კომენტარი

მთავრობა გადადგება მაშინვე, როცა მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

3 ოქტომბერი, 2012 • • 1684
მთავრობა გადადგება მაშინვე, როცა მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

რა ვადებში უნდა შეიკრიბოს ახალი პარლამენტი?

არჩევნების ჩატარებიდან 20 დღეში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ყველა მიზეზის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ დეპუტატების ორი მესამედის უფლებამოსილება იქნა ცნობილი. პარლამენტი უნდა შეიკრიბოს მაშინ, თუ 100 დეპუტატი მაინც  აირჩიეს კანონდარღვევის გარეშე.


პარლამენტის შეკრების შემდეგ როგორ ხდება მთავრობის ფორმირება?

მთავრობა გადადგება იმ დღესვე, როცა მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ახალ მთავრობას პრეზიდენტი წარადგენს. ჯერ წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ. თუმცა ამ კონსულტაციას სავალდებულო ძალა არ აქვს. შეიძლება ფრაქციებმა უთხრან, ჩვენ ამ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც ის წარადგინოს, ვინც თვითონ უნდა. ამის შემდეგ პრემიერი, პრეზიდენტის თანხმობით, წამოაყენებს მინისტრთა კანდიდატურებს. ამ პროცედურიდან სამ დღეში პარლამენტი კენჭს უყრის წარდგენილ მთავრობას.


რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შემოთავაზებულ მთავრობას მხარს არ დაუჭერს?

თუ არ მოიწონა პარლამენტმა, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია ხელმეორედ წარადგინოს იგივე ან სხვა მთავრობა. პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს. დამტკიცება ხდება უბრალო უმრავლესობით, მთავრობის დამტკიცება 76 ხმით არის შესაძლებელი. თუ კიდევ ვერ მოხდა ეს, ამის შემდეგ, მესამეჯერაც შეუძლია პრეზიდენტს წარადგინოს, თუ მესამეჯერაც არ დაამტკიცა პარლამენტმა მთავრობა, პრეზიდენტს შეუძლია მეხუთედ, მეექვსედაც წარადგინოს. მაგრამ სამი წარდგენის ჩავარდნის შემდეგ შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი.


რამდენად შესაძლებელია სქემის ამოქმედება მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი?

ამ ვითარებაში პარლამენტს ვერ დაითხოვს, რადგან კონსტიტუციაში წერია, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტი 6 თვის არჩეულია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში მისი დათხოვნა დაუშვებელია. პრეზიდენტს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, არ დაითხოვოს პარლამენტი, თუმცა დანიშნოს პრემიერი და მთავრობის წევრები, პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად.


რამდენ ხანს შეუძლია, მთავრობამ მართოს პარლამენტის თანხმობის  გარეშე?

გავა თუ არა 6 თვე, 1 აპრილს, პრეზიდენტი წარადგენს მთავრობას პარლამენტში ნდობის მისაღებად.  თუ პრეზიდენტი მოასწრებს და ერთი თვის განმავლობაში მთავრობის დამტკიცების პროცედურას სამჯერ გაიყვანს უარყოფაზე, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაშინ  მას შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს. მაგრამ თუ ეს ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხდა, უკვე იწყება  პრეზიდენტის მართვის ბოლო 6 –თვიანი ვადა. კონსტიტუციით, ამ დროსაც დაუშვებელია პარლამენტის დათხოვნა. პრეზიდენტი ისევ დანიშნავს პრემიერს და მთავრობას. 


ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება?

2013 წელს, პრეზიდენტის არჩევის დღიდან, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომელიც განსხვავებულ პროცედურებს გვთავაზობს. მთავრობა ისედაც უნდა დაიშალოს და ახალი წესით დაკომპლექტდეს.

მთავრობას ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის მიღების დღეს უწყდება უფლებამოსილება. ძველი კონსტიტუციით პრეზიდენტს შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილებით, პარლამენტის პოზიციის მიუხედავად, წარედგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ახლა უკვე ვალდებული იქნება, წარადგინოს ის კანდიდატი, რომელსაც ურჩევს არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტი.


როგორ მოხდება პრემიერის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტი დაიშლება?

შეიძლება სუბიექტი პარლამენტში შესვლისას დაიშალოს და უმრავლესობა სხვანაირი იყოს. არჩევნებში გამარჯვებული სუბექტი,  მაგალითად, „ქართული ოცნება“, რომელიც შეიძლება დაიშალოს, ამ პროცედურის თანახმად, ისევ უნდა შეიკრიბოს და ამ კონკრეტული შემთხვევისთვის უყაროს  კენჭი პრემიერის კანდიდატურას. რომელი კანდიდატიც გაიმარჯვებს სუბიექტის შიგნით, იმას წარადგენს პრეზიდენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი