კომენტარი

ზრდილი ქალიშვილიდან ფემინისტურ რევოლუციამდე განვლილი გზა

27 მარტი, 2012 • 2979
ზრდილი ქალიშვილიდან ფემინისტურ რევოლუციამდე განვლილი გზა

აღუწერელ ნეტარებას, ფრანგული ენის ოკეანეში შთანთქმის სურვილს, სხვისი ნააზრევის წვდომის ველურ წყურვილს, ხარბ ცნობისწადილსა და უსაზღვრო თანაგანცდას ვგრძნობდი, როდესაც სიმონ დე ბოვუარის შემოქმედებას ვეწაფებოდი.

მისი წიგნიდან მუდამ განსაკუთრებული მუხტი მოდის. ფრაზები შლეგ დინებას ჰგავს. იგი მკითხველს გულწრფელად და თამამად ესაუბრება სიყვარულზე, სიკვდილზე, ნიჰილისტურ სასოწარკვეთაზე, ეგზისტენციურ მარტოობაზე, ადამიანურ ყოფაზე, თავისუფლების რთულ გზებზე, ბავშვობის მოგონებებზე, ქალის მდგომარეობაზე, ფემინიზმზე, ყოფიერების მსწრაფლწარმავლობაზე, დედის აღსასრულსა, თუ არარაში შთანთქმისა და სიკვდილის შიშზე. მისი სიტყვები არ არის მშრალი, უსულგულო რეფლექსია. ბოვუარი მკითხველს დიალოგისათვის უხმობს, მის მუდმივ თანაგანცდას, განუწყვეტელ დაძაბულობას, თანაგააზრებასა და თანაშემოქმედებას მოითხოვს.

 


თავისუფლებისაკენ

ბოვუარი ტრადიციულ, ბურჟუაზიულ, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე დიდი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად,  სახლში რჩებოდა, ფიქრებში იძირებოდა და ბუნებაში დაეხეტებოდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებ ,,ზრდილი ქალიშვილის მოგონებებში’’ გასაოცარი სიცხადით იხსენებს იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი წლის იყო. თავიდან მამას აღმერთებდა და უდიდეს პატივს სცემდა. სრულიად გამორჩეულ, დიდებულ მამაკაცსაც კი უწოდებდა. როცა წამოიზარდა, მისი დამოკიდებულება მამის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მამამისი, ჟორჟ დე ბოვუარი, დარდობდა, რომ ორი ქალიშვილი, სიმონი და ელენი, შეეძინა. ყოველთვის სურდა, ვაჟიშვილი ჰყოლოდა, რათა მას პოლიტექნიკური სასწავლებელი დაემთავრებინა. მისი აზრით, გოგონას ერთადერთი მოვალეობა გათხოვება და შვილების გაჩენა იყო და ინტელექტუალური განვითარება მას ტრადიციულ მოვალეობას ჩამოაშორებდა. სიმონ დე ბოვუარი ხვდებოდა, რომ მამის ამ მოთხოვნას ვერასოდეს შეასრულებდა:

,,მამაჩემი მგზნებარე ანტიფემინისტი იყო… თვლიდა, რომ ცოლი ქმარს უნდა დამორჩილებოდა. სუფრაჟისტი ქალების წინააღმდეგ ილაშქრებდა და აცხადებდა, რომ სწორედ ის ქალი იმსახურებდა პატივისცემას, რომელიც ქმრისა და შვილების გამო კარიერას დასთმობდა’’.

,,ბავშვის საფენები, საწოვარები და სხვა ნივთები მეზარებოდა…’’

,,დედა ყოველდღე სადილსა და ვახშამს ამზადებდა, ჭურჭლის რეცხდა..  ეს უსასრულო, ამაო საათები იყო… ,,ნუთუ, მეც ასე ვიცხოვრებ?’’-გავიფიქრე მე და უეცრად, ისე თვალნათლივ დავინახე რუხ დღეთა წყება, რომ გული მეტკინა… ერთნაირი, უფერული დღეები, კვირები, თვეები, წლები… საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამას არასოდეს დავუშვებდი…’’

იგი ბავშვობიდანვე ამჩენვდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებებს, ქალის დაჩაგრულ, მეორეხარისხოვან მდგომარეობასა და საყოველთაო ანტიფემინისტურ განწყობას. რელიგიური მორალით გაჟღენთილ გარემოში სუნთქვა უჭირდა. მალე თავშესაფარი რომანების კითხვაში ჰპოვა. საათობით იკეტებოდა ოთახში და გატაცებით ეწაფებოდა ლიტერატურას. წაიკითხა ,,აკრძალული’’ წიგნებიც: მარკიზ დე სადი, ჯორჯ ელიოტი, ჟორჟ სანდი, როზამონ ლეჰმანი, ანდრე ჟიდი, არტურ რემბო, კოლეტ ივერი და სხვები.

,,ხარბად ვეწაფებოდი წიგნებს. საღამოობით ჩემი მშობლები სახლიდან გადიოდნენ და ჩემი და იძინებდა. მე საწოლში ჩავწვებოდი და ვკთხულობდი. როცა კარის საკეტში გასაღების გადატრიალების ხმას გავიგონებდი, შუქს ვაქრობდი.’’

,,ვუარყოფდი იერარქიას, ნორმებს, იმ ცერემონიებს, რომლებითაც ელიტა გამოირჩეოდა. ნორმებს არ ვცნობდი. წესებს ვარღვევდი და არაფერს ვემორჩილებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ  აჯანყება მსიამოვნებდა.’’

,,ახალი თაობის მწერალთა თავდადებასა და მგზნებარებას ვიზიარებდი. მათ ესეებს გატაცებით ვკითხულობდი. ბუნებრივია, მათში საკუთარ თავს ვხედავდი. ძალიან მგავდნენ. ისინიც ცუდად გრძნობდნენ თავს სულისშემხუთავ ბურჟუაზიულ გარემოში. მსოფლიო ომმა მათ სიმშვიდე დაუკარგა, მაგრამ მათი გარემოცვა მაინც არ შეიცვალა… ოჯახსა და ტრადიციებს ებრძოდნენ…’’

,,ლიტერატურა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახდა… წიგნებმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შთანთქა და შეცვალა. საყვარელი წიგნები ჩემს ბიბლიად იქცა და მათში ვპოულობდი თავშესაფარსა და უამრავ რჩევას.’’

“მე დავიწყე კეკლუცობა. მჭირდებოდა რაღაც `გამაღიზიანებელი. ძალიან მიყვარდა ცეკვა. ცეკვისას თვალებს ვხუჭავდი, რათა სიამოვნება მთელი სიმძაფრით შემეგრძნო… ამ დროს  განვიცდიდი ერთგვარ ეგზიბიციონიზმს. ჩემი სიმორცხვე უკვალოდ ქრებოდა და უსაზღვრო მგრძნობელობით ვივსებოდი. მიყვარდა ძილი. ვმასტურბირებდი ყოველდღე, ხშირად, საათების განმავლობაშიც კი…არ ვჩერდებოდი, სანამ ოფლად არ გავიღვრებოდი.. ძალა მეცლებოდა, გაგრძელება აღარ შემეძლო და დაღლილი ვიძინებდი’’…

,,უსაზღვრო ბედნიერება მეუფლებოდა, როცა განთიადისას წიგნს ავიღებდი და მდუმარე, მძინარე სახლიდან გამოვიდოდი… ვუცქერდი, როგორ იღვიძებდნენ მდელოები. მიხაროდა, რომ ამ მშვენიერი წუთების მომსწრე ვიყავი… ვგრძნობდი, როგორ მელამუნებოდა გრილი ნიავი. ყინულის თხელი ფენა, რომელიც მიწას ფარავდა, ნელ-ნელა დნებოდა… როცა ფუტკრები ბზუილს იწყებდნენ, დარაბებს ვაღებდით და სახლში გლიცინიებისა და მზის სურნელი იჭრებოდა… სხვებისათვის დღე მხოლოდ ახლა იწყებოდა, მე კი ალიონს შევეგებე… მე და ამ დღეს გვქონდა საიდუმლო, საერთო წარსული, რომელსაც ვერავინ გაიგებდა. საუზმის შემდეგ რკინის მაგიდასთან დავჯდებოდი, წინ რვეულებსა და წიგნებს დავიდებდი და ჩემი ოჯახის წევრებს თავს ვაჩვენებდი, რომ ვმეცადინეობდი… მიყვარდა ეს წუთები… ზაფხულის ხმაურისათვის ყურისგდება მომწონდა… ვუცქერდი მფრინავ ბზიკებს, ვუსმენდი ციცრების კაკანს, ირმების შიშნარევ ყვირილს, ფოთოლთა ჩურჩულს…. ფლოქსის სურნელი ერწყმოდა კარამელისა და შოკოლადის სუნს, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა… ჩემს რვეულს მზის სხივები დასთამაშებდა. ვფიქრობდი: ,,ყველა საგანს, მეც, საკუთარი ადგილი გვაქვს… აქ, ახლა და სამუდამოდ…’’

,,სანამ საწოლში ჩავწვებოდი, ფანჯარასთან დიდხანს ვჩერდებოდი, ფეხის წვერებზე ავიწეოდი და ვცდილობდი, ღამის მშვიდი სუნთქვა შემეგრძნო. ფანჯრიდან გადავიწეოდი და დეკას გრილ ფოთლებში თითებს შევაცურებდი… შადრევნის წყალი დუდუნით ეცემოდა მომწვანო ქვას. ძროხა, დროდადრო, ჩლიქით სცემდა თავლის კარს… ვგრძნობდი თივის სურნელს. კუტკალიის გულისცემასავით ჯიუტი, გაბმული ჭრიჭინი ისმოდა. უსასრულო მდუმარებაში ვიყავი ჩაძირული. უძირო ზეცის ბინდმოსილ ნათელში გახვეულს მეჩვენებოდა, რომ მიწა ეხმიანებოდა ჩემს შინაგან ხმას, რომელიც დაუღალავად ჩურჩულებდა:  ,,აქა ვარ…’’.  ჩემი გული სასიცოცხლო სითბოთი ფეთქავდა ვარსკვლავების ყინულოვან შუქზე… ნიავი მეალერსებოდა, ღამეული სურნელი თავბრუს მახვევდა, ჩემი სისხლის ჩუხჩუხი მესმოდა. მთელი ჩემი არსება ზეიმობდა. მარადისობას ვერწყმოდი’’…

ასე გაუჩნდა ზრდილ ქალიშვილს განსხვავებულად ცხოვრების სურვილი. მისთვის ნაცნობი გახდა სიტყვები: წესის დარღვევა, დაუმორჩილებლობა, შეურიგებლობა, აჯანყება, არჩევანი, თავისუფლება, კრიტიკა, აზროვნება, აქტიურობა, კითხვა, წერა, შემოქმედება, ბრძოლა. სულისშემხუთავმა ბურჟუაზიულმა გარემომ გათავისუფლების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. მას სურდა, საკუთარი ნებით ეცხოვრა, თავად გამხდარიყო საკუთარი არსებობის შემოქმედი, ყოველწამიერად აზრი შეეძინა მისთვის. მალე დაუმეგობრდა ელისაბედ მაბილს, რომელსაც მოფერებით ზაზას ეძახდა. ისინი კითხულობდნენ წიგნებს, არჩევდნენ ფილოსოფიურ ნაშრომებს, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, სეირნობდნენ ბუნებაში, საუბრობდნენ ქალთა მდგომარეობაზე. მკაცრი რელიგიური მორალი სულს უხუთავდათ და მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. რელიგიური მორალით გაჟღენთილი საზოგადოება მათ დაუღალავად უმეორებდა, რომ თუ დედისა და მეუღლის ტრადიციულად დაკანონებულ როლებს უარყოფდნენ, ბურჟუაზიულ სახელმწიფოს, როგორ იერარქიის პრინციპზე დამყარებულ სისტემას, საფუძველი გამოეცლებოდა. ბოვუარის საუკეთესო მეგობარს მალევე გამოუძებნეს საქმრო. იგი იტანჯებოდა, იბრძოდა, მაგრამ მშობლებს მაინც ვერ ეწინააღმდეგებოდა. სიმონი ყველანაირად ცდილობდა, მისთვის მხნეობა შეემატებინა და მიეხვედრებინა, რომ ადამიანის ნება-სურვილი ყოველგვარ საზოგადოებრივ მორალზე მაღლა იდგა, მაგრამ ვერ მოასწრო: ოცდაერთი წლის ზაზა მოულოდნელად გარდაიცვალა. სიმონ დე ბოვუარს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გოგონა მოკლეს. ის შეიწირა მჩაგვრელმა საზოგადოებამ, ოჯახის წევრების მკაცრმა მოპყრობამ, ფარისევლურმა მორალმა, იმ სულიერებისა და რელიგიის ზეობამ, რომელიც ადამიანს აზროვნების, თავისუფლებისა და საკუთარი ნებით ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. სასიკვდილო სარეცელზე მწოლმა ზაზამ დედას უთხრა: ,,ნუ მიდარდებთ, დედა. ყველა ოჯახს ჰყავს ხორცმეტი. თქვენი ხორცმეტი კი მე აღმოვჩნდი.’’ სიმონ დე ბოვუარი მისმა სიკვდილმა ააჯანყა, აამხედრა და ქალის მჩაგვრელ ტრადიციებთან ბრძოლა ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია. მის შემოქმედებას სევდიან რეფრენად გასდევს ნაადრევად გარდაცვლილი მეგობრის მონატრება და სინანული იმის გამო, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. ,,ზრდილი ქალიშვილის მოგონებებს’’ ასე ასრულებს: ,,ზაზა ხშირად მესიზმრებოდა. ჩემ წინ იდგა თავისი ყვითელი ქუდით და მიცქერდა. მის მზერაში საყვედურს ვკითხულობდი… ჩვენ ერთად ვებრძოდით იმ საშინელ ხვედრს, რომელიც გველოდა. ხშირად ვფიქრობდი, რომ თავისუფლების მოპოვება მისი სიკვდილის ფასად დამიჯდა…’’ ფემინისტ ბოვუარს არასოდეს დავიწყებია საუკეთესო მეგობარი. მას მიუძღვნა რომანი ,,ანა, ანუ როდესაც ზეობს სულიერება’’, რომელშიც მისი ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული აღწერა.

თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვის წყალობით ზრდილმა ქალიშვილმა ოცდაერთი წლის ასაკში ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპვა, სორბონას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და ლექტორი გახდა. მალე დაუახლოვდა ფრანგ ინტელექტუალებს: ჟან-პოლ სარტრს, კამიუს, ნიზანს, ბორის ვიანს, მორის მერლიუ პონტის, ჟაკ ლორენ ბოსტს, კლოდ ლანზმანსა და სხვებს. მალევე ყველაზე ახლობელი და საყვარელი ფილოსოფიური მიმდინარეობის, ეგზისტენციალიზმის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. როგორც შემდგომ ფემინისტებმა აღნიშნეს, ბოვუარი იყო ქალი ფილოსოფოსი მამაკაცთა სამყაროში.

,,შეუჩერებლად ვწერდი წიგნებს… ერთ ნაწარმოებს მეორე მოჰყვებოდა… ქვეყნიერებას საბურველი შემოეძარცვა და ნათლად დავინახე, რომ იგი აღსავსე იყო ყოველივე იმით, რისი შეგრძნება, გაგება და თქმაც მსურდა’’.- წერს ავტორი, რომელმაც პარიზის ბოჰემური, მხურვალე ცხოვრების სიტკბო შეიგრძნო.

მეორე სქესის ეპოქა

მთელი მსოფლიო ომის ჭრილობებს იშუშებდა, საფრანგეთში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, ,,ბეიბი ბუმი’’ იყო. დემოგრაფიული კრიზისით შეწუხებული სახელმწიფოთა მეთაურები დაუღალავად იმეორებდნენ, რომ გოგონას უმთავრესი მოვალეობა გათხოვება და სამშობლოსათვის გმირების აღზრდა იყო. ჰიტლერის ფრაზას, ,,ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო’’, მრავალი მიმდევარი ჰყავდა.  ასეთი გარემო იყო 1949 წელს, როდესაც სიმონ დე ბოვუარმა, თავისი ,,მეორე სქესით’’, ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. მან საფუძველი გამოაცალა ქალის მჩაგვრელ პატრიარქალურ წყობას და გაბედულად ისაუბრა ქალთა უსამართლო ხვედრზე, მათ აღზრდაზე, დეფლორაციაზე, სექსუალობაზე, გათხოვებაზე, დედობასა და სხვა მრავალ საკითხზე. წიგნი საყოველთაო განხლვის, კრიტიკისა, თუ აღფრთოვანების საგნად იქცა. ვატიკანი აღშფოთებული იყო. უამრავი მამაკაცი გამოხატავდა ზიზღს იმ ქალის მიმართ, რომელმაც გაბედა და საუკუნეობრივი ჩაგვრის შემდეგ, ეჭვქვეშ დააყენა მამაკაცური მითები ქალებისა და ქალურობის შესახებ. ბოვუარს აქტიურად ებრძოდნენ ფრანსუა მორიაკი, პიერ დე ბუადეფრი, როჟე ნიმიე და ჟან გიტონი. ისინი აცხადებდნენ: ,,უკვე ყველაფერი ვიცით სიმონ დე ბოვუარის ვაგინის შესახებ.’’, ,,პატარა, ნევროზიანი გოგონა’’, ,,უზნეო დედა’’, ,,დაჩაგრული ცოლი’’ და სხვა. ბოვუარს მარგინალს, ლესბოსელს, ფრიგიდულს, ამორალურ ქალს უწოდებდნენ იმიტომ რომ სარტრთან ერთად სასტუმროში ცხოვრობდა და რაც მთავარია, მასზე დაქორწინებული არ იყო. რატომღაც, მის მტრებს არ გახსენებიათ, (ბოვუარის შეხსენება დასჭირდათ) რომ მას შვილი არ ჰყავდა, არც გათხოვილი იყო და შესაბამისად, ვერც ქმარი დაჩაგრავდა და ვერც-შვილი იქნებოდა მისი ტვირთი. მან უარი თქვა მითებზე და მხოლოდ რეალური ქალების,-სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მწერლების, მეგობრების, ნაცნობებისა თუ ზოგადად, მთელი მსოფლიოს ქალების,-გამოცდილება და მდგომარეობა აღწერა და არა-საკუთარი ცხოვრება.

,,მსაყვედურობდნენ, ,,მეორე სქესი’’ უხამსიაო. განაცხადეს, რომ დაუკმაყოფილებელი, ცივი, მუდმივად აღგზნებული, ნიმფომანი, ლესბოსელი ვიყავი, აბორტი ათასჯერ მქონდა გაკეთებული და თურმე, შვილი საიდუმლოდაც კი გამიჩენია. უამრავმა მამაკაცმა მითხრა, რომ მე არ მქონდა ქალებზე საუბრის უფლება, რადგან არ მიმშობიარებია.’’-იხსენებს ავტორი. ურდენმა განაცხადა: ,,ეს წიგნი არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე, შესანიშნავი, უხეში, უხამსი, გამაღიზიანებელი და აუცილებელია. ის არაფერს მალავს: ყველაფერს იკვლევს და იძიებს. ყველაფერი დღის სინათლეზე გამოაქვს. ის ამბობს ყველაფერს, რაც აქამდე ვიცოდით, მაგრამ აღიარებას ვერ ვბედავდით. როცა ამ წიგნს კითხულობ, ღიზიანდები, მაგრამ იძულებული ხდები, გააღმერთო’’.

მტრებთან ერთად, ავტორს დამცველებიც გამოუჩნდნენ. მათ შორის იყვნენ მორის ნადო, სარტრი, კლოდ ლევი-სტროსი და სხვა ინტელექტუალები. ,,სიმონ დე ბოვუარი, ქალი, რომელიც ქალებს თავისუფლების გზას უჩვენებს!’’ – წერდა ფრანგული პრესა. ავტორი ათასობით ქალისაგან სამადლობელ წერილს იღებდა. ,,დიდი მადლობა. თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. ნათლად დამანახეთ ის, რასაც აქამდე თითქოს, დაორთქლილი მინის მიღმა ვხედავდი… ხმამაღლა თქვით ის, რის გაფიქრებასაც კი ვერ ბედავენ… დიდი მადლობა ამისათვის’’-ეუბნებოდნენ ქალები მას. საყოველთაო სკანდალის მიუხედავად, 1949 წლის ივნისში, ,,მეორე სქესის’’ პირველი ტომის 22 000 ეგზემპლარი ერთ კვირაში დახლებიდან გაქრა. ყველა გატაცებით კითხულობდა. წიგნი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. ძალზე ცოტა ნაწარმოებმა თუ გამოიწვია ასეთი სკანდალი. ქალებმა ხმა ამოიღეს.

ნაწარმოების პირველი ტომი მითების დამსხვრევას ეძღვნება: ბიოლოგია, ფსიქოლოგია, აღზრდა, სექსუალური ტაბუ, მითები, რელიგია, ისტორია. თავები: ,,მითები’’ და ,,ისტორია’’ სერიოზული ანთროპოლოგიური მასალაა. ავტორი აანალიზებს საუკუნეების განმავლობაში ქალთა მდგომარეობას და გვიჩვენებს, თუ რატომ ჩამოყალიბდა ქალი ,,მეორე’’ სქესად. ის აღნიშნავს, რომ პრეისტორიულ ხანაში, მამაკაცი ბუნებას ქალთან აიგივებდა და სიკვდილს მხოლოდ ქალს უკავშირებდა. ყოველივე ეს გამოვლინდა დიადი დედის, ძლევამოსილი ქალღმერთის კულტში. ამ შიშნარევმა თაყვანისცემამ დიდხანს არ გასტანა, მამაკაცი ამხედრდა და ბუნების ,,დამორჩილება’’ გადაწყვიტა. დაემხო დიადი ქალის კულტი და დამყარდა აბსოლუტურად პატრიარქალური წყობა. მამაკაცებმა რელიგია, იურიდიული და სახელმწიფოს მართვის სხვადასხვა სისტემები ქალთა წინააღმდეგ მიმართეს. ქალის არასრულფასოვან, დაქვემდებარებულ არსებად ქცევა მათი ეკონომიკური და სოციალური უპირატესობის წინაპირობა იყო. მათ შეთხზეს სხვადასხვა მითები ქალებისა და ქალურობის შესახებ. ამ მითებში ნელ-ნელა გამოჩნდნენ მასკულინურ ძალაუფლებას დამორჩილებული, მეორეხარისხოვანი ქალები, რომელთაც ყოველთვის მეორე  ადგილი ეჭირათ. ბატონი მამაკაცია, ქალი კი მისი მონა. ერთ-ერთი მითი ,,ნამდვილი ქალის’’ შესახებ ასეთია: სუსტი, მორჩილი, პასიური ქალი, რომელიც დიდი გონიერებით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, შვილებსა და ქმარზე დღედაღამ ზრუნავს, არის ოჯახის ბურჯი, საკუთარი სიამოვნებისათვის ფულს არასოდეს ხარჯავს, არ იცის, როგორ უნდა თქვას: ,,მე მინდა’’. მხოლოდ ის იცის, რა სურს ქმარსა და შვილებს. მისი სანთელი ღამით არ ქრება. ქსოვს, კერავს, სახლს ალაგებს, რეცხს, ხვეტს, წმენდს, მუდმივად მჭმუნვარე იერით დააბიჯებს, ქუჩაში მხოლოდ მაშინ გადის, როდესაც ოჯახს რაღაც სჭირდება. რაც მთავარია, თმასა და სახეს საბურველით იფარავს. მომთმენი და დამთმობია, ქმრის სიტყვა მისთვის კანონია, არის ოჯახის, სკის ,,დედოფალი’’, მოფუსფუსე, საქმიანი ,,ფუტკარი’’. სურვილებისაგან დაცლილი, ვნებებჩამკვდარი, ხელშეუხებელი და სპეტაკი. პატრიარქალური გონისათვის ასეთია ნამდვილი ქალი: იგი უყოყმანოდ უნდა იღებდეს მამაკაცის ბატონობას.

,,ნამდვილი ქალის’’ მითის გვერდით, პატრიარქალურმა წყობამ კიდევ ერთი მითი შეთითხნა: ,,ზნედაცემული ქალი.’’ იგი ,,ნამდვილი ქალის’’ სრული ანტიპოდია. არის მომთხოვნი, ახირებული, ხარბი, უზნეო, სულსწრაფი, ფულსა და სიმდიდრეზე შეყვარებული, ამპარტავანი, ვნებიანი, ავხორცი, ბიწიერი ქალი, რომელიც მამაკაცით ვერ ,,ნაყრდება’’ და გამუდმებული მოთხოვნებით სასიცოცხლო ძალას აცლის მას. ეს მითი, ცხადია, მეძავებსა და ჰეტერებს ეხებოდა. მამაკაცებს, წმინდა, ხელშეუხებელ, ,,ნამდვილ’’ ქალთან ერთად, ჟინის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდათ ,,ბინძური’’ ქალი.

ბოვუარი ამბობს, რომ სწორედ ამ მითების მიხედვით ზრდიდნენ გოგონებს და ბავშვობიდანვე უნერგავდნენ, რომ ისინი სუსტები, დაუცველები და უუნარონი იყვნენ. ისინიც, იძულებულნი იყვნენ, ამ ორი ურთიერთსაპირისპირო არქეტიპიდან ერთ-ერთს ,,მორგებოდნენ’’. სწორედ ამ მითებში ჩამოყალიბებული ,,ქალურობის’’ დამსხვრევა იყო ავტორის მიზანი და გვიჩვენა, რომ ქალი, როგორც მეორეხარისხოვანი არსება, პატრიარქალური კულტურის მიერ შეთითხნილი მითია და არა- ბიოლოგიური უცვლელობა. სწორედ ამ ფრაზით იწყებს თავისი განუმეორებელი ფემინისტური ნაშრომის მეორე ტომს: ,,ქალებად კი არ იბადებიან, არამედ- ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური და არც ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ  ხატს, რომელსაც ქალი საზოგადოებაში იძენს. მხოლოდ პატრიარქალური ცივილიზაცია აყალიბებს ქალს, როგორც მამრსა და კასტრატს შორის გარდამავალ არსებას.’’

ოჯახი და საზოგადოება ბავშვებს რადიკალურად გამიჯნული გენდერული როლების შეთავსებას აიძულებს. გოგონას გენდერული როლი ბიჭის როლის ანტიპოდია. იგი უნდა იყოს მშვიდი, ირაციონალური, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე მეოცნებე, მომავალი იდეალური დედა და ცოლი, პასიური და მორჩილი. ბიჭი კი უხეში, ჭკვიანი, რაციონალური, კეთილისა და ბოროტის შემცნობი, მწვერვალების დამპყრობელი, სამყაროს აღმოსაჩენად სახიფათო მოგზაურობაში წამსვლელი, მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი, მხატვარი, კომპოზიტორი და სხვა. რეპროდუქციულ უნარს ბიჭისათვის მეორეხარისხოვანი ადგილი უჭირავს, გოგონას კი ყველა ასწავლის, რომ გათხოვება და შვილის ყოლა მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს.

,,გოგონა მომავალს ისე უყურებს, როგორც გაურკვეველი მწვერვალისაკენ დაუსრულებელ სვლას… თუმცა ხედავს, რომ დედა სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავს და უეცრად აღმოაჩენს, რომ  წლების წინაც, დედის ხელები ცხიამიან წყალში ეფლობოდა და თეფშებს უხეში სახეხით რეცხდა…  ყოველთვის ასე იყო და მუდამ ასე გაგრძელდება… ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ეს ერთგვარი მუდმივი, უიმედო და ამაო აწმყოა…’’

,,ის, რასაც ბიჭები აკეთებენ, მამაკაცურ ტრანსცენდენციად გარდაიქმნება. კაცები მხატვრები, შემოქმედები არიან, რისკზე მიდიან, გეგმებს აწყობენ, ქალს კი დელიკატურად ასწავლიან ,,ყოფნას.’’ გოგონას ბუნებრივი მისწრაფებაც ,,ქმნადობაა’’, მაგრამ მას ასწავლიან, როგორ იქცეს ობიექტად და როგორ შემოიფარგლოს მის უცვლელ არსად მიჩნეული სფეროთი. ქალის ხვედრი, მისი დანიშნულება, წინასწარ, მრავალსგზის არის განსაზღვრული საზოგადოებაში. კაცებს კი აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ საკუთარი მომავალი. ბიჭს ყველა ასწავლის, რომ გაურკვეველ, ღია მომავალს უნდა დაუპირისპირდეს, მეზღვაური, ან ინჟინერი გახდეს, ფერმაში დარჩეს, ან ქალაქში წავიდეს და ,,ცხოვრება ნახოს’’, მსოფლიო შემოიაროს და გამდიდრდეს. იგი სრულიად თავისუფალია და შეუძლია, მოულოდნელობებით აღსავსე მომავალს დაუპირისპირდეს. გოგონა კი გახდება ცოლი, დედა და ბებია. ისევე როგორც დედამისი, ისიც მოუვლის სახლს, იზრუნებს ბავშვებზე… იგი მხოლოდ თოთხმეტი წლისაა და მისი ცხოვრების ისტორია, თითქოს, ზეცაშია დაწერილი. ის თანდათან, დღითი დღე აღმოაჩენს ამ ისტორიას, ყოველგვარი ,,ქმნადობის’’ გარეშე.’’ … ,,გულნატკენი, დარცხვენილი, შეშფოთებული, მწუხარე, დანაშაულის შეგრძნებით აღსავსე მიემართება გოგონა მომავლისაკენ. ის ამჩნევს, რომ სამყარო ფალოცენტრულია, მას მამაკაცები მართავენ’’.

ამგვარი საზოგადოებრივი წნეხი და იმედგაცრუება გოგონას აიძულებს, საკუთარ დაქვემდებარებულ ხვედრს შეეგუოს. ხან ნარცისიზმს აფარებს თავს, ხანაც-მაზოხიზმს. ასე ნებდება და თანახმდება, იქცეს ობიექტად და აღასრულოს საზოგადოების მოთხოვნა: გახდეს ცოლი და დედა. ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსისათვის ქორწინება  ამაზრზენი პატრიარქალური ინსტიტუციაა, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს და მის თავისუფლებას, მისწრაფებებსა და სურვილებს ახშობს. ქორწინება და დედობა არის არა ქალის მიერ გაცნიბიერებულად გადადგმული ნაბიჯი, არამედ- ტრადიციების ძალით თავს მოხვეული.

,,ქალი არ არის დამნაშავე ოჯახის დანგრევაში… თავად ქორწინების პატრიარქალური სისტემაა საფუძველშივე გახრწნილი და დომინაციის პრინციპზე დამყარებული’’… ,,პატრიარქალური ცივილიზაცია ქალს ქალწულობასა და უბიწოებას აძალებს. საზოგადოებაში გაბატონებული აზრის თანახმად, მამაკაცს აქვს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. ქალს კი ამის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ქორწინება ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერაა დაკანონებული. მას სურვილის გამომჟღავნება დაცემად, შეცოდებად, შეცდომად და სისუსტედ ეთვლება.’’

,,ქალს ოდითგანვე ნივთივით, ავეჯივით ათხოვებდნენ. ქალი, რომელიც გათხოვებაზე უარს ამბობს, პარაზიტად და გადახრილად აღიქმება… შეიძლება, შემომეკამათონ, რომ ქალს დღეს არავინ აძალებს გათხოვებას და თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. მაგრამ მათ საპასუხოდ ვიტყვი, რომ დღესაც  კი, მამაკაცთა ეკონომიკური უპირატესობის გამო, უამრავი ქალი უარს ამბობს მუშაობაზე და გათხოვებას ამჯობინებს. ისევ მამაკაცებს უპყრიათ ხელთ ეკონომიკური სადავეები.’’

,,ქალი საზოგადოების არასრულფასოვან წევრად აღიქმება მაშინაც კი, როდესაც სამსახური აქვს და თავს ირჩენს. აუცილებლად ქორწინების ბეჭედი უნდა ეკეთოს, რათა სრულყოფილ, ღირსეულ პიროვნებად ჩათვალონ.’’

,,ნამდვილი ფარისევლობაა იმის მტკიცება, რომ საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებზე დამყარებულ ქორწინებაში, ყოველდღიური საჭიროებებით, საზოგადოებრივი და მორალური ვალდებულებებით დაკავშირებულ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ეყვარება’’.

ბოვუარი ფსიქიატრი სტეკელის ნაშრომს, ,,ფრიგიდულ ქალს’’, რომანების პასაჟებსა და ნაცნობი ქალების მონათხრობებს მიჰყვება და ქალის ფრიგიდულობას უკავშირებს ქორწინების პირველ ღამეს განცდილ იმედგაცრუებასა და ტკივილს, ქმრის სიუხეშესა და მოურიდებლობას.

,,ქორწინების ღამეს დეფლორაცია დაკანონებული გაუპატიურებაა’’

,,სტეკელის სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მხოლოდ ოთხმა პროცენტმა მიიღო სიამოვნება ,,პირველი ღამისას’’. ორმოცდაათი პროცენტი სიამოვნებას ვერ განიცდის დღეების, კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი. ორმოცდაექვსი პროცენტი სამუდამოდ ფრიგიდული დარჩა. კინსის სტატისტიკის მიხედვით კი მილიონობით ქალი ისე ხდება დედა და ბებია, რომ სიამოვნება არასოდეს განუცდია.’’

,,მეორე სქესის’’ თავში ,,დედობა’’, ბოვუარმა კიდევ ერთი პატრიარქალურ მითს, ,,დედურ ინსტინქტს’’ დაუპირისპირა უამრავი რეალური ქალის მონათხრობი და მოსაზრება დედობის შესახებ. იგი ფსიქოლოგების (ელენ დოიჩის, სტეკელის და სხვ.) ნაშრომებსა და ქალების მონათხრობებს გულდასმით სწავლობს და ასკვნის, რომ დედობისა და გათხოვების სურვილი ქალს ბუნებრივად კი არ უჩნდება, არამედ- აღზრდისას უნერგავენ.

ეგზისტენციალისტი ფემინისტის თანახმად,  პატრიარქალურ საზოგადოებაში მცხოვრები ქალი სიბერეში მწვავე კრიზისს განიცდის, აქვს უფუნქციობის, მიუსაფრობისა და განწირულობის განცდა, რადგან ხვდება, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, პატრიარქალურმა კულტურამ მონობის უღელი დაადგა და ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა.

,,ქალიშვილი ოცნებობს, თუ როგორი იქნება მისი მომავალი, ასაკოვანი ქალი კი სინანულით ფიქრობს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება. განუწყვეტლივ იხსენებს, რისი საშუალება არ მიეცა… ის სასოწარკვეთის მორევში დღითი დღე ეფლობა’’.

ქალი ყველანაირად ცდილობს დაკარგული ცხოვრების ანაზღაურებას, მაგრამ სულ ამაოდ: დრო შეუჩერებლად მიაქანებს სიკვდილისაკენ. იგი ცდილობს, სიკვდილიც უარყოს და ათასგვარ წარმოსახვით სამყაროს აფარებს თავს. ,,ის არის თავზარდაცემული მსხვერპლი იმ ცხოვრებისა, რომელიც არ აურჩევია.’’

,,მეორე სქესის’’ ბოლო თავი ქალის გათავისუფლების პრობლემას ეხება. ავტორი აცხადებს, რომ სანამ არსებული აღზრდის სისტემა (გოგონების მორჩილ დედებად და დიასახლისებად, პასიურ, დამყოლ, სუსტ, სულელ, კომფორტულ ნახევარფაბრიკატებად ჩამოყალიბება) არ დასამარდება, ქალი თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. ფალოცენტრიზმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი სწორედ აღზრდის სისტემაა. არც არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას და არც სექსუალურ თავისუფლებას არ შეუძლია, ქალს სრული ემანსიპაცია მოუტანოს. მას მყარი ეკონომიკური დასაყრდენი უნდა ჰქონდეს, უნდა მოისპოს ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის უთანასწორობა, (ეს მოთხოვნა დღემდე ვერ შესრულდა. შუაგულ ევროპაში, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, თხუთმეტიდან ოცდახუთ პროცენტამდე ნაკლებ ხელფასს იღებენ.) ლეგალიზებული უნდა გახდეს აბორტი, კონტრაცეფცია, თავის დაცვის სხვადასხვა საშუალებები, ქალებს მიეცეთ უფლება, ნამდვილ პროფესიებს დაეუფლონ და სხვა.

,,როგორ შექმნიდნენ ქალები რაიმე გენიალურს, როცა საუკუნეების განმავლობაში მცირეტანიანი ნაწარმოების დაწერის საშუალებაც კი არ ჰქონდათ?…’’

,,გენიოსად კი არ იბადებიან, არამედ-ხდებიან. პატრიარქალურმა წყობამ კი ქალს დღემდე არ მისცა საშუალება, რომ გენიოსი გამხდარიყო.’’

ბოვუარის მეთაურობით, 1971 წელს,  სამას ორმოცდასამმა ქალმა შექმნა მანიფესტი ,,მე გავიკეთე აბორტი’’. ,,მხოლოდ საფრანგეთში, ყოველწლიურად, მილიონობით ქალი იკეტებს აბორტს საშინელ სამედიცინო პირობებში. სწორედ ამიტომ იღუპებიან ისინი, თუმცა მათზე არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ მოვითხოვთ აბორტის ლეგალიზებას, რათა ბოლო მოეღოს ქალთა ტანჯვას. ვაცხადებ, რომ მე გავიკეთე აბორტი.’’ ეს არის ამონარიდი ზემოხსენებული მანიფესტიდან. ფემინისტებმა საწადელს მალევე მიაღწიეს: სიმონ ვეილის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის დაშვების შესახებ დიდი დავიდარაბის შემდეგ დაამტკიცეს.

***

სიმონმა მოიპოვა ის თავისუფლება, რომელზეც ასე ოცნებობდა. იგი არის და დარჩება მეორე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფოსად, მწერლად და ფემინისტად. მისი ეგზისტენციალისტური ნაწარმოებების უდიდესი მნიშვნელობა საყოველთაოდ აღიარებულია. მაჩოისტური ,,დისკურსის’’ საწინააღმდეგოდ უნდა აღვნიშნო, რომ იგი იყო რეალიზებული, წარმატებული, ბედნიერი, სისხლსავსე ცხოვრების მქონე ქალი, რომელსაც საკუთარი თავისა და ძალების სჯეროდა და მილიონობით ქალის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა. დღესაც გვჭირდება ძლიერი ფემინისტური მოძრაობა, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. მისი ყოველგვარ ვალდებულებას მოკლებული ურთიერთობა ჟან-პოლ სარტრთან, ნელსონ ალგრენთან, კლოდ ლანზმანთან და ჟაკ-ლორენ ბოსტთან, საყოველთაო სკანდალის მიზეზი იყო.

ფილოსოფოსმა, ელისაბედ ბადინტერმა, ბოვუარს ახალი მიწების აღმომჩენი უწოდა და განაცხადა: ,,ქალებო, თქვენ მასთან ვალში ხართ! ყველაფერი მისი წყალობით მოიპოვეთ’’.

მან გვიჩვენა, როგორ იხშობოდა ქალთა თავისუფლება საუკუნეების განმავლობაში და როგორ უნდა მიაღწიოს მან ემანსიპაციას. იგი ერთ-ერთი ქალია მათ შორის, ვისაც ხმამაღლა საუბრის, ეკლიან გზაზე სიარულისა და მითების დამსხვრევის არ შეეშინდა და  დაგვანახა ის თვალისმომჭრელი სიმართლე, რომლის აღიარებასაც ვერავინ ბედავდა.

პ.ს.  ამჟამად ვთარგმნი სიმონ დე ბოვუარის ნაწარმოებებს. ერთ-ერთი მათგანი, ,,ანა, ანუ როდესაც ზეობს სულიერება’’ მალე გამოიცემა. მაქვს პატივი, ქართველ მკითხველს ეს უნიკალური ქალი გავაცნო.

გიორგი ძნელაძე
გიორგი ძნელაძე

ვტორის შესახებ

გიორგი ძნელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი