„მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა გააკეთეს ადამიანისგან, არამედ ის, თუ რას მოუხერხებს იმას, რაც მისგან გააკეთეს“ – ჟ.პ. სარტრი.
XX საუკუნის დასაწყისში “ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად“ სარა ბერნარი ითვლებოდა. ის 70 წლის იყო, როცა 13 წლის ჯულიეტას როლი შეასრულა. ამერიკელი მწერალი ტომ რობინსი ერთ–ერთ წიგნში ამერიკაში ბერნარის გასტროლების შესახებ ყვება. მისი სპექტაკლები ანშლაგით მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ერთი ინგლისური სიტყვაც კი არ იცოდა. შექსპირს და მოლიერს ის ფრანგულად თამაშობდა. ამერიკელ მაყურებელს კი ინგლისურ ენაზე დაწერილ ლიბრეტოებს ურიგებდნენ. თუმცა იყო ორი შემთხვევა, როცა ლიბრეტოები აერიათ და მაყურებელს ისეთი ნაწარმოები ეჭირა ხელში, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რაც სცენაზე ხდებოდა. მაგრამ ვერავინ შენიშნა. ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, რომ ვინმეს საყვედური გამოეთქვა. რეცენზიებშიც კი არ უხსენებიათ ამ შეცდომის შესახებ.
“ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ხშირად ზუსტად ასე ვუყურებთ ჩვენ წინაშე გათამაშებულ რეალობას, გათამაშებულს უცნობ ენაზე და ზუსტად ასე ვცდილობთ ცხოვრების აზრის გაგებას. ლიბრეტოები არასწორად დაგვირიგეს: ვის ბიბლია, ვის ყურანი და ვის თალმუდი. ზოგს ჟურნალი “თაიმი” შეხვდა, ზოგს კიდევ –„ასავალ-დასავალი“. ასევე ვიყენებთ სხვადასხვა სახელმძღვანელოებს, ტელესერიალებს, რევიზიონისტულ ისტორიებს, ფსიქიატრების რჩევებს, საიდუმლო კულტებს, სემინარებს, რეკლამას, ავტორიტეტულ მეცნიერთა დასკვნებს, პოლიტიკური აქტივისტების მოწოდებებს და ხელმძღვანელი პირების განცხადებებს. სამწუხაროდ, ამ თარგმანებს არანაირი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენი არსებობის თეატრშია წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანის ნდობა კი უბრალოდ საშიშია. ჩვენ გვინდა, გავერკვეთ ტრაგიკომედიაში, რთულ სიუჟეტს გავყვეთ, ხელში კი იაფასიანი მელოდრამის ან საბავშვო წარმოდგენის ლიბრეტოები გვიჭირავს. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, რომ თავში არავის მოსდის, ადმინისტრაციას საყვედური გამოუცხადოს.“
31 მარტს თბილისსა და ქუთაისში სამოქალაქო სოლიდარობის აქცია გაიმართა. ერთგვარი „საყვედური“ შეცდომით დარიგებული „ლიბრეტოების“ გამო. ამ თემაზე წინასწარ მინდოდა დამეწერა. მერე ვიფიქრე, სჯობს, თუ ამ აქციაზე მისვლის შემდეგ დავწერ-მეთქი ამის შესახებ. დიქტოფონიც კი წავიღე, რადგან იმ აზრზე ვარ, რომ სწორ დროსა და ადგილს ჩაწერილ ხმებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
ქალაქის ექვს მოედანზე ერთდროულად შეიკრა სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი: ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა. შემდეგ კი ყველა გუდიაშვილის მოედანზე შეიკრიბა.
სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ უამრავი რამაა ნათქვამი. მთელი ნაშრომები არსებობს. კიდევ უფრო მეტი მსჯელობს, ავითარებს და უკეთებს კომენტარს… ამ ერთ პატარა სვეტში, რაც არ უნდა ეცადო, ვერ გადმოსცემ მოსაზრებების 0,001 პროცენტსაც კი. შეიძლება უბრალოდ საკუთარი შეგრძნებები აღწერო, რომლის მსგავსიც სხვებსაც განუცდიათ. შეიძლება შენი დაკვირვებები და ემოციები გამოაჩინო, შეგიძლია ბმულებით დატვირთო ტექსტი. მეტაფორები, მოგონებები, აზროვნების საკვანძო მომენტები, საიდანაც შეიძლება მკითხველმა რაიმე სასარგებლო დასკვნა გამოიტანოს.
ბოლოს და ბოლოს, კითხვები დასვა. რა შეიძლება მსგავსი სამოქალაქო აქტიურობის შედეგად მივიღოთ? მთავარი შედეგია, თუ თვითონ პროცესი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანს აფიქსირებს, რომ აზროვნებ, პოზიცია გაქვს, გინდა შენც მიიღო მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილების მიღებაში, შენს საცხოვრებელ სივრცეს რომ განაპირობებს და მუდმივად ამოწმებდე იმ კონსესუსის პირობებს, რაში ცხოვრობ. და რა იცვლება ამის გარეშე, როცა პასიურად აკვირდები ძალაუფლების ღრუბლების მიმოქცევას? რა შეგვიძლია, როცა ჩვენ მხოლოდ სანაპიროზე მიმოფანტულ ნიჟარებს ვგავართ, ზოგჯერ იმის იმედიც კი არ გვაქვს, რომ ვიღაც ხელში აგვიღებს და ყურზე მიგვიდებს.
მოკლედ ასე. გვგონია, რომ რაღაცას მივხვდით, გავიგეთ და გვინდა სხვასაც გავუზიაროთ, თუმცა იმ სხვას ეს რაღაცა სულ სხვაგვარად ესმის და ეს ძალიან ბუნებრივია. იმაზე ბუნებრივია, ვიდრე ის ტელე-ბუღები, რომლებიც მიკროფონების ღობეებიდან პირდაპირ ჩვენს კარგად მოვლილ სააზროვნო ველზე ხტებიან, დაჯირითობენ, მზად არიან, ყველაფერი გადათელონ და გაანადგურონ. მოკლედ, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ჩვენი კითხვის ნიშანივით მორკალული სახრით ვდიოთ და ზურგები ავუწითლოთ.
ტომ რობინსი გაკოჭილ გულივერზეც წერს, რომლისათვისაც ლილიპუტების სანაპიროზე ნებისმიერ, სულ მცირე კონტურსაც კი მიწაზე, სულ მცირე მოძრაობა და გაფაჩუნებაც კი მნიშვნელოვანია. რადგან ამაზეა მისი განთავისუფლება დამოკიდებული. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ. სიცხადე და სიფხიზლე ჩვენი ერთადერთი იარაღია.
გვინდა დავტოვოთ რეალობის ფოტო-სესია, სადაც ყველა მიგვითითებს, როგორი სახე და როგორი პოზა მივიღოთ… გავდივართ გარეთ. ჩვენ თვითონ ვიღებთ ხელში ფოტოაპარატს, ჩვენ თვითონ განვსაზღრავთ ჩვენი ტუჩების ფორმას, რომელიც ემსგავსება O-ს, საიდანაც ის ხმა ამოდის, აი, სწორი ადგილისა და სწორის დროის განმაპირობებელი და განმსაზღვრელი.
ავტორის შესახებ ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი |