კომენტარი

ტროელ ქალთა ზარი

5 ივნისი, 2013 •
ტროელ ქალთა ზარი

ალბათ წინა კვირაში ზომაზე მეტ სიკვდილთან მქონდა შეხება. თუ შეიძლება ასე ითქვას და განისაზღვროს სიკვდილის ზომა. ვუყურებდი როგორ ატრიალებდნენ ოთახში კუბოს და ითვლიდნენ.  ერთი, ორი, სამი. შემდეგ ფრთხილად აჯახებდნენ დახურულ კარს. მხარზე იდებდნენ და მიჰქონდათ. ეზოში, ქუჩის ბოლოს, შემდეგი ქუჩის ბოლოს ჩერდებოდნენ, კუბოს სკამებზე დგამდნენ და შავით მოსილი ქალი  ემშვიდობებოდა ტირილით. პროცესიის წინ მანქანა მიდიოდა, საიდანაც ბავშვი სათითაოდ ყრიდა ყვავილებს. საფლავი გაშლილ მინდორზე იყო გათხრილი. არასოდეს დამავიწყდება ფრაზა: „ლამაზი მაინც არის აქ…“

 

მაგრამ სიკვდილი არასოდეს არის მარტო. მის გვერდით თითქმის ყოველთვის სიცოცხლის ყველაზე საგრძნობი ნაკადი გროვდება. დაახლოებით იგივეს იგრძნობთ დათა თავაძის სპექტაკლის “ტროელი ქალების” ნახვის შემდეგ. სპექტაკლი პირველად (23,24,25 მაისს) შვედეთის სასცენო ხელოვნების ბიენალეზე იყო წარმოდგენილი. 3,4,5,6, 7 ივნისს კი, სამეფო უბნის თეატრში. სპექტაკლიდან გამოსული ადამიანები ემოციებს ვერ მალავდნენ. „შეიძლება იმიტომ, რომ მე ქალი ვარ“ – მეუბნებოდა ერთ-ერთი მაყურებელი, ჩემი ნაცნობი ქალი და მიმანიშნებდა სახეზე დარჩენილ ცრემლის კვალზე და ამით თითქოს აგრძელებდა პიესას.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლშიც ზომაზე მეტია სიკვდილი, რადგან 1990 წლიდან დღემდე ომგამოვლილ ქალთა დოკუმენტურ ისტორებს აერთიანებს და მოხდენილად აკრავს ევრიდიპეს “ტროელი ქალების ალბომში” (დრამატურგი  დათო გაბუნიაა, თუმცა პიესა სპექტაკლის დადგმის პარალელურად იწერებოდა და მის შექმნაში მსახიობები და რეჟისორიც იღებდნენ მონაწილეობას), მაინც ყველაზე შემაძრწუნებელი მსახიობი ქალების ღიმილია სპექტაკლის მიმდინარეობისას:  ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი — დიდი ხანია ქართულ სცენაზე არ მინახავს როლის ასეთი ზუსტი შესრულება.

სპექტაკლი ფშავური დატირებით იწყება. საერთოდ ტირილი ტრადიცია, იგივე ზარი შეგვიძლია ქართული თეატრის ჩანასახად განვიხილოთ. თუმცა „ზარი“ მხოლოდ ქართული ტრადიცია არ არის, ის გავრცელებული იყო აზიაში და ძველ რომშიც.

 

“ტირილში საერთოდ თუმც დიდი ადგილი არ უკავია ლირიკულ მოტივებს, მწუხარების განცდის გამოთქმას, მაგრამ ზარით ტირილში, ძლიერ ბევრია დრამატული ელემენტიც. გამოყოფილია ერთი პიროვნება, მთავარი მომტირალი, რომელიც ჩამოთვლის მიცვალებულის სხვადასხვა ღირსებას და დანარჩენები ქვითინით, ზარით მოძახილს ეუბნებიან. მოზარეებს თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვთ, როგორც ანტიკურ ტრაგედიებში ქოროს.”

 

ძველად ტირილთან დაკავშირებული იყო ცეკვაც, ასე რომ, ხშირად ტირილი ღებულობდა სამხიარულო დღესასწაულის ხასიათს, თეატრალობის მთელი ატრიბუტებით. ისეთი რომ შეიძლება უცხოს ლხინშიც კი არეოდა განზე მდგომს. განსაკუთრებით საინტერესო იყო დატირების აფხაზური ტრადიცია – აფსხურა.

 

მისაღებ ოთახში გაშლილი მიცვალებულის ტანისამოსი — ნათესავები მიდიოდნენ და უკანასკნელად ტიროდნენ. ტირილი ყველა დამსწრეთათვის არ იყო სავალდებულო, როგორც დასაფლავების დღეს. ტიროდა მხოლოდ ახლო ნათესაობა და დაახლოვებული მეგობრობა.  ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ შეუძლებელია ტირილისგან შეიკავო თავი. მაყურებელი ახლო ნათესავიც არის, მეგობარიც და თამაშში მონაწილეც… იმ თამაშში, რომელსაც მოულოდნელად წამოიწყებდნენ ტროელი ქალები:

 

ერთი დაიძახებს ფერს და დანარჩენები იმ ფერს ეძებენ გარშემო, ვინც დაიძახებს, ის ცდილობს, რომ დაიჭიროს რომელიმე, სანამ ფერს მიაგნებდეს და თითს დაადებდეს. ეძებენ სცენაზე, მაყურებელთა სამოსზე, ერთმანეთის თავზე. დარბოდნენ და ამ თამაშში ხვდებოდი, რომ თანდათან ქრებოდა ფერები, როცა ფერის დაძახებასთან ერთად იწყებდნენ ისტორიების მოყოლას. შემზარავი იყო ეს მოლოდინი. განსაკუთრებით ამ მოლოდინს კი ნიკა ფასურის მუსიკა ამძაფრებდა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ორგანულად ერწყმოდა მოქმედებას.

 

გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო? – კითხულობდა ერთ-ერთი მსახიობი და მთელი სპექტაკლიც სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის ძიება იყო. და გარდა იმისა, რომ გლოვაზე ლაპარაკი შეძლეს, სხვა პასუხიც იყო, მაგალითად, როცა სალომე მაისაშვილის გმირი ადის მაგიდაზე და აყვავებულ მსხლის ხეზე ჩამომხრჩვალი დის ამბავს გვიყვება. ხელში ფეხსაცმელი უჭირავს, სიკვდილის სიმბოლო, და ამბობს, რომ სწორედ ჩვენ, ცოლები, დები, ქალიშვილები, ბებიები ვართ გმირები, ვინც საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების გადარჩენა მოვახერხეთ.

 

დასასრული კი კიდევ ერთი მოულოდნელობაა, როცა გოგოები სცენაზე მაყურებელთან დასამშვიდობებლად გამოდიან და გგონია, რომ სპექტაკლი არ დამთავრებულა, რომ ახლა მოგახლიან კიდევ ერთ მწარე სიმართლეს, კიდევ გაგიღიმებენ და იგრძნობ რომ შენც დამნაშავე ხარ.

 

„ჩართეთ ჩიტების ჭიკჭიკი!“

 

სპექტაკლის შემდეგ პატარა ოთახში ვბრუნდები. საათი ისრებს კიდურებივით ამოძრავებს, თითქოს დროს კი არ აჩვენებდეს მსჯელობდეს მასზე.  ფანჯრიდან ვუყურებ ძველ შენობებს, საცხოვრებელ სახლებს მაღალი ჭერით, განიერი ფანჯრებით, მაღალი ჭიშკრებით, დაბზარული კედლებით და მგონია, რომ ზუსტი წარმოდგენა მექმნება დროზე. ახლა შემიძლია საათსაც კი შევეპასუხო, რომელიც სივრცეში კლაკნის საკუთარ ისრებს. ძალიან მალე ეს შენობები გაქრებიან, დარჩება მხოლოდ პეიზაჟის ფოტო, როგორც წარსულისთვის ამოღებული წითელი ბარათი. წარსული განაწყენებული სახით გვაქცევს ზურგს და სწრაფად დაგვშორდება.

 

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე


ავტორის შესახებ

 

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი