კომენტარი

თოთხმეტი მოკრძალებული დღე

8 სექტემბერი, 2013 • 1528
თოთხმეტი მოკრძალებული დღე

ბარგი ერთი ამოსუნთქვით ჩავალეგე- წიგნები, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები, შტატივი და აჭარის სხვადასხვა მასშტაბის დეტალური რუკები მოვიმარაგე და მომავალი დღის დილის შვიდი საათის მოლოდინში ძილის მინისტრს იმ იმედით ჩავბარდი, რომ ჩემი მოკრძალებული შვებულების დროს არ შევამოწმებდი სამსახურებრივ ელფოსტას, თითქმის არ ვუპასუხებდი სატელეფონო ზარებს და არ ვნახავდი ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს (ამ „სიკეთეზე“ ისედაც დიდი ხანია მაქვს ხელი აღებული). სამაგიეროდ მთელი თოთხმეტი დღე მექნებოდა წიგნების საკითხავად, მუსიკის მოსასმენად, სოფელში წასასვლელად და, რაც მთავარია, მთაში გასაქცევად. 

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე


სახლი

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი ჩემი ქალაქია, მახინჯაურში მატარებლის გაჩერების შემდეგ გეზი პირდაპირ ქედისკენ ავიღე და მეც სახლისკენ გავქუსლე. წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ჩემი მოკრძალებული შვებულების დროს ბათუმში მხოლოდ ორჯერ და ისიც სასხვათაშორისოდ უნდა ჩავსულიყავი. აი, სახლში ყოფნის დროს კი ბევრი რამ უნდა მომესწრო. 

 

 

სახლში თითქმის ყველაფერი ისე იყო, როგორც ორი თვის წინ. საუბრები შინაურ და გარეულ ამბებზე, სოფელსა და წლევანდელ მოსავალზე, პრობლემებსა და წარმატებებზე, იმედებზე, სურვილებსა და პერსპექტივაზე. ერთი თვალშისაცემი განსხვავება, რაც სახლში ჩასულმა მეორე დღესვე დავაფიქსირე, ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც ბაღში გამოცხადებული არდადეგების შემდეგ ერთნაირი წარმატებით გადადიოდენ ყირაზე, როგორც სახლში, ისე ეზოში. ამ ყველაფერს კი შიგადაშიგ წარმატებით ემატებოდა საინტერესო წიგნების კითხვა, მუსიკა და ხეტიალი ახლომდებარე სოფლების გზებსა და ტყეებში. ცხადია, არც სოფელში ბებოსთან სტუმრობა არ დამვიწყებია და დასამწიფებლად შემზადებული ვენახისა და წვიმის შემდეგ ქარის მიერ მოტანილი სიმინდის ტკბილი სუნის შეგრძნება.

 



მომავალში დაკარგული მდინარე (?)

 

შვებულების განუყოფელ ნაწილს სახლთან ახლოს მდინარე აკავრეთის ხეობის იმ მონაკვეთზე სეირნობა და დასვენება წარმოადგენდა, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. დღეგამოშვებით ვნახულობდი ყველა იმ ადგილს, სადაც ჩემი ბავშვობის დროს საბანაო იყო მოწყობილი – „ხიდის ქვეშა“, „ზედა საცურაო“, „ჭუტიას სახლის ქვეშა“… ეს  ის ადგილებია, რომლებიც ჩემს თანატოლებსა თუ უფროსებს, ყველას კარგად ახსოვს. ძველი საბანაო ადგილების მონახულებისას თავისთავად მახსენდებოდა ზაფხულის ცხელ დღეებში მდინარეზე გატარებული დრო, მდინარის კამკამა წყალში მზის ამოსვლისას დათვლილი – „მურწა“, „ნაფოტა“ „ღორჯო“… მეთევზეები, სეირნობა, სახელდახელოდ დანთებულ ცეცხლზე შემწვარი სიმინდი და, რაც მთავარია, ჩემი ორი მეგობარი, რომელთა გარეშეც მაშინ არც დღე იყო და არც ღამე.

 

თუმცა, ახლა ამბობენ, რომ აკავრეთა აჭარაში მშენებარე ჰიდროელქტროსადგურების ინტერესების სფეროში ხვდება და საჭიროა მდინარის ჰიდრორესურსის ათვისება. ჰოდა ასე, თუ ეს ამბავი მართალია, მაშინ შეიძლება, რომ ერთ მშვენიერ დღეს აკავრეთისგან პატარა წყარო დარჩეს, ხეობამ სახე იცვალოს და მერე აკავრეთა მართლაც მომავალში დაკარგული მდინარე გახდეს.

 

ღომა

 

შარშან, სექტემბრის ბოლო დღეს ღომას მთაზე ნანახი საოცარი დაისის შემდეგ, როცა კოსლითავის მთის გადაღმა მზე ჩაიმალა და შუახევის მთებიდან ვებერთელა მთვარე ამოცურდა, გადავწყვიტე, რომ მომავალ წელს ღომაზე აუცილებლად დავბრუნდებოდი. შესაბამისად, წელს ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში თბილისში მყოფმა ვიცოდი, რომ აგვისტოს ბოლო დღეებში ჩემი შვებულება სწორედ მთაში უნდა დასრულებულიყო. ერთადერთი, რასაც ამ გეგმის განხორციელებაში შეეძლო ხელი შეეშლა, ეს წვიმიანი ამინდი იყო. ჩემდა გასახარად წელს, ისევე როგორც შარშან, ამინდმა ჩემ მხარეს დგომა არჩია.

 

ღომას მთამდე გზა მერისის ხეობაზე გადის. მე კიდევ სულ ვამბობ, რომ მერისის ხეობა ულამაზესი ხეობაა მთელს დუნიაზე და ერთხელ მაინც თუ არ ყოფილხართ ამ ხეობაში და არ გინახავთ სიმწვანეში გახვეული ეს სილამაზე, მაშინ მართლაც ბევრი დაგიკარგავთ.

 

ნამონასტრევის შემდეგ თანდათანობით იცვლება ჰაერი და ფლორა. ტყე სავსეა მოცვით და სოკოთი. მერე, ნელ-ნელა ამ ყველაფერს რომ აჩვევ თვალს, პირველი გაჩერების დროც მოდის და უკვე თივნარას მთაზე ხარ. ნამდვილი სასწაული კი აქედან იწყება. წიფლნარით დაბურული ტყე, ქარის ხმა და ტყის სიჩუმე, შიგადაშიგ საოცარი ხედები მერისის ხეობაზე და შენ სულ უფრო მეტად რწმუნდები იმაში, რომ იქ, მაღლა მთებში და მთებთან ახლოს ძალიან ძნელია იპოვო ზღვარი ცხადსა და ზღაპარს შორის. დროც თითქოს გაჩერებულია და სხვა სამყაროში გიწევს გადასვლა. მერე წიფლნარს წიწვოვანი ტყეები ანაცვლებს, მზის შუქი კლებულობს, მშვიდი ქარის ხმაც მხოლოდ ალაგ-ალაგ ისმის და სანამ ათიდან ერთამდე ჩამოითვლი უკან, ვებერთელა ტრიალ მინდორზე ამოყოფ თავს.

 

იაილები, კანტიკუნტად აქა-იქ შემორჩენილი მემთივრები და ბავშვები. ეს ყველაფერი კადრებად ლაგდება გონებაში და თავის ადგილს იჭერს. ამ ყველაფრის ზემოთ მხოლოდ ღომას მთაა, საიდანაც, თუ ჯერ კიდევ შეგწევს ძალა და მთის თავზე ახვალ, ულამაზესი ხედები იშლება თვალწინ: წინაველა, კოსლითავი, მერისის ხეობა, თოვლიანი კარჩხალის ქედის მთები სამხრეთით, ღომასგან დასავლეთით და აღმოსავლეთით გაწოლილი შავშეთის ქედი და შორს, ჩრდილოეთით მთელს სიგანეზე გაყოლებული მესხეთის ქედის მთები, ქედებზე ჩალაგებული სოფლები სახლებით და ჯერაც დაუმწიფებელი მწვანე სიმინდის ყანებით.

 

ღომას მთიდან დაშვების დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შედარებით დაბლა მდებარე თივნარას მთის ტყე თხელ ნისლში იყო გახვეული და ძალიან რომ მომდომებოდა, ჩამავალი მზის სხივების დათვლასაც შევძლებდი წიფლნარ ტყეში. ბუნების ამ ულამაზესი საჩუქრით ისე დავრჩი გაოცებული, რომ კარგ ხანს არ მჯეროდა ნანახის. მერე, გონს რომ მოვეგე, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, თუ რომელი უფრო ლამაზი იყო, შარშან ოქროსფრად შეფერილი, თუ წლევანდელი თხელ ნისლში გახვეული მწვანე  წიფლნარი ტყე. პასუხზე ბევრი არ მიფიქრია, სამაგიეროდ გვიან ღამით ბათუმში დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი, რომ სექტემბრის ბოლოს შესაძლოა ისევ მივაშურო მთას, ამჯერადაც შავშეთის ქედზე და ისევ ერთი დღით.

 

დასასრულის მაგიერ

 

ახლა, როცა ჩემი მოკრძალებული შვებულების თოთხმეტი დღე დასრულდა და თქვენ ამ ამბავს კითხულობთ, მე ისევ სამსახურში ვარ. ახლა ისევ უნდა ვიფიქრო პროექტით გათვალისწინებულ პრეზენტაციებსა და შეხვედრებზე. სხვადასხვა სახის ანგარიშის მომზადებასა და წაკითხვაზე. თუმცა, ჩემი მაგიდის კალენდარზე სექტმებრის თვეში მონიშნული შეხვედრებისა და პრეზენტაციების თარიღების გარდა კიდევ ერთი თარიღია მონიშნული და ამ თარიღს არაფერი აქვს საერთო სამსახურთან. ეს მთაში წასვლის თარიღია და თუ ამინდი ისევ ჩემ მხარეს დადგა, აუცილებლად წავალ.

 

არც ისე შორია სექტემრის ბოლომდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი