კომენტარი

ვაკო ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პროფკავშირის ორგანიზებული ხმა არ ისმის

15 მარტი, 2017 • 5376
ვაკო ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პროფკავშირის ორგანიზებული ხმა არ ისმის

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის რეფორმის პროცესში პროფკავშირი გამოტოვებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სოციალურ საკითხებს ამ პროცესში დიდი ყურადღება არ დაეთმობა.

10 მარტს პრეზიდენტმა გამართა კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია, რომელიც  საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობით კონსტიტუციის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვას ისახავს მიზნად. პარალელურად, მუშაობის დასკვნით ეტაპზე გადავიდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები. საკონსტიტუციო კომისიაში შედიან პარტიების, პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები.

ვაკო ნაცვლიშვილთან კომენტარი პრეზიდენტის მიერ კამპანიის პრეზენტაციის შემდეგ ჩავწერეთ. მისივე თქმით, არც პრეზიდენტს გაუმახვილებია ყურადღება და არც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაურთავთ პროფესიული კავშირი, რომელიც, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ინსტიტუტია.

“კომისიაში ჩვენ არ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ინსტიტუტი საქართველოში – პროფესიული კავშირი. არც კომისიაშია და როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა ინსტიტუტებზე, რომლებთანაც განსაკუთრებით გეგმავს თანამშრომლობას, სიმპტომატური მომეჩვენა, რომ იქ არ იყო ნახსენები პროფესიული კავშირი.

პროფკავშირი არის ის, ვინც დასაქმებულთა, მშრომელთა ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ აქ უნდა მოვიაზროთ არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანები, არამედ ფართო გაგებით, მშრომელები, რომელიც, გულისხმობს, მათ შორის, დაუსაქმებელ ადამიანებს, ანუ, მათ, ვინც სასოწარკვეთით დღეს საქართველოში ეძებს სამუშაოს. პროფესიული კავშირების გამოტოვება ამ პროცესიდან, პარლამენტის მხრიდან იქნება, თუ პრეზიდენტის მხრიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესში დიდი ყურადღება არ დაეთმობა სოციალურ საკითხებს. მე პროფესიული კავშირის გამოტოვებას მაინც წავიკითხავდი ასე, რომ ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, პროფესიული კავშირი რას აკეთებს და მისი მიზანი რა არის, მაშინ, როცა, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არსებობს ქვეყანაში და თითქოს, საკანონმდებლო დონეზე მიღებულია, რომ დასაქმებულისა და მშრომელების ინტერესებს სწორედ პროფესიული კავშირი წარმოადგენს საკანონმდებლო და პოლიტიკის სხვა დონეებზე, მაგრამ, ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში, რატომღაც, ხაზგასმით ჩვენ ასეთი პროფკავშირის ხმა ორგანიზებულად არ გვესმის,”- ამბობას ვაკო ნაცვლიშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნაცვლიშვილი ყურადღებას ამახვილებს, არის ის, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციას მხოლოდ იურისტები და კონსტიტუციონალისტები არ წერდნენ;

“საკონსტიტუციო კომისიის მსგავსად, როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც ჰგონია, რომ კონსტიტუციას უნდა წერდნენ პოლიტიკოსები და კონსტიტუციონალისტები, ანუ იურისტები, მაშინ, როცა კონსტიტუცია – ეს არ არის მხოლოდ იურისტების პროდუქტი და მნიშვნელოვანი იქნებოდა, გაჟღერებულიყო ასევე ისიც, რომ საკონსტიტუციო კომისიისთვის პრეზიდენტს მიეწოდებინა არა კონსტიტუციონალისტების ალტერნატიული მოსაზრებები, არამედ ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, სოციოლოგების, ფილოსოფოსების და სხვა. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი, რომელზეც იურისტები მუშაობენ. ჩვეულებრივი კანონიც კი, ცხადია, რაღაც პოლიტიკური შეთანხმების იურიდიული გაფორმებაა, მაგრამ, კონსტიტუცია – განსაკუთრებით. კონსტიტუცია არის პოლიტიკური შეთანხმების სამართლებრივი გაფორმება. სამართლებრივი ნაწილი მაინც უფრო ინსტრუმენტულია, აქ პოლიტიკა არის გადამწყვეტი. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ელიტაში მაინც მიიჩნევა, რომ კონსტიტუცია, ეს არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების კომპრომისის, ერთი მხრივ, და კონსტიტუციონალისტების ექსპერტული მოსაზრებების შეჯერების შედეგი. მაშინ, როცა, ეს არის ის, რითიც ფუძნდება არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ ის, თუ რა ღირებულებითი წესრიგი არსებობს ქვეყანაში,”- ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

რაც შეხება თავად პრეზიდენტის მიერ დაწყებულ კამპანიას, ვაკო ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადება და მეორე მხრივ, კომისიისთვის დახმარების შეთავაზება, შეიძლება, თავად პრეზიდენტისვე ინიციატივას აზარალებდეს.

“პრეზიდენტის ინიციატივა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში უნდა განვიხილოთ. და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობდა, მონაწილეობა მიეღო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. და, როგორც ვხვდები, ამ უარს აგრძელებს. ამ ფონზე, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურ პროცესს არ იწყებს, რომ არ მოამზადებს კონსტიტუციის ალტერნატიული რედაქციას. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ინიციატივის მიზანი კომისიის დახმარებაა. ვფიქრობ, ამ მიდგომაში არათანმიმდვრულობა ჩანს. ერთი მხრივ, პრეზიდენტი აგრძელებს კომისიის ბოიკოტს, ხოლო, მეორე მხრივ, კომისიას დახმარებას სთავაზობს. ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომა დააზარალებს იმ ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა,”- გვეუბნება ვაკო ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი