კომენტარი

რატომ შეცვალა საპატრიარქომ ერთობლივი განცხადების ტექსტი

16 მაისი, 2013 • 1926
რატომ შეცვალა საპატრიარქომ ერთობლივი განცხადების ტექსტი

საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ყველა რელიგია ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს”. ეთანხმებით ამ აზრს?

 

თეოლოგიურად ეს მთლად ასე არ არის. არსებობენ ცნობილი ქრისტიანი, მუსლიმი და იუდაელი თეოლოგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ავადმყოფობა კი არა, არამედ ღმერთისგან მოცემული ნიჭია კაცობრიობისთვის, რომ ადამიანი ასეთად არის დაბადებული და მას ასეთი მდგომარეობიდან შეუძლია საგანგებო, გამორჩეული და ძვირფასი წვლილი შეიტანოს ცივილიზაციის განვითარებაში. არის ასევე საპირისპირო აზრიც. იგი რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან. ჩვენ გვაქვს პოლარიზაცია თეოლოგიურ აზრში. იმის თქმა, რომ ყველგან ასე ფიქრობენ, ყველგან ავადმყოფობად მიაზრება ეს, კორექტული არ არის.

 

ანუ, ამგვარი შეფასებები ინტერპრეტაციის საკითხია?

 

აქ ორი რამეა. ერთი არის ჰერმენევტიკის საკითხი. ის ტექსტი, რომელზე დაყრდნობითაც  ხდება ინტერპრეტაცია, რას წარმოადგენდა და რისი თქმა უნდოდა ამ ტექსტს და როგორ უნდა იქნას განხილული ის ტექსტი თანამედროვეობაში, როგორ უნდა მოხდეს მისი გამარტება თანამედროვეობასთან მიმართებაში.

 

ტექსტების რაოდენობა, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის ცოდვა, ძალიან მცირეა. ძირითადად, იგი მოიპოვება ძველ აღთქმაში, სადაც არის უამრავი აკრძალვა, მათ შორის, ასეთი ურთიერთობების აკრძალვა. იმავდროულად, იმავე ტექსტებში აკრძალულია ღორის ხორცის ჭამა.

 

ერთსა და იმავე ლეგალურ სივრცეში, როცა ინტერპრეტირება ხდება, ადამიანს აქვს სელექციური დამოკიდებულება. ერთზე იძახის სავალდებულოა – ეს უნდა დავიცვათ – დავგმოთ ჰომოსექსუალური ურთიერთობა, მეორე შემთხვევაში, სადაც წერია, რომ ღორის ხორცი არ ჭამოთ, ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვჭამოთ იმის გამო, რომ ამას საღვთო წერილი სხვადასხვა წიგნებში შეიძლება მოძიებული იქნას საპირისპირო აზრი.

 

როდესაც ხდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, მხედველობაში აქვთ ტექსტის ეგზეგეტიკა, ჰერმენევტიკა, ანუ რა მნიშვნელობას ატარებდა ეს ტექსტი და როგორ შეიძლება ეს შეჯერებული იქნას თანამედროვე სამეცნიერო დაკვირვებების ანთროპოლოგიის დარგში.

 

თუმცა, როგორც ჩანს, საპატრიარქო ამით არ არის დაინტერესებული, რომ შეაჯეროს თავისი მოძღვრება თანამედროვე მეცნიერების, მედიცინის მიღწევებთან, რადგან განცხადებაში ჰომოსექსუალობის დასაშვებად მიჩნევას ფსევდომეცნიერულობას უწოდებს…

 

ასეთი დამოკიდებულება არსებობს და ასეთი დამოკიდებულება სამეცნიერო სივრცეში, რომ ეს არის ავადმყოფობა, უმცირსობას წარმოადგენს. და ამის ავადმყოფობად შერაცხვა და წარმოდგენა სამეცნიერო ლიტერატურაში  1970–იან წლებამდე იყო დამკვიდრებული, მას შემდეგ ეს შეიცვალა. როცა თეოლოგი ამბობს, რომ ეს არის ავადმყოფობა, იგი აპელირებას აკეთებს სამეცნიერო ლიტერატურაზე, რომელიც არეკლავს ადრინდელ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. აპელირება ხდება არა სხვა რამე ტექსტზე, არამედ მეცნიერებაზე, რომელმაც თავისი გამოკვლევების, მუშაობის შედეგად მიიღო სხვა შედეგი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სელექციურ დამოკიდებულებასთან საქმე.  მე ვარჩევ იმავე მეცნიერების ადრინდელ გადაწყვეტილებას და მხარს არ ვუჭერ თანამედროვე გადაწყვეტილებას.

 

სელექცია რის საფუძველზე ხდება ამ შემთხვევაში? სამოქალაქო ცნობიერება ახდებს გავლენას რელიგიურ ტექსტზე?

 

გადამწყვეტი არის ამ შემთხვევაში კულტურა. არც ერთი რელიგია, რომელიც იქნება, ქრისტიანობა თუ სხვა, კულტურის გარეშე არ არსებობს. ყველა რელიგია თავის გამოხატულებას პოულობს კულტურაში.

 

ალბათ, ამის ბრალიც არის, რომ ნარკომანიასთან გააიგივა დღეს საპატრიარქომ ჰომოსექსულობა?

 

მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია კორექტული პასუხი გაგცეთ, რატომ გაკეთდა განცხადება და როგორ გაკეთდა. როდესაც ხდება ტექსტების გამოყენება, ჰერმენევტიკის მოშველიებით ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ჰომოსექსუალობაზე, როგორც მოვლენაზე, როგორც ეს თანამედროვე სამაროშია მიღებული, არამედ ჰომოსექსუალურ აღვირახსნილობაზე, განსაკუთრებით ახალი აღთქმის კონტექსტში. ჰომოსექსუალობა, რომელზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ასეთი ფორმით სრულებით უცნობი იყო იმ ტექსტების სამყაროსათვის, რომლებშიც ისინი იწერებოდა. ისევე, როგორც სრულებით უცნობი იყო იმ სამყაროსათვის ტრანსგენდერული პრობლემატიკა. ეს სრულებით უცხო იყო იმ გარემოსთვის.

 

ლექსიკა, რომელიც გამოყენებულია, ეფუძნება საბჭოური პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურას, რომელიც 1970–იანი წლების შემდეგ რადიკალურად იქნა გადახედილი მსოფლიო ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ. დასავლეთში ყველგან ამოღებული იქნა ამის კვალიფიკაცია, როგორც სნეულებისა.

 

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

საპატრიარქო მოელის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჩნდება პროტესტი ხვალიდნელი აქციის გამო. ასევე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც აქციას მართავენ ჰომოფობიის წინააღმდეგ, სპეკულირებენ ამ თემით. ხომ არ შეიძლება დავუშვათ საპირისპირო, რომ თვითონ ახდენს გარკვეული თვალსაზრისით თემით სპეკულირებას, რადგან საუბრობს იმ უმრავლესობის სახელით, რომლის აზრიც არ შეუსწავლია ამ კუთხით, ყოველ შემთხვევაში უცნობია, რას ეყრდნობა მისი მოლოდინი?

 

საქმე ისაა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გულახდილად და საჯაროდ არასდროს არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში და კულტურაში. შესაბამისად, ჩვენი კულტურა უმწეოა ამ შემთხვევში, ინფორმირებული აზრი გამოხატოს ამ საკითხის მიმართ. აზრს გამოხატავს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მიაწვდის ის ავტორიტეტი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე წარჩინებულია.

 

ანუ სპეკულირების შესაძლებლობა მაინც რჩება?

 

ალბათ, შეიძლება, ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია. დიაბოლიზება იმ ხალხისა, რომელიც ფიქრობს ასე, გაუმართლებელია. გაუმართლებელია ეჭვი შეიტანო ადამიანის გულწრფელებაში იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს იგი ამ საკითხთან დაკავშირებით.  აქ სპეკულირებაზე ლაპარაკი არ არის. აქ ლაპარაკი არის განათლებაზე, ინფორმირებულობაზე, რომელიც ჩვენში შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს. იბადება კითხვა, ვის შეეძლო ამ განათლების დესემინაცია ამ ქვეყანაში? ძალიან ძნელია.

 

სკოლას? – სკოლას ამისი უფლება არ მისცეს. მე მგონი, სკოლას ამის უფლება არ აქვს, რომ ილაპარაკოს ამ თემაზე. მეორე წყარო იქნება რელიგიები, რომელთაც არ შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი. შესაბამისი მომზადება ამაში არ არსებობს და ტაბუდადებული თემა იყო ათწლეულების განმავლობაში.

 

მესამე – ოჯახს. ოჯახს ვერ მოკითხავ განათლებას, თუ სკოლიდან და ეკლესიიდან არ ღებულობს. ეს საქმე მიტოვებულია ისე, რომ ამაზე მხოლოდ ახალგაზრდა თაობას შეუძლია იფიქროს, როდესაც მას მიუწვდება ხელი ინფორაციის სხვა წყაროებზე, რომლებიც წინამორბედი თაობისთვის მიუწვდომელი იყო.

 

საპატრიარქო ხელისუფლებას სთხოვს, რომ არ მისცეს აქციის ჩატარების ნებართვა. ცდილობს თუ არა საპატრიარქო, რომ პოზიციები ყველასათვის სავალდებულო გახადოს?

 

ინტერპრეტაცია მილიონნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამაში ვხედავ საპატრიარქოს სიფრთხილეს, რომ ხვალინდელმა მოვლენამ არ მიგვიყვანოს რაიმე სერიოზულ უარყოფით შედეგებამდე. ბრძოლას დომინანტობისთვის მე ვერ ვხედავ. მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ არც საპატრიარქოსი და არც მისი ტექსტების ინტერპრეტაციისა.

 

გუშინდელ ერთობლივ განცხადებაზე უნდა გკითხოთ. შეიცვალა თუ არა რაიმე მას შემდეგ, რაც თქვენი შენიშვნები გაითვალისწინეს?

 

ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იყო განცხადებაში. ის, რაც ამოღებული იქნა იმ განცხადებიდან, გავცრელებული და გაფართოვებული სახით გამოვლინდა პატრიარქის დღევანდელ მიმართვაში. ის, რაც ჩვენ ამოვიღეთ იქიდან და რაზედაც საპატრიარქო დაგვყაბულდა, უფრო გამძაფრებული სახით გამოჩნდა დღევანდელ განცხადებაში.

 

რა შენიშვნები მიეცით საპატრიარქოს გუშინ?

 

მთავარი საკითხი, რომელზედაც ჩვენ შენიშვნა გვქონდა და მაშინვე იქნა გათვალისიწნებული, იყო ის, რომ არ შეიძლება, რომ ხვალიდნელი ღონისძიების ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის თემა მანიპულირებად ჩაითვალოს. ეს იყო ძირითადი, რაც ჩვენ ვთხოვეთ და მაშინვე დაგვეთანხმნენ ამ ცვლილებაზე.

 

ანუ, გუშნდელ ტექსტთან შედარებით დღევანდელ ტექსტში არის მინიშნება გარკვეულ სპეკულაციებზე?

 

მე მგონი კი, თქვენც შეგიძლიათ შეადაროთ. იმიტომ, რომ ის, რაც გუშინ ამოვიღეთ, დღევანდელ განცხადებაში ისევ უკან არის დაბრუნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი