კომენტარი

გია ხუხაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე

17 ოქტომბერი, 2011 • 1360
გია ხუხაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე

ბატონო გია, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ პირადად თანამშრომლობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და გარკვეულ რჩევებსაც იღებს თქვენგან. როდის გაიცანით და რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ მასთან?

მე მასთან შეხვედრამდე მხოლოდ მისი სურათი მქონდა ნანახი. ეს იყო ამ ეტაპზე გაცნობითი შეხვედრა. ვისაუბრეთ მხოლოდ ზოგადად და შეხვედრაზე აზრთა ურთიერთგაცვლა მოხდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, აქედან გამომდინარე, მე ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ამაზე მესაუბრა. მასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება იმისა, რომ მას აქვს ძალიან სწორი ორიენტირები, შეიძლება დეტალები საკამათო იყოს, მაგრამ მას, სხვათა შორის, უყვარს კამათიც, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ თავიანთი აზრის გასატანად იღწვიან და ოპოზიციური აზრი არ აინტერესებთ.

რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში?

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ უკვე შეცვალა პოლიტიკური კონფიგურაცია. მის გამოჩენამდე საქართველოს პოლიტიკური პროცესი უმოქმედო, ჩიხში იყო შესული, მხოლოდ ფასადური დემოკრატიული ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ არ ჩანდა ადეკვატური პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებდა სახელისუფლებო ძალის დაბალანსებას. ბიძინა ივანიშვილის ელვისებურმა შემოსვლამ პოლიტიკაში საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გამოაცოცხლა. თუმცა დღეს კიდევ ერთი ეტაპია გასავლელი. მითიური გმირიდან რეალურ გმირად ტრანსფორმაციის ეტაპი აქვს საზოგადოებას გასავლელი.  ასევე, მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ პოლიტიკურად კონკურენტული, ცოცხალი გარემო შეიქმნას ქვეყანაში და რეალურად ვისაუბროთ თუნდაც რაღაცა ტიპის დემოკრატიაზე. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი, ფაქტობრივად, უკვე არის პოლუსი ქართულ პოლიტიკაში და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ხელისუფლება საკმაოდ დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამს. მხედველობაში მაქვს ივანიშვილის მოქალაქეობის ირგვლივ შექმნილი პრობლემები. ასე რომ, თუ ჩვენი პრიორიტეტი სახელმწიფოა და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ხელისუფლებამაც კი უფრო პოზიტიურად უნდა მიიღოს, ვიდრე – ნეგატიურად.

ფოტო: რადიო თავისუფლება
ფოტო: რადიო თავისუფლება

მმართვლი გუნდის ზოგიერთმა წევრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ივანიშვილი შესაძლოა, რუსული პროექტის ნაწილი იყოს საქართველოში.

მე წინასწარ მქონდა მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ივანიშვილს რუსეთის პროექტად წარმოადგენდა. სახელისუფლებო ტელევიზიებზე ბოლო დროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებიც ამის ნათელი დადასტურებაა. ამ ტელევიზიებზე ბოლი არის დაყენებული ივანიშვილის გარშემო, ყოველგვარი საფუძვლიანი დადასტურების გარეშე. მაგრამ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიმპათიები გამოთქვა არა მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსული ძალების მისამართით, არამედ  პროდასავლური ძალების  მიმართ, ამით, მე მგონი, მან პასუხი გასცა მის პოლიტიკურ მიმართულებაზე. მან ამ კითხვას უკვე უპასუხა თავისი პოლიტიკური არჩევანით. იმედია, მალე მისი ინტერვიუც იქნება, სადაც უფრო ნათლად გამოიკვეთება მისი საგარეო პოლიტიკის ორიენტირები.

როგორც მისი წერილებიდან ირკვევა, ბატონ ივანიშვილს აქტიური კავშირი ჰქონდა ხელისუფლებასთან, მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ თუნდაც ის ეპიზოდი, სადაც ის ომის თაობაზე საუბრობს და ბოკერიას მიაწერს იმ ფაქტს, რომ აგვისტოს ომამდე წელიწადნახევრით ადრე იგეგმებოდა ქართული ჯარის ცხინვალში შესვლა…

მე ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილი საკმაოდ გულწრფელი იყო თავის წერილში. შესაბამისად, საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამ ფაქტმა ჩაგვაფიქროს, რეალურია. თუ ბოკერია თვლის, რომ ეს ასე არ იყო, ბოკერია უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას მისცეს განმარტება. სანამ ბოკერია ჩუმადაა, მანამდე ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რაც  წერილში გამოქვეყნდა.

ბატონო გია, თუკი ივანიშვილი ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქოების აღდგენას, აქვს მას რაიმე ალტერნატიული გეგმა, თუ როგორ მოახერხებს ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას? მოქალაქეობის გარეშე მას არც პოლიტიკური პარტიის შექმნა შეუძლია და არც სხვა პარტიის დაფინანსება…

მე როდესაც მას შევხვდი, მოქალაქეობა ჯერ კიდევ ჰქონდა. შესაბამისად, ჩემთვის ბატონი ბიძინას პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია. იმიტომ, რომ ჩვენი შეხვედრის დროს მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე არ ვიცოდით, არც მე და არც მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი