კომენტარი

მიტჩელი: მთავრობას ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ მანევრირებით აჯობა დასავლეთში

5 დეკემბერი, 2012 • 1102
მიტჩელი: მთავრობას ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ მანევრირებით აჯობა დასავლეთში

როცა ივანიშვილი პრემიერი გახდა, თქვა: დამარწმუნეს, რომ პირველი ვიზიტი უნდა იყოს ევროპაში. ახლა ივანიშვილმა პრესას განუცხადა, რომ უკეთ მომზადების მიზნით კვლავ გადაიდო ვიზიტი ამერიკაში და ის ახალი წლის შემდეგ შედგება. დაგვიანებული ვიზიტი რა გავლენას იქონიებს ახალი მთავრობის იმიჯზე?

 

აშშ-ში ივანიშვილის ვიზიტის გადადება პრობლემა არ გახლავთ. მე პირადად ქვეტექსტებს ძებნას არ დავუწყებდი. საქართველოში არჩევნები ჩატარდა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ასე რომ, ნამდვილად ჯობდა, ივანიშვილი დალოდებოდა არჩევნების ჩატარებას და ამის შემდეგ სწვეოდა შტატებს. შეხვედრის თარიღთან დაკავშირებული საკითხები ლოჯისტიკურია და არა შინაარსობრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ლიდერებმა ისეთი დრო უნდა გამონახონ, რაც ორივესთვის ხელსაყრელია. არა მგონია, ვიზიტის გადავადებამ რაიმე სახის გავლენა იქონიოს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე.

 

როგორ შეაფასებთ ნატოს რეზოლუციას, რასმუსენისა და გორდონის განცხადებებს, საქართველოში შესაძლო პოლიტიკურ დაკავებებთან და საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით?

 

ერთი მხრივ, იმპერატივია, რომ ახალმა მთავრობამ იურიდიული და სასამართლო პროცესების და, ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვით წარმართოს დაკავებები თუ სამართლებრივი დევნა. ამ მთავრობას აქვს შესაძლებლობა, რომ დასაბამი დაუდოს საქმის კეთების ახალ პრეცედენტს, რომელიც კანონის უზენაესობას დაემყარება და არა – კაპრიზებსა და პოლიტიკას. საქართველოს
მთავრობამ ეს უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, მოითხოვენ თუ არა ამას დასავლელი ფიგურები.

 

მეორე მხრივ, ეს განცხადებები ნათლად გამოხატავს, რომ დასავლეთი აღარ აპირებს სხვაგვარად შეხედოს რეალურად თუ პოტენციურად არადემოკრატიულ ქმედებებს საქართველოში. ეს შეიძლება ძალიან უსამართლოდ ჩავთვალოთ, რადგან ნატო სააკაშვილის რეჟიმს იშვიათად თუ ამოწმებდა მსგავსი ყურადღებით. თუმცა მე ეს ნაკლებად მაწუხებს. უფრო სამწუხარო ამ კომენტარების ტონია, რომლითაც იმის თქმა სურთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი შურისძიების ნიადაგზე მოქმედებს და არა იმ ლეგიტიმურ ეჭვებსა და სამხილებზე დაყრდნობით, რომ ახალაიას მსგავსი ხალხი კრიმინალები არიან.

 

ლინკოლნ მიტჩელი
ლინკოლნ მიტჩელი

მთავრობის მხარდამჭერების ერთმა ნაწილმა ამ შეფასებებს მეტისმეტად ნაჩქარევი უწოდა – ითქვა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები “ნაცმოძრაობამ” შეცდომაში შეიყვანა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით კი, მთავრობამ ფიასკო განიცადა. თქვენი აზრით, რომელი ვერსიაა რეალურთან ახლოს?

 

ჭეშმარიტების მარცვალი ყველა ამ ინტერპრეტაციაში არსებობს. საერთაშორისო ფიგურების გამონათქვამებში იკითხება, რომ ივანიშვილის მთავრობას შურისძიება ამოძრავებს. ამით ისინი იგნორირებას უკეთებენ სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალურობის დამადასტურებელ უამრავ სამხილს. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” ძალისხმევას არც ამჟამად იშურებს, რომ საერთაშორისო თვალსაზრისზე ზეგავლენა მოახდინოს. ისიც მართალია, რომ საქართველოს მთავრობა განვითარებული მოვლენების გამო ძალზე ცუდი იმიჯით წარსდგა დასავლეთის თვალში – მათ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მანევრირებით აჯობა. დიდი კითხვის ნიშანი კი იქ დაისმის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ: განაგრძობს თუ არა დასავლეთი ყოფილი მთავრობის მოსარჩლეობას, რომელსაც საქართველოში სახელი ჰქონდა გატეხილი? შეძლებს თუ არა ახალი მთავრობა, დასავლეთს უფრო ეფექტურად შეატყობინოს საკუთარი სათქმელი? ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. ამაზე პასუხი ცოტა ხანს კიდევ არ გვექნება.

 

წინა ხელისუფლების დროსაც იყო დაკავებები, რომელსაც საქართველოში აფასებდნენ როგორც პოლიტიკურს, – მაგალითად, 21 და 26 მაისის აქციის დროს დაკავებულები. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ პოლიტიკურ თავშესაფარსაც, მაგრამ საერთაშორისო განცხადებების ტონი არ იყო ასეთი მკაცრი. ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეიძლება დაეყრდნონ საერთაშორისო ორგანიზაციები და რა კრიტერიუმით ფასდება დაკავებები პოლიტიკურად?

 

საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოს თემებზე, გარკვეულად თავად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არიან აჟიტირებული. მაგრამ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის აშშ-ის მთავრობა დიდწილად, როგორც ჩანს, ჯერაც ვერ ეგუება ვერც სააკაშვილის ასეთ მარცხს და ვერც მისი რეჟიმის ნამდვილ სახეს. ამ ყველაფრის აღიარება ხსენებული ორგანიზაციებისგან იმის აღიარებასაც მოითხოვს, თუ რა ცუდად ჰქონდათ გააზრებული საქართველოს პოლიტიკა გასულ
წლებში. ასე რომ, მათთვის უფრო ადვილია, სულაც არ აღიარონ ეს ამბავი.

 

შეიძლება იმის თქმა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და
ორგანიზაციების ლიდერები?

 

ამ შეკითხვაზე პასუხია – დიახ.

 

შეიძლება თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები გახდეს ხელისუფლებისთვის შემაკავებელი ფაქტორი, ხელი აიღოს ქვეყნის შიგნით სკანდალური მკვლელობების გამოძიებაზე, რაც მაღალი თანამდებობის პირებთან ასოცირდებოდა?

 

უცნობია, რამდენად გახდება ეს განცხადებები ხელისუფლების შემაკავებელი ფაქტორი. იმედია, საქართველოს მთავრობა ამ სამართლებრივი შემთხვევების გამოძიებას განაგრძობს იურიდიული პროცესების მკაცრი დაცვით. ეს აიძულებს დასავლეთს დაინახოს, რომ ძველი რეჟიმის ზოგიერთი ლიდერი კრიმინალურ საქმიანობაში იყო გარეული.

 

ივანიშვილის მთავრობის გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია. შეძლებს ეს გუნდი ევროკავშირის ან ნატოს გზაზე უფრო მეტი შედეგის მიღწევას, ვიდრე წინა მთავრობამ მოახერხა?

 

ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოსთვის გრძელი და ზიგზაგებიანი იქნება. ეს მანამდეც ცნობილი იყო, ვიდრე ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში. სააკაშვილმა წარმატებით მოახერხა ნატოსა და ევროკავშირის ამოგდება ამჟამინდელი და უახლოესი მომავლის გეგმებიდან. ახალი მთავრობის გამოწვევა ამ ვითარების შემობრუნებაა, თუმცა, ეს იოლი როდი
იქნება. ივანიშვილის მთავრობა სწრაფად ვერ შეძლებს ამ იმედების ხორცშესხმას, მაგრამ ეს მთავრობა შეძლებს საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობების განახლებას და ამ საკითხზე მსჯელობის უკეთეს კალაპოტში წარმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი