კომენტარი

“თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო ცვილებების პროექტს აქვეყნებს

1 თებერვალი, 2013 • 1984
“თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო ცვილებების პროექტს აქვეყნებს

“ბოლო დროს გაჩენილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის საგანგაშო სიგნალები დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფოს დასავლური კურსის შენარჩუნებისთის მყარი კონსტიტუციური გარანტიების შექმნის საჭიროებას. ამასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიისთვის გამოგვაქვს შესაბამისი კონსტიტუციური შესწორების პროექტი. 


პროექტი ეყრდნობა ლიტვის ანალოგიურ კონსტიტუციური კანონის გამოცდილებას და ითვალისწინებს ნატოსა და ევროპულ ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანებისაკენ სწრაფვის კონსტიტუციურ დაკანონებას, სსრკ-ს სამართალმემკვიდრე სახელმწიფოთშორის გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების აკრძალვას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ბაზების განლაგებისა და ჩვენი ტერიტორიის გავლით ამ სახელმწიფოს იარაღის გადაზიდვის დაუშვებლობას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები,1995, NN31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, გავხდეთ ჩრდილო ატლანტიკური თავდაცვითი და ევროპულ ერთა თანამეგობრობის ღირსეული წევრი, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6, პუნქტები:

“5. აკრძალულია საქართველოს გაწევრიანება ისეთ სახელმწიფოთაშორისო გაერთიანება ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც უმთავრესად შედგება ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებისგან, თუ ამ სახელმწიფოებიდან ერთ-ერთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

6. აკრძალულია საქართველოში განლაგდეს იმ ქვეყნის სამხედრო ბაზა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. დაუშვებელია ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ან გადაკვეთის აგრეთვე იარაღის შემოტანის ან საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღის გადაზიდვის უფლების მინიჭება.“

3. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 2-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ) ქვეპუნქტი:
„ვ) ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს
საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.“

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი