კომენტარი

ცესკომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

21 აგვისტო, 2012 • 1194
ცესკომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

20 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” (ბლოკში შედიან – პ/გ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, პ/გ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ “ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები” და პ/გ “ეროვნული ფორუმი”) უარი ეთქვა არჩევნებში გამოეყენებინა ის ნომერი, რომელიც მის ბლოკში შემავალი ერთ-ერთ პარტიას (“საქართველოს კონსერვატორულ პარტიას”) ეკუთვნოდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

 

გადაწყვეტილება დასაბუთდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, რომელთა მიხედვითაც, “თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, საარჩევნო ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო “ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით”. ზემოაღნიშნულის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე.   

 

აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში, 2010 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იგივე შემადგენლობის მიერ (თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე) იდენტური ხასიათის საკითხის შესახებ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგალითისათვის: 

 

1. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც საარჩევნო ბიულეტენზე #2 გახლდათ “ალიანსი საქართველოსთვის” და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ისეთი პოლიტიკური პარტია (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”), რომელსაც არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში;

 

2. ბლოკი – გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ” და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია” ისე დარეგისტრირდა და მიენიჭა #10 პოლიტიკური გაერთიანება,  “ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” ნომერი 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიდან, რომ საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს პრობლემა არ შეუქმნია. აღსანიშნავია, რომ  2008 წელს პ/გ “ქრისტიან დემოკრატიული სახალხო მოძრაობა” არ იყო ჩამოყალიბებული. 

 

ნათელია, რომ 20 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, იმსჯელა და კენჭი უყარა ისეთ გადაწყვეტილებას, საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან აამოქმედა ის მუხლი, რომლის თაობაზე განხილვა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მომხდარა.

 

ამ ეტაპზე ჩემთვის და მრავალი ჩემსავით მოაზროვნე ადამიანისათვის, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი კონკრეტულად რა ნომრით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ამიტომ მინდა ავღნიშნო რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც, ალბათ, ღირს ყურადღების გამახვილება: 

 

რა დატვირთვა  ეძლევა ცესკოს ამგვარ გადაწყვეტილებას? 

 

2010 წლის არჩევნების შემდგომ არასამთავრობო, საერთაშორისო თუ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული შეფასებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიშაობა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებლად შეფასდა. აღინიშნა ისიც, რომ გაცილებით უკეთესად (ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები) იყო მომზადებული ლოჯისტიკური, ტექნიკური, თუ პროფესიონალური თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონე. ასე რომ, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაითვალა შემდგარ ინსტიტუტად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი გაცილებით უფრო პრობლემური აღმოჩნდა (აქ ვგულისხმობ საჩივრების განხილვის და მათზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს), პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით ბევრი ყურადღება ცესკოს მუშაობაზე აღარ გამახვილებულა. 

 

თუ რატომ იყო მიმართული ნაკლები კრიტიკა ცესკოს მიმართ 2010 წელს, შესაძლოა რამოდენიმე ფაქტორით აიხსნას: 

 

პირველი: ცესკომ მართლაც დიდი ძალისხმევა გაწია პროფესიონალური დონის ამაღლების თვალსაზრისით. ამაში მას აქტიურად დაეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც; 

 

მეორე: ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნაკლებ ყურადღებას იპყრობს. ეს ბუნებრივიცაა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაცილებით უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა, როგორც შიდა (ამომრჩევლის მიერ), ასევე გარე (საერთაშორისო) საზოგადოების მიერ;

 

მესამე: პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს გარკვეული თანხები ხელისუფლების მხრიდან, რათა კონკრეტული საქმიანობა სიების გადამოწმების ნაწილში შეესრულებინათ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში თანხის მიზნობრივი ხარჯვა და შედეგი ამომრჩეველმა ვერ დაინახა. შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანებები მოერიდნენ ცესკოს გაკრიტიკებას მაშინ, როდესაც გარკვეულ პასუხისმგებლობას თავადაც იზიარებდნენ… 

 

ამ ყველა და სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით ცხადია, რომ 2010 წლის ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც სამაგალითო, მაღალი სტანდარტის განმსაზრვრელი, საქართველოში ნაკლებად თუ გამოგვადგება.

 

სულ სხვა მდგომარეობა გვაქვს დღეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში პირველი კონკურენტული არჩევნებია, არც ერთი პოლიტიკური ძალა არაა დარწმუნებული თავის დამაჯერებელ წარმატებაში. შესაბამისად, მაღალია ემოციური ფონი, ვნებათაღელვა და პოლიტიკური ტემპერატურა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის 2012 წლის არჩევნები რეალური გამოწვევაა, რათა ცესკოს წევრებმა შეძლონ და 2010 წელს მოპოვებული მეტნაკლებად დადებითი იმიჯი შეუნარჩუნონ ინსტიტუტს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში განამტკიცონ კიდეც. 

 

სამწუხაროდ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი 119-ე მუხლის ამოქმედება დღეს და არა 2010 წელს, ჩემთვის გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს #7-ს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ელფერი დაკრავს. 

 

იმედს ვიტოვებ, ცესკოს წევრები შეძლებენ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყვნენ სრულიად ობიექტურნი, ერთგვაროვანნი ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ და მიუკერძოებელნი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 35 დღეზე მეტი დარჩა, არჩევნების შემდგომი პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოს მოუწევთ საარჩევნო დავებზე მსჯელობა, დიდი იმედი მაქვს ამჯერად, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ცენტრალური სააარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები გამოიჩენენ პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, რაც თავისთავად გულისხმობს სადავო საკითხების მიუკერძოებლად და ობიექტურად გადაწყვეტას. 

 

პოლიტიკური დაძაბულობისათვის ფონის შექმნაზე პასუხისმგებლობა ნებისმიერ ჩვენგანს გვეკისრება. 

 

რაც შეეხება ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”-ს, იმ შემთხვევაში, თუ 25 აგვისტომდე სხვა დამატებითი ბლოკი არ დარეგისტრირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაძლოა მისთვის #41 გაცილებით უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე #7. 

 

მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო ბიულეტენის სიის თავში იქნები, თუ ბოლოში. ორივე შემთხვევაში ორივე სუბიექტი გაცილებით უფრო მარტივად იდენტიფიცირებადი იქნება ამომრჩევლის მიერ, ვიდრე # 7, ან # 5, რომლებიც საარჩევნო ბიულეტების სიის სადღაც შუაში იქნებიან განთავსებულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი