კომენტარი

წამებისა და პირადი ცხოვრების კადრები – “ეს არ არის სანახაობა”

25 ივნისი, 2013 • 1443
წამებისა და პირადი ცხოვრების კადრები – “ეს არ არის სანახაობა”

მე კარგად მახსოვს, როდესაც გავრცელდა წინასაარჩევნოდ ციხის კადრები, მაშინ ყოფილმა ხელისუფლებამაც ისაუბრა იმაზე, რომ საქმე ეხებოდა სისტემურ პრობლემას. მათ იგულისხმეს ეს დანაშაული თუ სხვა რამ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დანაშაულის ხარისხი უნდა შეაფასოს გამოძიებამ.

 

რაც შეეხება სისტემური დანაშაულის კვალიფიკაციას. როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან – ეს არის შეფასებითი ტერმინი, როდესაც დანაშაულს კვალიფიკაციას აძლევს საგამოძიებო ორგანო – ეს უკვე სულ სხვა თემაა და მას სჭირდება დადასტურება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი ისეთი ზოგადი შეფასებისგან, როგორიცაა “სისტემური დანაშაული”, რადგანაც არ არსებობს გამოძიების შედეგები, რომელმაც ასეთი დანაშაულის სისტემურობა აჩვენა. მე ამას არ გამოვრიცხავ და, რა თქმა უნდა, სათანადო გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს ეს ყველაფერი და სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

 

რაც შეეხება ბედუკაძის შემთხვევას, თუ პირი, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, უშუალოდ მონაწილეობდა წამებაში, მაშინ აუცილებელია, რომ მისი მონაწილეობა იქნას სრულად გამოძიებული. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიხედვით, ზემდგომი პირის მითითებით ან ბრძანების ქვეშ მოქმედება არ შეიძლება იქნას ინფორმაციის გამავრცელებელი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. კომიტეტი აგრეთვე კრძალავს წამების ჩამდენი პირის ამნისტირებას ან რაიმე სახის იმუნიტეტს. თუ პირი უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანის წამებაში, ან წამების ბრძანება გასცა, ან შეეძლო და არ შეაჩერა ადამიანის წამება, ის აუცილებლად უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესებში შედის სისტემაში შიგნით მყოფი პირის მიერ ინფორმაციის გარეთ გამოტანა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა წამების პრევენცია მოხდეს და ჩადენილი დანაშაულის
შემთხვევაში დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. შესაბამისად, პირის მიერ წამების მხილება, ინფორმაციის გავრცელება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოება საბოლოო სასჯელის დადგენაში პირის მიმართ. მაგალითად, პრობაცია ან არასაპატიმრო სასჯელი, რაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებული უნდა იყოს ამ პირის წამებაში მონაწილეობის ხარისხით.

 

გიორგი გოგია/ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი გოგია/ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (218-ე მუხლი) აძლევს მთავარ პროკურორს უფლებამოსილებას, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით, თუ ბრალდებულმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ამ თანამშრომლობით გაირკვა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხდა დანაშაულის გახსნა. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მთავარი პროკურორის შუამდგომლობას, ბრალდებული სრულად თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად. თუმცა, იგივე 218-ე მუხლი კრძალავს ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ბედუკაძის შემთხვევაში, შესაძლებელია დარღვეულიყო საქართველოს კანონმდებლობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბედუკაძე სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი გამოძიების დასრულების შემდეგ და გადაწყვეტილება მიღებული იქნა სასამართლოს მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

 

დაბოლოს, რჩება მნიშვნელოვანი კითხვა, რამდენად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას წამების პრევენციის საკითხებში და ხომ არ მოხდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, როცა მთავარი პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ სრულად გაათავისუფლა სასჯელისაგან პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანის წამებაში?

 

საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტი, მაშინ, როცა საქმე შეეხება ადამიანის წამებას და თუ ამის საშუალებას რაღაცა სახით იძლევა 218-ე მუხლი, ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს. ინფორმაციის გახმაურება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, უნდა დარჩეს შემამსუბუქებელ გარემოებად სასჯელის დადგენის შემთხვევაში, თუმცა დაუშვებელია პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება, როცა საქმე გვაქვს ადამიანის წამებასთან.

 

ადამიანის უფლებათა დამცველებსაც ხშირად ეშლებათ ორი მნიშვნელოვანი მომენტი, საუბარი არის ორ სხვადასხვა სახის კადრებსა და ინფორმაციაზე. ერთი არის მასალა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იქნა უკანონოდ შეგროვებული და რომელიც შეეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, ანუ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და მეორე არის წამების ამსახველი კადრები. მათი გამიჯვნა უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება წამების ამსახველ კადრებს, მისი განადგურება ყოვლად დაუშვებელია, სანამ არ შეისწავლება დეტალურად და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მიეცემა ყველა ის პირი, ვინც ამ კადრებში შეიძლება იყოს როგორც შემკვეთი, ისე შემსრულებელი და ასე შემდეგ. აქ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. დასადგენია, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ უნდა მისცე ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ იმ სამხილს, რომელზეც ასახულია პიროვნება, რომელიც ახორციელებს ამას, გაანადგურებ. სულ სხვა საკითხია, ამ კადრებს აჩვენებენ თუ არა.

 

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აქ ცალსახაა საკითხი და ვწუხვარ, რომ ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ჭიანურდება ეს საკითხი. ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მან შეაგროვა თუ არა მსგავსი მასალა და გამოიყენებს თუ არა მომავალში, თუ ფლობს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ის დაუყოვნებლივ უნდა
განადგურდეს იმიტომ, რომ პირდაპირ ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი.

 

იმისათვის, რომ დადგინდეს, ვინ ახორციელებდა ამას, სახელმწიფოს არ სჭირდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი, იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრს იცავს კანონმდებლობა, სახელმწიფო ან სხვა ვინმე გამოიყენებს ამას თუ არ გამოიყენებს, ის შეიძლება გახდეს საჯარო, შესაბამისად, ზიანი მიადგეს ადამიანს.

 

ამ მასალებთან, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიწრო წრეს უნდა ჰქონდეს წვდომა, გამომძიებლებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ კონკრეტული პირები. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მსხვერპლიც, გარდა იმისა, რომ წამებასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც ასეთ მძიმე დანაშაულს სჩადის, მას ასევე აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა – ფსიქო-სოციალური, უფლებრივი და ქონებრივი რეაბილიტაცია მოახდინოს ყველა დაზარალებულის. შესაბამისად, მის პასუხისმგებლობაში შედის მათი მოძებნაც და რეაბილიტაციაც.

 

საუბარია, უნდა ეჩვენებინათ თუ არა ეს კადრები საზოგადოებისათვის. მე ბოლომდე ვერ მივხვდი, რას ემსახურებოდა ამ კადრების ჩვენება. “საზოგადოებამ უნდა იცოდეს” – ჩემთვის გაუგებარი ტერმინია. საზოგადოება შეიტყობს ამ ყველაფერს, შენ თუ ჩაატარებ სათანადო, გამჭვირვალე გამოძიებას და პასუხისგებაში მისცემ კონკრეტულ პირებს თუ ჯგუფს. თუ არ
ხერხდება ამ საქმის გამოძიება რაღაც მიზეზების გამო, ეს კიდევ სხვა საკითხია. თუმცა, არ ვიცი, რა წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, როდესაც ამდენი სამხილი არსებობს.

 

თუ აჩვენებ ვინმეს ამ კადრებს, თუნდაც ვიწრო წრეს, აუცილებელია გქონდეს დაზარალებული პირების თანხმობა, რომლებიც არიან ამ კადრებში. მათი თანხმობის გარეშე კადრის ჩვენება, როდესაც რაღაც შანსი არსებობს მათი იდენტიფიცირების, იმ წრისთვის, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავებული გამოძიებით, არასწორია. ეს არ არის სანახაობა. მესმის, რატომ სურთ პოლიტიკოსებს, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ მარტო ცოდნა
არ არის საკმარისი, ვიღაცის განრისხება, ამ საზოგადოების აღშფოთება არ არის სამართლებრივი პასუხი იმაზე, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. თუ ქვეყანაში ადამიანს აწამებდნენ, სახელმწიფო ვალდებულია, ის პიროვნება, ვინც ძალადობას სჩადიოდა, აწამებდა და აუპატიურებდა, დააკავოს, გამოიძიოს და მისცეს პასუხისგებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი