ახალი ამბები

იან კელი ადიგენში მომხდარზე: მსგავსი შემთხვევების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის

1 მარტი, 2016 • 1451
იან კელი ადიგენში მომხდარზე: მსგავსი შემთხვევების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის

საქართველოში აშშ–ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადიგენში მომხდარი ინცინდენტი ხელს არ შეუწყობს ტოლერანტობის ატმოსფეროს.

“ამ კონკრეტული ინცინდენტის დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ გეტყვით, რომ მსგავსი შემთხვევები დაუშვებელია და მათი ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლისკენაც საქართველოს მიისწრაფის. ეს არ შეუწყობს ხელს ტოლერანტობის ატმოსფეროს, რაც მთავრობას სურს, რომ იყოს ქვეყანაში,”– განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას (რუსთავი 2–ის თარგმანი).

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში გუშინ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი მოქალაქეების მიერ მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნა გახდა.  ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ მუსლიმები სასაფლაოზე მეჩეთსაც ააშენებენ, რასაც არ დაუშვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის  (EMC)  წარმომამდგენლის, თამთა მიქელაძის ცნობით, 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაპირისპირების დროს სამი მუსლიმი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს “ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.”

გუშინ, 29 თებერვალს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. შსს–ში მაშნ გნაცხადეს, რომ გამოძიების არდაწყების მიზეზი დაპირისპირებისას სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი