კომენტარი

ზვიად დევდარიანი: პარლამენტი ხდება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების ცენტრი

21 მარტი, 2013 • • 1055
ზვიად დევდარიანი: პარლამენტი ხდება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების ცენტრი

როგორ შეაფასებთ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს? 

 

იმ საერთო განწყობიდან, რასაც ახლა ვხედავ, ალბათ არავინ ელოდა, რომ ასე წარიმართებოდა დღევანდელი კენჭისყრა. საკმაოდ მძიმედ მიდიოდა მთელი დღე და თითქოს ჩანდა, რომ ორივე მხარე ცდილობდა თავისი პოზიციის სისწორეში დაერწმუნებინა მეორე მხარე და არაფრით არ დაეთმო საკუთარი პოზიცია. არ ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარემ გაიარა თუ არა კონსულტაცია სხვებთან და იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება შეთანხმებული პოლიტიკურ გუნდთან, მაგრამ ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, ცალსახად პოზიტიურად მინდა შევაფასო. ჩემთვის, სიამოვნების მთავარი საფუძველი არის ის, რომ პარლამენტი ხდება რეალური პოლიტიკური დისკუსიებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების ცენტრი.

 

რატომ იყო სარეიტინგო კენჭისყრა ასეთი მნიშვნელოვანი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ ოპოზიციის ხმები სჭირდებოდათ?  

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნება” მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც უმცირესობა, დაუჭერდა თუ არა მას მხარს. ასე რომ, ხდებოდა ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” თანხმობის მნიშვნელობის შემცირება. “ნაციონალურ მოძრაობას” არ შეეძლო პრინციპული უარი ეთქვა თანამშრომლობაზე, თუმცა ცდილობდა, გაეზარდა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა და ეჩვენებინა პარტიის მთლიანობა. სარეიტინგო კენჭისყრას სწორედ ეს უნდა ეჩვენებინა, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს საკმარისი ხმები ამ გადაწყვეტილების მისაღებად, საზოგადოებისთვის კი წარმოეჩინა საკუთარი მნიშვნელობა. დავით უსუფაშვილმა როცა აღნიშნა გუშინ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხმების გარეშე ისინი ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად ეს უკვე ნიშნავდა სარეიტინგო კენჭისყრის გარეშეც არსებულ სტატუს ქვოს, თუმცა ნაციონალებისთვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ფაქტი კენჭისყრის ეკრანზე ასახულიყო. 

 

უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ პროცესებს გარკვეულწილად “ნაციონალური მოძრაობა” მართავს, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 

ამას ხაზს უსვამენ “ქართული ოცნების” გულშემატკივრები, მეორე მხრივ, გამარჯვების ყიჟინა ისმის “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებში. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სწორი ანალიტიკური შეფასება იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თავად ფაქტს, შედეგს. ეს იყო შედეგზე ორიენტირებული პროცესი და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გამარჯვებული ქვეყანა დარჩა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ, პირველად, თუ საგარეო კურსზე მიღებულ დადგენილებას არ ჩვთვლით, ორივე გუნდმა მოახერხა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა.

 

როგორ ფიქრობთ, ეს ორი პოლიტიკური ძალა მომავალშიც ითანამშრომლებს, თუ ეს იყო მხოლოდ  ოპოზიციის მხრიდან საჭიროების დემონსტრირება? 

 

ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები, რაც ამ ხნის განმავლობაში იყო, აღარ იქნება. დღევანდელი გადაწყვეტილებაზე ორივე მხარეს აზრი ერთი ჰქონდა, მაგრამ მიდგომები სხვადასხვა. “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა ერთიან პაკეტში ამ გადაწყვეტილების მიღებას, სადაც სხვა თემებიც იქნებოდა ჩართული. თუმცა მთავარია, რომ ამ რთულ გადაწყვეტილებაზე მოახერხეს შეთანხმება და ეს უკვე ნიშნავს, რომ კოაბიტაცია შედგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ყველა მნიშვლოვან საკითხზე, იგივე საარჩევნო რეფორმაზე, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხებზე, ყველას ექნება ერთიანი მოსაზრება და მოხერხდება მსგავსი ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ასეთ რთულ თემაზე გადაწყვეტილების მიღება, მაიმედებს, რომ სხვა შედარებით უფრო ნაკლები სირთულის თემებზეც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ფარგლებში თანამშრომლობა. უნდა აღინიშნოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ამ პროცესში გარკვეულ გამოცდილებას იძენენ. საზოგადოებრივი ინტერესი უბიძგებს მათ, რომ პროფესიონალიზმი და პოლიტიკური სიწიფე გამოავლინონ და მიმართულნი იყვნენ არა დესტრუქციულ ქმედებებზე, არამედ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მომავალშიც, პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მისვლა გახდება პოლიტიკური და არა ძალადობრივი ქმედების შედეგი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი