ამ სტატიის დაწერა ფეისბუქზე გამართულმა დისკუსიამ გადამაწყვეტინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შორისაც ხდებოდა გაუგებრობა. რამდენიმე დღის წინ, ფემინისტურ ჯგუფში სილამაზის კონკურსების სექსისტურობასა და ფალოცენტრულობაზე ვსაუბრობდით. ამ დიალოგმა რამდენიმე ,,ფემინისტის’’ გაღიზიანება გამოწვია. გვითხრეს, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, მარაზმამდე მიგვყავს ფალოცენტრულობა, ,,მოაჭერით კაცებს პენისი, თუ ზედმეტად ფალოცენტრულად გეჩვენებათ’’ და ა.შ. ერთმა მათგანმა იმის შესახებაც იენამზიანა, თუ როგორ შეიძლება ყველა ქალის ყიდვა. მეორემ ისიც მოგვაძახა, რაღაც უაზრო თემებზე დილიდან საღამომდე მსჯელობთ, თქვენ წინ უამრავი ადამიანი შიმშილით იხოცებაო. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, თქვენი ფემინიზმი ფემინიზმის არსს სცილდება, ყოველივე ქართული ხომ ზომიერებას მოკლებულიაო.
რატომ მოჰყვა ქართველ ფემინისტებს შორის სილამაზის კონკურსების თემას ასეთი გაუგებრობა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ფემინისტები უპრობლემოდ თანხმდებიან ამ საკითხზე?
სილამაზის კონკურსები სექსისტური და ფალოცენტრული მოვლენა რომაა, ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ამას ისტორიული მაგალითებიც ამტკიცებს.
ჯერ კიდევ 1968 წელს, ქალთა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, MLF- მა, ამერიკაში, ატლანტაში, სილამაზის კონკურსის წინააღმდეგ აქცია გამართა. უამრავმა ფემინისტმა მოიყარა თავი. მათ პლაკატებზე ამოიკითხავდით, რომ მსგავსი კონკურსები სექსისტური, პატრიარქალური გონის მიერ შექმნილი ქალის მადისკრიმინირებელი იარაღი იყო: ,,ჩვენ ვუპირისპირდებით მამაკაცთა შოვინიზმს, ქალის სხეულისა და სილამაზის კომერციალიზაციას, რასიზმს, ქალთა ჩაგვრასა და მასკულინურ დომინაციას, რომელიც სილამაზის კონკურსების სახით ვლინდება’’.
ამერიკელი აქტივისტი ფემინისტი, ნიკი კრაფტი მუდამ ასეთი კონკურსების წინააღმდეგ იბრძოდა. აცხადებდა, რომ ყოველივე ეს დიდ შეურაცხყოფას აყენებდა ქალს.
2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, ლონდონში, მის მსოფლიოს კონკურსის წინააღმდეგ ფემინისტებმა აქცია გამართეს. მათ განაცხადეს: ,,დროა შეწყდეს ქალის ობიექტივაცია, მოხმარების ნივთად ქცევა და მსგავსი ტიპის სექსისტური სელექცია: ლამაზი, ან მახინჯი ქალი!’’
ეკვატორის პრეზიდენტმა აკრძალა ასეთი კონკურსები, რადგან მიაჩნდა, რომ სექსისტური ხასიათის იყო. მარტინიკის ქალთა კავშირმა, UFM-მა და ჟოზელინ ფორტუნემაც მსგავსი რამ განაცხადეს.
ნაომი უოლფი წერდა რომ ქალის სილამაზე, პატრიარქალურ საზოგადოებაში ერთგვარ ოქროს სტანდარტს, კანონს, მკაცრად განსაზღვრულ-დეტერმინირებულ წესს ჰგავდა და როგორც ძველ, ასევე თანამედროვე სამყაროში, მამაკაცური დომინაციის, მასკულინური სუპრემაციის კიდევ ერთი გამოვლინება იყო.
ფემინისტებმა მარი დენისმა და სიუზენ ვონ როკეგჰემმა დაწერეს წიგნი ,,ფემინსტები ქუჩაში გამოდიან’’. ავტორები მის ბელგიის კონკურსს იხსენებენ. (გვ. 48-51) მათ გადაწყვიტეს ამ შეჯიბრის ჩაშლა. თვრამეტი წლის ფემინისტმა სტუდენტმა, დანიელ კოლარდინმა სპეციალურად მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. საკუთარი ნომერი მოიძრო, მიწაზე დასცა და დაიყვირა: ,,არა სილამაზის კონკურსებს! ჩვენ არ ვართ ნივთები!’’.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ფემინისტები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ პორნოგრაფიასა და სილამაზის კონკურსებს. ითხოვდნენ ოჯახის დაგეგმარებას, სურდათ, რომ დედობა ყოფილიყო ქალის თავისუფალი არჩევანი და არა-ტრადიცია. მათ კიდევ ბევრი მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა ამჟამად ამ საკითხს მოკლედ მიმოვიხილავ. (სამოცდაათიანი და შემდგომი წლების ფემინიზმზე უფრო ვრცელ სტატიას დავწერ.)
ანდრეა დროუკინი, ჯონ სტოლტენბერგი (ანდრეა დროუკინის მეგობარი, აქტივისტი ფემინისტი ჰომოსექსუალი) კატერინ მაქკინონი, ქეით მილეტი, თი გრეის ეტკინსონი და სხვები ეწინააღმდეგებოდნენ პორნოგრაფიასა და ქალის სხეულის ნებისმიერი სახით (მათ შორის, სილამაზის კონკურსების საშუალებით) კომერციალიზაციას, განივთებას. ამ თაობის ფემინისტებს მიაჩნდათ, რომ მსგავსი კონკურსები, პროსტიტუცია და კიდევ ბევრი რამ ფალოცენტრიზმის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო. ისინი ამ ,,ბურჯების’’ შერყევას მიიჩნევდნენ ერთადერთ გამოსავლად. მათი ერთ-ერთი უცვლელი მოთხოვნა იყო სილამაზის კონკურსების გაუქმება.
როგორც ვხედავთ, ამ კონკურსებისადმი წინააღმდეგობა სულაც არ არის ,,ფემინიზმის საზღვრებს გაცდენა’’, როგორც ერთ-ერთმა ,,ფემინისტმა’’ დაგვწამა.
ახლა კი მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი რამდენიმე ფემინისტი მეგობრის მოსაზრება შემოგთავაზოთ. ყველა, ყველა მათგანი ეთანხმება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ფემინისტებს.
ლელა გაფრინდაშვილმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა: ,,პატრიარქალური აზროვნება მხოლოდ კანონის წინაშე ქალისა და მამაკაცის უთანასწორობით არ ვლინდება. ის მრავალ ასპექტს მოიცავს. სილამაზის კონკურსი მკვეთრად ფალოცენტრული მოვლენაა, რომელიც ქალის დისკრიმინაციას ახდენს. სწორედ მამაკაცებმა ჩამოაყალიბეს სილამაზის ის სტანდარტები, რომლებსაც ყველა ქალი უნდა მოერგოს. ანდროცენტრული გონი ლამაზებად და მახინჯებად ჰყოფს ქალებს: წელის გარშემოწერილობის, წონის, სიმაღლისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. იმ სოციუმში, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, იურიდიულ და ძალაუფლების ყველა ბერკეტს ფლობენ, ქალი უუფლებო მდგომარეობაშია და მეორეხარისხოვან არსებად აღიქმება. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება არა აქვს. მისი ერთადერთი ,,სფერო’’ სილამაზეა. ეს ერთგვარ მოწყალებას ჰგავს, რომელიც მამაკაცებმა ქალს ,,მიუგდეს’’ და წარმატების მიღწევის ერთადერთ საშუალებად გადაუქციეს, რადგან თუ თავიანთ ასპარეზზე მეტოქე ქალი დაინახეს, მის მოშთობას ცდილობენ. საუკუნეების განმავლობაში პატრიარქალურმა წყობამ მრავალი ქალი ,,ჩაყლაპა’’ და ფემინისტური კვლევები სწორედ ამ დაკარგული ქალების სათანადოდ წარმოჩინებას ემსახურება.’’
დასკვნის სახით ქალბატონმა ლელამ განაცხადა, რომ ეთანხმება იმ ფემინისტებს, რომლებიც სილამაზის კონკურსებს ქალის ჩაგვრის ერთ-ერთ ბერკეტად განიხილავ(დნ)ენ.
(ეს იმ ,,ფემინისტებისათვის’’, რომლებსაც ქალბატონი ლელას მოსაზრება აინტერესებდათ)
მარიამ გაგოშაშვილი: ,,სილამაზის კონკურსების წყალობით ხდება ქალის სხეულის სექსუალიზაცია და გასაგნება, მისი მოხმარების ობიექტად აღქმა. გარდა ამისა, მათი საშუალებით იქმნება და ძლიერდება სილამაზის სტანდარტები, რომლებიც ძალიან მჩაგვრელია ქალებისთვის. გარდა ამისა, ხდება ქალებს შორის სოლიდარობის ჩაკვლა და კონკურენციის გაღვივება. ესეც პატრიარქალური წყობის ერთ–ერთი საშუალებაა, რომ ქალები მტრებადაქციოს და არა -თანამებრძოლებად.’’
აია ბერაია: ,, პატრიარქალურია მსგავსი კონკურსები. კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ ქალის მთავარი თვისება და ღირსება მხოლოდ გარეგნული სილამაზე შეიძლება იყოს (უნდა იყოს!) ‘’.
ნიკუშა მარქსი: ,,ქალის სილამაზის როგორც შესაჯიბრებელი პროდუქტის, საქონლის გამოყენება ხდება, თან სილამაზის სტანდარტები დისკრიმინაციის წყარო ხდება, რამდენადაც ის, ვინც ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, იჩაგრებ. ასევე ეს კრიტერიუმები პატრიაქალური კულტურის მოგონილია მამაკაცთა გემოვნების სრული დაკმაყოფილებისა და სიამოვნების მინიჭებისათვის. სილამაზის კონკურსები კომერციაა’’.
ანი ჭანკოტაძე: ,, კი, ცხადია არის, რადგან ქალის გაობიექტებას ახალისებს და პასიურ სექსუალობას მიაწერს. ისეთ ესთეტიკურ სტანდარტებს ამკვიდრებს, რომლებიც ამ სტანდარტების არმქონეთათვის დისკრიმინაციულია, მქონეთათვის- ორმაგად დისკრიმინაციული. ასეთი კონკურსები ქალის სექსუალობის კომერციალიზაციას უწყობს ხელს და ამ სექსუალობას ისევ მამაკაცის კონტროლის სფეროში აბრუნებს.’’
ნათია გვიანიშვილი: ,, ჩემი აზრით, სილამაზის კონკურსები სექსისტურია და ეიჯისტურია. კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქალის სხეულის გადაკეთება დიეტის, კოსმეტიკური საშუალებებით და ა.შ. იმისათვის, რომ რაღაც ჰიპოთეტურ სილამაზის სტანდარტებს მიესადაგოს. უპირისპირებს ერთმანეთს კონკურსში მონაწილე ქალებს, სტრესულია, განსაკუთრებით თუკი გოგონები ბავშვობიდან იწყენებენ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას – ხშირად უვითარდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და კვებასთან დაკავშირებული სირთულეები… დამამცირებელია იმ ქალებისათვის, ვინც ამ ”სილამაზის სტანდარტებს” ვერ ”აკმაყოფილებს’’ ასაკის, წონის, ფიზიკური მონაცემების, ან სხვა მიზეზების გამო. ეს კონკურსები ქალის ,,გაყიდვის’’ კიდევ ერთი საშუალებაა …’’
ნინო ზედგენიძე: ,, მე ვთვლი რომ სილამაზის კონკურსები დისკრიმინაციულია, რადგან ამ დროს ხდება ქალების სელექცია გარკვეული ნიშნით, გარკვეული ჯგუფის მიერ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ყველა კონკურსი მაგალითად, მუსიკალურიც, სელექციურია, მაგრამ სილამაზის კონკურსებში ხდება გადარჩევა წონის, ასაკის, სიმაღლისა და სხვა მონაცემების მიხედვით, სხვა კონკურსებში – არა.’’
ეს კომენტარი კი იმ ,,ფემინისტებისათვის’’, რომლებსაც ხატია ნადარაიას მოსაზრება აინტერესებდათ:
ხატია ნადარაიამ ჩემთან საუბრისას აღნიშნა: ,,სილამაზის კონკურსები თავისი არსით პატრიარქალური ფენომენია და ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ აღიქმება ქალი ობიექტად, ნივთად. კაცები ადგენენ ქალის სილამაზის სტანდარტებს თითქმის ყველა კულტურაში, იმიტომ რომ მათ აქვთ ძალაუფლება. ისინი არიან დომინანტები. მათ სამოღვაწეო ასპარეზზე ქალი თუ გამოჩნდება, მის ”გაუჩინარებას” ცდილობენ. ამიტომაც მოიფიქრეს სილამაზის კონკურსები, ასე ვთქვათ, ,,მიუგდეს’’ ქალებს თვითრეალიზაციის სფეროდ და უთხრეს, თქვენ მაშინ აღწევთ წარმატებას, როცა ლამაზები ხართო. თან სილამაზის კრიტერიუმიც თავად დაუწესეს. ამ ყველაფერთან ერთად, მამაკაცებს ეპოქალურად ეცვლებათ გემოვნება. ხან ფერხორციანი ქალები მოსწონდათ (მაგ. რენესანსის პერიოდში) და ხან – პირიქით. ქალები კი უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ მეტად დაიწვრილონ ან გაიმსხვილონ წელი და ა.შ. გარდა ამისა, ქალისთვის დამთრგუნველია შეგრძნება, როცა არსებობს რაღაც საყოველთაოდ აღიარებული იდეალი და ამ იდეალს ვერ ერგები, უფრო მეტად დამთრგუნველია, როცა ქალს რაღაც წინასწარ არსებული სტანდარტის მიხედვით აფასებენ, უფრო სწორად, მის ხორცს აფასებენ და არავის აინტერესებს მისი უნიკალურობა (როგორც ფიზიონომიური, ისე ფსიქოლოგიური )წარმოუდგენელი სიბეცეა სილამაზის ერთიანი სტანდარის არსებობა. ესაა პარტიარქების კონსტრუქცია, რომელზეც უკვე ბევრი მოაზროვნე რკინის გალიას უწოდებს.’’
შორს წაგვიყვანს ყველა ფემინისტის მოსაზრების სრულად ჩამოწერა. არც ერთ მათგანს არ ეპარება ეჭვი, რომ სილამაზის კონკურსები პატრიარქალური მოვლენაა.
სილამაზის კონკურსებში მამაკაცს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ქალი ლამაზია, თუ მახინჯი. 90 60 90-ზე სწორედ მამაკაცებმა დააწესეს. ,,ამ სტანდარტს ყველა ქალი უნდა მოერგოს!’’. პოდიუმზე ქალი ნივთივით, შესაფასებელი საქონელივითაა. კონკურსის უფროსს, დიდ პატრიარქს რომ თავი მოაწონოს, ტუჩი ამხელა უნდა ჰქონდეს, მკერდი-იმხელა, საჯდომი -იმხელა, ტანი-ისეთი, ხელი-ასეთი… ამ ინდუსტრიის ბატონი ყოველთვის მამაკაცია. იქ ქალი უფროსი ვერ იქნება. მისი ხელმძღავენლი მამაკაცი ემილ ზოლას რომანის, ,,ქალთა ბედნიერების’’ პერსონაჟს, ოქტავ მურეს ჰგავს. ოღონდ, უფრო გლამურული, კიჩური და მეტამორფოზაგანცდილი, ნიღაბმორგებულია. მურესავით ხითხითებს: ,,ყველა ქალი ჩემი ნივთია!’’. ,,ქალთა ბედნიერება’’ ქალების მონურ შრომასა და მათ ძვლებზე იდგა, მსგავსი კონკურსები დგას ქალის განუწყვეტელ თვითკონტროლზე, დიეტებზე, გასახდომ აბებზე, ტრენაჟორებსა და გლამურულ-კიჩურ ,,ბურჯებზე’’. სილამაზის კონკურსის უფროსი მამაკაცი ქალს ანიჭებს/ართმევს ლამაზის, მშვენიერის, მკერდმოსაწადინებლის, შესაშური საჯდომის მფლობელის, თუ მახინჯის სტატუსს. ის წყვეტს, რომ 180 სმ. ქალი 160 სმ.იანზე, შავგვრემანი-ქერაზე, ან პირიქით, თხელი წარბების მქონე – სქელწარბებიანზე, 90 60 90 -ანი – 90-65-93-ანზე, მოკლეცხვირიანი – გრძელცხვირიანზე ლამაზი, მშვენიერი, ტანადი, თვალადი, გულმისასვლელი და გულგასახარელია. ასეთი სტანდარტები მკვეთრად პატრიარქალური ,,ესთეტიზმითაა’’ გაჯერებული. ის ქალის სხეულს ისევ მამაკაცის კონტროლის ქვეშ ამყოფებს.
არ ვიცი, როგორი ფემინისტი იყო ის ბიბლიოთეკარი, რომელიც ჩვენმა საუბარმა გააღიზიანა. ჩემი აზრით, ფემინისტ ბიბლიოთეკარს ,,მეორე სქესი’’ და ,,სქესის პოლიტიკა’’, ანდრეა დროუკინისა და კატერინ მაქკინონის ნაშრომები წაკითხული უნდა ჰქონდეს. ძალიან მინდა, ვნახო ისეთი ფემინისტი, რომელიც ქალის ნივთად აღქმას ემხრობა. იმ ვითომ-ფემინისტებს გულწრფელად ვურჩევდი, გაეცნონ იმ ფემინისტების ნაშრომებს, რომლებიც მსგავს კონკურსებსა და ქალთა სექსისურ დაყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.
არ ვიცი, რატომ უკავშირებენ ერთმანეთს ფემინიზმსა და შიმშილით დახოცილ ადამიანებს. თუ ფემინიზმზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ სილამაზის კონკურსები სექსისტურია, ამით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვლება შიმშილით? თუ არა გვაქვს ამ საკითხზე საუბრის უფლება, რადგან შიმშილობა მთელ მსოფლიოში მძვინვარებს? არ მახსენდება ისეთი ეპოქა, როცა დედამიწაზე მცხოვრებთა 100 პროცენტი ტოტალურად დაპურებული იყო. არც ის ვიცი, რატომ ჭრიან ფემინიზმზე საუბრისას ასეთ შეუსაბამო საკითხს : ,,რა დროს ფემინიზმია, ხალხი შიმშილით კვდება’’. ამ ,,ფემინისტებს’’ ავიწყდებათ, რომ შიმშილობა და ასეთი სახის პრობლემები ყველა ეპოქაში იყო და ასეთი საკითხების განხილვისას მსგავსი ,,არგუმენტი’’ ვერ გამოდგება. სანამ დედამიწელთა ყველა პროლემა გადაიჭრება, ის მცენარე, რომელიც მილიონ წელიწადში ერთხელ ყვავის, უთვალავჯერ მოასწრებს აყვავილებას.
აღარ განვაგრძობ. ვფიქრობ, საკმარისად აღვწერე, რომ სილამაზის კონკურსები პატრიარქალური აზროვნების გამონაგონია.
სამმა ,,ფემინისტმა’’ დისკუსიის დასასრულს მოგვაძახა, ჩვენ გავდივართ, თქვენ-დარჩითო. მათ ვეტყვი, რომ ვრჩები. დიახ, ვრჩები ნამდვილ ფემინიზმში. ფემინისტი ვარ და ეს იდეოლოგია ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. ჩემთვის არაფერია ის მშრალად დეკლარირებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელსაც რეალურად ყველა არღვევს. ვრჩები ფემინიზმის სადარაჯოზე. ჩემთვის ფემინიზმი რეალური თანასწორობისათვის განუწყვეტელ ბრძოლას გულისხმობს. ჩემი აზრით, პრობლემების რანჟირებითა და პრიორიტეტული სიების ჩამოწერით (,,ჯერ შიმშილის პრობლემა გადავჭრათ, მერე-თანასწორობის’’) პრობლემები ვერ გადაიჭრება. ჩემთვის (და სხვა ფემინისტებისათვის) ქალის პრობლემა მხოლოდ მაშინ არ იწყება, როდესაც მას სცემენ, აუპატიურებენ, ან სამსახურში არ იღებენ. ჩემთვის პრობლემაა სილამაზის კონკურსების სექსისტურობა და ფალოცენტრულობა, აფრიკაში აკრძალულ-კრიმინალიზებული აბორტი, ლიბიაში ფემინისტთა დარბევა, უკრაინაში სილამაზის კონკურსში მონაწილეობისათვის ჩაქოლოლი, ცხრამეტი წლის მუსულმანი გოგონა, მამაკაცის ხელით მომხრჩვალი უცნობი ქალი, რომელსაც კატო მიქელაძემ თანაუგრძნო. პრობლემაა სილვიო ბერლუსკონის მიერ გოგონების სახმარ ნივთად გადაქცევა, ჩეჩნეთში დატყვევებული მარტოხელა დედები, რომლებსაც სცემენ და აუპატიურებენ. გააჩნია, ვინ რას უწოდებს პრობლემას და მტკივნეულ საკითხს. მტკივა საკინე მოჰამედი აშტიანი, ნედა, და ის გოგონაც, რომელსაც მხოლოდ იმიტომ თვლის ვიღაც კონკურსის ორგანიზატორი მახინჯად, რომ სქელი ტუჩი აქვს, ან 165 სმ და 77 კგ.-ა. ჩემთვის არ არსებობს მახინჯი ქალი და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ქალის სილამაზის ასეთ პატრიარქალურ აღქმას. არ ვფიქრობ, რომ ბრიჯიტ ბარდოზე ნაკლებად ლამაზი იყო ნედა, ან საკინე. ვფიქრობ, დროა, ქართველი ფემინისტები- რადიკალები, თუ არარადიკალები, ლესბოსელები, თუ ლიბერტარიანები, დიფერენციალისტები, თუ აბოლიციონისტები, სუფრაჟისტები, ეკოფემინისტები, თუ მარქსისტ-ფემინისტები, აბორტის მომხრეები, თუ არამომხრეები, ბოვუარისტები, თუ ანტუანეტფუკისტები, თუ ბატლერისტ-მონიკვიტიგისტ-დროუკინისტები – დავფიქრდეთ კულტურისა და სისტემის ფალოცენტრულობასა და მიზოგინურობაზე, ასე ღრმად რომ არის გამჯდარი ყოველდღიურობაში და თანაბრად ვლინდება სილამაზის კონკურსებით, სექსისტური სტატიებით, თუ აბორტების აკრძალვით. დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც სამოცდაათიანი და შემდგომი წლების ფემინისტებმა უამრავი იფიქრეს, მილიონობით ქალის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალეს და ბრწყინვალე ნაშრომები დაგვიტოვეს. ისევ ვიტყვი: ვ რ ჩ ე ბ ი ნამდვილ ფემინიზმში.