ.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში –წერილობითი ან ელქტრონული ფორმით, აგრეთვე, თბილისი საქალაქო სასამართლოში.

 

ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვგეგმავდით ჯამბულთან ერთად, რომლის სახელზეც იყო შემოტანილი მინარეთი, კანონის ფარგლებში გვემოქმედა და არც არავისათვის შეგვიშლია ხელი – შეემოწმებინათ, რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ, მაგრამ როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო (ანუ მათ მხოლოდ მინარეთის მოჭრა აინტერესებდათ და არა კანონის შესრულებით იყვნენ დაკავებული),

 

ამის მერე, 26 აგვისტოს 50- კომლიან მოსახლეობას ვერაგულად, სადისტურად, ვანდალურად დაესხა სახელმწიფო, სადაც მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 ერთეული ვერტფრენი, დაახლოებით 50–მდე ერთეული სხვადასხვა სპეციალური პოლიციური დანიშნულების პიკაპი და რამდენი პოლიციელი იყო, დათვლა შეუძლებელი იყო, რადგან მეჩეთი ერთი კილომეტრის რადიუსში ალყაში ჰქონდათ მოქცეული და გადაკეტილი იყო ყველა სოფლისაკენ მიმავალი გზები. ამ ოპერაციაში აგრეთვე მონაწილეობდა ე.წ. სპეციალური დანიშნულები რაზმებიც. მოკლედ, ჩვენ ასეთი ოპერაციები მხოლოდ ტელევიზიით გვენახა. დაახლოებით ლაფანყურის ოპერაციას მოგაგონებდათ.

 

ადამიანებს ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეულმა ჯგუფმა (15–20 კაციანი, მეჩეთიდან 500 მეტრის მოშორებით, სოფელში გადასასვლელ ხიდთან, რადგან აქ ქონდათ ჩაკეტილი გზა. სწორედ პოლიციის აქ მდგარი ჯგუფი იქცეოდა აგრესიულად და სწორედ აქ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემაც და დაჭერაც), რომლებიც შიშველი ხელებით მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლებთან და ითხოვდნენ ერთ რამეს – ეჩვენებინათ, თუ ვისი ბრძანებით და რა მოტივით იღებდნენ რელიგიურ სიწმინდეს. ამ მოთხოვნაზე წამოვიდა ზიზღი და აგრესია პოლიციელების მხრიდან: აგინებდნენ ყველას, ვინც იქ ახლოს იმყოფებოდა (შეგახსენებთ, რომ ეს შეხლა-შემოხლა მეჩეთიდან 500 მეტრის მოშორებით ხდებოდა).

 

შემდეგ მიზანმიმართულად დაიწყეს ცალკეულად პიროვნებების შიგნით წრეში ძალად შეგდება, სადაც ფიზიკურად, ვერაგულად, როგორც ფაშისტები იქცეოდნენ საკოცენტარაციო ბანაკებში, ისე უსწორდებოდნენ. მიწაზე აწვენდნენ, ახოხებდნენ და ფეხებს ურტყამდნენ, თან იგინებოდნენ, თან ეს ისეთი ცინიკური ფორმით ხდებოდა, რომ ბევრი მათგანი სიმწრისაგან ტიროდა კიდეც.

 

დასაწყობებული მინარეთი ჭელაში
დასაწყობებული მინარეთი ჭელაში

როდესაც მინარეთი გაიტანეს, ადიგენის პოლიციის უფროსი, რომელიც წარსულში საქონლის ქურდებთან და ყაჩაღებთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული, მოუტრიალდა ხალხს, ხელი ამოიკოტავა და შეაგინა, თან დასძინა – თქვენ !!!!! ამას მოიტანთო. ადგილზე დააკავეს თითქმის ყველა, ვინც იმყოფებოდა – 22 კაცი (შემდეგ ამ ხალხს პოლიციელებზე წინააღმდეგობისათვის გაწევის ბრალდებით აღარ უშვებდნენ).

 

ასეთი ვანდალური ფაქტის შემდეგ შეიკრიბა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა და გაემართა ახალციხეში, სამმართველოსკენ. საამართველოს ეზოშიც მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის. აქაც რამოდენიმე ადამიანი დააკავეს. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ გამოეშვათ უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანები და მინარეთი დაებრუნებინათ თავის ადგილას. შემდეგ დაჭერილი ადამიანები ჰყვებიან, რომ მანამ არ გამოუშვეს, სანამ არ მოაწესრიგეს, სისხლიანი ხელ-პირი არ დააბანინეს. ზოგ მათგანს ტანსაცმელიც სულ დახეული ჰქონდა, რადგან ჩასვლამდე პოლიციელები სცემდნენ. აგრეთვე აგინებდნენ იმ ჟურნალისტებს, ვინც პირველად გააშუქა და ამხილა სადისტები.

 

იმ დღეს ყველა გამოუშვეს, 9 კაცის გარდა, რომლებზეც დაიწყეს ე.წ. საქმის შეკერვა. საზოგადოება არ იშლებოდა, ღამეც იქ გაათიეს. მეორე დღეს გამოუშვეს 6 ადამიანიც, ხოლო 3 პიროვნებაც სისხლის სამართალზე წარადგინეს. დღის ბოლოს კი ის 3 პიროვნებაც 2000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს.

 

შემდეგ აქცია გაგრძელდა ბათუმში და აქაც ისე გაშუქდა ტელევიზიებში, როგორც ჩვეულებრივ საქართველოში ხდება ხოლმე (ბათუმის აქციის პარალელურად ახალციხეში გამოიყვანეს ხალხი, რომელსაც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა საპატრიარქოსთან ერთად, რომლებიც მინარეთის უკან დაბრუნებას აპროტესდებდნენ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე ყვებოდა ტელევიზიით, რომ ესენი მალე მამულსაც წაგვართმევენო. ალბათ, ყველაფერი ნათელია, თუ სად და ვინ მიაქანებს უფსკრულში ქვეყანას). ასევე მათ გადაკეტეს ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, მაშინ, როცა ჩვენ ახალციხის სამმართველოსთან დგომის უფლებასაც გვიშლიდნენ.

 

ბათუმში გამართული აქციების შედეგად არასამთავრობების მხარდაჭერამ, საერთაშორისო საზოგადეობის მხარდაჭერამ, მოგვცა ის, რომ მინარეთი დააბრუნეს, სოფლის მახლობლად დაასაწყობეს და დღესდღეობით 2 პოლიციელი იცავს. ეს, რაღა თქმა უნდა, შერცხვენილი და განადგურებული მუსლიმანებისათვის (შერცხვენილი საქართველოსათვის) ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ჩვენ, როგორც განვითარებულ საზოგადეობას შეეფერება, ყველა მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, ის დანიშნულების ადგილას სანამ არ დაბრუნდება.

 

დაბოლოს, პატივცემულო საზოგადეობავ, ეს წერილი მომზადდა იმიტომ, რომ განვითარებულმა დემოკრატიულმა საზოგადეობამ გაიგოს, თუ არ მოხდა სინამდვილეში სოფ. ჭელაში და არა იმიტომ, ვიღაცას თავი შევაცოდოთ ან მთავრობის სამართლიანობის იმედი აქვს ვინმეს (ან როგორ გვექნება, როცა იუსტიციის მინისტრი, პრემიერ მინისტრიც მხარეს წარმოადგენენ), ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე პარლამენტში ეკა ბესელია საერთოდ არც კი დაინტერესებულა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. როგორი ადამიანის უფლებების დამცველია, ეს საზოგადეობამ განსაჯოს. სპეცოპერაციის შემდეგ არავინ მოსულა და დაინტერესებულა სახელმწიფოს მხრიდან, თუ რა მოხდა სინამდვილეში. გარდა არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, რომლებიც ცდილობენ დახმარება გაგვიწიონ და როგორმე ჩვენი უფლებები დაიცვან. სახალხო დამცველიც დუმს, შემოიფარგლა პატარა კომენტარით (ამ მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა).

 

დიახ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ: იუსტიციის მინისტრის, წულუკიანის განცხადება და პრემიერის განცხადება სამწუხარო ანალიზს იძლევა. აქ ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, კარგად იცოდნენ, მაგრამ ყველაზე გულსატკენი ის ტყუილებია, რასაც იუსტიციის მინისტრი და პრემიერიც ერთხმად აცხადებენ ტყუილს… მინარეთი ერთ ღამეში და ჩუმად დაიდგაო. ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის მმართველებისაგან. ესაა მიზანმიმართული დისკრიმინაცია ქართველი მუსლიმების წინააღმდეგ. თუ რატომ ექცევა ასე სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, ქართველ მუსლიმებს, თუ რატომ არ ვართ ჩვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, თუ რატომ გვაფურთხებენ ყოველთვის სულში, ეს იმ საზოგადეობისათვის მიგვინდია, ვინც გვამართლებს, მაგრამ ჩვენს გვერდით დგომას მაინც არ კადრულობს. ჩვენ კი კარგად ვიცით ჩვენი დანაშაული, ეს დანაშაული კი ჩვენი სარწმუნოებაა (ისლამი), რომელსაც ვაღიარებთ და რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (აქაც, როგორც ჩანს, სახელმწიფოს მორწმუნე ადამიანები არ უნდა. მათ, როგორც ჩანს, ისეთი საზოგადეობა სურთ, სადაც ქურდობას, ძარცვას, ნარკომანიას ასწავლიან და რწმენასთან და სიყვარულთან არანაირი შეხაბა არ აქვთ). მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ რწმენით ცხოვრებას, მუდამ ვასწავლით ღმერთის სიყვარულს, ადამიანების.. ერთმანეთის სიყვარულს, მეზობლისადმი პატივისცემას, სამშობლოსადმი სიყვარულს. დიახ, ჩვენ არ დავეცემით მათსავით, რადგან ისლამი გვასწავლის – სულით დაცემულს შველა ჭირდება და არა – ფეხის დაბიჯება).

 

მერე რა, რომ ჩვენ შიშველი ხელებით ვიყავით მისული და გვცემეს; მერე რა, რომ მიწაზე ახოხეს პატივცემული მასწავლებელი თავისი მოსწავლეების თვალწინ იმიტომ, რომ ასე სურდათ, რადგან ძალა მათ ხელში იყო; მერე რა, რომ ყველას გვაგინეს, იმიტომ, რომ მუსლიმები ვართ – ჩვენ მაინც ამაყი ვართ, რადგან ჩვენ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს რწმენას ვიცავდით. ჩვენს ახალ ფეხადგმულ დემოკრატიას ვიცავდით შიშველი ხელებით, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა.


მიუხედავად იმისა, რომ გვცემეს, გვაგინეს, ჩვენი სალოცავი შეურცხყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მუსლიმი წინამძღვრებისათვის დახურულია ყველა ტელევიზიის კარი, ჩვენ მაინც ქართველები ვართ (მაგრამ არა ისეთი ქართველები, რომლებიც თავის მოქალაქეებს და ძმებს გინებითა და იარაღით ემუქრებიან), რადგან სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ქვეყნის იმ მოქალაქებად, რომლებისთვისაც სამშობლო, რწმენა და თავისუფლება მათი განუყოფელი ნაწილი იქნება და თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდათ ჩვენთან სიახლოვისა, შემოგვიერთდით, რათა ერთად შევიდეთ ცივილიზებული სამყაროს წიაღში.

 

სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ სამოქალაქო საზოგადეობის უმრავლესობას არ აქვს პასუხი, თუ რატომ იყო დავით აღმაშენებელი ჩვენზე 10 საუკუნით წინ. ვერ მოვახერხეთ წინ წასვლა, როგორც ჩანს, დავითამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი.

 

დაბოლოს, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადეობას, ბაპტისტურ ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვრებს, სამოქალაქო დემოკრატიულ საზოგადეობას მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის სიმართლის გვერდით (ველოდებით საქართველოს პარლამენტისა და ბატონი დავით უსუფაშვილის რეაქციას მომხდართან დაკავშირებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი