კომენტარისაზოგადოება

“არასდროს მნდომებია, გავმხდარიყავი დედა” – თეო ხატიაშვილის ამბავი

29 თებერვალი, 2024 • 11965
“არასდროს მნდომებია, გავმხდარიყავი დედა” – თეო ხატიაშვილის ამბავი

კინომცოდნესა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეო ხატიაშვილს, არასდროს სდომებია დედობა. საკუთარი თავი ამ როლში არასდროს წარმოედგინა. მაშინაც კი, როცა ბავშვობაში დასთან ერთად თამაშობდა, მისი და დედა იყო, პატარა, ჯიუტი თეო კი — პრანჭია დეიდა. როლები ზრდასრულობაშიც ასე გადანაწილდა.

როგორი იყო დედობაზე უარის თქმისა და სხვა პრიორიტეტების არჩევის გზა, რა ტიპის საზოგადოებრივ წნეხს აწყდებოდა და რა გავლენას ახდენს ქალის არჩევანზე გარემო, სადაც ის ცხოვრობს? ამ საკითხებსა და პირადი არჩევანის მნიშვნელობაზე ნეტგაზეთი თეო ხატიაშვილს ესაუბრა.


“არ თხოვდები? შვილი მაინც გააჩინე”

რაღაც დრომდე გეკითხებიან, რატომ არ თხოვდები? აბა, როდის თხოვდები? რაღაც ასაკს რომ გადასცილდები, უკვე შემდგომი რეპლიკა ჩნდება შენს ცხოვრებაში – “შვილი მაინც გააჩინე”.

ბავშვობიდან ვიყავი ძალიან ჯიუტი და ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა. ჩემი მეგობრები დღესაც ამბობენ, რომ ნამდვილი კახელი ვარ და ამ სიჯიუტესთან ერთად პირდაპირ თქმა და მიხლა მჩვევია. შეიძლება, ეს სულაც არ იყოს კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომადგა თავის დასაცავად.

ისეთივე მკვახე პასუხებით ვიგერიებდი, როგორ კითხვებსაც მისვამდნენ აბეზარი ადამიანები. შეიძლება, შემებრუნებინა კითხვა, რომ აი, შენ რომ გყავს შვილები, რითაა უკეთესი შენი ცხოვრება ჩემსაზე? მე მაქვს დატვირთული ცხოვრება, მაქვს იმის დრო და საშუალება თუნდაც, რომ ვიმოგზაურო უფრო ბევრი, ჩემს საქმეს სრულფასოვნად დავუთმო დრო და ასე შემდეგ. ერთი-ორჯერ მახსოვს, რომ ამ შებრუნებულ კითხვებზე მოულოდნელი რეაქცია ჰქონდათ. გაშრა ეს ადამიანი, ვერაფერი ვეღარ მიპასუხა.

არ მინდა, ისე გამომივიდეს, რაკი ჩემი არჩევანი ასეთია და მე არ გავაჩინე შვილი, თითქოს მათ მიმართ, ვისაც ჰყავთ შვილები, რამე უარყოფითს განვიცდი. რა თქმა უნდა, ასე არაა. ჩემი არჩევანი არც იმას ნიშნავს, რომ არ მიყვარს ბავშვები. პირიქით, ანდამატივით ვიზიდავ უცხო ბავშვებსაც კი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მყავს დისშვილები, დისშვილიშვილები, და მგონია, რომ ძალიან დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვუზიარებ მათ.

აქ საუბარია იმაზე, რამდენად ერევიან და უნდა ერეოდნენ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში, რამდენად განუსაზღვრავენ ერთმანეთს, რა უნდა აკეთონ, რა არის მათთვის უკეთესი. მე რომ ასე ვცხოვრობ, გადავიტანო ყველა დანარჩენზე, როგორც სამაგალითო ნორმა? მე არ მიჩნდება ამის სურვილი, რომ სხვებს ვუჩიჩინო, რატომ გათხოვდი, რატომ აჩენ შვილს.

ამიტომ მინდა მივმართო ქალებს, რომლებიც განიცდიან ამ წნეხს ოჯახიდან თუ საზოგადოებისგან, თავად მათი სურვილები კი სრულებით არ ეწერება ამ საყოველთაო დისკურსში: მთავარია, ადამიანი თვითონ იყოს საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში დარწმუნებული. მან იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში, რა არის მისთვის პრიორიტეტული და ამის შემდეგ უკვე ძალიან ადვილად ლაგდება ყველაფერი. თუნდაც ამ შემოტევებს საზოგადოების მხრიდან, ამ ძალიან აბეზარ კითხვებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უტაქტობა და უზრდელობაც კი, ადამიანის ძალიან პირად სივრცეში შეჭრის გამოვლინება, ამასაც ძალიან ადვილად გაუმკლავდებით. შეიძლება პასუხიც აღარ გასცეთ და უბრალოდ მსუბუქი, ირონიული ღიმილით შეაგებოთ.

კულტურა და დედობის სხვადასხვაგვარი გააზრება ფემინიზმში

პატრიარქალური კულტურის ფუნდამენტური ნაწილია, რომ ოჯახი განისაზღვრა, როგორც მთავარი ღირებულება. შესაბამისად, მასში ქალს ძალიან კონკრეტული როლი მიენიჭა მისი რეპროდუქციული უნარის გამო. ამან შემოსაზღვრა და ჩაკეტა ამ როლში. ეს, რასაკვირველია,  არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი.

ფემინისტების სხვადასხვა ტალღა და სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირად უყურებს და აფასებს დედობის ფაქტორს. დასაწყისში ეს მოცემულობა ცოტა განზე გასწიეს. აი, მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ სიმონ დე ბოვუარი, რომელიც ამბობს, რომ სქესი ბედისწერაა და თვითონ საპირისპიროდ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – არ იქნება მონოგამიურ ქორწინებაში და არ გააჩენს შვილს.

სიმონ დე ბოვუარი მიღებული იყო საზოგადოებაში, როგორც არა უბრალოდ სრულფასოვანი წევრი, არამედ როგორც ინტელექტუალი ქალი, რომელსაც უსმენენ, რომლის ხმაც ხმამაღლა გაისმის. ყოველთვის საინტერესო იყო მისი აზრი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. თუმცა ის გამონაკლისია. ყველა ქალს ასე ადვილად არ შეუძლია, რომ საზოგადოებრივ ნორმებს წინ აღუდგეს და დაუპირისპირდეს.

უფრო მოგვიანებით, სწორედაც დედობა, ის, რაც კაცს არ შეუძლია, დადგება ფემინისტებში როგორც ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ქალის განსაკუთრებულობა. რასაც აკეთებს კაცი, ამ ყველაფერს გააკეთებს ქალი. მაგრამ რასაც აკეთებს ქალი, რომ მას შეუძლია შვას ახალი სიცოცხლე, ამას ვერ გააკეთებს კაცი.

რასაკვირველია, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ადამიანის ცხოვრებაში, რომ იყო დედა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არ არის ერთადერთი რამ. მე მგონია, რომ ისიც მითია, თითქოს ქალს აუცილებლად აქვს დედობის თანდაყოლილი ინსტინქტი.

დღევანდელი მედიცინაც აღიარებს, რომ ყველა ქალი ერთნაირად, ბუნებრივად და ორგანულად ვერ იღებს დედობას. პოსტსამშობიარო დეპრესიები, ტრავმები — ამაზე თუ ადრე არავინ ლაპარაკობდა, დღეს უკვე აღიარებულია. ესეც არის ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმისა, რომ ქალი ასე მარტივად და თითქოს წინასწარ გაწერილი აუცილებელი კანონის მიხედვით ვერ გახდება ყოველთვის დედა.

სავალდებულო დედობა მტკივნეულ გამოცდილებად და სტიგმად აისახება ე.წ. უშვილო ქალებში. ისიც სიმპტომატურია, რომ თუ ქორწინებაში მყოფ ქალს არ უჩნდება ბავშვი, საზოგადოება „დამნაშავეს“ ავტომატურად ქალში ეძებს. წელს „ბერლინალეს“ კონკურსში იყო ერთი საინტერესო ფილმი, სევერინ ფიალასა და ვერონიკა ფრანცის „ეშმაკის აბანო“, რომელშიც მოქმედება მე-18 საუკუნის გერმანულ სოფელში ხდება. ახალდაქორწინებულ ქალთან ქმარს არ აქვს სექსი, არადა ყველა და, ცხადია, თვითონაც მოუთმენლად ელოდება, როდის დარჩება ორსულად. სასოწარკვეთილი და გარიყული ქალი წარუმატებელი თვითმკვლელობის შემდეგ კლავს შემთხვევით შეხვედრილ ბავშვს, რის შემდეგაც მიდის ეკლესიაში იმის გასაცხადებლად, რომ დამნაშავეა. ფილმი ეყრდნობა კვლევას, რომლის მიხედვითაც, მე-17-18 საუკუნის გერმანიაში ქალების მიერ ჩადენილი მსგავსი მკვლელობის 400-მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მსხვერპლი უმეტესად ბავშვი იყო. ქალები, იმის შიშით, რომ თვითმკვლელობის შემთხვევაში სამოთხეში ვერ მოხვდებოდნენ, სჩადიოდნენ დანაშაულს იმის გაცნობიერებით, რომ ამის გამო მათ სიკვდილით დასჯიდნენ. უკიდურეს წნეხში მოქცეული ქალებისთვის სიკვდილი იყო შვება.

სად მთავრდება საზოგადოების გავლენა და იწყება პირადი სურვილები

ადამიანი სოციალური ცხოველია და  ნებისმიერ შემთხვევაში განიცდის ბევრ სხვადასხვა გავლენას. ბევრი მოაზროვნე და ფილოსოფოსი წერს, რომ ჩვენი სურვილები არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილები, ის არის კონსტრუირებული. კონსტრუირებულია მათ შორის საზოგადოების მხრიდან, მედიის, რეკლამის მხრიდან. რა გვინდა – ეს არასდროს არ არის სუფთა მოცემულობა. შეიძლება იყოს ნაკარნახევი სწორედ გარედან. რასაკვირველია, ძალიან რთულია გამიჯნო, რა შენია, რა გარედან ნაკარნახევი.

ვიხსენებ ჩემს ბავშვობას. მაგალითად, დედობის მიმართ რა დამოკიდებულება მქონდა. როდესაც მე და ჩემი და ვთამაშობდით ხოლმე, სულ მეზარებოდა, რომ მეც მყოლოდა შვილი და ყოველთვის ვიყავი დეიდა. პრანჭია დეიდის ტიპური სახე ვიყავი, მაშინ, როცა ჩემს დას ჰყავდა შვილი. ზრდასრულ ცხოვრებაშიც ასე გამოვიდა.

მერე უკვე თინეიჯერობისას, როდესაც ჩემი მეგობრები, ჩემი კლასელები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უნდოდათ ჰყოლოდათ ქალ-ვაჟი, ლაპარაკობდნენ თავის შვილებზე, ოცნებობდნენ, ჰქონდათ უკვე გამოხატული თითქოს ეს დედობრივი ინსტინქტები, მე არასდროს მქონია მსგავსი რამ. მაშინაც არ მიფიქრია თუნდაც ის, ვინ მინდა მყავდეს, ბიჭი თუ გოგო. ჩემი ფიქრები ამით ფაქტობრივად არც ერთ ასაკში არ ყოფილა დატვირთული. ხასიათიც განაპირობებს, რამდენად რეზისტენტული ხარ რაღაცების მიმართ, ან პირიქით, რას იღებ – ფემინისტების ემანსიპატორულ იდეებს თუ ტრადიციული კულტურის უფრო სტანდარტულ სოციალურ როლს. 

ვერ გეტყვით, რანაირად, როგორ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და როგორ მივიღე, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება, არ გავმხდარიყავი დედა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მშობლების მადლიერი ვარ. ზეწოლა და წნეხი მათგან არ მქონია. რასაკვირველია, მათაც უნდოდათ, შვილები მყოლოდა. როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მერე დავიცავი დისერტაცია, უკვე ცოტა შფოთვები დაეწყოთ. მაგრამ მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არასდროს ყოფილა შემაწუხებელი და არ ყოფილა ისეთი აუტანელი, რომ მე იძულებითი გადაწყვეტილება მიმეღო. ამიტომ ამასაც აქვს მნიშვნელობა, თვითონ რა გარემოში და სოციუმში ხვდები ქალი.

ძალიან ბევრი ქალი დღესაც, მათ შორის, ისინიც, ვინც ემანსიპირებულია, დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც ვეღარ უძლებს გარემოს და თხოვდება, ან შვილს აჩენს სოციუმის ან ოჯახის მოთხოვნისადმი დათმობის გამო.

ეს უფრო დამახასიათებელია კოლექტივისტური საზოგადოებისთვის, რომელიც ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას ერთ კონკრეტულ ადამიანზე, მის პირად ცხოვრებაზე. უფრო სწორად, ვიტყოდი, რომ პასუხისმგებლობას კი არ იღებს თავის თავზე, არამედ ჰყოფნის სითავხედე, რომ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში და მიუთითოს, რა არის მისთვის უკეთესი და რა არის არასწორი.

„სიბერეში მოგივლის“

მართალი გითხრათ, ეს რეპლიკა, “შვილი მაინც გააჩინე”, რომელიც უკვე მეორე ეტაპზე შემოდის, როცა ფიქრობენ, რომ “შენ ოჯახს ვეღარ შექმნი, ისეთ ასაკში ხარ”, რაღაც მახინჯი ცხოვრებისეული წესის გამოვლინებაა. თითქოს ქალი არის გასაყიდი პროდუქტი, როგორსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ და რომელსაც აქვს ვადა. თუ გადასცილდი რაღაც ასაკს, უკვე გადასაგდები ხარ. მაშინ, როდესაც სამოცი წლის ასაკშიც თუ მოუნდა ქალს, შეიძლება ისიც გათხოვდეს, რატომაც არა?! მაგრამ ესეც მიბმულია ისევ და ისევ რეპროდუქციულობის უნართან – თუ შვილის გაჩენა აღარ შეუძლია, რაღატომ უნდა გათხოვდეს?

ცოტა მაღიზიანებს შვილის გაჩენის საკითხისადმი პრაგმატული დამოკიდებულება. როგორც წესი, მსგავს კითხვებსა და რეპლიკებს მოჰყვება ხოლმე რჩევა – “დაბერდები და გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც მოგივლის, წყალს მაინც მოგაწვდის”.

შვილს იმიტომ ზრდი, რომ მერე შენი მომვლელი გახდეს? მაგრამ შვილის აღზრდას რამდენი ენერგია, რამდენი რესურსი სჭირდება? მისთვის ნორმალური პირობების შექმნას, რომ იკვებოს კარგად, ჰქონდეს ტანსაცმელი, სითბო, მიიღოს კარგი განათლება, გქონდეს იმის საშუალებაც, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება შეძლო, თუ ეს საჭირო იქნება. და რაც მთავარია, ემოციურად გამოკვებო ეს ბავშვი.. და ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სერიოზული პრობლემაა – სწორედ ეს ემოციური ურთიერთობა. მშობლებს, მით უმეტეს, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ასეთი დაჩქარებულია ტემპი, სულ უფრო და უფრო უჭირთ ემოციური კავშირის დამყარება, შენარჩუნება და, შესაბამისად, ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებში აისახება. 

მაგრამ გარდა ამისა, ადამიანები არ უტყდებიან საკუთარ თავს და არ აღიარებენ, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი მარტონი არიან. რაც გინდა მრავალშვილიანი ოჯახი გყავდეს, სიბერეში შენ მაინც პირისპირ რჩები სხვა პრობლემებთან. რამდენი შვილია, რომელსაც მიუტოვებია თავისი მშობელი, არ ზრუნავს მათზე და შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა უფრო მეტი სიკეთე და ზრუნვა გამოიჩინოს ამ მოხუცისადმი, ვიდრე მისმა შვილმა?

არც კი უშვებს საზოგადოება, რომ შესაძლებელია გაწერილი ძალიან სტანდარტული გეგმიდან გადახვევა. რაკი გყავს შვილი, ის მერე იქნება შენ გვერდით, მოგივლის, დაგმარხავს და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ასე ერთი სწორი ხაზით არ მიდის და ბევრი გადახვევა, ბევრი მოულოდნელობაა, მათ შორის, არასასიამოვნო და ტრაგიკულიც.

როცა ამ თემაზე არის ხოლმე ლაპარაკი, სულ მახსენდება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორი, იასუძირო ოძუ, რომელიც სულ ოჯახზე იღებდა. თვითონ არ ჰყავდა ოჯახი, დედასთან ერთად ცხოვრობდა ბოლომდე. მისი შემოქმედების მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რაკი ფილმებს ოჯახებზე იღებდა, ეს შეიძლება მისი დანაკლისის გამოვლინება იყო. მაგრამ თუ დავაკვირდებით მის ოჯახებს, იმის მიუხედავად, რომ ყველას ძალიან უყვარს ერთმანეთი და შეკრულნი არიან, ყველა ადამიანი მაინც მარტოა. სიმარტოვის სევდა მიჰყვება მთელ მის შემოქმედებას. ამიტომაც ვამბობ, სჯობს, რომ თავიდანვე გავიაზროთ, გავუსწოროთ მარტოობას თვალი და მერე უკვე ეს მარტოობაც მეგობარივით გვეყოლება. შვილებსაც ნუ ავკიდებთ ამ ტვირთს, რომ აი, ისინი მე გავაჩინე არა იმიტომ, რომ მინდოდა და მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ მომიაროს და სასიკვდილო სარეცელთან წყლის ჭიქა გამომიწოდოს.

ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და მარტოობასთან შეგუება. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. რაღაც შემთხვევაში პირიქით, შეიძლება ეს იყოს ძალიან სასიამოვნოც და, რაც მთავარია, გამაძლიერებელი ადამიანისთვის, შინაგანად გამაძლიერებელი.

ეგოიზმი თუ პასუხისმგებლობა?

ერთი მხრივ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ეგოისტური დამოკიდებულებაა. მე თითქოს მეზარება პასუხისმგებლობების აღება და ვარჩევ, ჩემი ცხოვრება მოვიწყო, სადაც მხოლოდ ჩემს თავზე ვიქნები ფოკუსირებული. მაგრამ მე მგონია, რომ უფრო პირიქით, პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანი იმას, თუ რა არის დედობა.

“გააჩინე და ყველაფერი გამოვა, გამოჩნდება და ბავშვი გაიზრდება” – ესეც შეიძლება იყოს ინერციით წამოსული დამოკიდებულება წარსულიდან, როცა მრავალშვილიან ოჯახებში შვილები თვითონ ზრდიდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის გამონაცვალ, უკვე დაკონკილ ტანსაცმელს შეიძლება რამდენიმე თაობა გამოევლო. მაგრამ დღეს ბევრი რამ ჩქარდება, იცვლება და მრავლდება. ბავშვს სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე სჭირდებოდა თუნდაც ერთი საუკუნის წინ. შეიძლება ესეც განვიხილოთ როგორც კონსუმერული საზოგადოების მანკიერება, ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში მინიმალურიც საკმარისია. მაგრამ მინიმალური არ არის საკმარისი, როცა, მაგალითად, ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ. იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვი გაზარდო, გაცილებით მეტი რაღაც გჭირდება, ვიდრე ადრე გჭირდებოდა.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენმა საზოგადოებამ დაუშვა, რომ შეიძლება ოჯახი არ გქონდეს, მაგრამ შვილი გააჩინო. მაგრამ, მით უმეტეს, მარტოხელა დედისთვის რამდენად კიდევ უფრო დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს შვილის ნორმალური აღზრდა, მისთვის ნორმალური განათლების მიცემა?

ერთხელ ანიეს ვარდაზე ტექსტს ვამზადებდი და გადავაწყდი მის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუს,  1960-იან წლებში ჩაწერილს, სადაც ძირითადად ფემინისტური კუთხიდან უსვამდნენ კითხვებს ამ რეჟისორს. ერთი ფრაზა შემხვდა, რომელმაც ცოტა გამაოგნა და რამდენჯერმე წავიკითხე, რომ დავრწმუნებულიყავი, სწორად აღვიქვი თუ არა. ლაპარაკობს ქალის ფუნქციაზე, გააჩინოს შვილები, და ამბობს, რომ ორ შვილზე მეტი, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მცდარიც კია, არაეკოლოგიურიაო. ამან გამაოგნა. მაგრამ მერე, როცა დავფიქრდი, მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ეს დალოცვა რომ გვაქვს, “გამრავლდი, გამრავლდი, გამრავლდი” – ამის უკან რამდენი საჭიროებაა, ამაზე არავინ ფიქრობს. რამდენად იწვევს ეს მოხმარების გამრავლებასაც. როგორ უბრუნდება ბუნებას ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითი სახით. ასე რომ, ამ კუთხითაც შეიძლება დავფიქრდეთ – რამდენად ვეხმარებით ბუნებას, რომ ის გადარჩეს და მასთან ერთად გადავრჩეთ ჩვენც?

ასაკის მატება და ურყევი გადაწყვეტილება

მე თვითონ არ გამომიცდია დედობრივი მდგომარეობა და ცხადია, როცა შვილს აჩენ, ალბათ ეს არის ძალიან დიდი სიხარული და სიამოვნება. მაგრამ არანაკლებ სასიამოვნოა, როდესაც მოცული ხარ შენი საქმით. არ ვფიქრობ, რომ რაიმე გლობალური მნიშვნელობის საქმეს ვაკეთებ, შეიძლება ეს არ იყოს ღრმა კვალი, რასაც ვტოვებ ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუნდაც ის, რომ ჩემი სტუდენტი დაწერს ძალიან კარგ სტატიას, არის ძალიან სასიხარულო.

იყო ერთი შემთხვევა საყვარელი მამაკაცის მხრიდან, რომელსაც უნდოდა, რომ შვილი გამეჩინა. მე რომ ვთქვი უარი, ამან ძალიან გაანაწყენა და პასუხად მივიღე, ესე იგი, საკმარისად არ გიყვარვარ იმისთვის, რომ ჩემგან შვილის გაჩენა გინდოდესო.

თითქოს ბეჭდის დასმასავით არის – რაკი გააჩინე შვილი, მერე ეს ნიშნავს, რომ ვისგანაც გყავს შვილი, იმ კაცთან მარადიულად უნდა იყო მიბმული. ესეც, ისევ და ისევ, არის აბსოლუტური ილუზია. ეს ჩემთვის იყო ძალიან უცნაური რამ, მაგრამ არ მიღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც საყვარელი ადამიანის დაკარგვად დამჯდომოდა. ნაბიჯის, რომელიც არ იყო ჩემი რაციონალური გადაწყვეტილება და ისევ გარედან მკარნახობდნენ, თუ ჩემთან ყოფნა გინდა, მაშინ ერთად შვილიც გვყავდესო.

მართლა არ მახსენდება, რომ რამე მომენტში ყოყმანის მდგომარეობა გაჩენილიყო. პირიქით, რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო მიმყარდებოდა აზრი, რომ მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ ვიყო დედა; რომ რა გზაც ავირჩიე, ჩემთვის ყველაზე სწორი გზა და სწორი გადაწყვეტილება იყო.

შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, მიყვარს მარტო ყოფნა. განმარტოების მოთხოვნილება სულ მაქვს. ამ დროს შენ გაქვს უფრო მეტი თავისუფლება, თუნდაც, როგორ გაანაწილო დრო. როდის გაიღვიძო, როდის დაიძინო, როდის ჩართო ტელევიზორი, როდის აანთო შუქი, როდის ისაუზმო, როდის ისადილო და ასე შემდეგ. ეს ხომ ძალიან წვრილმანი დეტალებია, თითქოს სალაპარაკოდაც არ ღირს. მაგრამ ამის კოორდინირება სხვა ადამიანებთან საკმაოდ დიდ რესურსსა და ენერგიას მოითხოვს. ამას ნამდვილად აქვს თავისი ხიბლიც და თავისი უპირატესობებიც, როცა უფრო მოქნილი და უფრო მობილური ხდები და პროდუქტიული.

არ მინდა გამომივიდეს, რომ ქალი, რომელიც მარტოა და შვილი არ გააჩინა, უფრო პროდუქტიულია. არიან და ჩემ გარშემოც ბევრია ისეთი, რომელსაც შვილიც ჰყავს და უამრავ საქმესაც აკეთებს. მგონია, რომ ისინი არიან გმირები, რომ ახერხებენ ოჯახის რუტინა და მენეჯმენტი თავის საქმიანობასთან ისე შეათავსონ, ორივეში ძალიან წარმატებულად გამოიყურებოდნენ. მე უბრალოდ ვაღიარებ, ამდენი ენერგია ნამდვილად არ შემწევს, შევძლო ისიც და ისიც. ასე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტად დალაგდა ჩემი საქმე და მივხვდი, შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის, მიმეძღვნა თავი ოჯახისთვის, შვილისთვის და გვერდზე მომეტოვებინა ჩემი საქმიანობა. ზოგი ამას ახერხებს, მაგრამ მგონია, რომ ესენი გამონაკლისები არიან ან გაცილებით მეტი ძალისხმევა უწევთ.

ჰარმონია საკუთარ თავთან, რომელიც ბრძოლით მოიპოვება

ყველაფერი ეს, ტრადიცია, წესი, თუ წარმოდგენები, რაც უკავშირდება ოჯახს, დედობას, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ამ სოციალურ ცხოვრებაში, არის კონსტრუქტი, რომელიც მოიგონეს ადამიანებმა, დააკანონეს და დღემდე ვართ ილუზიაში, თითქოს ეს ყველაფერი ბუნებრივია და მარადიული.

მაგრამ რაკი ადამიანის ცხოვრება არ არის მარადიული, მისი ყოველდღიურობა თუ ცხოვრების გზა ვერ განვითარდება ერთი მიღებული სცენარის მიხედვით. ცხოვრება ყოველთვის გადახვევებისგან შედგება. შვილიც არ არის საბოლოო ნიშანი და გარანტია იმის, რომ სტაბილური, მშვიდი, ჰარმონიული ცხოვრება გექნება და გეყოლება სიბერეში მომვლელი. შეიძლება სულ პირიქით მოხდეს. თავბედი გაწყევლინოს ამ შვილმა. ძალიან ცუდ სცენარებს ვყვები ახლა და, რასაკვირველია, აუცილებელი ისიც არაა, რომ ასე მოხდეს.

ძნელია წახვიდე დინების საწინააღმდეგოდ, შეეჯახო და ებრძოლო საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ სამაგიეროდ ამის შედეგად მოიპოვებ ყველაზე მნიშვნელოვანს – შინაგან სიმშვიდეს, კმაყოფილებასა და საკუთარ თავთან კომფორტულ არსებობას, რაც ალბათ ყველაზე საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა სრულფასოვნად იცხოვროს.

ქალებმა ძალიან კარგად უნდა გაიაზრონ და აღიარონ, რომ ფართო კარი აქვთ ღია, საით წავიდნენ, რომელი გზით წავიდნენ, რა აირჩიონ. შეუძლიათ ორივე მოაგვარონ ერთად, მაგრამ არაა აუცილებლობა, შვილები გააჩინო და ამისთვის უარი თქვა სწავლაზე, სამუშაოზე. 

რა ცხოვრებითაც არ უნდა იცხოვროს ქალმა, იქნება დედა, იქნება თავის საქმეში წარმატებული, იქნება ერთიც და მეორეც, იქნება უბრალოდ ქალი, რომელსაც შეიძლება მაინცდამაინც წარმატებული კარიერა არა აქვს, მაგრამ თავის საქმით არის დაკავებული და თან არ ჰყავს შვილი.. ყველა ამ სხვადასხვა სტატუსის მატარებლობაში არც არაფერი განსაკუთრებული მიღწევა არ არის და არც არაფერი განსაკუთრებულად ტრაგიკული. არც ქალის სქესი, არც ჩვენი ცხოვრება არ არის ბედისწერა. ჩვენ ვქმნით მას, ჩვენ ვქმნით ისეთს, როგორიც გვინდა, რომ იყოს, იმის მიხედვით, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი.

მესმის, რომ არჩევანის თავისუფლებაც ცოტა გაზვიადებული ნათქვამია იმიტომ, რომ არჩევანი ლიმიტირებულია. ისიც გამოწვეული და განპირობებულია იმით, სად ცხოვრობ, როგორ გარემოში, როგორ ქვეყანაში. რამდენად გაქვს პირობები, თუნდაც ამ არჩევანის განსახორციელებლად. მაგრამ, რაც მთავარია, ადამიანებმა ალბათ უნდა ისწავლონ, რომ საკუთარი გულის ხმას, საკუთარი გონების ხმას უსმინონ, დაუჯერონ და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი