კომენტარი

პრემიერის მიმართვის აქცენტები

27 მაისი, 2013 • 1257
პრემიერის მიმართვის აქცენტები

ქალბატონო ლელა, როგორ შეაფასებდით 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას, რით ჰგავდა და განსხვავდებოდა ეს მიმართვა წინა წლებში სხვა ლიდერებისაგან მოსმენილი მიმართვებისაგან?


შედარებისთვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ცნებებს, რომლებსაც იყენებენ ლიდერები ამ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს. მე, უბრალოდ, ჩამოგითვლით ცნებებს, რომლებსაც იყენებს მიხეილ სააკაშვილი და ცნებებს, რომლებსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილი და შევადაროთ. ცალკე აღებული ისინი არაფერს გვეუბნება, მაგრამ მათი ერთობლიობა ამბობს, რა იდეურ საწყისებს ეფუძნება მიმართვა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში დამოუკიდებლობის დღეს გამოიყენა ცნებები: გმირები, სისხლი, თავგანწირვა, ბრძოლა, დამოუკიდებლობა, მტრები, დამპყრობელი, კანონის უზენაესობა, სამშობლოს დაცვა, სახელმწიფო და დემოკრატია, ნიჭიერი ქართველი ერი, ომი, შიმშილი, ჩვილი ბავშვივით უსუსური სუვერენიტეტი, თავზეხელაღებული მეზობელი, იმპერიის აღდგენა, ფსკერზე დანარცხება და მაინც ზემოთ ამოსვლა, წესრიგის დამყარება, კრიმინალი, კანონის წინაშე თანასწორობა, კანონიერი ქურდები, შავი მენტალიტეტი, დასავლური ცივილიზაცია და საქართველო, გაჭირვება, უმუშევრობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოს გამთლიანება და სრული დეოკუპაცია, გამძლეობა და შეუპოვრობა, სახელმწიფო აპარატი და ეროვნული ღირსება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მტრის ხრიკები შანტაჟი, ზეწოლა, საქართველოს თავისუფლება და ბოლო წინადადება, რითაც დაასრულა გამოსვლა, ეს არის: მტრის ხრიკის, შანტაჟის და ზეწოლის მიუხედავად საქართველო იქნება თავისუფალი, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ერის მფარველი. 


ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში მოხსენიებული ცნებებია: თანამოქალაქე, 1918 წლის 26 მაისი, ქართველი ხალხი, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული რესპუბლიკა, ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი, წითელი არმია, საბჭოთა იმპერია, ტოტალიტარული რეჟიმი, 1991 წელი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პასუხისმგებლობა, დემოკრატია და თავისუფლება, დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება, დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, თავისუფალი მედია, მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგება, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველო, სახელმწიფო და კანონი, პასუხისმგებლობა, კანონის წინაშე თანასწორობა, ადათ-წესების ერთგულება და ახლის შეთვისება-შეგუება, ქსენოფობია, ჰომოფობია, გაუაზრებელი მიმბაძველობა, აფხაზი და ოსი ძმები, უმცირესობები, განსხვავებული აზრისა და ადამიანის პატივისცემა, ბიზნესის თავისუფლება, ვალდებულება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩვენი პერსონალური ვალდებულება. ის გამოსვლას ამთავრებს ფრაზით: გისურვებთ ყველას მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, კეთილდღეობას, გისურვებთ ყველას, გეამაყებოდეთ დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება და წარმატებებს გისურვებთ ყველას. 


ლელა გაფრინდაშვილი
ლელა გაფრინდაშვილი

შედარებისთვის მე გამოვიყენე 2011 წლის 26 მაისის მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული სიტყვა და ჩემი განმარტება არ სჭირდება არავის, თუ რა ვითარებაში, როგორი სამარცხვინო ღამის შემდეგ ხდებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ ცხადია, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გადაებრალებინა სხვებისთვის, მტრებისთვის და საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ ელაპარაკა. აქედან გამომდინარე მისი ტონი უფრო დიდაქტიკური და დამაფრთხობელი იყო. ივანიშვილის გამოსვლა იყო უფრო მშვიდობიანი და აქცენტები, რომელსაც ის აკეთებდა, ჩემი აზრით, განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ ვისმენდით მანამდე. არანაკლებ საინტერესოა ამ ყველაფრის შედარება გამსახურდიას და შევარდნაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთანაც, რომ დავინახოთ დინამიკა, თუ საით მივდივართ, როგორ მივდივართ. შევადაროთ ლიდერების სიტყვები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ მართავენ ქვეყანას და არიან ღირსეულები ამ პოზიციაზე, ეს ყველაფერი იქნება საინტერესო.


რა იყო ივანიშვილის მთავარი გზავნილი ამ მიმართვაში?


სწორედ ამიტომ იყო ინოვაციური და ახლებური ეს გამოსვლა ჩემთვის, რომ მან თანაბრად გაანაწილა პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებაზე, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება, ასევე – მოქალაქეებზე. ეს არ იყო ჭკუის დამრიგებლური, “ზემოდან” ტექსტი. როდესაც მოქალაქე უსმენს მას, არ ფიქრობს, აი, ამან უნდა გადამარჩინოს, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, ააშენოს დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა ზოგადად ქვეყანაში. ეს განცდა კი არ გაქვს, არამედ გაქვს განცდა, რომ ეს შენი გასაკეთებელიც არის. ტექსტში არის პასაჟი, როცა გვეუბნება, ჩვენ გვჯერა თქვენი, გვეუბნება მოქალაქეებს, თქვენ უნდა დაგვეხმაროთო. ის არ ამბობს – ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ გპირდებით, ჩვენ შეგვწევს ძალა. ძირითადად, ასეთი ტექსტებით იყო ხოლმე სიმბოლურ დღეებში გამოსვლები, უფრო ხოტბის ნიშნებს ატარებდა. იშვიათია გამოსვლები, როდესაც მოქალაქეს აქვს განცდა, რომ რაღაც ისეთი ხელთუქმნელი კერპი კი არ ლაპარაკობს, რომლისგანაც ელოდება კეთილდღეობას, არამედ ლიდერი მას უბიძგებს იმ პასუხისმგებლობისაკენ, რაც ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, გვეკისრება ხელისუფლებასთან ერთად. ამიტომ ამ აქცენტების თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოსვლა იყო. 


კანონის უზენაესობა ბევრჯერ ახსენა…


დიახ, ეს იყო სამართლის კარგი მცოდნეს ტექსტი. სახელმწიფო იძლევა პირობას, თავისი სტრუქტურებით, ინსტიტუციით, რადგან რაც ქვეყანაში ხდება, ამაზე პირველყოვლისა სახელმწიფოა პასუხისმგებელი. მოქალაქეები ამისთვის ვიხდით ჩვენი შემოსავლებიდან. გვჭირდება სახელმწიფო, რომ ის გვემსახუროს, რომ მან შექმნას სოციალურად სამართლიანი გარემო და დაიცვას სუსტები. ასევე, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ შენი კულტურის, ტრადიციის, ადათ-წესების პატივისცემა არ ნიშნავს სხვების ტრადიციის უგულებელყოფას და შეურაცხყოფას. პირიქით შენი და სხვისი პატივისცემა აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ თანაარსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს ხაზგასმა იყო მკვეთრად მნიშვნელოვანი. 


ამ მიმართვას მთლიანად საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული ადრესატებიც ხომ არ ჰყოლია? 


ბუნებრივია. წინა კვირა იყო დაძაბული სწორედ სამართლის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხრივ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს აქცენტები გამოწვეული იყო სწორედ ამით. ეს იყო შეხსენება და ალბათ, გაფრთხილებაც იმათთვის, ვინც გამორიცხავს კანონის უზენაესობას და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მოთხოვნებს. ვინც ამ ორ თემას უპირისპირებს ერთმანეთს, მათთვის ეს იყო ალბათ გაფრთხილება და ძალიან სწორიც, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ კანონის წინაშე თანასწორია ყველა, ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი.


იყო რაიმე, რაც არ მოგეწონათ ან დაგაკლდათ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში? 


ბიზნესის თავისუფლებაზე რაღაც თქვა, მაგრამ ეკონომიკაზე თითქმის არაფერი თქმულა. გასაგებია სამართლიანობა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის, ზოგადად კანონის უზენაესობის მოთხოვნილება ყველა მოქალაქეს აქვს. ადამიანები ელიან დაინახონ პერსპექტივა და გარდა სამართლებრივი პერსპექტივისა, ეს არის ეკონომიკური პერსპექტივა. როცა ადამიანი თავის ცხოვრების უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვერ ხედავს ამას, მაშინ ის არის უკმაყოფილო. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები თავის განვითარებას ხედავენ ყოველდღიურ პერსპექტივაში, შეუძლიათ გამოთვალონ, როგორ განვითარდება მათი ცხოვრება. ჩვენს ქვეყანაში სასოწარკვეთილია ხალხი, მიტოვებული. სამართლიანობის განცდა ფუნდამენტური განცდაა, შეიძლება ადამიანს შიოდეს, ვერ ხედავდეს ვერანაირ პერსპექტივას, მაგრამ ჰქონდეს უკიდურესი სოლიდარობა დაჩაგრული ადამიანის მიმართ, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი