ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლიბერალური და მემარცხენე ფემინიზმი აზერბაიჯანში

26 ნოემბერი, 2021 • 861
ლიბერალური და მემარცხენე ფემინიზმი აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი


აზერბაიჯანში “ფემინისტური მოძრაობა”  ახალი და მცირერიცხოვანი მოვლენაა. თუმცა – ძალიან აქტიური [განსაკუთრებით, მსგავსი ინიციატივების, მათ შორის ტრადიციული ოპოზიციის პასიურობის ფონზე]. ამასთან, ერთი მხრივ, აზერბაიჯანელი ფემინისტების მიერ წამოყენებული პირველადი მოთხოვნები ძალიან მცირედით თუ განსხვავდება იმისგან, თუ რას ითხოვდნენ მათი “კოლეგები” 100 წლის წინ, სამხრეთ კავკასიაში ქალების ემანსიპაციის პიკში: ქალი აღიარო ადამიანად, არ მოკლა, არ სცემო და სწავლის უფლება მისცე. მეორე მხრივ, [ისევე, როგორც 100 წლის წინ] საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ყველა ეს მოთხოვნა აღიქმება ტრადიციული აზერბაიჯანული ოჯახის ნგრევად და ქალის სექსუალური თავისუფლებისკენ სწრაფვად. 

ასეთ გარემოში კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც შეიძლება ძალისხმევა და ფული დახარჯო, წიგნის “ფემინიზმი 99%-ისთვის” თარგმნა და გამოცემა უნდა იყოს [ავტორები:  ნენსი ფრეიზერი, სინცია არუცა და ტიტი ბატაჩარია]. წიგნი ეძღვნება ლიბერალურ ფემინიზმსა და მემარცხენე ფემინიზმის მანიფესტაციას [წიგნის სახელწოდება როგორც “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, თანამედროვე აზერბაიჯანში არაპოპულარულია]. თუმცა დამოუკიდებელი გამომცემლობა «Egalite», რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა ეს წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე, ფიქრობს, რომ მისი პოტენციური აუდიტორია ქვეყანაში იმაზე დიდია, ვიდრე, ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

სწორედ ეს წიგნი გახდა საფუძველი, გვესაუბრა აზერბაიჯანში ლიბერალური და მემარცხენე ფემინიზმის შესახებ ჩვენს რესპონდენტებთან, წიგნის მთარგმნელთან, სევინჯ სამედზადესთან და რედაქტორთან, არაზ ბაგოროვთან. 

თუკი საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, მაშინ აზერბაიჯანში ფემინიზმი ჩანასახის დონეზეა და იმ მცირერიცხოვან ადამიანებსაც კი, ვინც ფემინისტურ იდეებს იზიარებს, საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამის შესახებ. თქვენი აზრით, ნაადრევი ხომ არ იყო აქ ასეთი წიგნების გამოცემა? და თუ ადამიანების განათლება იყო მიზანი, რამე საბაზისოთი დაწყება ხომ არ ჯობდა? თუნდაც, სიმონ დე ბოვუარის “მეორე სქესით”… 

სევინჯ: ფემინისტური ლიტერატურა აზერბაიჯანულ ენაზე პრაქტიკულად არ არსებობს. რაღაცით უნდა დაგვეწყო და შესაძლოა, ერთი შეხედვით, ამ წიგნის არჩევა მართლაც უდროოდ და უცნაურად მოგეჩვენოთ. თუმცა, ჩემი აზრით, ეს წიგნი ზუსტად ისაა, რაც დღეს აზერბაიჯანულ აუდიტორიას სჭირდება. იმიტომ, რომ ამ წიგნში საუბარია არა მხოლოდ ფემინისტების გაერთიანებულ ბრძოლაზე, არამედ, მაგალითად, ეკოაქტივისტების, ლგბტ+ დამცველების და ა.შ. ბრძოლაზე და ამ ბრძოლის საერთო მიზნებზე.

ასე რომ, წიგნი გათვლილია არა მხოლოდ ქალებზე და არა მხოლოდ ფემინისტებზე, უფრო ფართო აუდიტორიაზე – ყველაზე, ვინც ებრძვის ან უნდა, რომ იბრძოლოს დისკრიმინაციის და ექსპლუატაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში ცუდი არ იქნებოდა, ფემინისტური ბრძოლა სწორედ აქეთკენ მიგვემართა. 

რაც შეეხება ჩანასახოვან მდგომარეობას, ამოცანები, რომლის წინაშეც დღეს დგას ფემინიზმი აზერბაიჯანში, ნამდვილად ჰგავს იმას, რაც ევროპაში პირველი და მეორე ტალღის დროს იდგა ფემინისტების წინაშე. თუმცა თანამედროვე აზერბაიჯანის კონტექსტი განსხვავებულია. აქ გვაქვს, ასე ვთქვათ, პოსტკოლონიალური წარსული, ავტორიტარული რეჟიმი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაძლიერებული კონსერვატიული ტრადიციები… ვფიქრობ, ჩვენთვის უფრო ნაცნობია თურქეთი და თურქული ფემინისტური ბრძოლა.  

არაზ: ამასთან, ჩემი აზრით, აზერბაიჯანმა არც უნდა  გაიაროს ყველა ის ეტაპი, რომელიც თავის დროზე ევროპამ განვლო. დიახ, გენდერული საკითხების თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ ჩამოვრჩებით, თუმცა გვაქვს საშუალება, გამოვიყენოთ სხვისი გამოცდილება და უფრო სწრაფად “დავეწიოთ” სხვა ქვეყნებს.

შეგიძლიათ, მარტივად აგვიხსნათ, რას წარმოადგენს მემარცხენე ფემინიზმი და რით განსხვავდება ლიბერალური ფემინიზმისგან? 

არაზ: ძალიან მოკლედ და მარტივად თუ ავხსნით, ლიბერალურ ფემინიზმს არ აქვს პრეტენზია ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ წყობასთან [ანუ, კაპიტალიზმთან] და ცდილობს გენდერული უსამართლობა ამ სისტემის ფარგლებში გადაჭრას. ზოგჯერ ამას მეინსტრიმულ ფემინიზმსაც უწოდებენ, რადგან, როგორც წესი, მას მხარს უჭერენ მსხვილი მედიასტრუქტურები, პოლიტიკოსები დ ა.შ. და ცდილობენ, საკუთარი მიზნებისთვის მის გამოყენებას. ლიბერალი ფემინისტების აზრით, პრობლემა  ის არის, რომ ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი სახელმწიფო მმართველობაში და კომპანიებში, არასაკმარის მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებებში. 

და თუკი ამ დონეზე თანასწორობას მივაღწევთ, ყველაფერი დალაგდება. მაგალითად, 2016 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლიბერალური ფემინისტები მხარს უჭერდნენ ჰილარი კლინტონის კანდიდატურას. მემარცხენეები კი სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, რომ მისი არჩევა სიტუაციას შეცვლიდა. 

ლიბერალური ფემინიზმი რეფორმისტულია და გულისხმობს იმას, რომ სისტემა შეიძლება შეუცვლელად “გამოსწორდეს”. რაც შეეხება მემარცხენე ფემინიზმს, ის დარწმუნებულია, რომ  კაპიტალიზმის პირობებში პრობლემას “კოსმეტიკური” რემონტით ვერ გამოასწორებ.

მაგალითად, მარქსისტული ფემინიზმისთვის ბრძოლის მთავარი სამიზნე კაპიტალიზმი და მისი დისკრიმინაციული არსია, გენდერული დისკრიმინაცია და სხვა პრობლემები კი, რომელთაც ქალი აწყდება, მხოლოდ ერთ-ერთი მისი გამოხატულებაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენდერული ბრძოლა უშედეგო და მეორეხარისხოვანია – ის აზრს მოკლებულია მხოლოდ კაპიტალიზმის ფარგლებში და ბრძოლა სისტემის წინააღმდეგაც უნდა მიმიდინარეობდეს. 

მიიჩნევა, რომ აზერბაიჯანში გავრცელებულია, უფრო სწორად, იწყებს გავრცელებას სწორედ ლიბერალური ფემინიზმი. რაში გამოიხატება ეს? თუმცა, როგორც ვიცი, აზერბაიჯანელი ფემინისტები ამ ტერმინს საკუთარი თავის მიმართ არ იყენებენ.

არაზ: პირველ რიგში, ეს ლიბერალობა მათი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ქალებზე ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად ისინი ითხოვენ გარკვეულ რეფორმებს, სტამბოლის კონვენციის მიღებას – ანუ, სასჯელის გამკაცრებას. ან, მაგალითად იმას, რომ ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ხელისუფლებაში.

მემარცხენე ფემინიზმი კი, მათ შორის მარქსისტული, მოიაზრებს იმას, რომ მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით პრობლემა არ მოგვარდება. იმიტომ, რომ აქ უკვე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არის ის, ვინც სჯის. ამას კი ისევ მივყავართ სისტემურ ცვლილებებამდე. ჩემი აზრით, ლიბერალი ფემინისტები რაღაც იმედებს ამყარებენ აზერბაიჯანის დღევანდელ ხელისუფლებაზე. იმედია, ვცდები.   

და მემარცხენე ფემინიზმი თუ არის წარმოდგენილი აზერბაიჯანში? 

სევინჯ: ის მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზეა წარმოდგენილი. მხოლოდ ცალკეული ადამიანები – არა მხოლოდ ქალები, კაცებიც მხარს უჭერენ მსგავს იდეებს. თუმცა ამას ჯერ ვერ დავარქმევთ რაღაც ჩამოყალიბებულ მოძრაობას. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობაა, მეორე მხრივ კი – სრულფასოვანი მოძრაობის ჩამოყალიბება თანამედროვე აზერბაიჯანში, ზოგადად, რთულია.

მაგრამ, შესაძლოა, ამ წიგნის გამოცემამ, გარკვეულწილად, გააფართოოს მემარცხენე ფემინისტების და ზოგადად ფემინისტების რიგები აზერბაიჯანში. ან, სულ მცირე, ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს. 

წიგნის ავტორები საკმაოდ ხისტები არიან ლიბერალური ფემინიზმის მიმართ და ამბობენ, რომ ის მიმართულია არა კაცებისა და ქალების უთანასწორობისკენ, არამედ მხოლოდ “პრივილეგირებული კლასების” შიგნით არსებული უთანასწორობისკენ. ანუ, ის, რომ მეტი ქალი ტოპ-მენეჯერით მაინც უცვლელი დარჩება დამლაგებელი ემიგრანტი ქალების მდგომარეობა. და იმის მიუხედავად, რომ საუბარია დასავლეთზე, ადვილია პარალელების გავლენა აზერბაიჯანთან. ერთი მხრივ, ახალი ამბების ვებ-გვერდები და სოციალური ქსელები აჭრელებულია ფემიციდის ახალი შემთხვევებით ან ქალების გაუნათლებლობით, ამავე დროს კი, მოდური გახდა “წარმატებული ქალების” ისტორიების ტირაჟირება. შეგვიძლია ესეც ლიბერალური ფემინიზმის გამოვლინებად მივიჩნიოთ? 

არაზ: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ის “წარმატებული” ქალები და არც ისინი, ვინც მათ “წარმატებას” არეკლამებს, საკუთარ თავებს ფემინისტებად არ მოიაზრებენ. თუმცა, მთლიანობაში, ქალის წარმატების, მისი კარიერული ზრდის თუ წარმატებული ბიზნესის “რეკლამა” არის ლიბერალური ფემინიზმის რიტორიკა. პირადად მე ფემინისტებად არ მივიჩნევ იმ ქალებს, ვინც არსებული სისტემის ფარგლებში “აჯობეს” სხვა ქალებს ან ეს ქალები მაგალითად მოჰყავთ. ვფიქრობ, მათ შორის ბევრისთვის სიტყვა “ფემინიზმი” ლანძღვადაც კი ჟღერს. 

სევინჯ: დიახ, ეს წიგნის ერთ-ერთი თეზისია – ცალკეული ქალების წარმატებული საქმიანი ან პოლიტიკური კარიერა არ ცვლის ქალების მდგომარეობას, თუკი საზოგადოება პატრიარქალურ-კაპიტალისტურია. ეს არ არის თანასწორობა მთლიანად საზოგადოებაში, მხოლოდ – ძალიან ვიწრო წრეში. ასეთი ქალები, როგორც წესი, სრულიად გულგრილი არიან სხვა ქალების მიმართ და არაფერს აკეთებენ მათი კეთილდღეობის ან განათლებისთვის. მხოლოდ “საკუთარი მაგალითით შთააგონებენ” გოგონებს საკუთარი წრიდან და მათივე სისტემის რეპროდუქციას უწყობენ ხელს. 

აზერბაიჯანული საზოგადოების პატრიარქალურობის პიროებში ქალები ასე თუ ისე მაინც წარმოდგენილი არიან, მაგალითად, ჩინოვნიკებსა და დეპუტატებს შორის. ამასთან, არც ისინი არიან ნაკლებად პატრიარქალური, ვიდრე კაცები, რისი თქმის საფუძველსაც, მაგალითად, მათივე გამონათქვამები გვაძლევს…

არაზ: როგორც ქალი დეპუტატი, რომელმაც სულ ახლახან განაცხადა, რომ “სადაც ფემინიზმია, იქ არ არსებობს კეთილდღეობა”.

კი, მაგალითად 

არაზ: აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ზუსტად ასე, აქა-იქ არიან წარმოდგენილი ქალები. ანუ, არასაკმარისად. პარლამენტის დეპუტატებს შორის მხოლოდ 20%-ია ქალი. სხვა საკითხია, ამჟამინდელ პირობებში უამრავი ქალი რომც იყოს პარლამენტში და მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი, ეს საერთოდ არაფერს შეცვლის. ის, რომ ისინი პატრიარქალურ იდეებს უჭერენ მხარს და ამის შესახებ ღიად საუბრობენ, ეს სავსებით ბუნებრივია. იმისთვის, რომ მაღალ თანამდებობაზე მოხვდე აქ და კარიერა “გაიკეთო”, მათ უნდა მიიღონ არსებული “თამაშის წესები”. 

აქ მხოლოდ “მაღალ თანამდებობებზე” არ ვსაუბრობ, ზოგადად, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან კონსერვატორია [ეს დამახასიათებელია, ზოგადად, პატრიარქალური საზოგადოებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანისთვის]. ზუსტად ისე, როგორც მუშათა კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი მემარჯვენე პარტიებს უჭერს მხარს.  ეს ერთ-ერთი ცენტრალური თემაა მარქსიზმის – საზოგადოება ყოველთვის მმართველი კლასის იდეოლოგიით ხელმძღვანელობს. 

შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს: რატომ მიიჩნევს ექსპლუატაციის ქვეშ მყოფი კლასი საკუთარ ექსპლუატატორებს “მარჩენალებად”, რატომ უჭერს ღარიბი ადამიანი მდიდრების მიერ გამართულ ომებს მხარს, რატომ აწყდებიან ქალები დისკრიმინაციას და ძალადობას და ამავე დროს პატრიარქალური ღირებულებების და პატრიარქალური ოჯახის სადარაჯოზე დგანან? ამის საფუძველია სახელმწიფოს მიერ საკუთარი იდეოლოგიის თავს მოხვეული მრავალრიცხოვანი მექანიზმები.

სევინჯ: სისტემაში ასეთი ქალების – ჩინოვნიკები, დეპუტატები და ა.შ. – რაოდენობა იმიტომაც არის სასარგებლო, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვან, აი, ჩვენთან არ არსებობს დისკრიმინაცია, სრული თანასწორობაა და ამის ცოცხალი მაგალითები სხედან პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი