17 აპრილს მახათას მთაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე მაღალჩინოსნისა და სასულიერო პირის თანხლებით ახალი ეკლესიის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. თუმცა პროექტი მხოლოდ ეკლესიით არ შემოიფარგლება და რამდენიმე წელში გრანდიოზული სასულიერო კომპლექსის აგება იგეგმება. ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა და ერის და ბერის ერთად დგომამ პრეზიდენტი პატრიოტულ განწყობაზე დააყენა. მან ამჯერად თავისი ნებით მისულ საკმაო რაოდენობის ხალხს ტრადიციულად ესაუბრა ქვეყნის დიდი აღმავლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ არსად მსოფლიოში არ შენდება იმდენი ტაძარი, რამდენიც საქართველოში.
ჩემი ყურადღება პრეზიდენტის გამოსვლაში განსაკუთრებით ერთმა ფრაზამ მიიქცია: “ქრისტიანობა არის ჩვენი პასპორტი ევროპისკენ და ჩვენი პასპორტი ცივილიზებული მსოფლიოსკენ.“ ევროპა ჩვენი ხელისუფლების რიტორიკაში მნიშვნელოვან ადგილს რომ იკავებს, ამაში ახალი არაფერია, თუმცა საინტერესოა ის ახალი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც სააკაშვილი თითქოს ევროპასთან დაახლოებას გეგმავს. სინამდვილეში პრეზიდენტს ეკლესიის საშუალებით ევროპასთან დაახლოებაზე მეტად მოსახლეობის მორწმუნე ნაწილის საარჩევნო ხმების მოპოვება აინტერესებს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პრეზიდენტის მიერ ნახსენებ პასპორტს დიდი ხანია გაუვიდა მოქმედების ვადა ევროპულ სივრცეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპა უკვე ორას წელზე მეტია აღარ სცნობს რელიგიას, როგორც სავიზიტო ბარათს.
ევროპის აკადემიურ წრეებში სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ევროპის საზღვრების საკითხს და, რადგანაც „ბებერ კონტინენტს“ ისეთი გეოგრაფიული საზღვარი არ გააჩნია აღმოსავლეთით, რომელიც მას მკვეთრად გამიჯნავდა აზიიდან, ისტორიულად ის ხშირად იცვლებოდა. დასავლურ ანთრო-სოციოლოგიაში ევროპისთვის მიკუთვნებულობას დროში ძირითადად სამ მეგაპერიოდად ყოფენ.
ანტიკური ხანა: რომლის დროსაც ევროპას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ მაცხოვრებელი ხალხები, რომლებიც ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის გავლენას განიცდიდნენ. ამ პერიოდის ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილი უფრო ითვლება ევროპად, ვიდრე, მაგალითად, სკანდინავია. ქართველებმა შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ანტიკურ ხანაში საქართველო ევროპის ნაწილს წარმოადგენდა, რადგანაც მას პოლიტ-ეკონომიკური კავშირი ქონდა ზემოდხსენებულ ცივილიზაციებთან.
შუა საუკუნეები: რომლის დროსაც ევროპელობის განმსაზღვრელი ძირითადი მახასიათებელი ქრისტიანობა იყო და ჯვაროსნების ხელში არსებული იერუსალიმის სამეფო უფრო იყო ევროპა, ვიდრე მავრების ხელში მოქცეული იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი. ამ პერიოდშიც შეგვიძლია საქართველო ევროპას მივაკუთნოთ და სწორედ მაშინ წარმოადგენდა საქართველოსთვის ქრისტიანობა პასპორტს ევროპაში.
თანამედროვე ხანა: რომელიც სათავეს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან იღებს. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპაში გავრცელებულმა ლაიციზმმა ქრისტიანობას ევროპელობის განმსაზღვრელი ძალა წაართვა და ევროპულ ღირებულებებს გადააბარა. ორას წელზე მეტია იხვეწება ეს ღირებულებები და დღეს სწორედ მათი საშუალებით განისაზღვრება ევროპელობა.
სწორედ ეს ღირებულებები – დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა და ა.შ, უნდა გახდეს ჩვენი პასპორტი ევროპაში და არა რელიგია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრივობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ევროპულ კლუბში შესვლისთვის პასპორტის ფუნქცია მან ორ საუკუნეზე მეტია დაკარგა. თუკი ევროპისკენ მივისწრაფით, მხოლოდ ეკლესიების მშენებლობა საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლებიც ევროპული ღირებულებების მატარებელნი იქნებიან და სწორედ ისინი გაგვიწევენ პასპორტის ფუნქციას ევროპაში. მაგრამ ხელისუფლების რიტორიკა ევროპისკენ სწრაფვის შესახებ ისეთივე ბუტაფორულია, როგორც ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ყალიბდება.
სანამ არ მოხდება ევროპული ღირებულებების დანერგვა და გათავისება, მანამ ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა იქნება ამაო. რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ ზეზვასა და მზიას პირველი ევროპელობის შესახებ, ევროპა ჩვენ არ ჩაგვთვლის საკუთარი იდენტობის ნაწილად, თუ ჩვენში ღირებულებების და პრინციპების მსგავსება არ დაინახა. ამისთვის კი სერიოზული მუშაობაა საჭირო. ჩვენ კი დაახლოების მაგივრად სულ უფრო ვშორდებით დანიშნულების წერტილს. 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“, რომელიც სწორედ ევროპასთან დაახლოების მიზნით შეიქმნა, პირიქით, ჩვენს დისკრედიტაციას ახდენს ევროპაში. მისი ერთ–ერთი ლიდერი ერთი განცხადებით უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს, სოლიდარობას, თანასწორობას და თითქმის ყველა ევროპულ ღირებულებას, ხოლო მეორე განცხადებით მემარცხენე შეხედულებების მქონე ადამიანებს ავადმყოფებად მოიხსენიებს მაშინ, როდესაც ევროპული სახელმწიფოების ერთ ნაწილში მემარცხენე მთავრობებია, ხოლო მეორე ნაწილში მემარცხენეობა ოპოზიციის ძირითად ბურჯს წარმოადგენს.
დღეს ევროპელთა უმრავლესობისთვის სოციალურ კეთილდღეობაზე და თანასწორობაზე დამყარებული სახელმწიფო სისტემა გაცილებით დიდ ღირებულებას წარმოადგეს, ვიდრე რომელიმე რელიგიული მიმდინარეობა, ამიტომაც ეკლესია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად არის ჩაბმული ამ სისტემის მშენებლობაში. საქართველოსთვისაც ეკლესია მხოლოდ მაშინ გახდება პასპორტი ევროპულ კლუბში შესასვლელად, როდესაც საგანმანათლებლო ფუნქციას დაიბრუნებს და აქტიურად ჩაებმება საზოგადოების განვითარების პროცესებში.
ავტორის შესახებ ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |