კომენტარი

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს საპრეზიდენტო არჩევნების იმედი აქვს

15 აგვისტო, 2013 • 1355
საქართველოს სომეხთა სათვისტომოს საპრეზიდენტო არჩევნების იმედი აქვს

“27 ოქტომბერს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ახალს არა მარტო იმიტომ, რომ სააკაშვილის ათწლიანი მმართველობა დასრულდება, არამედ იმიტომ, რომ 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის „ფუნქცია“ განსხვავებული იქნება წინა პრეზიდენტებისგან. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოში დამკვიდრებული იყო ე.წ. საპრეზიდნტო მმართველობის ფორმა.  რაც ნიშნავდა იმას, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მმართველია. მის ხელში არის კონცენტრირებული ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის მართვის ყველა სადავე. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მმართველობის მსგავსი ფორმა პრეზიდენტს აბსოლუტურ მონარქად აქცევდა ერთი გამონაკლისით, რომ „სუპერ პრეზიდენტს“ მმართველობის პერიოდი ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული.

 

2010წ. საქართველოს პარლამენტმა კენჭი იყარა და მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულება–სწორედ ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლა იყო. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველომ მმართველობის  ე.წ. ნახევრად საპრეზიდენტო ფორმა „აირჩია“. მოკლედ ვეცდებით აღვწეროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების არსი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის უფლება–მოვალეობებს შეეხება:

 

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი; მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას; არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში; ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს; მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს; წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; აცხადებს საომარ მდგომარეობას; პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს; კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში დაითხოვს საქართველოს პარლამენტს; ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. ეს არის ის ძირითადი ფუნქციები რომლებსაც ახალი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ახორციელებს. 

 

როგორც ვხედავთ საუბარი იმაზე, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ერთგვაროვან უძლურ, სიმბოლურ თანამდებობის პირად იქცევა, სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება.  ქვეყანაში იქმნება მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი) თავის თავს დააბალანსებს. პარლამენტი, გარკვეულ წილად პრეზიდენტზეა დამოკიდებული, პრეზიდენტი მთავრობაზე, ხოლო მთავრობა პარლამენტზე.

 

„საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური,  ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.“ 

 

ბუნებრივია, რომ თუ ადამიანს პრეტენზია აქვს ქვეყნის მეთაურობაზე, ის პატივს უნდა სცემდეს ქვეყნის მოქალაქეებს, იცოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ამ კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობა. საქართველოს სომეხი ეროვნების მოსახლეობის შემთხვევაში, მეთაური უნდა ფლობდეს ინფორმაციას ვითარებასთან დაკავშირებით, მას უნდა ჰქონდეს არსებული სირთულეების სამართლიანი გადაჭრის მკაფიოდ გამოხატული სურვილი და რა თქმა უნდა ამ „სურვილის“ განსახორციელებლად ჩამოყალიბებული ხედვა, პროგრამა. 

 

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს (ისევე როგორც არჩეულ პრეზიდენტს) ღიად არ უსაუბრია ქვეყნის სომეხი ეროვნების მოსახლეობასთან. არ გამოუთქვამს ხედვა სომეხი ეროვნების მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით. შესაბამისად არც სირთულეების გადაჭრის გზებზეც არ უსაუბრია. ალბათ ეს იმის ბრალიც იყო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ქვეყნის პრეზიდენტი ყოველთვის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად უდგებოდა სახელმწიფოს მეთაურობის სათავეში.

 

ამ მხრივ, 27 ოქტომბრის არჩევნები– უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, დაუმტკიცოს მსოფლიოს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარ მოსახლეობას, რომ  აქვს უფლება საკუთარ თავსუწოდოს – დემოკრატიული. ამავე დროს ქვეყნის სომეხ მოსახლეობას მორიგი შანსი გვეძლევა გავერკვიოთ იმაში, თუ ვინ ვართ ჩვენ –  მოსახლეობა თუ მოქალაქეები? ხომ არის ამ ორ ტერმინ შორის ფუნდამენტალური განსხვავება?” 

მასალების გადაბეჭდვის წესი