კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი: საქართველოში მეტი რევოლუცია აღარ მოხდება

23 ნოემბერი, 2011 • • 2427
ლევან ბერძენიშვილი: საქართველოში მეტი რევოლუცია აღარ მოხდება
დღეს 8 წელი გავიდა “ვარდების რევოლუციიდან”, რომელმაც ქვეყანაში დაასრულა ედუარდ შევარდნაძის მმართველობა და საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა.
რევოლუციის დროს და შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების თაობაზე “ნეტგაზეთს” “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა:

ბატონო ლევან, დღეს “ვარდების რევოლუციის” მე–8 წლისთავია. თქვენი შეფასებით, რა მოლოდინი იყო იმ პერიოდში საზოგადოებაში და იყო თუ არა რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების შესაცვლელად?

ბევრი რამ შეიძლება გადაფასდეს ახლა. მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში რევოლუცია იყო გარდაუვალი იმიტომ, რომ შევარდნაძემ ვერ იპოვა თავისი პოლიტიკური წასვლის ვერანაირი გზა. ქვეყანაში ხელისუფლების ცენტრალიზაცია მოიშალა. ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხი. შევარდანაძის მმართველობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. მას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ 1999 წლიდან მოყოლებული, ის არც არავის აურჩევია და უბრალოდ, არ იყო ქვეყანაში მისი შემცვლელი იმ პერიოდში. 2000 წლის არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა საქართველოში, ისე გამოცხადდა შევარდნაძე პრეზიდენტად.

მე ვფიქრობ, ბატონმა შევარდნაძემ თავისი პოზიტიური ნაბიჯები, რაც გააკეთა, ამოწურა 1998 წლისთვის. ამიტომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში, სტაგნაციისა და კორუფციის გარდა, საერთოდ არაფერი ხდებოდა. სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ამ ვითარებას საზოგადოება ვერ გაუძლებდა.

სწორედ ამიტომ ქართველ საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უნდა შეწყდეს და ის კაცი, ვისაც ამ საქმეს დააკისრებდა ქართველი ხალხი, აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი. საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცეებმა ის ხელოვნურად შექმნეს, რომ აშშ–მ დააფინანსა, ეგ სისულელეა. ეს იყო საზოგადოებრივი შეკვეთა და ამ შეკვეთას ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდა მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ხალხი ხედავდა, რომ მას შეეძლო ამ საქმის გაკეთება. ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძეს ამ საქმის გაკეთება არ შეეძლოთ. ამიტომ სააკაშვილმა მიიღო საზოგადოების მხარდაჭერა უკვე 2002 წელს, როდესაც თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი გახდა და 2003 წლის არჩევნებში მისი მონაწილეობა, პოლიტიკურ ბლოკ “რესპუბლიკელებთან” და “ეროვნულ ძალთა გაერთიანებასთან” ერთად, განწირული იყო გამარჯვებისთვის.

ბატონ შევარდნაძეს რომ ჰქონოდა სისტემაზე გავლენა, იგი აღიარებდა ამ არჩევნების შედეგებს და მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა მსხვილ პოლიტიკურ ფრაქციას პარლამენტში. ეს იყო და ეს. ხელისუფლება მაშინ ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ შევარდნაძეს არც აბაშიძის კონტროლი შეეძლო, არც თავისიანების, ამიტომ ის დახარბდა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას და პირველ ადგილზე გასული ძალა გაიყვანა მესამე ადგილზე, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა სახელმწიფო ხელისუფლების ცვლა.

ცესკოს რომ არ გამოეცხადებინა, რომ სააკაშვილმა წააგო არჩევნები, რევოლუცია ვერ მოხდებოდა. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო მოლაპარაკებებისთვის, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხანგრძლივი მომზადებისთვის.

სააკაშვილის ეს განზრახვები დააჩქარა შევარდნაძის გადაწყვეტილებამ, რომ გამოეცხადებინა არჩევნებში თავისი გამარჯვება და ასლან აბაშიძე საეჭვო 18,84 პროცენტით გაეყვანა მეორე ადგილზე, როცა სააკაშვილს ჰქონდა თითქოს 18,4 პროცენტი. ასე, რომ, შევარდნაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისია არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მოხდა.

ბატონო ლევან,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში კვლავ იყო რევოლუციის გამეორების მოლოდინი. მართალია, ბოლო პერიოდში რევოლუციური რიტორიკა უფრო და უფრო ნაკლებად ისმის, მაგრამ შეიძლება თუ არა ვარაუდი მისი განმეორების შესახებ?


რევოლუციას საქართველოშიც და სხვაგანაც აქვს გარკვეული საფუძვლები. ეს არ არის ვიღაცის ახირება და ერთ კაცს არ შეუძლია რევოლუციის გამოწვევა. რევოლუცია არის ძალიან სერიოზული ისტორიული მომენტი. ეს მომენტი 2003 წელს იყო, ხოლო 2008, 2010, 2011–ში რევოლუციური სიტუაცია საქართველოში არ ყოფილა. რევოლუციური სიტუაციაა, როდესაც საზოგადოება მზად არის სწრაფი ცვლილებებისთვის.

2011 წელს ის პარტიები, რომლებიც ქადაგებდნენ რევოლუციურ სიტუაციებს, უბრალოდ, ცდებოდნენ გათვლებში, ან ატყუებდნენ ხალხს. არანაირი რევოლუციური სიტუაცია საქართველოში არ იყო და არ არის. მაშინ სააკაშვილმა შეძლო, ახლაც ჩვენ შევძლებთ, ამაზე არაა აქ საუბარი. სააკაშვილს არ გაუკეთებია რევოლუცია, რევოლუცია გააკეთა ისტორიამ. წამხედურობა ამ საქმეში და პრეცედენტები უაზროა იმიტომ, რომ სააკაშვილს არ სურდა რევოლუცია 8 წლის წინ. არც 3 ნოემბერს, არც 5 ნოემბერს მას თავში აზრადაც არ მოსვლია და არ აფიქრიანებდა რევოლუციური იდეები. უბრალოდ, შევარდნაძემ გააკეთა ასე, ხალხი მიიყვანა ამ აზრამდე. ხალხის გარეშე არანაირი რევოლუცია არ ხდება. ვერც სოროსი, ვერც აშშ, ვერც სააკაშვილი, ვერც “რუსთავი 2”, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ მოახდენენ რევოლუციას, თუ ამაში არ არის ხალხის მასების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს გადაწყვეტილება ახლა არ არის სახეზე. ამიტომ ყველანაირი მსჯელობა იმაზე, რომ ოქრუაშვილი ან ბურჯანაძე რევოლუციას მოაწყობდნენ საქართველოში, შეცდომა იყო.

2003 წლის რევოლუციის შედეგების მიხედვით, მე ასე ვგრძნობ, რომ საქართველოში აღარ მოხდება მეტი რევოლუცია. რევოლუციის დროს ამაზე უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ყოფილიყო პატიოსანი, ნორმალური განვითარება, საქართველოს აღარ ექნება, მაგრამ ამ ხელსაყრელ პირობებშიც კი ჩვენ ვერ ვისარგებლეთ რევოლუციის მონაპოვრებით. სააკაშვილმა უღალატა რევოლუციას პირველსავე დღეებში. 2004 წლის თებერვლიდან მოყოლებული სააკაშვილი დაადგა რევოლუციის იდეალების ღალატის გზას.

გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მომზადებული იყო 10 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც მოვიდოდა და ეს შეთანხმებული იყო პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის დონეზე. ეს ნაბიჯები არ გადადგმულა.

მე ვფიქრობ, რომ რევოლუცია არაფერ სიკეთეს არ მოიტანს. მაშინ, 2003 წელს, ჩვენ უბრალოდ გვქონდა ილუზია, რომ  შევძლებდით ხავერდოვანი რევოლუციის სიმძიმის გადატანას, მაგრამ გაირკვა, რომ ჩვენი საზოგადოება ხავერდოვანი რევოლუციის დონეზე არ არის მისული. ამიტომ ჩვენ მაშინ გაგვიმართლა, რომ სისხლი არ დაიღვარა. კანონზომიერი კი არ იყო ის, რაც მოხდა, არამედ უფრო გამართლება. შევარდნაძე აღმოჩნდა გულჩვილი და მან არ დაღვარა სისხლი. არანაირი ხავერდოვანი რევოლუციის პოტენციალი ჩვენს საზოგადოებაში არ აღმოჩნდა.

ასევე, ჩვენ ვერ გავაკონტროლეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ხელში ჩაიგდო  და მოახდინა დიდი ძალაუფლების უზურპაცია, რაც გამოიყენა იმისთვის, რომ იარაღის ძალით გადაეწყვიტა კონფლიქტების ამოწურვა საქართველოში, რასაც მოჰყვა კატასტროფული შედეგი.

რა არის “ვარდების რევოლუციის” 8 წლის მონაპოვარი?

“ვარდების რევოლუციის” 8 წლის მონაპოვარი ძალიან ცოტაა. პირველი მონაპოვარი არის ის, რომ კორუფცია და სტაგნაცია, რომელიც საქართველოში იყო, ყველა დონეზე მოხდა მისი სტრუქტურული ცვლილება. კორუფცია ქუჩებიდან და უბრალო მოქალაქეების ცხოვრებიდან გაქრა და მან მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ძველი სიტუაცია უარესი იყო იმიტომ, რომ მოქალაქეთა ფართო მასა მონაწილეობდა კორუფციაში.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე წარმატებული რეფორმა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა პოლიციის რეფორმას, რომელიც წარმატებული იყო მანამ, სანამ ეს პოლიცია არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ უკანასკნელმა პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები შეიძინა, მაგრამ თუ განთავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან ეს სტრუქტურა, ეს რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს მეტნაკლებად წარმატებულად.

იყო ძალიან წარუმატებელი რეფორმები, მაგალითად, განათლების სფეროში და  უაღრესად ჩავარდა საქართველოში სოფლის მეურნეობის რეფორმებიც.

ასევე, მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლები და ზიგზაგოვანი წარმატებებით მიმდინარეობდა პრივატიზაცია, რომელმაც არ მოიტანა ის შედეგები, რასაც გვპირდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი